რუსული შვეულმფრენები კონტრშეტევაზე გადასული უკრაინული ჯავშანტექნიკისთვის დიდ პრობლემად იქცნენ...
თითქმის ორი კვირაა, რაც უკრაინის არმია ზაპოროჟიეს სამხრეთით განუწყვეტლივ კონტრიერიშებს აგრძელებს, თუმცა დიდი წარმატების გარეშე-დღემდე გათავისუფლებულია მხოლოდ ასიოდე კვადრატული კმ ტერიტორია და შვიდი დასახლებული პუნქტი...
ჩემს წინა ბლოგებში ვწერდი იმ ნაღმურ ველებზე („რუსების ნაღმურმა ველებმა სერიოზულად შეაფერხეს კონტრშეტევაზე გადასული უკრაინული ჯავშანტექნიკა...“) და მასიურ საარტილერიო ცეცხლზე („უკრაინელებმა "ჰაიმარსებიდან" ზუსტი კონტრსაბატარეო ცეცხლით რუსების არტილერიის წერტილოვანი განადგურება დაიწყეს...“), რაც დიდ პრობლემებს უქმნის კონტრშეტევებზე გადასულ უკრაინულ შენაერთებსა და დანაყოფებს.
მესამე მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლითაც თავდაცვაში მდგარი რუსი ოკუპანტები მეტ-ნაკლები წარმატებით იგერიებენ უკრაინული ჯავშანტექნიკის შეტევებს, ავიაცია წარმოადგენს, მათ შორის საარმიო ავიაცია, დამრტყმელი შვეულმფრენების სახით.
რუსეთის სარმიო ავიაციის შეიარაღებაში სამი ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენებია - მოდერნიზებული Ми-35 „მფრინავი ნიანგები“ (მოძველებული Ми-24-ის თანამედროვე მოდიფიკაცია) და შედარებით თანამედროვე Ми-28 НМ „ღამის მონადირეები“ და Ка-52 „ალიგატორები“, თუმცა უმართავი და მართვადი რაკეტების გაშვება სამხედრო-სატრანსპორტო Ми-8 АМТШ-ებსაც შეუძლიათ.
ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით აღჭურვილი შვეულმფრენები ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ნებისმიერი თანამედროვე ძირითადი საბრძოლო ტანკებისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ ბევრად სუსტად შეჯავშნულ ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და მითუმეტეს ჯავშანტრანსპორტიორებსა და მსუბუქ ჯავშანმანქანებზე...
მაგრამ შვეულმფრენებს ერთი დიდი ნაკლიც აქვთ-მათი საბრძოლო მოქმედების რადიუსი (განსხვავებით საფრონტო ბომბდამშენებისგან და მოირეიშე თვითმფრინავებისგან) არცთუ ისე დიდია და ამიტომაც აუცილებელი ხდება ამ დამრტყმელი შვეულმფრენების ესკადრილიების გადასროლა ფრონტის ხაზის სიახლოვეს,ახლო ზურგში მდებარე აეროდრომზე.
ამერიკული კერძო კომპანიის Planet Labs-ის მინიატურული თანამგზავრის მიერ 13 ივნისს გადაღებულ კოსმოსურ ფოტოებზე კარგად მოჩანს, რომ ოკუპირებული ბერდიანსკის აეროპორტში განთავსებულია რუსული სამხედრო შვეულმფრენები მაშინ, როდესაც იმავე თანამგზავრის მიერ 31 მაისს გადაღებულ ფოტოზე ბერდიანსკის აეროპორტი საერთოდ მიტოვებულად მოჩანს...
ბერდიანსკის აეროპორტიდან ჩრდილოეთით ფრონტის ხაზამდე, სადაც უკრაინის არმია კონტრშეტევებს ახორციელებს, პირდაპირი ხაზით მხოლოდ ასიოდე კმ-ია და გასაგებია თუ რატომ გადაისროლა ბერდიანსკში სასწრაფოდ ეს საშვეულმფრენო დაჯგუფება რუსეთის გენშტაბმა - ასიოდე კმ-იანი საბრძოლო დავალების შესრულებისას რუსული დამრტყმელი შვეულმფრენების ეკიპაჟებს პრინციპში აღარ სჭირდებათ დამატებითი საწვავის ავზების ჩამოკიდება პილონებზე და მათ ნაცვლად უფრო მეტი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების წაღება შეუძლიათ, რათა შეტევაზე გადმოსული უკრაინული ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის მიმართულებით უფრო მეტი რაკეტა გაუშვან ერთი საბრძოლო გაფრენის ფარგლებში...

უეჭველია, რომ კონტრშეტევაზე გადასული უკრაინის არმიის ჯავშანტექნიკის ნაწილის აფეთქება და მწყობრიდან გამოყვანა რუსული ნაღმებისა და საარტილერიო ჭურვების გარდა, სწორედ ოკუპირებული ბერდიანსკის აეროპორტიდან აფრენილი რუსული „ალიგატორების“, „მფრინავი ნიანგებისა“ და „ღამის მონადირეების“ ანგარიშზედაცაა...
მაგრამ, რუსული დამრტყმელი შვეულმფრენების ფრონტის ხაზითან ასიოდე კმ-ში „მიჩოჩებას“ რუსი ოკუპანტებისთვის სავალალო შედეგიც შეიძლება მოჰყვეს, რადგან მათ ბერდიანსკის აეროპორტში უკრაინელების მიერ გაშვებული რაკეტებიც შეიძლება მისწვდნენ.
ყველაზე მასიური და მაღალი საბრძოლო ეფექტიანობის მქონე „ჰაიმარსის“ GMLRS ტიპის მართვადი რაკეტებით უკრაინელი არტილერისტები ბერდიანსკის აეროპორტამდე ეტყობა ვერ მიაღწევევენ, რადგან მათი ფრენის მაქსიმალური მანძილი 84 კმ-მდეა, ამასთან „ჰაიმარსის“ სარაკეტო დანადგარების (რომლებზეც რუსი სამხედროები დიდი ხანია ნადირობენ) ფრონტის ხაზთან ზედ მიყენებასაც ვერ გარისკავენ.
სამაგიეროდ, თუკი უკრაინის არმიას ამერიკულმა მხარემ ბოლო პერიოდში მართლაც მიაწოდა ასევე „ჰაიმარსიდან“ გასაშვები რაკეტა-მართვადი საავიაციო ბომბის ნაჯვარი GLSDB-ები, რომლებსაც სახმელეთო სტარტის შემდეგ მაქსიმალურ 150 კმ-ზე შეუძლიათ მიზნის დიდი სიზუსტით დაზიანება, მაშინ უკრაინის გენშტაბს დიდი ალბათობით შეეძლება ოკუპირებული ბერდიანსკის აეროპორტში გადასროლილი იმ რუსული დამრტყმელი შვეულმფრენების ნეიტრალიზაცია,რომლებიც ძალზე უშლიან ხელს უკრაინის არმიის კონტრშეტევას სამხრეთი მიმართულებით, იმავე ბერდიანსკისა და მელიტოპოლის გასათავისუფლებლად...
ინფორმაციისთვის: 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე განადგურებულია არანაკლებ 90 რუსული შვეულმფრენი,მათ შორის 35 ერთეული Ка-52, 12 ერთეული Ми-28, 9 ერთეული Ми-35, 6 ერთეული Ми-24 და 22 ერთეული სხვადასხვა მოდიფიკაციის Ми-8,გარდა ამისა 6 ჩამოგდებული და ბოლომდე განადგურებული რუსული შვეულმფრენის ზუსტი ტიპი დაუდგენელია.