"18 წლის ვიყავი, როცა ჩემმა მეუღლემ მომიტაცა, ის ჩემზე 7 წლით უფროსი იყო. არ მიყვარდა... უხეში ადამიანი იყო" - ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალის ისტორია - კვირის პალიტრა

"18 წლის ვიყავი, როცა ჩემმა მეუღლემ მომიტაცა, ის ჩემზე 7 წლით უფროსი იყო. არ მიყვარდა... უხეში ადამიანი იყო" - ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალის ისტორია

ოჯახში ძალადობა საქართველოში ისევ სერიოზულ პრობლემად რჩება და ყველა ფენას ეს აწუხებს. მართალია, კანონიც გამკაცრებულია, მაგრამ ეს ხშირად ვერ აჩერებს მოძალადეს. ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობა და იძულებაც. ჩვენი რესპონდენტი ნინო, წლების მანძილზე განმავლობაში მსხვერპლი იყო და ამ პრობლემას მან თავი ძლივს დააღწია. ახლა ის შვილიშვილების ბებიაა და ფიქრობს, რომ ამდენი წელი არ უნდა დასჭირვებოდა იმ ოჯახიდან წამოსასვლელად.

ნინო გ.

- 18 წლის ვიყავი, როცა ჩემმა მეუღლემ მომიტაცა, ის ჩემზე 7 წლით უფროსი იყო. არ მიყვარდა, ეს მან კარგად იცოდა, მაგრამ მაინც წამიყვანა ცოლად. უხეში ადამიანი იყო. სულ მაყვედრიდა იმას, რომ მე ვერ დავაფასე მისი სიყვარული. მაშინ მოტაცებული გოგო მშობლებს სახლში უკან არ მიჰყავდათ, ეს სირცხვილად ითვლებოდა. ამიტომ, იძულებული გავხდი, მასთან დავრჩენილიყავი. თავიდან რამდენიმე თვე ეტყობა მაქსიმალურად იკავებდა თავს, რომ თავისი სიუხეშე არ გამოევლინა, მაგრამ მერე უკვე მოითხოვდა მის ჭკუაზე მევლო, მისი მორჩილი ვყოფილიყავი. მაშინ არც ცხოვრებისეული გამოცდილება მქონდა და ჩვეულებრივად ვიღებდი იმ ყველაფერს, იმ აკრძალვებს, რასაც ის მიწესებდა.

ასე ვიცხოვრე მასთან 16 წელი.

ჩვენ მარტო ვცხოვრობდით, მისი მშობლები კი - სოფელში. ჩემს ორ შვილს ვზრდიდი და ძირითადად, მათზე ზრუნვით ვიყავი დაკავებული. დრო გადიოდა და ვხედავდი, შინაგანად ეს ყველაფერი მანგრევდა, წარმოიდგინეთ, ჩემს მშობლებთან რომ წავსულიყავი, მისგან უნდა ამეღო ნებართვა. ან უცებ მოვარდებოდა იქ და ორი დღის წასული რომ ვყოფილიყავი, უკან მოვყავდით მე და ჩემი შვილები. რთული იყო ამ აკრძალვებში ცხოვრება, მაგრამ როცა ქმართან დაშორებაზე დავიწყებდი ფიქრს, სულ ის მაჩერებდა, რომ ეს ფაქტი შვილებზე იმოქმედებდა, რადგან ბავშვებს მამა უყვართ და მათი გულისთვის ამდენს ვითმენდი. ახლა ვფიქრობ, რომ ეს დამოკიდებულება ჩემი მხრიდან დიდი შეცდომა იყო, ამან ჯანმრთელობა შემირყია. გულის პრობლემები გამიჩნდა. მაშინ მართლა არაფერი ვიცოდი ჩემს უფლებებზე, ახლა რომ ამხელა კამპანიებია, ამდენი ინფორმაციაა, მაშინ ასე არ იყო. ისიც კი არ ვიცოდი, რომ კანონი არსებობდა, რომელიც მსხვერპლებს იცავდა.

- ოჯახში კონფლიქტები ხშირად გქონდათ?

