"ევროპას ეუბნებიან, კი ვარ ცუდი ბიჭი, მაგრამ უნდა მიმიღოთ, თუ არადა, წავალ, აი, ლოთი მეზობელი რომ მყავს, იმას მოვურიგდებიო"
პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს "ქართველების მრავალი თაობის ოცნების" ასასრულებლად - ევროკავშირში გასაწევრებლად. ამ დროს კი თბილისში მმართველი პარტია ისევ დაჟინებით აკეთებდა ევროკავშირის საწინააღმდეგო განცხადებებს და ევროკავშირს ისევ ულტიმატუმებით ელაპარაკებოდა. "ქართული ოცნების" წევრები ხშირად იმეორებენ, რომ კანდიდატის სტატუსს საქართველო არათუ ახლა, გასული წლის ივნისშიც იმსახურებდა, მაგრამ ის უსამართლოდ დასაჯეს. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით - ბრიუსელში ღარიბაშვილის ვიზიტის პარალელურად მმართველმა პარტიამ პარლამენტში მეორე მოსმენით სწორედ ის კანონპროექტი დაამტკიცა, რომელზეც უარის თქმა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ რამდენიმე საათით ადრე ურჩია. 13 ივნისს გამოქვეყნებულ ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ "ქართული ოცნების" ინიცირებული და უკრაინულიდან თარგმნილი კანონპროექტი პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებისა და დემოკრატიული პრინციპების შელახვის საფრთხეს შეიცავს და ამასთან, უკრაინის მაგალითი არ გამოადგება საქართველოს. ევროკავშირის წარმომადგენლობამ წერილობითი განცხადებაც გამოაქვეყნა და ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კომენტარშიც გაუსვა ხაზი, რომ ოლიგარქიასთან ბრძოლაში, ვენეციის კომისიის მსგავსად, ისინიც "სისტემურ მიდგომას" ანიჭებენ უპირატესობას. "ქართული ოცნება" კი მოითხოვს ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის საკითხის ამოღებას, თუკი ევროპელ პარტნიორებს სურთ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონი არ ამოქმედდეს.ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ რეკომენდაციების 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის საკითხის ამოღებას არავინ გეგმავს და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა ახლა საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში "კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის საკითხის მოგვარებას" ელოდება. ვითარება თითქმის ჩიხშია შესული. ერთი მხრივ, ევროკავშირი ისევ 12 პუნქტის შესრულებას ასახელებს სტატუსის მოსანიჭებელ პირობად და ბრიუსელშიც მთავარი მოწოდება პირობების დაჩქარებული ტემპით შესრულება იყო, რაზეც თანხმობა ღარიბაშვილმა ბრიუსელშივე განაცხადა - 14 ივნისს საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ გაკეთდება ყველაფერი "ქართველების მრავალი თაობის ოცნების ასასრულებლად - ევროკავშირში გასაწევრებლად".როგორ უნდა შესრულდეს ღარიბაშვილის პირობა და რა იქნება სტატუსის მიღების ფასი, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ვესაუბრეთ:
- ხელისუფლებას აქვს ასეთი კონცეფცია, ფაქტობრივად, უნდა ატარონ კოლაბორაციონიზმის ზღვარზე გამავალი პოლიტიკა, მაგრამ მიუხედავად ამ ევროსტანდარტის გაგებით ცუდი საქციელისა, თუ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, ეს უკვე კარგია, ცუდი რატომ არის? თუ არაფერს გააკეთებ და მაინც მიგიღებენ, რატომაც არა და ამის წინააღმდეგი არც რუსეთი იქნება, პირიქით, ისარგებლებს კიდეც, საქართველოს ამ სტატუსს საკუთარი პრობლემების გადასაწყვეტად გამოიყენებს. აქედან გამომდინარე, ღარიბაშვილი ცდილობს, დადის, ჰპირდება. თუმცა მეეჭვება ჩვენმა ხელისუფლებამ რამე გააკეთოს, პირობას კი იძლევა. ევროპა თვითონაც არის დაინტერესებული, რომ საქართველოს ინტეგრაცია გაგრძელდეს, კიდევ უფრო მეტად არ უბიძგოს საქართველოს რუსეთისკენ და ამიტომ ინარჩუნებს ამ ურთიერთობას, ამით კი ესენი თითქოს სარგებლობენ. პოლიტიკის ინფანტილურ გაგებას, რომ უცხოეთში მკვეთრი განცხადებები აკეთო, აქ კი რადიკალურად საწინააღმდეგო თითქოს იმ განცდით, შორს არიან და მაინც ვერ გაიგებენო, მიჩვეული ვართ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება ევროსკეპტიციზმს აღვივებს და მერე ევროპაში გაკვირვებული თვალებით საუბრობენ, თითქოს აქ არაფერი ჰქონდეთ ნათქვამი. ასეთია ამ ხელისუფლების ბუნება. სტატუსის მიღება ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა და ამ ეტაპზე თუნდაც ამ მცირედით უნდა დავკმაყოფილდეთ.
