"მშრალი კანონი" და რუსეთი
ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი ამჯერად გვიყვება, როგორი უკუეფექტი ჰქონდა და რა როლი ითამაშა ორჯერ მიღებულმა "მშრალმა კანონმა" რუსეთის ისტორიაში. კანონმა, რომელსაც ლომის წილი ედო ერთხელ რუსეთის იმპერიის, მეორედ კი სსრკ-ის დანგრევაში.
- რუსეთი ერთხელ დაანგრია მშრალმა კანონმა (რისი აფიშირებაც რუსებს არ უყვართ) და გადაარჩინა მისმა გაუქმებამ - 1925 წლის 26 აგვისტოს ამ კანონის გაუქმებით სტალინმა რუსეთი კრიზისიდან გამოიყვანა. გავა 60 წელი და 1985 წელს გორბაჩოვის ხელისუფლება "გარდაქმნის" დაწყებამდე ისევ შემოიტანს "მშრალ კანონს"... ელცინი სწორედ იმიტომ გახდა პოპულარული რუსეთში, რომ ის, როგორც ტიპური ლოთი, მოსახლეობაში აჩენდა იმედს, რომ "მშრალი კანონისა" და სიფხიზლით ტანჯვისგან იხსნიდა რუსეთს. გორბაჩოვისა და სსრკ-ის დამხობაში, ასევე, ელცინის აღზევებაში, გადამწყვეტი როლი ითამაშა გორბაჩოვის შემოღებულმა "მშრალმა კანონმა", რამაც ისე განაწყო მოსახლეობა, რომ ლოთი აქციეს მხსნელად და ბელადად.
ადამიანებს "მშრალ კანონზე" მომენტალურად უჩნდებათ 1920 წელს აშშ-ში კონსტიტუციის მე-18 შესწორებით მიღებული ცნობილი "მშრალი კანონის" ასოციაცია, რასაც ქვეყანაში დიდი ძვრები მოჰყვა. კანონი ითვალისწინებდა გარკვეული გრადუსის ალკოჰოლის წარმოების აკრძალვას, კანონის მიღების მიზეზად კი სახელდებოდა ალკოჰოლის მოხმარების ზრდა ქვეყანაში, რაც იწვევდა მოსახლეობის ფიზიკურ და ზნეობრივ დეგრადაციას. კანონის მიღებას საბოლოოდ საპირისპირო შედეგი მოჰყვა: ქვეყანაში ალკოჰოლიზმის დონე არ შემცირებულა, სამაგიეროდ, იმრავლა კორუფციამ, ბანდიტიზმმა, ორგანიზებულმა დანაშაულმა, მილიარდობით დოლარმა ხაზინის ნაცვლად ბუტლეგერთა ჯიბეებში გადაინაცვლა. 1929 წლის ოქტომბერში დაწყებული ეკონომიკური კრიზისისა და "დიდი დეპრესიის" გამო აშშ სოციალისტური რევოლუციისა და სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. 1932 წელს პრეზიდენტად არჩეული ფრანკლინ დელანო რუზველტის ინიციატივით 1933 წელს "მშრალი კანონი" გაუქმდა. მილიარდობით დოლარი კვლავაც დაუბრუნდა ხაზინას და ამ სახსრებმა უდიდესი როლი ითამაშა აშშ-ის ეკონომიკის "დიდი დეპრესიიდან" გამოყვანის საქმეში.
