„ქართული ოცნება“ ჩამდგარია პოზაში და აშანტაჟებს ევროპას!“ - კვირის პალიტრა

„ქართული ოცნება“ ჩამდგარია პოზაში და აშანტაჟებს ევროპას!“

"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, სად წავა ევროპა, აბა, რუსეთს ჩააბარებს საქართ­ველოს? კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ და ჩვენებურადაც გავაგრძელებთ ქვეყნის მართვასო", - განაცხადა პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა­, რომლის თქმითაც, "ქართული ოცნება" თამაშობს, რადგან იცის, რომ ევროპა საქართველოს ევროკავშირში მიღებით დაინტერესებულია. ამაზე ახლახან ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაჯა ლაჰიბმის განცხადებაც მეტყველებს: "ბელგია მხარს უჭერს საქარ­თველოს ევროპულ მისწრაფებებს. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ აყვავებული ევროპის­ ინტერესებიდან გამომდინარე, ლისაბონიდან თბილისამდე". "ევროპა ლისაბონიდან თბილისამდე, ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე" - თქვა გერმანიის კანცლერმა­ ოლაფ შოლცმაც ჯერ კიდევ შარშან. როგორია ევროპელი ლიდერების აზრი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, როგორ ინაწილებენ ამ საქმეში პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია, რა ხდება ამ საპასუხი­სმგებლო მომენტში შიდაპოლიტიკურ ველზე, რატომ ცდილობს სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას და როგორი განწყობით ხვდებიან მას ოპოზიციონერი ლიდერები, ამის შესახებ პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით­ უსუფაშვილი გვესაუბრა:

- ევროპელი ლიდერების განცხადებები­ და მოქმედებებიც ნათლად მეტყველებს,­ რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად წარმოუდგენიათ. ევროპელი ლიდერების ხედვებში ასეთი ცვლილება განპირობებულია რუსეთის ბოლოდროინდელი აგრესიითა და გაზრდილი მადით, აღადგინოს საბჭოთა იმპერია. ევროპელებმა დაინახეს თავისუფალი სამყაროს გაფართოებისა და კავკასიის ევროპის ნაწილად გადაქცევის აუცილებლობა. ეს არის ძალიან სერიოზული, გლობალური, გრძელვადიანი ამოცანა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა დედამიწის რაც შეიძლება დიდ ნაწილში. ჰაჯა ლაჰიბმისა და ოლაფ შოლცის განცხადებები ნიშნავს, რომ ევროპელმა პარტნიორებმა უპრეცედენტო და პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღეს საქართველოს შესახებ - მათ სურთ საქართველო ევროპაში, ამასთან, ევროპული სტანდარტებით. ამიტომ დახარჯეს ამდენი დრო და რესურსი. ჯერ კიდევ შარლ მიშელის თბილისში ვიზიტებმა და მისმა დაუღალავმა შრომამ ცხადყო, რომ საქართველოში დემოკრატიის წარმატება მათთვის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს. რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და გლობალური კატასტროფის შემდგომ ეს უფრო თვალსაჩინო გახდა. ამიტომ არ გვითხრეს მთლად უარი კანდიდატის სტატუსზე, თორემ შარშან სრულიად გაუგებრად, მიუღებლად მოიქცა საქართველოს ხელისუფლება. გარდა იმისა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება გააუქმა, კანდიდატის სტატუსის მოლოდინში სრულიად არაადეკვატურად მოიქცა. მერე იყო 12-პუნქტიანი რეკომენდაციები, ამხელა ყურადღება და დახმარება. საქართველოს უზარმაზარი ისტორიული შანსი გაუჩნდა. გაეროს წევრები­ რომ ვართ, ამაში არაფერია განსაკუ­თრებული, მთელი მსოფლიოა ამ ორგანიზაციის წევრი. არც ევროსაბჭოს წევრობაა მნიშვნელოვანი, მთელი ცენტრალური აზია ევროსაბჭოს წევრია.

