რას გულისხმობს ჯანდაცვის ახალი რეფორმა - კვირის პალიტრა

რას გულისხმობს ჯანდაცვის ახალი რეფორმა

დიდი ხმაური გამოიწვია ჯანდაცვის რეფორმამ, რომელიც სტანდარტების დარღვევისთვის სანქციების გამკაცრებას­ ითვალისწინებს - სამინისტროს უფლება­ ეძლევა გაუფრთხილებლად შეამოწმოს კლინიკა და სასამართლოს გარეშე შეუჩეროს ლიცენზია ან საქმიანობის ნებართვა... ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები და მათ შორის ისინიც, ვინც მმართველ პარტიას წარმოადგენს, ამ ცვლილებებს ჯანდაცვის სექტორის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებენ, ოპოზიციაში კი იმაზე დაიწყეს საუბარი, რომ ამით ხელისუფლებას მათთვის არასასურველი კლინიკების დახურვა სურს.

ჯანდაცვის ახალი რეფორმით ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედ სახელმწიფო დაწესებულებებს და პირველ რიგში, მარეგულირებელ უწყებას ემატება მთელი რიგი ფუნქციები:

- მაკონტროლებელ ორგანოს ენიჭება­ სახელმწიფო­ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, საზედამხედველო ობიექტის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის ან/და დალუქვის ან/და ამოღების და ა.შ. უფლებამოსილებები;

- აღნიშნული კომპეტენციების გაწერა მოხდება ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად;

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების წარმოების მოდერნიზაციის მიზნით, მაკონტროლებელ ორგანოს ეძლევა უფლებამოსილება გამოიყენოს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომლის ფორმას, შევსებისა და წარდგენის წესს, სააღსრულებო ფურცლის ფორმისა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის წესს ამტკიცებს ჯანდაცვის მინისტრი;

- მარეგულირებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და გასაჩივრება მათ აღსრულებას არ აჩერებს;

- ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია შეჩერდეს ამ დაწესებულებისთვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხიდან შესაბამისი ოდენობა;

- შეეძლება შეუჩეროს საქმიანობის უფლება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელს, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე.

ადმინისტრაციული ჯარიმები

იზრდება დაწესებული სანქციების ოდენობა. აქამდე დაწესებული იყო სანქციების ზედა ზღვარი, ახლა კი რიგ შემთხვევებში ფიქსირდება ჯარიმების ოდენობები. კონკრეტულად:

- სამედიცინო საქმიანობა ნებართვის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 20.000 ლარით. დღეს მოქმედი ნორმით ეს არის„არა უმეტეს 10.000 ლარისა.

- საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე - გამოიწვევს დაჯარიმებას 2.000 ლარით, ნაცვლად 1.000-ისა.

- ფართოვდება სანქციები მაკონ­ტ­როლებე­ლი ორგანოს ქმედებების ხელის შეშ­ლისთვის. დღეს მოქმედი ნორმით გათვალისწინებულია 1.500-დან 2.500 ლარამდე ჯარიმა, ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების ან აკრძალვის მიზნით დადებული ბეჭდის (პლომბის, ლუქის) განზრახ დაზიანებისთვის. პროექტით კი განსაზღვრულია, რომ ბეჭდის (ლუქის) დაზიანების გარდა, ასევე­ დაისჯება ზედამხედველობისათვის ხელის შეშლაც. ორივე შემთხვევაში სანქციად განსაზღვრულია ჯარიმა - 4.000 ლარი, განმეორებით შემთხვევაში კი 8.000 ლარი.

გარდა ამისა, მკაცრდება სანქციები შემდეგი მიმართულებით:

- იზრდება ჯარიმა სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის არა უმეტეს 10.000 ლარიდან არა უმეტეს 15.000 ლარამდე.