- "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონი გახდა ძალიან აქტუალური თემა, რაზეც "ოცნება" უკან დახევას არ აპირებს და აზრს არც ევროკავშირი იცვლის. ამის გათვალისწინებით სტატუსის მიღების რა შანსი გვრჩება?
- შანტაჟის ენით ლაპარაკობენ - თუ ბიძინას თავს გაანებებთ, მაშინ ამოვიღებთ, თუ ბიძინაზე აპელირებას გააგრძელებთ, მაშინ მივიღებთ ისეთ კანონს, რომ ბიძინას გარდა, ყველას შეეხოსო - ეს არის კონტექსტი. კობახიძის განცხადება რამდენიმე დღის წინ აბსოლუტურად გულწრფელი იყო, ფაქტობრივად, იგივე თქვა, როდესაც განაცხადა, ბიძინას მოეშვით და ეს პირობა ამოიღეთ, თუკი დარჩება, მაშინ ისეთ კანონს მივიღებთ, რომლითაც ბიძინას გარდა ყველას და პირველ რიგში პოლიტიკურ ოპონენტებს ნებისმიერ დროს დავიჭერთო.
- რა მოლოდინი გაქვთ, ევროკავშირი რას გადაწყვეტს?
- ვფიქრობ, ევროკავშირი ამ ეტაპზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს. ისინი დაიღალნენ და დაიბნენ, მათთვის წარმოუდგენელია ასეთი თამაში, როდესაც თვალებში გიყურებს და გპირდება, ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ, კარგი ბიჭი ვარ, შენთან მეგობრობა მინდა და გამოდის შენი სახლიდან და თავის სახლში ყველას გასაგონად დედას გაგინებს. ვეღარ გაიგო ამ ხალხმა, რა უნდა ჩვენს ხელისუფლებას, სინამდვილეში საით მიჰყავს ქვეყანა. კი ენანებათ საქართველოს გაშვება, მაგრამ რა ქნან?! ასეთი გაორებული მდგომარეობაა. ვფიქრობ, ევროკავშირს საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ ჯერ მიღებული არა აქვს. ჯამში ყველაფერი ისევ უკრაინაში მიმდინარე ომზეა დამოკიდებული. ამ გლობალური ომიდან გამომდინარე ერიდებიან ხისტ დამოკიდებულებას ჩვენი ხელისუფლების მიმართ...
ფაქტობრივად, ჩვენ ახლა ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების ნებაზე ვართ მიშვებული. იმის იმედი, რომ ხელისუფლება რამეს შეცვლის, არ უნდა გვქონდეს. არც არაფრის გაკეთებას არ აპირებენ. ხომ ვხედავთ, ჩავიდა ღარიბაშვილი და გერმანიის კანცლერმა რამდენიმე კვირა მისცა, შედეგები ვნახოთო, მაგრამ მას შემდეგ კვირაზე მეტი გავიდა და რამე ამოძრავდა? იქ ჩადიან, თავს უქნევენ, მერე ჩამოდიან და არაფერსაც არ ცვლიან.
- ხელისუფლების აზრით, ჩვენ ევროპას ვჭირდებით და პლუს ვიმსახურებთ სტატუსს. საჭიროების ფაქტორი იქნება გადამწყვეტი?
- რად უნდა ლაპარაკი იმას, რომ ევროპას ვჭირდებით, მაგრამ თანაცხოვრება უპირობოდ არ ხდება. მაგალითად, თქვენ ვიღაცას ეუბნებით, მე მინდა შენთან ცხოვრებაო. იმასაც აწყობს, ამაში სარგებელს ხედავს, უნდა მიგიღოს და გეუბნება, კი ბატონო, მიგიღებ, მაგრამ ჩემს სახლში სიგარეტს არ ეწევიანო. თქვენ ჰპირდებით, კარგი, აღარ მოვწევო, მაგრამ მერე მიდიხართ, კარზე უკაკუნებთ და სიგარეტს ცხვირში აბოლებთ. ის გეუბნებათ, ხომ შემპირდი, სიგარეტს გადავაგდებო, შენ კი პასუხობ, შენ ვინ გეკითხება, გადავაგდებ თუ არაო. აი, ამას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება - სიგარეტის მოწევას ეროვნულ ტრადიციად, რელიგიურ მოთხოვნილებად ასაღებს. ქმნიან ვითომ საფრთხეებს და მერე ამ საფრთხეებისგან ვითომ ხალხს იცავენ. თითქოს ჩვენს რელიგიას ემუქრება ევროპა, ან თითქოს ერთსქესიანთა ქორწინებას ითხოვენ - ამით ურეცხავენ ტვინს. ვინმემ სადმე ევროპისგან ეს მოთხოვნები მოისმინა? ვინმეს ამის დამადასტურებელი უნახავს? თუმცა ხელისუფლება ამ სპეკულაციური თემებით თვითონ ქმნის ფსევდოსაფრთხეებს და მერე "წარმატებით ებრძვის". ასეთია ამ ხელისუფლების ბუნება - ამ უტიფარი მეთოდების გამოყენებით ცდილობენ ხალხისთვის ტვინის არევას. ვისთანაც გამოუვათ, აურევენ.
