„როგორც ჩანს, „ოცნების“ ჯანდაცვამ ისე „მაგრად“ იმუშავა, რომ მიშა არა მარტო გამოაჯანმრთელა, პოლიტიკაში გააქტიურების სურვილიც კი გაუღვიძა“ - კვირის პალიტრა

„როგორც ჩანს, „ოცნების“ ჯანდაცვამ ისე „მაგრად“ იმუშავა, რომ მიშა არა მარტო გამოაჯანმრთელა, პოლიტიკაში გააქტიურების სურვილიც კი გაუღვიძა“

"ძვირფასო "ნაცებო", კახექსიური, მოწამლული, დემენციური მიშა გირჩევნიათ ახალგაზრდა, ნავარჯიშევ, ხარივით ჯანმრთელ, სულ ახლახან დემოკრატიულად არჩეულ ხაბეს? მე ხაბესკენ ვარ... მიდი, ხაბე! არ დაუთმო მიშას ლიდერობა!" - ასე ეხმაურება "გირჩის" ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი­ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების ინიციატივას. მეგრელიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ პოლიტიკურ ვითარებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ნორმალურ საზოგადოებად ჩამოსაყალიბებლად დრო და უსაფრთხო გარემო გვჭირდება. უსაფრთხოებისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი ცივილიზებული მეგობრების გვერდით დგომა, როგორიც დასავლელი პარტნიორები არიან.

- მე და ჩემი მეგობრები ვფიქრობთ­, რომ რასაც ევროპელი პარტნიორები ჩვენგან ითხოვენ, ნამდვილად გვჭირდება. 12-პუნქტიანი რეკომენდაციიდან შეიძლება­ ყველა ერთნაირად არ გვჭირდება, მაგრამ­ მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია მმარ­თვ­ელობის სისტემა, რომელიც ჩვენთან არაევროპულია, და სასამართლო სისტემა,­ რომელიც საერთოდ არა გვაქვს. დასავლელი­ პარტნიორები გვთხოვენ გულწრფელი იყავითო, არ ვუჯერებთ. პრობლემა ის არის, ის პირები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დღევანდელ ხელისუფლებას წარმოადგენენ, პრინციპულ შეხედულებებსა და ბიუროკრატიულ ვალდებულებებს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ. "ქართულ ოცნებას" ევროკავშირის ლიდერების მიმართ ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს კომუნისტურ პარტიას ჰქონდა კრემლის მიმართ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს "ზემოდან" რაღაც დაგვავალეს და მთავარია, ჩვენ ეს ქაღალდზე შევასრულოთ. ესე იგი, იმ ხალხის მოტყუებას ვცდილობთ, ვის კლუბში შესვლაც გვინდა. ეს სიტუაცია ჩვენთვის ძალიან სარისკოა, რადგან ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება მეგობრებს ვერ ცნობს და არ თანამშრომლობს მათთან, არეულია და თავის მართლების მიზნით მოსახლეობას ატყუებს. პრემიერი და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერები გვეუბნებიან, რომ ომი აირი­დეს თავიდან, ქვეყანა პროვოკაციაში ჩართვას გადაარჩინეს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ 21-ე საუკუნეა, ეს განცხადებები ითარგმნება და დასავლელი პარტნიორებისთვის ცნობილი ხდება ის რიტორიკა, რომელიც "ქართულ ოცნებას" შიდა აუდიტორიისთვის აქვს გამიზნული. ამიტომ გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორები, რომ ორ სკამზე ჯდომას თავი დავანებოთ და გადავწყვიტოთ, რა გვინდა! მაშინ ასე თუ ისე გასაგები იქნება ჩვენი მოძრაობის ტრაექტორია, შეცდომების გამოსწორებაში კი მეგობრულად დაგვეხმარებიან. დასავლელ პარტნიორებს ვერ დაუჯერებიათ, როგორ შეიძლება ხელისუფლება, რომელიც ოფიციალურად ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად, მეორე მხრივ რუსულ ნარატივს ავრცელებდეს. აი, ეს აცდენა აბნევთ და აწუხებთ ჩვენს პარტნიორებს.

- ყოველივე ეს "ქართული ოცნების" ერთგვარი თამაშია, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაა თუ რასთან გვაქვს საქმე?

