"მშვიდად განისვენე, მთის კაცო, მყინვარწვერი დაგირჩება დარაჯად!" - კვირის პალიტრა

"მშვიდად განისვენე, მთის კაცო, მყინვარწვერი დაგირჩება დარაჯად!"

"ხევის სინდის-ნამუსი, გულიანი, გამრჯე და მზრუნველი - ასე ახასიათებენ მეგობრები უკრაინაში დაღუპულ 45 წლის ქართველ მებრძოლს ზურაბ ოდიშვილს. ის 45-ე ქართველი მოხალისეა, რომელიც უკრაინის მიწაზე დაეცა. ზურა ყაზბეგიდან იყო, უკრაინის დამცველებს 2022 წლის მარტის ბოლოს შეუერთდა. თავიდან "კავკასიის ლეგიონში" იბრძოდა, შემდეგ უკრაინის არმიის 93-ე ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადაში და ერთ-ერთ უშიშარ და საიმედო მებრძოლად მიიჩნეოდა. ყაზბეგში სახელოსნო ჰქონდა, ხეზე, რკინაზე, ლითონზე, მინანქარზე მუშაობდა და ხელობას რაიონის ბავშვებსაც ასწავლიდა. ყველას უანგაროდ უყოფდა თავის ცოდნას, ყველას ეხმარებოდა... ბოლოს მარტო მთა აღარ ეყო მის დიდ გულს და თავის ქვეყნის თავისუფლებას შესწირა თავი. მშვიდად განისვენე, მთის კაცო, მყინვარწვერი დაგირჩება დარაჯად!" - ამ სიტყვებით გამოემშვიდობნენ მეგობრები ხევში.

"ყოველთვის მშვიდად ვიყავი, როდესაც ზურა გვერდით მეგულებოდა"

ლადო გამსახურდია, "კავკასიის ლეგიონის" მეთაური: - ზურა უკრაინაში გავიცანი. ომი ახალი დაწყებული იყო. ორივე­ დონეცკის მიმართულებაზე მოვხვდით.­ ოცეულში ათი ქართველი, რამდენიმე აზერბაიჯანელი და კიდევ სხვა უცხოელები ვიყავით. პირველი შეტევა გამოგვივიდა, ერთად ავიღეთ ქართველი ბიჭების სისხლი. გამორჩეული მეომარი იყო. ერთ-ერთი შეტაკებისას მე დამჭრეს, რამდენიმემ კონტუ­ზია მიიღო. საავადმყოფოში გადავწყვიტე "კავკასიური ლეგიონის" შექმნა. ზურა პირველი ადამიანი იყო, რომელიც გვერდით დამიდგა, მასთან ერთად ვხვდებოდი და ვესაუბრებოდი მეომრებს. შეიძლება ითქვას, ზურა ოდიშვილი "კავკასიური ლეგიონის" ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.

- სხვებისგან რით იყო გამორჩეული?

- დინჯი იყო, პირდაპირი და საიმედო. ყოველთვის მშვიდად ვიყავი, როდესაც ზურა გვერდით მეგულებოდა.

- მისი ნამუშევრები თუ გქონდათ ნანახი?

- კი, საოცარი ნამუშევრები ჰქონდა. ძალიან საინტერესო გეგმები ჰქონდა. ვერ წარმოიდგენთ, როგორი შვილი დაკარგა საქართველომ ზურას სახით. მოიწამლა და შესაბამისი მკურნალობა არ ჩაიტარა...

- მოწამვლით ხშირად იღუპებიან უკრაინაში ჩვენი მებრძოლები.