ამერიკაზე 6 წლით ადრე "მშრალი კანონი" რუსეთში მიიღეს. 1914 წელს გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც წელიწადში დაახლოებით 500-მდე ლოთი იკლავდა თავს. იმხანად ფინანსთა მინისტრი ვინმე პეტრე ლუდვიგის ძე ბარკი იყო, ძალზე უცნაური პიროვნება - ერთადერთი მინისტრი ნიკოლოზ II-ის მთავრობაში, რომელიც გადადგომამდე არ გაუთავისუფლებიათ. 1914-17 წლებში რუსეთში რამდენჯერმე შეიცვალა მთავრობა, მაგალითად, 1916 წელს სამჯერ შეიცვალა პრემიერ-მინისტრი, ბარკი კი კვლავ მინისტრი იყო. სხვათა შორის, მის საქმიანობას რუსეთისთვის ბევრი მავნებლური ნაბიჯი უკავშირდება, რამაც იმპერიის დანგრევასაც შეუწყო ხელი. მაგალითად, მისი გადაწყვეტილებით წვევამდელების განთავსება გადაწყდა არა გაფანტულად ფრონტისპირა პატარ-პატარა ქალაქებში, არამედ ორ ძირითად ჯგუფად (თითქმის ნახევარმილიონიანი ჯგუფების სახით) პეტროგრადსა და მოსკოვში. ამან ამ ქალაქებში პროდუქციის მარაგის შემცირება, სარკინიგზო მიმოსვლის შეფერხება და სხვა მრავალი პრობლემა გამოიწვია. ამასთან, ხელი შეუწყო რევოლუციური განწყობის გაღვივებას - როცა რუსეთში თებერვლის რევოლუცია დაიწყო, დასაყრდენ ძალად სწორედ ეს დეზერტირობის მსურველი პირტიტველა ბიჭები აღმოჩნდნენ, რომლებმაც არსენალიც ხელთ იგდეს და იმის შიშით, რომ ფრონტის წინა ხაზზე არ გაეშვათ, საკუთარი ქვეყნის დედაქალაქებში დაღვარეს სისხლი და მერე ამ მოვლენებს "რევოლუცია" ეწოდა. ამ ყველაფრის შემოქმედი ეს უცნაური კაცი - პეტრე ლუდვიგის ძე ბარკი იყო. სწორედ მისი ინიციატივით შედგა კანონპროექტი და 1914 წლის ზაფხულში, ზუსტად იმ დროს, როცა რუსეთი პირველ მსოფლიო ომში ჩაერთო, რუსული "მშრალი კანონი" ამოქმედდა. ამ კანონის შემოღებამ ომის დასაწყისშივე რუსეთის არმიის სულისკვეთება, ფაქტობრივად, გააქრო. მეორე მსოფლიო ომი ვისაც ახსოვს, კარგად იცის, რომ რუსი ჯარისკაცი შეტევაზე ყოველთვის მთვრალი გადადიოდა (დღესაც ასეა და ასე იყო ისტორიულად), რუსი ჯარისკაცისთვის სიმამაცის მთავარ წყაროს თვით ღმერთსა და სამშობლოზე მეტად, ალკოჰოლი - სპირტი და არაყი წარმოადგენდა. თავად განსაჯეთ, ბელგოროდში დაბადებულს რა პატრიოტული გრძნობა უნდა ჰქონოდა მოსკოვის ან მინსკის მიდამოების მიმართ, სადაც არასდროს ყოფილა. რუსისთვის სამშობლო ძალზე განყენებულ, აბსტრაქტულ ცნებას წარმოადგენდა, სამაგიეროდ, ერთობ კონკრეტული იყო სასმელი, რაც მას ძალიან ამამაცებდა. 1914 წელს რუსეთი მსოფლიო ისტორიაში აქამდე მომხდარ ომთა შორის ყველაზე სისისხლისმღვრელ ომში ჩაერთო, სადაც პირველად გამოიყენეს ტყვიამფრქვევი "მაქსიმი", რომელიც არანორმალურად ზრდიდა ჯარისკაცების სიკვდილიანობას და ასეთ ომში წარმოიდგინეთ ფხიზელი რუსი ჯარისკაცი. რეალურად რუსის ბრძოლისუნარიანობა, ალბათ, ათჯერ შემცირდა. ყველა ომში დიდი მნიშვნელობა აქვს მოტივაციას, რაც რუს ჯარისკაცს ყოველთვის აკლდა. ამხელა სივრცეზე მცხოვრებ ადამიანებს ვერანაირად ვერ ექნებათ ის პატრიოტიზმი და მოტივაცია უკიდეგანო უცხო სივრცეთა დაცვისათვის თავგასაწირად, რაც, მაგალითად, შეიძლება ჰქონდეს რიგით ხევსურს ან რაჭველს საქართველოსთვის. ჩვენთვის ყველა ხე, კუნჭული, გორაკი ჩვენი სამშობლოა, მთელი ცხოვრების განმავლობაში სულ ამას ვუყურებთ, ყველა გოჯი ვიცით, იქ კი სმოლენსკის გუბერნიაში დაბადებული ადამიანის ოჯახის წევრთა არც ერთ თაობას, შეიძლება 300-400 წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ ჰქონდეს ნანახი მოსკოვი. შესაბამისად, მას იმდაგვარი სამშობლოს განცდა ვერ ექნებოდა, როგორც ქართველს, ან ნებისმიერი შედარებით მცირემიწიანი ევროპული ქვეყნის შვილს. მიწის ყივილის თემა, რაც ქართველსაც ახასიათებდა და ევროპელსაც, რუსული სტეპის მკვიდრთათვის უცხო ხილი, არაყი კი ძალიან რეალური იყო და ესეც აუკრძალეს.