- თუმცა უცვლელად რჩება ჯარიმა სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობისთვის, რომელიც დღეს განსაზღვრულია არა უმეტეს 5.000 ლარით;

- მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის პირობების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 5.000 ლარისა, დღეს მოქმედი ნორმით კი ეს ჯარიმა განსაზღვრულია 200-დან 500 ლარამდე და არ არსებობს მითითება "დარღვევის პირობის შესაბამისად". განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება იმის მიხედვით, პირველ ჯერზე რაც იყო განსაზღვრული, ნაცვლად დღეს მოქმედი 1.000 ლარისა;

- მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა სავალდებულო შეტყობინების გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 2.000 ლარით, ნაცვლად 1.000 ლარისა;

- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევა დაჯარიმდება 1.000 ლარით. დღეს მოქმედი ნორმით ჯარიმა განსაზღვრულია 300-500 ლარის ოდენობით. ამ დარღვევის განმეორებისთვის დაწესებული 1.000 ლარი გაორმაგდება, ნაცვლად დღეს მოქმედი 500-1.000 ლარისა;

- დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა დაჯარიმდება 300 ლარით, განმეორების შემთხვევაში - 600 ლარით. აღსანიშნავია, რომ ეს ნორმა მოქმედ კანონში არ იყო;

- დღეს მოქმედი 1.000 ლარის ნაცვ­ლად, 2.000 ლარი იქნება სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა და ამ ჯარიმას უშუალოდ ეს პირი გადაიხდის. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 4.000 ლარი იქნება ახლანდელი 2.000 ლარის ნაცვლად;

- ე.წ. პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის, გამოწერისა და გაფორმების წესების დარღვევა დაჯარიმდება 1.000 ლარით, ნაცვლად 500 ლარისა, მხოლოდ გამოწერისა და გაფორმების წესის დარღვევა (დანიშვნის გარეშე) 500 ლარით, ნაცვლად 200 ლარისა;

- 1.000 ლარი ხდება პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში ანგარიშების მოთხოვნის შეუსრულებლობა. გარდა აღნიშნული სანქციების ზრდისა, რეგულირების სააგენტოს, სასამართლოსთან ერთად, ენიჭება მოცემულ სამართალდარღვევის საქმეებზე როგორც ოქმის შედგენის, ისე საქმის განხილვის შესაძლებლობა.

ოპონენტთა არგუმენტები

"ეს არის პოლიტიკური კანონი. როგორც საბავშვო ბაღებს, სკოლებს მართავენ, ასე უნდათ მართონ სამედიცინო დაწესებულებები", - ასე აფასებს კანონპროექტს "ლელოს" წარმომადგენელი, ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი ვატო სურგულაძე­. "კანონი, რომელიც მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ გამოვასწოროთ ხარისხი, არ უნდა იყოს დამსჯელი - მოდი, შევიდეთ, დავსაჯოთ, დავიჭიროთო. ამოცანა­ უნდა იყოს მხარდამჭერი კონტროლი - შევიდეთ, გამოვასწოროთო. სამედიცინო დაწესებულება არ არის ავეჯის მაღაზია, თუ ის შეაჩერე, პაციენტი არ შემოვიდა, გაკოტრების წინაშე დადგება და ვინ აგებს­ პასუხს, რომ დაუყოვნებლივი აღსრულება იქნება სწორი. მერე რომ აღმოჩნდეს, რომ სწორი არ არის?"“

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი

რა არგუმენტები აქვს ამ პრეტენზიებზე ჯანდაცვის სამინისტროს, რატომ არის ეს რეფორმა აუცილებელი და რას მოუტანს რიგით მოქალაქეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია გვესაუბრა:

- ამ ცვლილებების მიზანი არის რეგულირების სააგენტოსთვის იმ ბერკეტების­ შექმნა, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს­ სრულად და ეფექტიანად აღასრულონ ვალდებულებები, რაც არსებითია პაციენტის უსაფრთხოებისთვის. დღევანდელი მექანიზმი ითვალისწინებს პაციენტის საჩივარზე რეაგირებისთვის თავდაპირველად სასამართლოს გადაწყვეტილების 72-საათიან ვადას და ამ პროცედურას თან ახლავს კლინიკის წინასწარი ინფორმირება, რომ რეგულირების სააგენტო საკითხის შესწავლას აპირებს, ეს კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ობიექტური სურათი შეიცვალოს. როდესაც სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერები განსხვავებულია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნისგან, არსებობს გონივრული ეჭვები, რომ შესაძლებელია გარკვეულ ცვლილებებთან გვქონდეს საქმე.