- კი, ფოსფორით თითქმის ყველა ჩვენგანია მოწამლული, "ზარინით" მოწამვლის შემთხვევებიც ხშირია. ვინ იცის, ფოსფორსა­ და "ზარინთან" ერთად, კიდევ რა სახის მომწამლავ ნივთიერებას იყენებენ რუსები. დაბომბვის შედეგად წარმოქმნილი კვამლი ხშირად სასუნთქ გზებს მძიმედ აზიანებს და სხვადასხვა დაავადების გამწვავებას იწვევს. მე მინახავს აქ მებრძოლები, რომლებიც საშინელ დაბომბვას სასწაულით გადაურჩნენ, მაგრამ კვამლის შესუნთქვის გამო ჰოსპიტალიზაცია და ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდათ, ბევრი დაიღუპა კიდეც. რუსები ვერაგები არიან, არც დიდებს ინდობენ, არც პატარებს, წყლისა და საკვების მოწამვლის შემთხვევებიც ყოფილა.

kaci2-1687081983.jpg

"წასვლის წინ ვუთხარი,­ ეს რა გამიკეთე, შვილო, ჩემი ხელით გგზავნი­ ომში-მეთქი"

თამარ ოდიშვილი, ზურაბ ოდიშვილის­ დედა: - ზურა ბავშვობიდანავე ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი იყო. მეუღლე ადრე გარდამეცვალა. ოთხი შვილით მარტო დავრჩი. მაშინ 34 წლის ვიყავი, ზურიკო - 16-ის. შეიძლება ითქვას, დედმამიშვილებს­ მამობა გაუწია - სკოლაში, ბაღში დაჰ­ყავდა,­ საჭმელსაც უკეთებდა. მზრუნველიც იყო და მკაცრიც. დედა-შვილის კი არა, მამა-შვილის ურთიერთობა უფრო გვქონდა. მკაცრი ხასიათის გამო მეტსახელად "ჩეჩენს" ეძახდნენ. ხშირად ვეტყოდი ხოლმე, არ დაგავიწყდეს, რომ მე ვარ დედა, შენ კი შვილი-მეთქი. პროფესიად ადვოკატობა აირჩია, მაგრამ როდის რაც სჭირდებოდა, ყველაფერს აკეთებდა, მინანქარზეც მუშაობდა, რკინაზეც, ქვაზეც, ხეზეც. არაფრისგან საოცრებებს ქმნიდა. ერთხანს თურქეთში იყო სამუშაოდ, მაგრამ მეორე შვილი გარდამეცვალა, ჩამოვიდა და დარჩა...

- მისი ომში წასვლის მოტივი რა იყო?­

- მე წარმოშობით გორიდან ვარ. მამა­­ჩემის სახლის წინ ტყემლის ხეების ბაღი იყო. ცხინვალის ომის დროს, ჩვენი ტანკისტი­ ბიჭები, რომლებიც ჯერ მხოლოდ 19-20 წლისანი იყვნენ, იმ ბაღში ჩამოდიოდნენ დასასვენებლად. მამაჩემს მათთვის საჭმელი გაჰქონდა ხოლმე. ზურა მაშინ ბავშვი იყო, მაგრამ სულ იმ ბიჭებთან იყო, ემეგობრებოდა. ერთხელაც ის ბიჭები თავიანთივე­ ტანკებში დაწვეს და ზურამ ძალიან განიცადა ეს ამბავი, ძლივს გამოვიყვანე მდგომარეობიდან. რუსეთ-უკრაინის ომი რომ დაიწყო, ზურა თბილისში იყო. დამირეკა და წინასწარ გამაფრთხილა, ახლა შენებური­ არ დაიწყო, ომში უნდა წავიდეო. რა თქმა უნდა, შევიცხადე, რა გინდა ომში-მეთქი?! იცით, რა მითხრა? დედი, მე რომ იქ არ წავიდე, იცოდე, ის ომი აქ მოვაო! ვეღარაფერი ვერ ვუთხარი. ამ საუბრიდან ძალიან მალე იატაკზე ფეხი გაუცურდა და ნეკნები ჩაემტვრა. გაგიკვირდებათ და, გამიხარდა. ვუთხარი კიდეც, დედას შვილის ასეთი ამბავი როგორ უნდა გაუხარდეს, მაგრამ რა ვქნა, მიხარია, ომში ვეღარ წახვალ­-მეთქი. როგორც კი საავადმყოფოდან­ გამოვიდა, მაშინვე წასვლისთვის დაიწყო მზადება. შემომიჩნდა და თვითმფრინავის ბილეთები ნაცნობობით, იაფად მაყიდვინა თავისთვის და თავისი მეგობრისთვის. წასვლის წინ ვუთხარი,­ ეს რა გამიკეთე, შვილო­, ჩემი ხელით გგზავნი­ ომში-მეთქი. კარგი რა, დედი, ხომ იცი, როგორი ისტორია გვაქვს, ქართველი დედები ომში მიმავალ შვილებს ყოველთვის გზას ულოცავდნენო. მერე ის სიზმარი გამახსენა, რომელსაც ბავშვობისას ხშირად ნახულობდა: ვითომ ყაზბეგის მთებში მონასტერი იყო და იქ ცხოვრობდა. ამასთან, ძველებური ტანსაცმელი ეცვა. როგორც მოგვიანებით გაარკვია, ძველი ქართველი მეომრის ტანსაცმელი ყოფილა.

