ქართული პოლიტიკური თამაშები ანუ "მესამე ცენტრიდან" ოქროს აკვნამდე
ქართულ ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარეობს საყვარელი პოლიტიკური თამაში სახელად: "უნდა გამოვიდეთ თუ არა ერთიანი ფრონტით 2024 წლის არჩევნებისთვის", ოღონდ ეს თამაში უცნაურად მიმდინარეობს და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს პოლიტიკოსებს მოთმინება, საკუთარი სიტყვის აწონ-დაწონა და ჯერ გადახტომა და ჰოპლას მერე დაძახება სასწავლებელი აქვთ. თუმცა ეს თამაშიც უცნაურად მიმდინარეობს. კერძოდ, ოპოზიციის ერთი ნაწილი "ნაცმოძრაობამ" ატეხა. ლევან ხაბეიშვილმა გადაცემა "პოლიტ-ქალაქში" თქვა, რომ თურმე "ნაცმოძრაობას" აქვს ივანიშვილის დამარცხების გასაღები და მზად არის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ითანამშრომლოს, რათა მათ 5%-იანი ბარიერის გადალახვა და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება შეძლონ. ხაბეიშვილის განცხადებამ ოპოზიციის ნაწილის აჟიტირება გამოიწვია. კერძოდ, "სტრატეგია აღმაშენებელმა" ჩათვალა, რომ ხაბეიშვილი ერთიან საარჩევნო სიაზე საუბრობს და მზადყოფნა გამოთქვა, რომ სიამოვნებით ჩაბმულიყო კონსულტაციებში. აქეთ ელენე ხოშტარიას "დროა" და ზურა გირჩი-ჯაფარიძის "გირჩი" მოიცვა სიხარულმა... აჟიოტაჟი ატყდა ოპოზიციის სხვა ფლანგზეც. "ლელომ" დაიწყო მტკიცება, რომ "ნაცმოძრაობა" "ოცნების" საპირწონე ვერ გახდება და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა "ლელოს" გარშემო დაჯგუფებისკენ. იქით ელისაშვილი გადაირია, საპარლამენტო "გირჩებმა" კი მაღალი პოლიტიკური თვითწარმოდგენის ყველა რეკორდი მოხსნეს - კერძოდ, ხვიჩია და მეგრელიშვილი სერიოზულად ამტკიცებენ, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების თავიდან აცილება, ოღონდ ბიზნესმენებმა ფული "გირჩში" უნდა ჩადონ და ამომრჩეველმაც მათ პარტიაზე გააკეთოს სწორება.თუმცა "ნაცმოძრაობამ" მთელ ამ დისკუსიებს ცივი წყალი გადაასხა - მოგვიანებით პარტიის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ერთიან საარჩევნო სიას სულაც არ გულისხმობდნენ და მათ ოპოზიციას სტრატეგიულ საკითხებზე თანამშრომლობა შესთავაზეს, ოღონდ არ დაუკონკრეტებიათ, რა შეღავათია იმავე "სტრატეგია აღმაშენებლისთვის" "ნაცმოძრაობასთან" "სტრატეგიულ საკითხებზე თანამშრომლობა", თუ ისინი 2024 წელს პარლამენტში ვეღარ მოხვდებიან.
რა ხდება „ნაცმოძრაობაში"
ანუ გაიკეთებენ თუ არა
პოლიტიკურ მაკიაჟს
კეზერაშვილი და მერაბიშვილი?!
ყველაფერი ზემოხსენებული სერიოზული პოლიტიკა არ არის. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ "ნაცმოძრაობის" ლიდერებს ოპოზიციის გაერთიანების შესახებ განცხადებები წამოსცდათ ან გადმოცემის უნარი არა აქვთ. არა, სინამდვილეში, მერაბიშვილსა და კეზერაშვილს, რომლებიც რეალურად მართავენ პარტიას, ძალიანაც უნდათ, რომ გაკეთილშობილდნენ "დიდი ოპოზიციური გაერთიანებით", ოღონდ იმ პირობით, თუ მაგალითად, ვაშაძე, ზურა ჯაფარიძე თუ ხოშტარია დაეხმარებიან მათ პოლიტიკურ რეაბილიტაციაში. მოკლედ, რომ ავხსნათ, ფულს კეზერა ჩამოვა, "დიდი ოპოზიციური გაერთიანება" კი იტყვის, რომ სინამდვილეში ის რეკეტიორი კი არა, მეცენატია. თუმცა მთავარი მიზეზი "დიდი ოპოზიციური გაერთიანების" სურვილისა ის არის, რომ პროექტი "ხაბეიშვილი" ჩავარდა. მისი ნიკა მელიასთან შედარებაც არ შეიძლება. შესაბამისად, კეზერაშვილ-მერაბიშვილს დაკარგული რეიტინგის ანაზღაურება უნდათ "ნაცმოძრაობის"„"დიდი ოპოზიციური გაერთიანებით" შეფუთვით. პლუს ამას, სავარაუდოდ, მათ სურთ "დიდი ოპოზიციური გაერთიანების" პრემიერობის კანდიდატი იყოს მიხეილ სააკაშვილი, რათა ოდესის ყოფილი გუბერნატორის პერსონალური ხმები მაქსიმალურად წამოიღონ. მოაწერენ თუ არა ხელს ვაშაძე, ხოშტარია და ჯაფარიძე იმას, რომ მათი პრემიერობის კანდიდატი სააკაშვილი იყოს?! ვფიქრობ, კი. თუ, რა თქმა უნდა, მათ მთავარ სტრატეგიულ მიზნად დაისახეს 2024 წელს პარლამენტში რამენაირად შეღწევა და არ გათვალეს ის, რომ ეს პოლიტიკური ნაბიჯი შესაძლოა ყველაზე დიდი შეცდომა იყოს მათ კარიერაში.