მეორე - მნიშვნელოვანია, რომ ჯარიმებსა და სანქციებს ჰქონდეთ პრევენციული ხასიათი. დღევანდელი ჯარიმების ოდენობა რამდენადმე ნომინალურია და რაც მთავარია, არ არის დაწესებული კონკრეტული თანხა - ანუ ჯარიმა კონკრეტული დარღვევისთვის, შესაძლოა იყოს, ვთქვათ, 10.000 ლარამდე. მაგალითად, ასეა ნებართვის გარეშე საქმიანობისთვის, რაც ძალიან დიდ სივრცეს ტოვებს ვარირებისთვის და ზოგჯერ, პირობითად, შეიძლება დაწესდეს 100 ლარი, ზოგჯერ კი 9.000 ლარი.

ხშირად ვაწყდებით შემთხვევებს, როდესაც კლინიკას ურჩევნია გადაიხადოს ჯარიმა, თუნდაც განმეორებით, რაც პაციენტისთვის რისკებს არ ამცირებს...

- იქნებ კლინიკებს ამის გადახდაც ერჩიოთ და მაშინ რა ხდება?

- ძნელი სათქმელია, რამდენი უნდა იყოს ჯარიმა, რათა კლინიკამ აღარ იფიქროს ჯარიმის ამგვარად გამოყენებაზე. დღეს პრობლემა ის არის, რომ ჯარიმები­ მრავალჯერადად გამოიყენება. მაგალითად, თუ კლინიკა სამჯერ დაჯარიმდება კრიტიკული შეუსაბამობის გამო, მხოლოდ მერე შეიძლება ნებართვის გაუქმებაზე საუბარი. წარმოიდგინეთ, კლინიკები სამჯერ ჯარიმდებიან და მხოლოდ მერე დგება ნებართვის გაუქმების საკითხი. ამიტომ ჯარიმების ოდენობის გაზრდასთან ერთად, გათვალისწინებულია ლიცენზიის შეჩერების დროებითი ზომების ამოქმედება.­ თუ კლინიკამ ჯარიმა ერთხელ გადაიხადა, მას აღარ უნდა მიეცეს ასეთ სარისკო პირობებში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა. ეს შეიძლება შეეხებოდეს რომელიმე ერთ კონკრეტულ ლიცენზიას და შესაბამისად, ნაწილობრივ შეჩერდება, სხვა მიმართულებებით კი განაგრძობს საქმიანობას.

- ამ ცვლილებებით, შესაძლოა, კლინიკების კრიტიკულ ნაწილს გაჩერება მოუწიოს, სისტემას ამით რა დარტყმა შეიძლება მიადგეს?

- აღსრულებაში არის ასეთი ჩანაწერი, რომ რეგულირების სააგენტო როგორც კი შეაფასებს ფაქტს სამართალდარღვევად, შეუძლია დაწესებულებას დააკისროს სანქცია ჯარიმის სახით. ეს მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და გასაჩივრება აღსრულებას არ აჩერებს. ეს იყო ერთ-ერთი პუნქტი, რაზეც კლინიკებმა მიიჩნიეს, რომ ეს ცვლილება რამდენადმე გაართულებს მდგომარეობას. ასევე შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ საბოლოოდ სასამართლომ გადაწყვეტილება კლინიკის სასარგებლოდ მიიღოს; ამას რამდენიმე თვე და შესაძლოა წლებიც კი დასჭირდეს და ვინ აანა­ზღაურებს ამ ზარალსო. რა თქმა უნდა, თუკი სასამართლო ჯარიმას ან სანქცირებას არ ჩათვლის მართლზომიერად, მოგვიწევს კლინიკისთვის თანხის უკან დაბრუნება. ასევე შესაძლებელია სხვა სამართლებრივი საკითხებიც დაისვას...

- სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა წუხილი ასევე ეხება იმას, რომ სიახლეები გააძვირებს მომსახურებას, რაც, პაციენტებზე აისახება.

- საუბარი, რომ ჯარიმები მომსახურებას გააძვირებს, აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რადგან როგორც გითხარით, ამ მექანიზმის მიზანი არ არის კლინიკების მრავალჯერადად დაჯარიმება და საერთოდ, დაჯარიმება. ჯარიმის გაზრდის მექანიზმი არის ის, რომ კლინიკას მეტი ინტერესი გაუჩნდეს პრევენციისთვის და დროულად მოახდინოს მეტი ინვესტირება, რათა დროულად აღმოფხვრას სანებართვო და სალიცენზიო პირობებთან შეუსაბამობები. მეორეც, მრავალჯერადი ჯარიმები სამართლებრივადაც შეუძლებელი იქნება, თუ ამოქმედდა ნებართვისა და ლიცენზიის შეჩერების მექანიზმები კრიტიკული შეუსაბამობების შემთხვევაში. არსებითია მოხდეს ინფრასტრუქტურის ინვესტირება იმ პირობების გასაუმჯობესებლად, რასაც მოითხოვს ტექნიკური რეგლამენტები და პირობები.

- სწორედ ამაზეა აქცენტი, რომ ინვესტირება მოითხოვს დიდ თანხებს და ეს გააძვირებს მომსახურებას. გასაგებია, რომ ეს მათი ვალდებულებაა, მაგრამ პოლიტიკის გამკაცრება ხომ გახდება ტვირთი ისევ მოსახლეობისთვის?

- თუკი კლინიკას არა აქვს ელემენტარული შესაძლებლობა თუნდაც ინფექციის კონტროლის ბაზისური ნორმები დაიცვას, ასევე უზრუნველყოს მინიმალური აპარატურა, ცხადია, რესურსი და თანხა, რაც სახელმწიფოსგან მიდის ამ კლინიკაში, არ არის გამართლებული. ამიტომ იმაზე, რომ კლინიკამ ინვესტიცია უნდა გააკეთოს ხარისხის გასაუმჯობესებლად, ყველა ვთანხმდებით. თუ კლინიკები ელემენტარულ რამესაც ვერ გააკეთებენ, მაშინ, მათი ადგილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში­ რთულად დასამკვიდრებელი იქნება. ისინი ამ კონკურენციას ვერ გაუძლებენ, თავი რომ დავანებოთ მარეგულირებელ გარემოს. როდესაც სახელმწიფო გასწევს ხარჯს და კლინიკაც აკეთებს ინვესტიციას, პაციენტმა შესაბამისი ხარისხის მომსახურება უნდა მიიღოს. თუ ვინმე ამას ვერ მოახერხებს, ეს არ უნდა მოხდეს პაციენტის ხარჯზე.

- რა მექანიზმი არსებობს, რომ მათ, ვინც სახელმწიფო პროგრამებით არ სარგებლობს, ჯანდაცვის მომსახურება არ გაუძვირდეთ?

- ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დაფინანსების ახალი მექანიზმის დანერგვაზე. ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო შესყიდვის წილი საკმაოდ მაღალია და ის ჯგუფები, რომლებიც ამის მიღმა რჩება, შედარებით მცირეა. არა მგონია, კერძო სადაზღვევოს ინტერესი ჰქონდეს, ისეთ კლინიკასთან დაიჭიროს საქმე, ვინც ბაზისურ ელემენტარულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. სადაზღვევო კომპანიებსაც რეალისტური ფასების მოლოდინი ექნებათ. ის, რომ ხარისხის გაუმჯობესება გარკვეულ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული, ყველამ იცის და ამიტომ არის, რომ ბიუჯეტი მზარდია, რათა მეტი რესურსის მოძიება მოხერხდეს და პაციენტმა რაც შეიძლება ნაკლები გადაიხადოს. ისე არ არის, რომ ვალდებულება მხოლოდ კლინიკას დაეკისროს და არ იყოს დაფინანსების ნაწილი. ამ მიზანს ისახავს ახალი კანონპროექტი...

რუსა მაჩაიძე