ძალიან ძნელია იმის ყურება, როგორ ნაძალადევ ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის მისაღებად, როგორი აშკარა ანტიამერიკული და ანტიევროპული რიტორიკა აქვს, როგორ ემთხვევა ჩვენი ხელისუფლების პოზიციები რუსეთისას იმაზე, თუ რა მოხდა უკრაინაში. ჩვენი ხელისუფლება ცდილობს გაავრცელოს მოსაზრება, რომ თურმე უკრაინას ნატოს წევრობა რომ არ მოენდომებინა, რუსეთი არ შეიჭრებოდა. ზუსტად ამას ეუბნება პუტინიც საკუთარ მოსახლეობას. ჩვენი ხელისუფლების ასეთი რიტორიკა უკიდურესად ამცირებს ჩვენს შანსს.კარგი ის არის, რომ ევროპას ხელი არა აქვს ჩაქნეული. შესაძლებლობის ფანჯარა ღიად აქვს დატოვებული...

- თქვენ თქვით, რომ შარშან კანდიდატის სტატუსი ხელისუფლების გაუგებარი ქმედებების გამო ვერ მივიღეთ, ამბობთ, რომ მთავრობა ახლაც გაუგებრად იქცევა. მაშინ რა გაძლევთ იმედს, რომ ევროპა ფანჯარას არ დაკეტავს?

- 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების­ და ახალი ხელისუფლების იმედი მაქვს. "ქართული ოცნების" ხელისუფლება ასეთი­ იყო 2020 წელსაც, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ეს არ ან ვერ დაინახა. იმედია, ახლა დაინახავს. ჩვენ გვინდა კანდიდატის სტატუსი. კიდევ უკეთესი იქნებოდა, შარშან რომ მოეცათ, მაგრამ სტატუსი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლების გარეშე ვერაფერს გვიშველის. ამიტომ ხელისუფლების შეცვლას ალტერნატივა არა აქვს!

- ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ "ოცნება" ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილს არ მოსწონს, მაგრამ ალტერნატივას ოპოზიციაშიც ვერ ხედავს. ექსპერტები კიდევ ერთ ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას - მმართველი გუნდის კოზირი მშვიდობით მანიპ­ულირებაა. ხელისუფლება ამბობს, რომ მშვიდ­ობის უზრუნველყოფა მხოლოდ მას შეუძლია. პარტია "ლელო" როგორ აპირებს საზოგადოების დარწმუნებას თუნდაც იმაში, რომ მშვიდობის უზრუნველყოფა შეუძლია?

- "ლელოს" აქვს მწყობრი და მკაფიო პროგრამა - მარშალის გეგმა, რომლითაც 2022 წლის არჩევნებზე წარვდექით. მოგეხსენებათ, საიდან მოდის ტერმი­ნი "მარშალის­ გეგმა" და იცით, რომ ეს იყო ევროპის აღდგენის გეგმა. რუსული­ ოკუპაციის­ დასრულების შემდგომ საქართ­ველოს სწორედაც მარშალის გეგმის მსგავსი სერიოზული პროექტი სჭირდება. როდესაც ჩვენ ამ წინადადებით გამოვედით, ყველა გაოცებული გვიყურებდა, ვინ აპირებს ჩვენთვის ასეთი მასშტაბური დახმარების გაწევასო. აგერ ახლა, საუბრის დასაწყისში თქვენ თავად მოჰყევით, რომ დასავლეთი მზად არის ჩვენს დასახმარებლად და მხარს გვიჭერს. ჩვენი აზრით, თუ ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციები შესრულდება, საქართველოში ძალიან სწრაფად დაიწყება ეკონომიკური აღმავლობა. "ლელომ" სათანადოდ მიიტანა ეს ყველაფერი საზოგადოებამდე?! ვერა! ჩვენც შეცდომებზე ვსწავლობთ. შესაბამისად, 2024 წლის არჩევნებისთვის ყველაფერს უკეთ დავანახვებთ­ ამომრჩეველს. ნათლად წარმოვადგენთ ქვეყნის წინსვლისა და სამშობლოდან გაქცევის ნაცვლად სამშობლოში დაბრუნების სქემას. ამის დასტურად წალენჯიხის მაგალითი გვაქვს. რაც შეეხება ომსა და მშვიდ­ობას, ხელისუფლებას სურს ჩვენ მუდმივად თავს ვიმართლებდეთ. არადა, ვისაც ამ ქვეყანაში ჭკუა მოეკითხება, ყველას შეუძლია დანახვა, რომ "ლელოზე" მშვიდობისმოყვარე პოლიტიკური ჯგუფი არავინ არის, გინდა გუნდურად და გინდა ინდივიდუალურად! ომის საფრთხის თემა ხელისუფლების­ შემოგდებულია და ზედმიწევნით იმეორებს კომუნისტური პერიოდის კლიშეებს. თურმე მხოლოდ კომუნისტური პარტია იყო მშვიდობის მოყვარული და გარანტი, ხოლო დანარჩენი მსოფლიო ომზე იყო გაგიჟებული! სინამდვილეში, თვითონ ჰყავდა მეზობელი თხუთმეტი ქვეყანა დამონებული და კიდევ აზიასა და აფრიკაზე ეჭირა თვალი.ახლა საქართველოში არც ერთი საღად მოაზროვნე არ ფიქრობს, რომ საქართველოს ომი სჭირდება ან შეუძლია. საკმარისად ვიომეთ, ახლა ომში მიღებული ჭრილობებია მოსაშუშებელი. ევროკავშირიც იმიტომ გვჭირდება, რომ დროულად მოხდეს ქვეყნის რეაბილიტაცია...