- ეს რაში სჭირდებათ, თქვენც ხომ ამბობთ, რომ სტატუსის მიღება ხელისუფლებას აწყობს და ვალდებულებებს თუ არ ასრულებს, დამატებით პრობლემებს რატომღა ქმნის?
- მიზანი ერთადერთია - ძალაუფლების შენარჩუნება. ჩვენი ხელისუფლება არ არის არც პროდასავლური და არც პრორუსული. მისი მიზანი მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაა და მეტი არაფერი. დასჭირდებათ წითელი დროშა, გამოფენენ, დასჭირდებათ ნატოს დროშა, ნატოს დროშას გამოფენენ, პრობლემა არა აქვთ. რა თქმა უნდა, ურჩევნიათ ევროპა, მაგრამ ურჩევნიათ თავის პირობებზე მორგებული და არა ისე, რომ ევროპის თამაშის წესები აღიარონ. ევროპას ეუბნებიან, კი ვარ ცუდი ბიჭი, მაგრამ უნდა მიმიღოთ, თუ არადა, წავალ, აი, ლოთი მეზობელი რომ მყავს, იმას მოვურიგდებიო.
- თუ არ მოგვცეს სტატუსი, რა მოხდება?
- ამით ცხოვრება არ მთავრდება. რა თქმა უნდა, აჯობებს, მოგვცენ. ზოგიერთი ოპოზიციონერი ამბობს, სტატუსის მიღებას ხელისუფლება თავის გამარჯვებად გააფორმებსო. გააფორმოს, რა პრობლემაა. ქვეყნისთვის ხომ იქნება კარგი, გრძელვადიანი განვითარებისთვის. ამიტომ თუ მივიღებთ, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში კარგი იქნება, ვინც რა უნდა თქვას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა და ჩვენ გავიმარჯვეთ. ასე თურქეთი ოცი წელია, კანდიდატია და ერთი ნაბიჯით არ წაუწევია წინ. ეს დიდი გზის დასაწყისია. ევროკავშირი ამით თავის მოთხოვნებს კი არ შეცვლის, უფრო ინტენსიურად მოითხოვს. თუ არ მივიღებთ, რა თქმა უნდა, გაამწვავებს პოლიტიკურ რადიკალიზაციას ქვეყანაში და ხელისუფლებას ამის ეშინია. სტატუსი კი არ სჭირდებათ, შიდაპოლიტიკურ პრიზმაში უყურებენ ამას. თუმცა ასეც რომ მოხდეს, ჩვენ ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ, შიდა სამზარეულო ქვეყანაში ჩვენი დასალაგებელია. ჩვენ ეს პირობები ევროკავშირისთვის კი არ გვინდა, ჩვენთვისვე გვჭირდება. ამიტომაც ეს პირობები იმიტომ კი არ უნდა შევასრულოთ, რომ ევროკავშირში მიგვიღონ, როგორც ხელისუფლებაც და ოპოზიციის დიდი ნაწილიც ამბობს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენთვის გვჭირდება. ევროპა ჩვენთვის გეოგრაფიული კი არა, ფასეულობითი არჩევანია. ისიც ცხადია, თუ არ მოგვცეს, ხელისუფლება შეეცდება ევროსკეპტიციზმი გააღვივოს, მაგრამ რისთვის ხარ ოპოზიცია? თუ არსებობს პროპაგანდა, არსებობს კონტრპროპაგანდაც. თუ ხელისუფლება უსინდისოდ თამაშობს და სპეკულირებს ყალბი თემებით, კონტრპროპაგანდამ ხომ უნდა მოახერხოს რეალობის აღწერა? ამაშია საქმე, მხოლოდ ხელისუფლება კი არა, ოპოზიციის სისუსტეც პრობლემაა, რომელიც ვერ ახერხებს საზოგადოებისთვის ახსნას, თუ როგორია რეალობა.
რუსა მაჩაიძე