- არ ვიცი! ჩვენ გვაქვს ვერტიკალი, რომლის სათავეში ბიძინა ივანიშვილი დგას, მერე მოდის მასთან დაახლოებული ვიწრო წრე, მერე ფორმალურ თანამდებო­ბებზე დასაქმებული "ქართული ოცნების" ათასობით მაღალჩინოსანი. მე არა ვარ დარწმუნებული, რომ იმ მაღალჩინოსნებმა იციან, თუ რა სურვილები აქვთ სინამდვილეში ივანიშვილსა და მის უახლოეს გარემოცვას. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ მთელი "ქართული ოცნება" პრორუსულია. ვფიქრობ, ის მაღალჩინოსნები ისევე მუშაობენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს სხვადასხვა სტრუქტურაში დასაქმებული პატრიოტი ხალხი. ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ამ ხალხს უნდა ხელისუფლების შენარჩუნება და თავგამოდებით იბრძვის ამისთვის.რაზე არიან წამსვლელი მიზნის მისაღწევად, ამის დატესტვა მხოლოდ ცხოვრებას შეუძლია, მე ვერ მივხვდები. ერთადერთი, რასაც, მგონი, სწორად ვხვდები, ის არის, რომ ეს ხალხი შეცვლილ გარემოში აპირებს იმ ტაქტიკის გამოყენებას, რასაც პოლარიზება ჰქვია და რამაც 11 წელი გაატარებინა "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში.

- შეცვლილ გარემოში რას გულისხმობთ?

- მთელი 11 წლის განმავლობაში ხელისუფლების რიტორიკა სააკაშვილის სიძულვილს ეყრდნობოდა და ხალხს ეუბნებოდა, თუ მე არ ვიქნები, ის გიჟი მოვა ხელისუფლებაში და დაგერევათო. ეს მექანიზმი ამ დრომდე მართლა კარგად მუშაობდა, მაგრამ მიხვდნენ, რომ ასე ვეღარ გაგრძელდებოდა და სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას" მიაწებეს "დასავლური, გლობალური ომის პარტია". ესე იგი, გვეუბნებიან, რომ სააკაშვილსა და მის პარტიას "გლობალური ომის პარტია" უჭერს მხარს, ოღონდ არც კობახიძეს და არც სხვა ვინმეს, ვინც ამაზე ლაპარაკობს, არ შეუძლიათ თქვან, ეს ორგანიზაცია ვის ან რას წარმოადგენს. მგონი, ეს ყველაფერი ხელისუფლების შესანარჩუნებლად ხდება, ხოლო ვექტორი დასავლურია თუ რუსული, მეორეხარისხოვანია მმართველი გუნდისთვის და პრობლემაც ეს არის. "ქართული ოცნების" ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რომ ხელისუფლებაში ყოფნის სურვილს სწირავს ქვეყნის დასავლურ ვექტორს. - სააკაშვილი, რომელსაც ცოტა ხნის წინ დემენცია, კახექსია და კიდევ მრავალი სხვა დაავადება ჰქონდა, ახლა პოლიტიკაში აქტიურად დაბრუნებას აპირებს. როგორ წარმოგიდგენიათ, რასთან გვაქვს საქმე?- რამდენჯერ უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში?! თქვენი თქმის არ იყოს, ამ კაცს იმდენი დაავადება აქვს, წესით, დღეს ცოცხალი არ უნდა იყოს. როგორც ჩანს, "ქართული ოცნების" ჯანდაცვამ ისე "მაგრად" იმუშავა, რომ სააკაშვილი არა მარტო გამოაჯანმრთელა, პოლიტიკაში გააქტიურების სურვილიც კი გაუღვიძა. ხომ ხვდებით, რამხელა სიყალბესთან გვაქვს საქმე?! აღმოჩნდა, რომ სააკაშვილი, მისი პარტია, მისი მხარდამჭერი ტელევიზიები და ჟურნალისტები რასაც ამ ხნის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, ტყუილი და ფარსი ყოფილა! "ქართული ოცნების" ამომრჩეველი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ სააკაშვილი ბოროტებისა და სიყალბის განსახიერებაა! ჩემი აზრით, ამ ამბავმა ხელისუფლების ელექტორატი კიდევ ერთხელ დარაზმა და შეკრიბა ამ პოლიტიკური ჯგუფის გარშემო. აბა, ამაზე მეტი სამსახური რაღა უნდა გაუწიოს "ნაცმოძრაობამ" "ოცნებას"?! ხომ ვყოფილვართ მართალი, როდესაც ვამბობ­დით, ეგენი შეკრული არიან-მეთქი. მე თუ მკითხავთ, "ნაცმოძრაობა" პარტია არც არის, ამ ორგანიზაციაში პოლიტიკოსები არ არიან. ეს არის სააკაშვილის ფანკლუბი.­ ამას ვგულისხმობდი, რომ გითხარით, საქართველოში მმართველობის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს-მეთქი. ჩვენ იდეას კი არა, მეფეს ვირჩევთ, რომელმაც­ მერე ერთპიროვნულად უნდა გადაწყვიტოს, როგორი ღირებულებებითა და იდეალებით უნდა ვიცხოვროთ დანარჩენებმა. არის საზოგადოების მეორე ნაწილიც, რომელსაც სხვა მეფე მოსწონს და დარაზმულია იმისთვის, რომ "ნაციონალების" საყვარელი მეფე არ მოუშვას ქვეყნის სათავეში. არ ვიცი, რამდენად კარგად იციან ეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მაგრამ მგონი, ამაზე ჰქონდა აქცენტი ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის, როდესაც გვითხრა, სარკეში ჩაიხედეთ და საკუთარ თავში გაერკვიეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათო. ასე არ უნდა ცხოვრობდნენ იმ სახელმწიფოში, რომლის მოქალაქეებსაც სურთ გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები. ქვეყანაში, რომლის მოქალაქეებსაც ასეთი სურვილი აქვთ, ხელისუფლებები მშვიდად უნდა იცვლებოდეს, საპარლამენტო კრიზისი ქაოსს არ უნდა ქმნიდეს და უნდა არსებობდეს ისეთი ინსტიტუციები, რომელთაც სააკაშვილის მსგავსი გიჟებისა და ავტორიტარული მმართველების შეკავების საშუალება ექნებათ. სანამ ჩვენს აბსურდულ რეალობას არ შევცვლით, არაფერი გამოვა.