"მშრალი კანონით" გამოწვეული თებერვლის რევოლუცია
ამის შედეგად გაჩნდა მეორე პრობლემაც - 1914 წლისთვის სტოლიპინის აგრარული რეფორმის წყალობით რუსეთის იმპერიის სოფლის მეურნეობა განვითარებით მსოფლიოში პირველ ადგილზე იდგა (განსაკუთრებით ხორბლისა და სხვა მარცვლეული კულტურის წარმოებისა და ექსპორტის ხარჯზე). გლეხობა დიდ პურის მოსავალს აბარებდა სახელმწიფოს, გაჰქონდა ბაზარზე და ყიდდა, აღებულ ფულს კი, გარდა იმისა, რომ ოჯახსა და მეურნეობას ახმარდა, რესტორანში ხარჯავდა. წარმოიდგინეთ, "მშრალი კანონით" რა სიტუაცია შეიქნა რუსეთში - ერთი მხრივ, შემცირდა ჯარისკაცის ბრძოლისუნარიანობა, მეორე მხრივ, რუს გლეხს გაუქრა მოტივაცია, რომ მეტი ხორბალი ჩაებარებინა და გაეყიდა. 1914 წლიდან მსოფლიოშიც რამდენჯერმე გაძვირდა პური, ევროპული პურის ყანები ბრძოლის ველად იყო გადაქცეული. რუსი გლეხი დაფიქრდა და მიხვდა, რომ უმჯობესი იქნებოდა ნაკლები ხორბალი გაეყიდა, მაგრამ სამჯერ ძვირად, მას მარაგიც დარჩებოდა და ფულსაც დააგროვებდა. მეორე მხრივ, იმიტომ აღარ მოუნდა ხორბლის სწრაფად გაყიდვა, რომ გასართობად და ფულის დასახარჯად წასასვლელი აღარსად ჰქონდა, ალკოჰოლი აიკრძალა, ლეგალურმა რესტორნებმა ფასი დაკარგა, არადა, რუსეთის მოსახლეობა მსოფლიოში ყველაზე დიდი პროცენტით მოიხმარდა ალკოჰოლს და როცა არაყი გაქრა, რესტორნებმა კლიენტურა დაკარგეს, ამის გამო ბიუჯეტიც დაზარალდა... მოკლედ, რუსმა გლეხმა ხორბლის გაყიდვა შეამცირა ორი მიზეზით: 1. ხელოვნურად შეეწყო ხელი მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაძვირებას; 2. ფულის სწრაფად აღების ინტერესი დაკარგა, სამაგიეროდ, "სამაგონის", თვითნახადი არყის წარმოებას მიჰყო ხელი. რუსეთის პროვინციებში ომის დროს ვინც ფრონტზე არ იმყოფებოდა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იმ საქმიანობას ეწეოდა, რასაც 20-იანი წლების ამერიკაში "ბუტლეგერობას" უწოდებდნენ - არალეგალური ალკოჰოლის წარმოება და გადაყიდვა 1914-17 წლებში რუსი გლეხის ცხოვრების წესად იქცა. გარდა ამისა, ეს არალეგალური სასმელი მიეწოდებოდა რუსეთის იმპერიის მაღალ ფენასაც (ყოველ შემთხვევაში, სამხედრო მაღალჩინოსნები უსასმელობას არ უჩიოდნენ), სასმელი ლეგალურად არ იყიდებოდა, ამიტომ "სამაგონს" არაოფიციალურად იძენდნენ გლეხისგან იატაკქვეშა რესტორნები, საროსკიპოები, კაზინოები... ერთი სიტყვით, ლეგალური გასართობი ბიზნესი კვდებოდა, გლეხი ხორბალს ხელოვნურად აძვირებდა, სახელმწიფო ხაზინა შევსების ნაცვლად იცლებოდა, სამაგიეროდ გაბუტლეგერებულ რუს მუჟიკთა ჯიბეში არალეგალური მილიარდები გროვდებოდა. ამ ყოველივეს ავტორი ბარკი კი ერთადერთ შეუცვლელ მინისტრად რჩებოდა. მეტიც, ბარკმა იმპერატორი დაარწმუნა, რომ სამობილიზაციო ცენტრებად ფრონტისპირა ქალაქების ნაცვლად პეტროგრადი და მოსკოვი გადაექციათ. 