რა ხდება სამყაროში, სადაც ბავშვების მშობლებს ირჩევენ? – დევიდ ბედიელის „საოცნებო მშობლები“ სწორედ ამის შესახებ მოგითხრობთ
წარმოიდგინეთ, როგორია სამყარო, სადაც ბავშვები მშობლებს ირჩევენ? ამერიკელი ავტორის დევიდ ბედიელის წიგნში „საოცნებო მშობლები“ სწორედ ასეთი ამბავია აღწერილი. წიგნის მთავარი გმირი ბარი, რომელიც გარე სამყაროსთან მოზარდებისთვის დამახასიათებელი კონფლიქტებით გამოირჩევა, ამბობს: „მე მინდა მყავდეს უკეთესი მშობლები „და უცებ მთელი ოთახი რყევას იწყებს.
მოზარდ ბიჭს თავისი სახელი სძულს, რაც მეორე პუნქტია იმ სიაში, რომელშიც ჩამოთვლილია, რას უწუნებს თავის მშობლებს. სულ კი ათი მიზეზი აქვს, რატომაც უკეთეს დედ-მამაზე ოცნებობს. თუმცა არსებობს ისეთი სამყაროც, სადაც პატარები მშობლებს თავად ირჩევენ. ბარი ბენეტი სწორედ ასეთ სამყაროში მოხვედრაზე ოცნებობს. აქ ყოფნა მისთვის სანუკვარი ოცნების ახდენას ნიშნავს, თუმცა მან არ იცის, რომ ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს...
ბარი ჩვეულებრივი ბიჭია, გულშემატკივრობს არგენტინელ ფეხბურთელს ლიონელ მესის, საყვარელი პერსონაჟი კი ჯეიმს ბონდია, თუმცა მობეზრებული აქვს ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ოჯახში ცხოვრება და ისევე როგორც ყველა ბავშვი ბობოქარ ცხოვრებაზე ოცნებობს. წიგნის პერსონაჟს ტყუპი დები ჰყავს, რომლებიც მუდმივად თავს აბეზრებენ. მეოცნებე ბიჭი, რომელსაც სხვა ოჯახში ცხოვრება სურს, მოულოდნელობებს აწყდება.
დევიდ ბედიელის ეს წიგნი გამოსვლისთანავე გახდა პოპულარული თავისი სიმსუბუქის, მხიარული შინაარსისა და საინტერესო პერსონაჟის გამო. როგორც გამოცემა The Guardian-ის მიმოხილვაში ვკითხულობთ, „წიგნის აღსაწერად გამოდგება შემდეგი სიტყვები: გონებამახვილური, გასაოცარი, იუმორისტული და ბოროტიც“.
7-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის შექმნილი ეს სახალისო წიგნი საქართველოშიც პოპულარობით სარგებლობს. „საოცნებო მშობლები“ ქართულ ენაზე “პალიტრა L-მა“ Liber Kids-ის სერიაში გამოსცა და მთელი საქართველოს მასშტაბით წიგნის მაღაზიებში ხელმისაწვდომია.
ცოტა რამ ავტორის შესახებ: დევიდ ბედიელი ამერიკაში დაბადებული, ბრიტანეთში მცხოვრები ავტორი, კომიკოსი, სცენარისტი და ტელეწამყვანია. მისი ბრწყინვალე კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია 1992 წლის პერფორმანსი რობ ნიუმანთან ერთად უემბლის არენაზე, სადაც 12 500 მაყურებელი იყო შეკრებილი.
მისი საბავშვო ნამუშევრები ცნობილია მსუბუქი ენით, საინტერესო სიუჟეტებითა და პერსონაჟებით, რომლებიც პატარა მკითხველს საკუთარ თავს გაახსენებს და დასკვნების გამოტანის საშუალებასაც მისცემს.
გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ ქართულ ენაზე ბედიელის „საოცნებო მშობლების“ გარდა კიდევ ორი ბესტსელერი: ბიჭი, რომელიც იმას აკეთებდა, რაც უნდოდა და დაბადების დღის ბიჭი გამოსცა.
ორივე წიგნი ეხება პატარა ბიჭების ოცნებებს, რომელიც მართლა ხდება, თუმცა შემდეგ მოვლენები შეიძლება, სულ სხვაგვარად განვითარდეს და არც ისე სასიამოვნოდ...
დევიდ ბედიელმა ზუსტად იცის, რაზე ფიქრობენ ბავშვები, რა სურთ მათ, როგორი ცხოვრება შეიძლება ჰქონდეთ, თუ ზოგიერთი ოცნება აუხდათ და რატომ არ ესმით დიდებს მათი. მისი პერსონაჟები ჩვეულებრივი ცხოვრებიდან ჯადოსნურ სამყაროში ხვდებიან, სადაც ყველაფერი სხვანაირია, ასეთი მოგზაურობა კი ნებისმიერი ბავშვის ოცნებაა. სწორედ ასეთი სიუჟეტებისა და პერსონაჟბის გამო შეიყვარა მისი წიგნები მკითხველმა და პოპულარობას წლებია არ კარგავს.
(R)