- რა უნდა მოხდეს, რომ აბსურდული რეალობა შეიცვალოს?

- საქართველოში უნდა გამოჩნდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც თავიანთი წარსულით უნდობლობას არ გამოიწვევენ და შეძლებენ როგორც საკუთარი აზრის გამოხატვას, ასევე მის დაცვას.

- ეს ალბათ შორეული პერსპექტივაა. დღეს ოპოზიციონერი ლიდერები მიხვდნენ, რომ "ოცნება" 5%-იან ბარიერს არ დასწევს­ და გადაჯგუფება დაიწყეს. თქვენ სად ხართ?

- გადაჯგუფება დაიწყეს? ეგ, ალბათ, კულუარებში.

- რატომ კულუარებში, "ლელო" აცხადებს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის და იწვევს ყველა პროდასავლურ ძალას "ნაცმოძრაობისა" და გახარიას პარტიის გამოკლებით.

- ეგ არ არის სერიოზ­უ­ლი განცხადება. ყველა, ვისაც ფული აქვს, პოლიტიკოსის­ როლის შემსრულებ­ლებს ქირაობს. დღეს უფულო ხალხი დახლზეა გამოფენილი და ვინც მეტს გადაუხდის, იმას მიეყიდება. დღეს ფული აქვს "ლელოს", მიშას, კეზერაშვილის სახით, და ბიძინა ივანიშვილს. აი, ამ სამი ფულის წყაროს გარშემო ჯგუფდებიან პოლიტიკოსის როლის შემსრულებლები. ეს არ არის 5%-იანი ბარიერის გამო დაწყებული გადაჯგუფება რაიმე­ იდეის მიზნით. რომც არაფერი ხდებოდეს, ეს ხალხი მაინც გადაჯგუფდებოდა. პოლიტიკოსის როლის შემსრულებელთა შორის ზოგი ვერ ხვდება.

- ვინ არიან ისინი?

- ვისაც დამოუკიდებლად თამაში სურთ. ესენი შეიძლება იყვნენ ისინი, ვინც დატოვა "ნაცმოძრაობა" ან სხვებიც, მაგრამ პრობლემა ის არის, სადისკუსიო სივრცე არ არსებობს. ერთადერთი, ვინც მისი შექმნა სცადა, "გირჩია". ჩვენ გვინდა ხალხს დავანახოთ, რომ არიან ნამდვილი პოლიტიკოსები, რომლებსაც მართლა სჯერათ იმის, რასაც ლაპარაკობენ. მედიის ნაწილი­ პარტიულია და იქ განსხვავებული აზრი არ მიიღება. ეს თამაშგარე მდგომარეობაში აქცევს იმ დამოუკიდებელ, ნამდვილ პოლიტიკოსებს, რომელთაც დაბალი ბარიერის გადალახვა შეეძლოთ. ეს კიდევ ერთი სტიმულია, რომ პოლიტიკოსის როლის შემსრულებლები ფულიანების გარშემო შეგროვდნენ. შეიძლება მათ არც უნდათ ამის გაკეთება, მაგრამ საარჩევნო გარემო და პოლიტიკური დღის წესრიგი აიძულებს. ეს ხალხი ვერ ხედავს საკუთარ მომავალს ფულიანი პატრონის გარეშე. ფულიანი პატრონი ერთპიროვნულ მმართველობას ნიშნავს.

ხათუნა ბახტურიძე