kaci3-1687081983.jpg

- უკრაინიდან ხშირად გეხმიანებოდათ?

- ორი-სამი დღე თუ არ შემეხმიანებოდა­ და ჩემს ზარსაც არ უპასუხებდა, მერე მის მეთაურს, ლადო გამსახურდიას ვურეკავდი.­ მეჩხუბებოდა, ნუ რეკავ, თორემ სხვა დანაყოფში გადავალო. რომ მოვიკითხავდი, მეტყოდა, კარგად ვარო. ომში როგორ ხარ კარგად, მაგას როგორ ამბობ-მეთქი... იცინოდა. სურათებს რომ გამომიგზავნიდა, ვეუბნებოდი, ეგ სურათები არ მინდა, ვიდე­ოთვალი ჩართე-მეთქი. სულ დაკაწრული ჰქონდა სახე. ვეკითხებოდი, ხომ არ დაჭრილხარ-მეთქი. არაო, უარყოფდა. არადა მე ყველაფერს ვგრძნობდი. ზურა სამჯერ იყო მოწამლული. სამივეჯერ ვიგრძენი. ორჯერ იმკურნალა. მესამედ რომ მოიწამლა, ერთი კვირით გაუშვეს დასასვენებლად, მაგრამ არ იმკურნალა დროულად, არ მიხედა თავს. ხომ მე დავეხმარე, რომ ომში წასულიყო, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ უკრაინაში­ ჩავიდა და ქართველ მებრძოლებს­ დაუკავშირდა, ინსულტი დამემართა. ზურას გარდაცვალების დღეს სიზმარში გარდაცვლილი ზურა ვნახე, მის სხეულს მისი სული თავზე ადგა და ეჩხუბებოდა, ადექი, რას წევხარო. სამი შვილის დამკარგავი დედა ვარ, ზურას ძმა ლადო ხატმწერი იყო. ტყეში დაიკარგა და ერთი თვის შემდეგ ვიპოვეთ­ გარდაცვლილი. მეც ორჯერ მაქვს გამოვლილი კლინიკური სიკვდილი. ვიცი, საიქიოს რა ხდება. ოთხი შვილი გავაჩინე და ერთიღა დამრჩა. იმასაც გული აქვს მკვდარი, სამი ძმა დამარხა. მისი თანდასწრებით ტირილს ვერიდები, არ მინდა უარესად დავუმძიმო გული.

kaci4-1687081984.jpg

- ზურას ბოლოს როდის ელაპარაკეთ?

- გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე. ოთხი თუ ხუთი წუთით დამელაპა­რაკა. მერე მითხრა, კარგი, დედი, დაღლილი­ ვარ, უნდა დავისვენოო. არ მინდოდა ყურმი­ლი გაეთიშა. ისეთი განცდა მქონდა, რომ... იმ ღამით იბანავა, დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. გული გაუსკდა. ბევრი გეგმა­ და ოცნება დარჩა შეუსრულებელი. თავისი ძმის, ლადოს მუზეუმის გაკეთება უნდოდა, დიდი სახლის აშენება დედმამიშვილებისთვის. თავად შვილი არ ჰყავდა და ძმისშვილებზე იყო გადაყოლილი. როდესაც მის ცხოვრებაზე ვფიქრობ, ხანდახან ჩემს თავს ვეუბნები, რომ ზურიკო არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი, თითქოს რაღაც მისიის შესასრულებლად იყო ამქვეყნად მოვლენილი. საოცრად კეთილი იყო, იმდენად კეთილი, რომ ადამიანებს უკვირდათ, ასე რატომ იქცევაო. ზურა აქეთ იყო გაკვირვებული, ამ ხალხს რატომ უკვირს ჩემი საქციელიო. თითქოს საკუთარი თავის­თვის არ ცხოვრობდა. ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ჩემი შვილის თავგანწირვამ უკვალოდ არ ჩაიაროს. ახლა საქართველოში ისეთი სიტუაციაა, პუტინმა საქართველოში შემოსვლა რომ გადაწყვიტოს, ისე დაგვიპყრობს, თოფის გასროლაც არ დასჭირდება. ამის ნახვას ვერ გადავიტან!