- ნატოსა და ევროკავშირის წევრობის სიკეთეებს არც "ქართული ოცნების" ლიდერები უარყოფენ, უბრალოდ, ამბობენ, ამ მიმართულებით სავალი გზა საფრთხის შემცველია.

- ძალიან გთხოვთ, შემახსენეთ, 1989 წელს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა გაცხადებული ჰქონდა? არა, ხომ? რატომ­ გლეჯდა და ანაწევრებდა რუსეთი საქართველოს? როდის ლაპარაკობდა უკრაინა ნატოში გაწევრებაზე, რუსეთი ყირიმში რომ შევარდა და გამოაცხადა, ჩემიაო?! 2008 წელს რუსეთმა რომ დაიპყრო საქა­რთველო, ვისი ან რისი დამსახურება ჰგონია ამ ხალხს, მართლა ფიქრობენ პუტინს შევეცოდეთო? ნუთუ ამ ხალხმა არ იცის, რომ შავ ზღვაში ნატოს სამხედრო ხომალდების შემოსვლამ გადაგვარჩინა?! სამხედრო ხომალდებს თბილისის ცაზე ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ამერიკული თვითმფრინავები მოჰყვა და მოსკოვი გააფრთხილეს, რომ თუ რომელიმე ვერტმფრენს რამე დაემართებოდა, ეს აღიქმებოდა აშშ-ზე თავდასხმად! სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" ფაქტების, ისტორიის გაყალბებით, ყველაფრის პირიქით წარმოჩენით და ტყუილებზე დაყრდნობილი პროპაგანდით არის დაკავებული. იცით, ეს ყველაფერი რისთვის სჭირდებათ? კაზინოს მოთამაშეებივით არიან - ხედავენ, რომ ევროპა დაინტერესებულია საქართველოს ევროპის ფარგლებში მოქცევით, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთი ინტერესები არ შელახონ. მათი ინტერესებია: ერთპარტიული მმართველობა, კონტროლი სასამართლოზე, მედიაზე, პარტიებზე, საარჩევნო კანონის მორგება. ვა-ბანკზე მიდიან, ფიქრობენ, სად წავა ევროპა, აბა, რუსეთს ხომ არ ჩააბარებს საქართველოსო. კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ და ჩვენებურადაც გავაგრძელებთ ქვეყნის მართვას... ფიქრობენ, ვა-ბანკზე კი მივდივართ, მაგრამ­ ვაითუ არ მოგვცენ სტატუსიო, და ამისთვისაც­ უნდა ჰყავდეთ ადგილზე აგენტები, უნდა ჰყავდეთ მომზადებული "გლობალური ომის პარტია", რომელთაც ერთად შეფუთავენ და ეტყვიან ხალხს, ჩვენ ყველაფერი შევასრულეთ, მაგრამ მაგათ სხვა რამ უნდოდათ ჩვენგან. ბიძინას იმიტომ ართმევენ ფულებს, რომ ვერ დაითანხმეს რაღაცაზეო. ბიძინას უყვარდა ტერმინი "ხელწერა". ახლა აშკარად ჩანს მისი ხელწერა - კაზინოში მოთამაშის.

- ხელისუფლება უარყოფს სასამართლოსა­ და მედიაზე ზეწოლას, ამასთან, ირწმუნება, რომ ზედმიწევნით ასრულებს 12 რეკომენდაციას.