- თავიდან არა, ვცდილობდი პასუხი არ გამეცა, მაგრამ მერე სულ ვჩხუბობდით. მაქსიმალურად ვცდილობდი, ბავშვებს არ ენახათ ეს კონფლიქტები, მათთვის უსიამოვნება ამერიდებინა, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა სიტყვიერი შელაპარაკებები ყოფილა და ეს მათ უნახავთ. ბავშვი ყველაზე ადვილად აცნობიერებს, რა ხდება ოჯახში. უხმოდ ხვდება, რომ მშობლებს შორის არ არის ნორმალური ურთიერთობა. მერე კონფლიქტებმა იმატა და რამდენჯერმე შეესწრნენ კიდეც... ვხედავდი, ეს ბავშვებზე ძალიან მოქმედებდა. ჩემი უფროსი გოგონა ძალიან დასტრესილია დღემდე. მასზე აისახა ეს ყველაფერი. როცა მივხვდი, რომ ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა მჭირდებოდა, ამ დროს ისინი უკვე დიდები იყვნენ, ხედავდნენ ჩვენს ურთიერთობას და მტყუან-მართალსაც კარგად არჩევდნენ. განქორწინების გადაწყვეტილება ერთ დღეს არ მიმიღია, ნელ-ნელა გროვდებოდა ყველაფერი და ბოლოს, საქმე აქამდე მივიდა.

- სულ სახლში იყავით, თუ მუშაობდით სადმე?

- ის ჩემი მუშაობის წინააღმდეგი იყო, მაგრამ შემოსავალი საკმარისი არ გვქონდა და გადავწყვიტე, მემუშავა. თავიდან შემეწინააღმდეგა, მაგრამ ჩემი მხრიდანაც ძლიერ წინააღმდეგობას რომ წააწყდა, რაღაც დათმობაზე წავიდა. მე გავედი სამსახურში, თუმცა ჩვენი ურთიერთობა მერე უფრო გართულდა, კონფლიქტები უფრო ხშირი გახდა. თუ ადრე თავდახრილი ვუსმენდი მას, ახლა მეც აღარ ვიყავი ისეთი დამთმობი, როგორიც ადრე და მეც ვეჩხუბებოდი. ფიზიკურად რომ შემეხო, იმ დღეს საბოლოოდ მივიღე სახლიდან წამოსვლის გადაწყვეტილება. მივხვდი, აღარ ჰქონდა აზრი ჩვენს ერთად ყოფნას, აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები და დამოკიდებულება გვქონდა. შეეძლო არ გავეშვი სამსახურში - იტყოდა, არ გაგიშვებო და არ მიშვებდა, რის გამოც, იქ ხშირად ახსნა-განმარტება მიწევდა... მას ასე უნდოდა და მორჩა.

როცა ჩვენ დავშორდით, ჩემი შვილები საკმაოდ მოზრდილები იყვნენ - უფროსი სკოლას ამთავრებდა, მათ ავუხსენი, რომ მე უნდა შემეწყვიტა ეს ურთიერთობა და მათი გადასაწყვეტი იყო, სად უნდოდათ ეცხოვრათ, დედასთან თუ - მამასთან. მამასთან ურთიერთობა არ ამიკრძალავს, დღემდე აქვთ, მაგრამ ჩემთან ცხოვრობენ. მაშინ ჩემმა გოგონამ მითხრა, ამდენი ხანი რომ ცხოვრობ მასთან, ყველაზე მეტად ეს მიკვირსო. მანაც მირჩია, რომ ჯობდა იქიდან წამოვსულიყავი. შვილის სიტყვებმა უფრო დიდი სტიმული მომცა და წამოვედი. მშობლებს ვურჩევ, შვილებთან მათ მეორე ნახევარზე ცუდი არ ილაპარაკონ, ბავშვები ისედაც ხვდებიან, ვინ არის მტყუანი და ვინ - მართალი. ისინი თავად გააკეთებენ არჩევანს. ორი ადამიანის ურთიერთობა სხვისთვის ძნელად აღსაქმელია.

