ჯერ დაანგრიეს, ახლა აშენებენ! - კვირის პალიტრა

ჯერ დაანგრიეს, ახლა აშენებენ!

თავისუფლების მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელში "დიდი აღმშენებლობაა" გაჩაღებული. ორმხრივი გადაადგილებისთვის განკუთვნილი მიწისქვეშა გადასასვლელი ერთი მხრიდან ჩაუკეტავთ და იქ მაღაზიებს აკეთებენ. სხვათა შორის, სხვა გადასასვლელებისგან განსხვავებით, ეს "მიწისქვეშა", მდებარეობის გამო, ყოველთვის დატვირთული იყო. თავისუფლების მოედანზე, როგორც რუსთაველის გამზირის, ასევე ბარათაშვილის ხიდისკენ საავტომობილო მოძრაობა ისეთი ინტენსიურია, რომ ქუჩაზე გადასვლა სიცოცხლის რისკის ფასად ნამდვილად არ ღირს, ამიტომ ხსენებული გადასასვლელით უამრავი ფეხით მოსიარულე სარგებლობს.

ნინო კიკაბიძე, თბილისელი: "თავისუფლების მოედანზე ვმუშაობ, ამიტომ ამ მიწისქვეშა გადასასვლელით ხშირად ვსარგებლობ, როცა სამსახურიდან შესვენებაზე გამოვდივარ ან შინ ვბრუნდები. ახლა ისე დაავიწროვეს, რომ შემხვედრს გვერდს ისე ვერ აუვლი, რომ ან მხარი არ გაკრა, ან ჩანთა. აქ სავაჭრო ობიექტების გახსნის შემდეგ, ბუნებრივია, უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა და ფეხით მოსიარულეებისთვის გასასვლელი საერთოდ არ დარჩება. ესაა, რომ ამბობდნენ მიწისქვეშა გადასასვლელებს კეთილმოვაწყობთ, რომ სარგებლობა უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გახდესო?"

ამ მშენებარე მაღაზიებმა ავადსახსენებელი შევარდნაძის პერიოდი გამახსენა. პირველად ზოდელავას მერობისას აქციეს მიწისქვეშა გადასასვლელი სავაჭრო ფართად, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს მიაქირავეს და სოლიდური შემოსავლით "მავანმა" კარგად მოითბო ხელი. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ მიწიქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციის მიზეზით, ერთ მშვენიერ დღეს, უფრო სწორად, ღამით, მაღაზიები მოშალა და სავაჭრო ობიექტებისგან გათავისუფლებული გადასასვლელების კედლები ილუსტაციებით დაამშვენა. ილუსტრაციების გვერდით მალევე გაჩნდა წარწერები - "მიშა, მშია!" და სხვა. "წლების განმავლობაში ამ მიწისქვეშა გადასასვლელში ერთნაირი, სტანდარტული მაღაზიები იყო და ხალხიც ვაჭრობდა. სააკაშვილის მთავრობაში მოსვლის შემდეგ ყველა მაღაზია პირწმინდად დაანგრიეს. ზოგ მეპატრონეს სავაჭრო ობიექტიდან საქონლის გამოტანის საშუალებაც კი არ მისცეს. ეს ანგარიშსწორება იყო, თორემ რას ერჩოდნენ, ყოფილიყო ის მაღაზიები, თუ წლების შემდეგ იგივეს გაკეთებას აპირებდნენ", - გვეუბნება ერთ-ერთი გარემოვაჭრე, რომელიც ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს, რადგან შიშობს, რომ ამ კომენტარის გამო შესაძლოა, გარევაჭრობა გადასასვლელში მაღაზიების დასრულებმადეც კი არ აცალონ.

"უკვე გაგვაფრთხილეს, რომ მაღაზიების მშენებლობის დასრულების მერე აქედან უნდა ავიბარგოთ. წლებია, ამ გადასასვლელში ბიჟუტერიას ვყიდი. ყოველ დილით მოვდივარ, ჩემს სახელდახელო დახლს ვშლი და საღამოს შინ პურის ფულით ვბრუნდები. არ ვიცი, როგორ უნდა ვირჩინო თავი, თუ აქ ვაჭრობის უფლებას აღარ მომცემენ. ამბობენ, რომ თითო მაღაზიას სულ მცირე, თვეში 600 დოლარად გააქირავებენო. მე და ჩემისთანები ასეთ ქირას ვერ გადავიხდით. საერთო ჯამში, სულ 200 ლარის საქონელი მაქვს და ამხელა თანხა მხოლოდ კომერციული ფართისთვის როგორ უნდა გადავიხადო? ამიტომაც, ახლა ახალი საქონელი აღარ შემომაქვს, ყველაფერს თავის ფასად ვყიდი, რომ რაც მაქვს, ის მაინც ამოვყიდო", - შემოგვჩივის მეორე გარემოვაჭრე.

მხოლოდ ამ მიწისქვეშა გადასასვლელში რამდენიმე ათეული გარემოვაჭრე დგას: ზოგი წიგნებით ვაჭრობს, ზოგი საეკლესიო აქსესუარით, ზოგიც ყვავილების ქოთნებით. ყველა ამბობს, რომ ფაქტობრივად თვითდასაქმების ბოლო დღეების ითვლიან, რადგან იციან, რომ დღე-დღეზე აყრიან. მიწისქვეშა გადასასვლელები ბევრი უსახლკაროსთვის თავშესაფრად იქცა. ზოგი ღამეს ჩამტვრეული ლაითბოქსის ჩარჩოზე ათევდა, ზოგსაც სკამი ჩაეტანა სკვერიდან და ზედ მოკალათებულიყო. ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც გადასასვლელის მნიშვნელოვანი ნაწილი კომერციული ფართით შეივსება, აქ მათი ადგილი აღარ იქნება, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. 

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ ქალაქში არსებული 35 მიწისქვეშა გადასასვლელი 10-წლიანი იჯარით ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ზაფხულში გასცა. საიჯარო პირობების თანახმად, მოიჯარე ვალდებულია, მიწისქვეშა გადასასვლელში განათავსოს სტანდარტების შესაბამისი სამეთვალყურეო ვიდეოკამერები, უპატრონოს იჯარით აღებულ ქონებას, უზრუნველყოს მიწისქვეშა გადასასვლელის ჩასასვლელებისა და შიდასაზოგადოებრივი სივრცის რეაბილიტაცია. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი მოქალაქეთა კომფორტულად მიმოსვლისა და უსაფრთხოების მიზნით კეთდება, თუმცა რამდენად გაადვილება მიმოსვლა ამ კონკრეტულ გადასასვლელში მისი მაღაზიებად გადაქცევის შემდეგ, ეს ალბათ მალე გამოჩნდება.

(სპეციალურად საიტისთვის)