"20 წელზე მეტია ეს კინოცენტრი არსებობს და დაარსება როგორ მოხდა, მე ძალიან კარგად ვიცი! მაშინ სათავეში ელდარ შენგელაია იყო"
შაბათ დღეს, 10 ივნისს, კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნულმა დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა - კობა ხუბუნაიამ რეორგანიზაცია გამოაცხადა დირექტორის მოადგილეების შტატის გაუქმების თაობაზე. კინოცენტრში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია ცენტრის თანამშრომლებმა "ფეისბუკის" პირად გვერდებზე კვირას, 11 ივნისს გაავრცელეს. კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი წერდა, რომ თეა წულუკიანმა მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან სამსახურიდან ათავისუფლებენ.
რამდენიმე დღის წინ, კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა კინომცოდნე და ტელეწამყვანი ბაჩო ოდიშარია, კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილის კრიტიკა მოჰყვა რეორგანიზაციის გამოცხადებას და ისინი სამინისტროს მოთხოვნებს უყენებენ. განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ კინოცენტრში მინისტრის მიერ დანიშნული დირექტორის გამოცხადებული რეორგანიზაციის პროცესი არის კინოს პოლიტიკური კონიუნქტურის ქვეშ მოქცევის მცდელობა...
არსებულ საკითხზე სასაუბროდ "კვირის პალიტრა" რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს დაუკავშირდა, მან კი გაიხსენა თუ როგორი იყო კინოცენტრი წლების წინ, რა ხდებოდა მის შექმნამდეც და ერთგვარი რეტროსპექტივა დაგვანახვა - ქართული კინოს წარმოების წარსული და თანამედროვეობა:
- ძალიან მწვავე სიტუაციაა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ არსებულ საკითხში მხოლოდ ნაწილობრივ გავერკვიე. ფილმის გახმოვანების პერიოდი მაქვს და დრო აღარაფრისთვის მრჩება. სამწუხაროდ, ამის გამო მთელი კვირა გადატვირთული მექნება... როგორც ვიცი, რეორგანიზაცია მიმდინარეობს და თანამშრომლები ამ რეორგანიზაციის წინააღმდეგნი არიან. რაშია ეს წინააღმდეგობა, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი! არასწორად მიდის რეორგანიზაცია თუ უბრალოდ იმის გამო, რომ კულტურის სამინისტროდან დროებით მოვლინებული ადამიანი ატარებს? ეს უნდა დავადგინოთ, მაგრამ გარკვეულად ვერავინ ვერაფერი მითხრა.
ერთადერთი, რაც გავიგე არის ის, რომ კულტურის სამინისტრომ დროებით დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნა, რისი უფლებაც კულტურის სამინისტროს აქვს. დირექტორმა კი რეორგანიზაცია გამოაცხადა. პროტესტიც ამაზეაო... იმისათვის, რომ ამ ყველაფერს პასუხი გაეცეს, საუბარი ძალიან ადრინდელი პერიოდიდან უნდა დაიწყოს!
- რას გულისხმობთ?
- 20 წელზე მეტია ეს კინოცენტრი არსებობს და დაარსება როგორ მოხდა, მე ძალიან კარგად ვიცი! ჩვენ ამაში ყველა ჩართულები ვიყავით! ამ წლების განმავლობაში პრობლემები არ იქნებოდა? რეორგანიზაციაზე, ან მომავალში რა უნდა გაკეთდეს, ამაზე აღარავინ უნდა იფიქროს?
20 წლის წინ, კინოცენტრი იმისთვის შეიქმნა, რომ საქართველო პროგრესულ გზაზე დადგა, დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა... მაშინ სათავეში ელდარ შენგელაია იყო. გვერდით ედგა ოთარ იოსელიანი, რომელიც საფრანგეთში იმყოფებოდა, ფრანგული პრინციპით აღვსილი. ეს პრინციპი კი თავისუფალ მართვაზე იყო დაფუძნებული... კინოცენტრი სახელმწიფო ორგანიზაცია იყო, თუმცა მის საქმეში არავინ ერეოდა. ეს დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც სახელმწიფოდან თანხებს იღებს მაღალი კლასის, ეროვნული ფილმების შესაქმნელად.
- ამჟამად კინოცენტრში რეორგანიზაცია სამართლიანად მიმდინარეობს?