მთავარია, ასეთი კონფლიქტების დროს, ადამიანებმა ცალ-ცალკე იცხოვრონ და გააანალიზონ, უნდათ თუ არა რეალურად ერთად ყოფნა.

- შვილებთან ერთად სახლიდან წამოხვედით?

- დიახ, სახლიდან წამოვედი. ჩემი და ემიგრაციაში იყო. ყოველთვის ვარიდებდი თავს მასთან ამ საკითხებზე საუბარს, მაგრამ ყველაფერი მოვუყევი. ჩავალაგეთ ჩვენი ნივთები და მე და ჩემი შვილები ჩემი დის ბინაში შევედით. 4 წელი ვიცხოვრეთ ასე, ფინანსურად ჩემი დაც მეხმარებოდა, მეც ვმუშაობდი და რაც ყველაზე მთავარია, სულიერ სიმშვიდეში ვიყავი. ერთადერთი, ის მადარდებდა, რომ ჩემი ბინა არ მქონდა. შემეძლო მეჩივლა ჩემი ქმრისთვის და წილი მომეთხოვა, მაგრამ ამას თავი ავარიდე. მისი არაფერი მინდოდა.

ბევრჯერ სცადა შერიგება, მაგრამ კატეგორიული უარი ვუთხარი და ოფიციალურად განქორწინებას მოვაწერეთ ხელი. მაშინ მითხრა, შენ იკითხე ქუჩაში რომ დარჩები, თორემ მე სხვა ცოლს შევირთავო...

ბავშვები სტუდენტები რომ გახდნენ, ამის მერე, მე ისრაელში წავედი სამუშაოდ. იქ არის ჩემი და და მისი დახმარებით, სამსახურის შოვნა არ გამჭირვებია. სახლებს ვალაგებდით და შემოსავალიც კარგი გვქონდა, ჩემს შვილებს არაფერს ვაკლებდი. თუმცა მათ გარეშე ყოფნა ძალიან მიჭირდა. იმდენი მოვახერხე, რომ ორივე შვილს ბინა ვუყიდე. ამის მერე დავბრუნდი საქართველოში. ემიგრაციაში გატარებული წლები რთულია, იქ დრო ისე სწრაფად მიდის, რომ უკან მოიხედავ და მერე აცნობიერებ, რა დრო გავიდა. რთული იყო, მაგრამ იმ დავიდარაბას და ჩხუბს მერჩივნა, რაც შეიძლება ბევრი მეშრომა და შრომით დავღლილიყავი. დღეს რაც მაქვს, ყველაფერს ჩემი შრომით მივაღწიე.

ჩემი შვილები უკვე დაქორწინდნენ. გოგონას არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს გვერდით, ამით ვარ ბედნიერი. როცა მათთან მივდივარ, სულ ჩემი შვილის თვალებს ვუყურებ, რომ რამე არ გამომეპაროს, მაგრამ იმდენად ბედნიერები არიან, ამით ვხარობ. ორი შვილიშვილი მყავს და ისინი ძალიან მაბედნიერებენ.

ბიჭმაც ახლახან ძალიან კარგი გოგონა შეირთო ცოლად და ახლა მისგანაც ველოდები შვილიშვილს. თბილისში მაქვს ჩემი საცხობი, რომელიც ავაწყვე და ჩემი შემოსავალი, არავისზე დამოკიდებული არ ვარ. იქით ვეხმარები ჩემს შვილებს.

- მამასთან აქვთ ურთიერთობა?

-კი, აქვთ ურთიერთობა. მან სხვა ქალი შეირთო ცოლად და მასთან შვილი ჰყავს. მე არასოდეს ამიკრძალავს ჩემი შვილებისთვის მასთან ურთიერთობა და სხვებსაც ამას ვურჩევ, არ აუკრძალონ ურთიერთობა, ბავშვს ორივე მშობელი უყვარს. რაც მთავარია, ხშირად მოძალადე სხვა ადამიანებთან კარგად იქცევა და ვერავის წარმოუდგენია, რომ შეიძლება ის ოჯახში სხვანაირი იყოს...