- როცა შეიმუშავეს პროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ, ყველა ვეუბნებოდით, რომ ეს არ იყო ის, რასაც ევროპა ითხოვს ჩვენგან. არაო, მოიკლეს თავი, მიიღეს პირველი მოსმენით და გაგზავნეს ვენეციის კომისიაში. იქიდან კი მოვიდა დასკვნა - ბატონებო, ამ კანონში რაც გიწერიათ, დეოლიგარქიზაციისკენ კი არ არის მიმართული, უფრო მეტ პრობლემას შექმნისო. რა ქნეს? გააქანეს და მეორე მოსმენით მიიღეს კანონი. ამ ფაქტიდან თავად გამოიტანეთ დასკვნა, "ქართული ოცნება" ზედმი­წევნით მიჰყვება რეკომენდაციებს, თუ ჩამდგა­რია პოზაში და აშანტაჟებს­ ევროპას! მეორე მაგალითი, შეიკრიბებიან ბრიუსელში ევროპარლამენტარები და 80-90%-იანი მხარდაჭერით მიიღებენ რეზოლუციებს, რომლებშიც­ საქართველოში მიმდინარე პროცესებს აფასებენ. გამოდიან მერე "ოცნების" ლიდერები და ამბობენ, ევროპარლამენტარები რეალობას არიან აცდენი­ლი, მოსყიდული არიან, გლობალური­ ომის პარტიას წარმოადგენენ, ქართველობას­ გვართმევენო. აბა, ახლა მეორე მხრიდანაც შევხედოთ - დამისახელეთ მსოფლიოში უფრო სუვერენული და ეკონომიკურად დაწინაურებული ქვეყნები,­ ვიდრე ევროკავშირის წევრები არიან. რას ამბობენ, "ქართული ოცნების" წევრები? ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტი უნდა დავიცვათ, ყველა პირობით კი არ შევალთ ევროკავშირშიო. ეს ხომ თვალთმაქცობაა?! ევროკავშირი რა ტიპის ორგანიზაციაა და როგორ იმართება, ეს ჩვენ დიდი ხანია ვიცით. "ოცნებამ" სწორედ ამ ცოდნის საფუძველზე ჩაწერა კონსტიტუციაში, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრება ჩვენი მთავარი ამოცანაა. ახლა საქმე საქმეზე რომ მიდგა, ამბობენ, თითქოს ევროკავშირი ჩვენს დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს. მაგალითისთვის მოვიყვანოთ მალტა. ეს პატარა, კუნძულოვანი ქვეყანა ისევე მონაწილეობს დიდი ევროკავშირის საკითხების გადაწყვეტაში, როგორც დიდი გერმანია. ანუ საქართველო ევროკავშირის წევრი თუ გახდება, სუვერენიტეტს კი არ დაკარგავს, მთელ ევროპაზე გავრცელდება ჩვენი გავლენა და ჩვენი მთავრობის მეთაური სხვებთან ერთად მიუჯდება ევროსაბჭოს მაგიდას და მისი თანხმობის გარეშე ერთი ევროც ვერ განიკარგება ევროკავშირის მასშტაბით! ეს ფაქტებია! მივაწოდოთ ფაქტები ხალხს და ყველაფერი თავად განსაჯონ. მე მწამს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსსაც მიიღებს და ამ დიდი კავშირის წევრი გახდება. საკითხავი ის არის, რა ფასად დაგვიჯდება ეს.

ჩვენ ადრეც შეგვეძლო ევროკავშირის წევრად გახდომა, ისიც შეგვეძლო, რომ არ გავხვეულიყავით სამოქალაქო ომში, ერთმმართველობისა და ავტორიტარიზმის ჭაობში, მაგრამ... ყველა უბედურება დავმართეთ ქვეყანას. იმის მაგივრად, ახლა მაინც მოვიქცეთ გონივრულად და გამოვიყენოთ ისტორიული შანსი, როდესაც ევროპა აქეთ არის ჩვენით დაინტერესებული, ჩვენ ისევ შიდა იწილო-ბიწილოთი ვართ დაკავებული!

- არჩევნები მოდის და სააკაშვილმა ისევ დააანონსა, რომ ბრუნდება აქტიურ პოლიტიკაში.

- სააკაშვილი რამდენჯერაც დაბრუნდა აქტიურ პოლიტიკაში, იმდენჯერ თავიც წააგო და ქვეყანაც აზარალა.

ხათუნა ბახტურიძე