- იცით, რა, რომ გავერკვე, ამ საქმეში უნდა ჩავერთო, მე ალბათ სუბიექტური ვიქნები...მე მინდა, ყველამ გაიხსენოს, რაც იყო კინოცენტრის დაარსებამდე და შემდეგ რა პრინციპი იყო:
ფილმის დაფინანსებას, 75%-მდე, სახელმწიფო თავის თავზე იღებდა. ამ თანხის განკარგვა კინოცენტრის საშუალებით უნდა მომხდარიყო. არა კულტურის სამინისტროდან, ან კინოცენტრიდან, არამედ, პროფესიონალური ჟიურის გადაწყვეტილების შედეგად. 75%-მდე თანხას კინოცენტრი იხდიდა და 25% კი - პროდიუსერს უნდა მოეძებნა პარტნიორები, სპონსორები...
ვისაც სურვილი ჰქონდა, წინადადება შეჰქონდა დირექტორობაზე. საუკეთესო პროექტს პროფესიონალი ჟიურის წევრები ქულებს სათითაოდ აძლევდნენ, ერთმანეთის არავინ იცოდა. საბოლოო ჯამში, ვისაც მაღალი ქულა ჰქონდა, ის ინიშნებოდა კინოცენტრის დირექტორად. აი, ასეთი პრინციპი იყო დადგენილი კულტურის სამინისტროს მიერ...
მოგეხსენებათ, საქართველო პატარა ქვეყანაა და კინოთეატრებიდან შემოსავალი იმდენად ცოტაა, ამაზე ლაპარაკიც ძალიან სასაცილოა, რომ სახელმწიფოს აქედან რაღაც დაუბრუნდება. სახელმწიფოს მიერ მოცემული და სპონსორების მიერ შეგროვებული თანხა, ძირითადად, ფილმის გადაღებას ემსახურება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ საკმაოდ დიდი თანხა უნდა იხადოს. ჩვენ ვიცით კარგი ფილმის გადაღება რა ღირს. ვინაიდან სახელმწიფოს ბევრი ფული არ აქვს და ფულის დიდი ნაწილი არა კულტურულ, არამედ, მატერიალურ ცხოვრებაზე უფრო საჭიროა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ იმდენად მცირე თანხაა, ამის გამო ძალიან ბევრი რამ ჩაშლილა. ვინაიდან კინოცენტრში არასოდეს მიმუშავია, ვერ გეტყვით, რამდენად ძლიერია კინოცენტრის ზეგავლენა სახელმწიფოზე, მეტი თანხის მოპოვებაზე... დღეს ჩვენთან ფილმების გადასაღებად იმის მესამედი იხარჯება, რაც ესტონეთში. ესტონეთი კი საქართველოზე პატარა ქვეყანაა.
რაც შეეხება საზოგადოების, სპონსორების და დაინტერესებული ადამიანების ჩართულობას, მოგეხსენებათ, საქართველოში 2008 წელს ომი მოხდა და 2019 წელს პანდემია დაიწყო, ამან სპონსორებთან ურთიერთობის საშუალება აბსოლუტურად დაგვაკარგვინა. მაგალითად მე, ფილმს უკვე მეხუთე წელია ვიღებ და თანხა, რომელიც მის გადასაღებად მეძლევა, ნაწილ-ნაწილ მოდის.
წარმოიდგინეთ, რა სიტუაციაშია შემოქმედება. როგორ ჭირს იმის შექმნა, რისთვისაც ეს კინოცენტრი შეიქმნა. ჩვენ ხომ გვინდა, ჩვენი კინო მაღალი ხარისხის იყოს?! ხომ კარგად გახსოვთ, რომ 1960-70-80-იან წლებში მსოფლიო კინომ სახელიც კი შეურჩია ქართულ კინოს - ქართული ფენომენი - ამდენად ინდივიდუალური და განსხვავებული იყო! ასეთი ფილმების შექმნას თანხა, შესაძლებლობები, მაღალი პროფესიონალიზმი სჭირდება!
ჩვენთან კინოს და თეატრის უნივერსიტეტია, სადაც ძალიან ბევრი კარგი ახალგაზრდაა, მაგრამ კარგად რომ იმუშაონ, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ბევრი ფილმი იმის გამო ვერ დამთავრდა, რომ თანხის სრულად გამოყენების შესაძლებლობა არ არის.