"საქართველოსთვის უყოყმანოდ შეეძლო სიცოცხლის გაწირვა"

თამუნა გოჩიაშვილი, მხატვარი, ხატმწერი, ზურა ოდიშვილის მეგობარი: - სანამ გავიცნობდი, მანამდეც ბევრი რამ ვიცოდი მის შესახებ. მსმენოდა, რომ სახელო­სნო ჰქონდა, საოცარი ნამუშევრები,­ რომლებსაც ადამიანებს ხშირად ჩუქნიდა, ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა, ტაძრებში უანგაროდ მუშაობდა. სულ მინდოდა მისი გაცნობა. 2009 წელი იდგა, მე და ჩემმა დაქალმა ცოტაოდენ ფულს მოვუყარეთ თავი და ძეგლთა დაცვასთან ერთად დავიწყეთ ნაღვარევში მეცამეტე საუკუნის ეკლესიის რესტავრაცია. ერთ მშვენიერ დღეს ტაძართან გაჩერდა ავტომობილი, გადმოვიდა შუახნის კაცი და თამუნა გოჩიაშვილი იკითხა. მივედი, მივესალმეთ ერთმანეთს, გამეცნო და მითხრა, უსასყიდლოდ დაგეხმარებითო. ეს ისეთი მოულოდნელი და სასიხარულო იყო... ბოლომდე გვერდით გვედგა! ძალიან ბევრი იშრომა, დაუზარლად, უსაყვედუროდ... საკუთარი ხელით აქვს გასუფთავებული რუსების მიერ შეთეთრებული უძველესი ქართული ფრესკები. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ხევში, საზოგადოდ, მთიულეთში, რუსების მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვთ. იცით, რატომ? საბჭოთა კავშირის დროს და მომდევნო პერიოდშიც მთიულები და მოხევეები სავაჭროდ თბილისში კი არა, რუსეთში, ორჯონიკიძეში ან ბესლანში­ გადადიოდნენ. საყოფაცხოვრებო საკითხებმა­ ეს ხალხი მჭიდროდ დააკავშირა­ რუსეთს. იმ დროის მონატრება დღემდე­ მოჰყვებათ. ათ კაცს თუ იპოვი, ვისაც სხვა შეხედულება აქვს. ხვალ რომ რუსი შემოვი­დეს, მთელი ხევი ხელის გაუნძრევლად ჩაჰბარდება. ზურა გამონაკლისი იყო, საოცრად პატრიოტი კაცი. შესანიშნა­ვად იცოდა საქართველოს ისტორია და რუსების "საგმირო" საქმეები. ბრაზობდა რუსეთუმეებზე, უთავმოყვარენი არიან, წინაპრების მაოხრებლები როგორ უყვართო. მისი ომში წასვლის ამბავი სოცქსელიდან გავიგე და არ გამკვირვებია. ერთხელაც რომ შეხვედროდით, მიხვდებოდით, რომ საქართველოსთვის უყოყმანოდ შეეძლო სიცოცხლის გაწირვა. ბოლოს კოვიდპანდემიის დროს ვნახე, მუზეუმში. საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა მომავალი თაობის მიმართ, ცდილობდა ყველაფერი ბავშვებისთვის თავებში ჩაეტენა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. სხვაგვარად ვერ გადმოვცემ მის მონდომებას. კარგი ქართველი იყო, ღმერთმა აცხონოს მისი სული.

ხათუნა ბახტურიძე