თუმცა "ნაცმოძრაობაში" არის მეორე ჯგუფიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ პარტიამ თავისი ზურგით გარედან მოსული პოლიტიკოსები პარლამენტში აღარ უნდა შეიყვანოს. ამ ჯგუფს კარგად ახსოვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც გუბაზ სანიკიძეებმა, ჩხეიძეებმა, ქარდავებმა თუ ხაბულიანებმა საარჩევნო სიაში ჩააჩოჩეს ის აქტივისტები, რომლებიც წლების განმავლობაში არიან პარტიაში და მათ თავზე გადადის ყველაფერი. შესაბამისად, მათ აქვთ უსამართლობის განცდა (რაშიც არ ცდებიან) და ურჩევნიათ, სიტყვაზე, ვინმე წლების განმავლობაში ერთგული აქტივისტი პეტრე პავლიაშვილი იყოს საარჩევნო სიაში, ვიდრე ის ხალხი, რომლებმაც თავის დროზე სკანდალურად დატოვეს "ნაცმოძრაობა" და დღეს ამ პარტიის გამოყენება სურთ, რათა პარლამენტში ისკუპონ. ასე რომ, "დიდი ოპოზიციური გაერთიანების" დევნა კეზერაშვილსა და მერაბიშვილს შესაძლოა მორიგ შიდა არეულობად დაუჯდეთ, თან ეს არეულობა სახიფათოა, რადგან მელია იქვეა ჩასაფრებული და ჯიუტად არ ტოვებს პარტიას. მას იმედი აქვს, რომ დადგება დრო და მომენტი, როდესაც პარტიული ბოსი ისევ გახდება.
თუმცა შესაძლოა მოვლენები ისეც განვითარდეს, რომ კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა ზემოხსენებულ აქტივისტებს ხმა ჩააკმენდინონ და 2024 წლის არჩევნებისთვის მიიღონ მათთვის იდეალური ფორმულა - "დიდ ოპოზიციურ გაერთიანებად" შეფუთული "ნაცმოძრაობის", "გირჩის", "დროასა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" გაერთიანება და პლუს სააკაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად (სავარაუდოდ, სააკაშვილს დაასახელებენ, ასე ვთქვათ, არაფორმალურად, ის მხოლოდ სატყუარა იქნება ამომრჩევლისთვის, რადგან სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და ვერც პრემიერობისა და ვერც სოფლის გამგებლობის კანდიდატი ვერანაირად ვერ იქნება).
თუ "ნაცმოძრაობა" "დიდ ოპოზიციურ გაერთიანებად" შეიფუთა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი უჩნდება, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი. ეს არის საჩუქარი "ოცნებისთვის". კერძოდ, ამუშავდება ისევ მრავალჯერ ნაცადი კონტრაგიტაციური მეთოდიკა - "მიშას დაბრუნების „საფრთხე რეალურია. ამ საფრთხისგან ისევ "ოცნება" გადაგარჩენთ". სიახლეები ის იქნება, რომ 2020 წლამდე თუ მხოლოდ მიშა "ბრუნდებოდა", ახლა მთელი პროპაგანდისტული თაიგული შეიკვრება: მიშა, კეზერა, მერაბიშვილი და ადეიშვილი (თუ ნიკა მელიას დავუჯერებთ, ადეიშვილიც საკმაოდ აქტიურად არის ჩაბმული "ნაცმოძრაობის" საქმიანობაში. ზოგიერთი ოპოზიციონერი ამტკიცებს, რომ ზემოხსენებული პროპაგანდისტული ხრიკი ვეღარ იმუშავებს. თუმცა ისინი ცდებიან - მიშას, კეზერაშვილის, მერაბიშვილისა და ადეიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების თუნდაც თეორიული შანსი ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის ის წითელი ხაზია, რომელსაც ისინი არასოდეს გადაკვეთენ.