დღეს უამრავი საშუალებაა, რომ ადამიანი არ დარჩეს მოძალადესთან, არის თავშესაფრები. შემაკავებელი ორდერის გამოწერა შეუძლიათ. მართალია, ხშირ შემთხვევაში, შემაკავებელი ორდერი ვერ იცავს მსხვერპლს მოძალადისგან, მაგრამ ამ დროში უნდა ეცადონ ქალები, რომ როგორმე თავი დააღწიონ მას და ნურაფრის შეეშინდებათ. გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. არის თავშესაფრები, სადაც ფსიქოლოგები და იურისტები მუშაობენ ასეთ ადამიანებზე. ეს სერვისები ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა გამოიყენოს მსხვერპლმა. ხშირად ქალები ამ შესაძლებლობებს არ იყენებენ და ამბობენ, რომ გავშორდე, მერე რა ვქნა, სად ვიცხოვროო? არ ფიქრობენ იმაზე, რომ გაცილებით უფრო რთულ მდგომარეობაში იგდებენ თავს, როცა იმავე სიტუაციას უბრუნდებიან. არ ვამბობ, რომ აუცილებლად უნდა გაშორდნენ, მაგრამ რეალობა უნდა გააცნობიერონ. თუ ხვდები, რომ ის თავის ქცევას არ შეიცვლის, მაშინ უნდა მიიღო დაშორების გადაწყვეტილება.

ქალი ხშირად ფიქრობს, რომ ვერ შეძლებს მარტო ცხოვრების გაგრძელებას, ასეთ დროს თვითშეფასება ძალიან დაბალი აქვთ და დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყების ეშინიათ, ჰგონიათ, რომ მათ არავინ დაეხმარება. მაგრამ ასე არ არის, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება.

მე ეს შევძელი და ყველას მოვუწოდებ ნუ გაინადგურებენ ჯანმრთელობას, ნუ უყურებენ ხალხის აზრს, როცა ხვდებიან, რომ უკვე პიკს აღწევს ურთიერთობა და არ არის სიმშვიდე, თავი დააღწიონ ძალადობას.

დღეს უამრავი სერვისია, რაც მთავარია, საზოგადოებამ უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება, რომ სხვისი ოჯახის საქმე ჩემი საქმე არ არის, ასე არ უნდა ვიფიქროთ. ჩემი საქციელი - შვილები მყავს და ამიტომ ვითმენ, არ იყო სწორი, ამით გამოდის, რომ შვილებსაც აჩვევენ ძალადობას, ამიტომ, უარი უნდა ვუთხრან ძალადობას. კარგი იქნებოდა, რომ მოძალადეებისთვის არსებობდეს იძულებითი რეაბილიტაციის ცენტრები, როგორც ვიცი, ეს დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ აუცილებელია.

მე ვიყავი ძალადობის მსხვერპლი, შევძელი თავი დამეღწია და სრულიად განსხვავებული ცხოვრებით მეცხოვრა, ეს სხვასაც შეუძლია და გაკეთოს!

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ის მარტო არ არის. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი მაშინ და არ ვნანობ, რაც გავაკეთე. ის ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ ჯობდა მომეთმინა, დღეს მეუბნებიან, რომ სწორად მივიქეცი. მოთმინების ფიალაც ივსება და ადამიანი უკიდურეს სიტუაციამდე რომ მიდის, მაშინ იღებს რადიკალურ გადაწყვეტილებას. ჩემს შემთხვევაში ჩემი დის დიდი მხარდაჭერა მქონდა და ეს ძალიან დამეხმარა. ამიტომ, ასეთ დროს მშობლების, ოჯახის წევრების გვერდში დგომა აუცილებელია და ეს ყველამ უნდა გააკეთოს. რამდენი ადამიანიც გაჩუმდება და შეეგუება ძალადობას, იმდენი მოძალადის თანამოაზრე გვეყოლება, ამიტომ ყველამ უნდა აიმაღლოს ხმა და ყველამ უნდა უთხრას არა ძალადობას!

(სპეციალურად საიტისთვის)