აღარ მსურს ამ ყველაფერზე ვისაუბრო. ასე რომ, საკითხის დასმა კინოს შესახებ, ვფიქრობ, ძალიან სწორია! სხვა ამბავია, ეს რეორგანიზაცია როგორ იმუშავებს და რა შედეგებს გამოიღებს. თუ შესაძლებლობა იქნება ფილმების დაფინანსება გაიზარდოს, ეს ბევრ კარგ შედეგს მოიტანს და ამ შემთხვევაში რეორგანიზაცია სწორი იქნება!
მეტსაც გეტყვით: ჩემი სცენარი 2012 წელს არ მიიღეს, 2014 წელს კიდევ ვადა გამიგრძელეს და 2018 წელს შეგვეძლო წარმოებაში ჩაშვება. მერე პანდემიაც დაიწყო...
მე ჯერ კიდევ ათი, შემდეგ - ხუთი წლის წინაც მქონდა საუბარი, რომ საჭიროა საბჭო არა მხოლოდ სცენარის, პროექტის მიღებასთან იყოს დაკავშირებული, არამედ, აქედან თუნდაც ორი ადამიანი ვალდებული იყოს, რომ იმ პროექტს, რაც მათ მიერაა დამტკიცებული, ბოლომდე მიჰყვეს. ამისთვის ხელფასს უნდა იღებდნენ, თორემ სხვანაირად გვერდით არავინ დაგიდგება და მოგეხმარება. ამის შესახებ ორჯერ დავსვი საკითხი, მაგრამ ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. ამიტომ ვამბობ, რეორგანიზაცია თუ იქნება, დემოკრატიული და სწორი გადაწყვეტილება, ძალიან საჭიროა! თუ კინოს დამოუკიდებელ, ხელოვნების თავისუფალ დარგად დატოვებს! არავინ, იდეოლოგიურად, ან სხვა მხრივ, არ დაიწყებს "ზემოდან" ჩარევას. ვფიქრობ, სერიოზული საბჭოს შექმნაა საჭირო, რომელიც თავის მოსაზრებას დააფიქსირებს ამის შესახებ.
დროა, ვიფიქროთ იმაზე, რომ კინოში უკეთესი ნაბიჯი გადაიდგას, კინოცენტრს რა ტიპის სპეციალისტები სჭირდება და არა იმაზე ვისაუბროთ, ამან იმუშაოს და იმან - არა. ფიქრი იმაზე, როგორ გაუმჯობესდეს კინოცენტრში მუშაობა, ეს საჭიროა დროგამოშვებით ხდებოდეს! თუმცა არა ვიღაცის სურვილის ზეგავლენით. თვით კინემატოგრაფისტების მონაწილეობით და ფიქრით. ისე, როგორც 20 წლის წინ მოხდა დემოკრატიული ნაბიჯის გადადგმა თავისუფალი ხელოვნების ჩამოყალიბების პრინციპებთან დაკავშირებით, ეს ჩაურევლობის პრინციპი უნდა იყოს საფუძველთა საფუძველი!
კულტურის სამინისტრო ვალდებულია კულტურის სფეროში მიიღოს გადაწყვეტილებები, მაგრამ ამ გადაწყვეტილებების ფარგლებში, ხელოვნება თავისუფალი უნდა იყოს. დღეისათვის ჩვენი პრობლემა ის კი არ არის, რომ რაღაცის უფლება არ გვაქვს, პირიქით, ყველაფრის გადაღების უფლება გვაქვს (ბუნებრივია, ჟიურის მიერ უნდა იყოს გადაწყვეტილი, რომ კარგია და საჭიროა), მაგრამ საჭიროა შესაბამისი შესაძლებლობა! იმდენი ფილმი არ უნდა ჩაეშვას, რომ ის მცირე თანხა არ ეყოს.
თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი პრობლემაა ცენტრში. მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური, სამეცნიერო, პოპულარული, საბავშვო ფილმები ხომ უნდა გადაიღონ?! ამ ყველაფერს შესაძლებლობა და თანხა სჭირდება რაც გააზრებულად უნდა იყოს გამოყენებული. არ შეიძლება გაიფანტოს და თუ იფანტებოდა, არასწორია!
მინდა ხელისუფლებამ, საზოგადოებამ გაიგოს, რომ დღევანდელი კულტურის დონე აუცილებლად მოითხოვს ახალგაზრდებში, სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში ამ სფეროში ცოდნის ამაღლებას. რადგან კულტურის დონემ ძალიან დაიწია!
საუბრის დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საკითხში გარკვეული არ ვარ, თუ რის გამოა ეს პროტესტი და თუ სუბიექტური ვარ, ბოდიშს ვიხდი!..
(სპეციალურად საიტისთვის)