შესაბამისად, "ნაცმოძრაობის"„"დიდ ოპოზიციურ გაერთიანებად" შეფუთვა (სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელებით) გამოიწვევს მხოლოდ იმას, რომ კიდევ ერთხელ გაიკრიფება შუა და 2024 წლის შემდეგ მივიღებთ რეალურად ორპარტიულ პარლამენტს, რომელშიც მყარი უმრავლესობა "ნაცმოძრაობას" ნამდვილად არ ექნება. შესაძლოა ვაშაძე, ჯაფარიძე და ხოშტარია უკვე არჩევნების შემდეგ გაემიჯნონ "ნაცმოძრაობას", მაგრამ ეს შინაარსს დიდად ვერ შეცვლის და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ პარლამენტი მრავალპარტიულია.
თეორია და პრაქტიკა, ანუ რეალურია თუ არა საქართველოში მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნა?!
ასეთი სურათი შეიძლება მივიღოთ იმ შემთხვევაშიც, თუ "ნაცმოძრაობა" პოლიტიკურ მაკიაჟზე უარს იტყვის. სხვა ოპოზიციური პარტიების რეიტინგი სავალალოა და ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ცუდია საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის.
როდესაც ექსპერტები გამოსავალზე საუბრობენ, სცენაზე შემოჰყავთ „მესამე პოლიტიკური ცენტრის საჭიროება. ქართულ პოლიტიკაში "მესამე ცენტრი" დაემსგავსა მითურ ყრმას, რომელიც ბაზალეთის ტბაში ოქროს აკვანში წევს. თუმცა, თეორიულად, შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ძალა, რომელიც ორპოლუსიანობას დაარღვევს.
"ლელოს", გახარიას პარტიას, ალეკო ელისაშვილს თუ საპარლამენტო "გირჩებს" აქვთ დაახლოებით ერთიანი მესიჯბოქსი - 2024 წლის არჩევნების შედეგად "ოცნება" ოპოზიციაში უნდა გადავიდეს, ოღონდ ისე, რომ "ნაცმოძრაობა" არ მობრუნდეს ხელისუფლებაში. შესაბამისად, თეორიულად, "მესამე ცენტრი" შესაძლოა ასე ჩამოყალიბდეს: ერთიანდებიან ის პარტიები, რომლებიც არ იყურებიან "ნაცმოძრაობისკენ". მათ უნდა განუმარტონ ნათლად ამომრჩეველს, რომ მათი მიზანი არის პარლამენტში იმ რაოდენობის მანდატების მოპოვება, რათა გადაწყვეტილება მათ გარეშე ვერც "ოცნებამ" მიიღოს და ვერც "ნაცმოძრაობამ". ასევე, უნდა განუმარტონ ამომრჩეველს, რომ ეს გაერთიანება არის გრძელვადიანი და არჩევნების დასრულებისთანავე ხუხულასავით არ დაიშლება. ამომრჩეველს ყოველდღე უნდა ელაპარაკონ, რომ არჩევნების შემდეგ კოალიციურ მთავრობას შექმნიან. შესაძლოა "ჩრდილოვანი კაბინეტი" წინასწარვე წარუდგინონ ამომრჩეველს, რათა ელექტორატი დარწმუნდეს მათი გეგმების გრძელვადიანობაში. მათ მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ იმ საკითხებს, რაც რეალურად აწუხებთ ჩვენს მოქალაქეებს (სიღარიბე, უმუშევრობა, მძიმე ემიგრაცია და ა.შ). რაც მთავარია, თეორიული მესამე პოლიტიკური ცენტრის ლიდერებმა კარგად უნდა განუმარტონ მოსახლეობას, რომ მათი მიზანი ქვეყნის მშვიდობიანი გზით განვითარებაა, ყოველგვარი რევოლუციებისა და "ხალხის მტრებზე" თუ კუდიანებზე ნადირობის გარეშე. თუ ყველა ზემოხსენებული პირობა შესრულდა და ამომრჩევლამდე პოლიტიკურმა ლიდერებმა მესიჯები ნათლად მიიტანეს, შესაძლოა მოიპოვონ ნიჰილიზმში ჩავარდნილი ამომრჩევლის ხმა (ასეთი ყველაზე მეტია). გარდა ამისა, მიიმხრონ ის ხალხი, რომელიც "ოცნებას" ხმას იმიტომ აძლევს, რომ "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში არ მობრუნდეს.
მაგრამ... ჩვენ არაერთხელ გამოვიყენეთ სიტყვა "თეორიულად", იმიტომ, რომ პრაქტიკულად მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას სჭირდება პირადი, პარტიული ამბიციების, წყენების გვერდზე გადადება, კომპრომისის, დათმობის უნარი და იმის აღიარება, რომ ყველაზე მაგარი პოლიტიკოსი შენ არა ხარ და შენს გარშემო არ ტრიალებს სამყარო.
არის კი ეს მიღწევადი ქართულ პოლიტიკაში?! თუ ის უფრო რეალისტურია, რომ ოქროს აკვანში მწოლიარე ყრმა ამოვიდეს ბოლოს და ბოლოს ბაზალეთის ტბიდან?! თავად განსაჯე, ძვირფასო მკითხველო.
p.s. თუმცა თეორიული შანსი მაინც რომ არის, მცირე, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველს მაინც იძლევა.
გიორგი კვიტაშვილი