1916-17 წლის ზამთარში მოსკოვ-პეტროგრადის ყაზარმებში ასეულათასობით გაბუტლეგერებულ ახალწვეულს მოუყარეს თავი. წარმოიდგინეთ, რა ატმოსფერო იქნებოდა ნესტიან და გაყინულ ყაზარმებში: პირტიტველა რუსი ბიჭები ძალით მოსწყვიტეს ბუტლეგერობასა და, შესაბამისად, დიდი ფულის დაგროვების შესაძლებლობას, 40-გრადუსიან ყინვაში უარყოდ გამოკეტეს ყაზარმებში და სასიკვდილოდ ამზადებდნენ წინა ხაზზე გასარეკად, თანაც ისეთ ომში, რომლის არსი, მიზეზი და მიზანი შეუსწავლელად და გაურკვევლად მიაჩნდა თვით აშშ-ის პრეზიდენტ ვუდრო ვილსონს,…მოკლედ, ბარკმა ნიკოლოზ II-ის თანხმობით პეტროგრად-მოსკოვის ყაზარმები დენთის კასრად გადააქცია. სწორედ ამის ფონზე განვითარდა პოლიტიკური მოვლენები 1917 წლის თებერვალ-მარტში... რუსეთის დუმის ლიდერებს: კარლო ჩხეიძეს, მილიუკოვს, გუჩკოვს, როძიანკოს, შულგინსა და სხვებს სურდათ იმპერატორის დაყოლიება დუმის წინაშე პასუხისმგებელი მთავრობის ჩამოყალიბებაზე და ამ მიზნით პროვოკაციებსა და პანიკის დათესვას არ ერიდებოდნენ: აცხადებდნენ, პეტროგრადში პურის და საწვავის მარაგი ილევაო, დედოფალს გერმანიის აგენტობაში ადანაშაულებდნენ, მუშებს საპროტესტო აქციებისკენ უბიძგებდნენ... ომის დროს პეტროგრადის მუშათა შორის ქალთა წილი ერთობ გაზრდილი იყო. 23 თებერვალს (ახალი სტილით 8 მარტი) როძიანკო-ჩხეიძე-მილუკოვის თანამოაზრე მილიონერმა პუტილოვმა თავის ქარხნის კარები დაკეტა და ზედ წააწერა, დროებით ყველანი დათხოვნილი ხართ და ხელახლა როდის და რა პირობით დაგასაქმებთ, მოგვიანებით შეგატყობინებთო. უმუშევრად დარჩენით განრისხებულ მუშა ქალებს პროვოკატორები შეერივნენ და ურჩიეს, ნევის პროსპექტზე სოციალისტ-რევოლუციონერ ქალთა აქციაა, მშრომელ ქალთა სოლიდარობის დღეს აღნიშნავენ და უპრიანია მათ შეუერთდეთო (დღეს ამ დღეს "8 მარტი" ეწოდება, მაშინ კი ძირითადად მსუბუქი ყოფაქცევით გამორჩეულ "რევოლუციონერებად" წოდებულ ქალთა ღონისძიება იყო). გაბრაზებული პუტილოველი ქალები ნევის პროსპექტზე შეკრებილებს შეუერთდნენ, რომლებიც დილიდან გაჰკიოდნენ: "ძირს ომი, კაცები დაგვიბრუნეთ!" მუშა ქალების შემართებით გულმოცემული "8 მარტისტები" ლოყაღაჟღაჟა ღიპიან პოლიციელებს დაუპირისპირდნენ, პოლიციელებმა ხურდა დაუბრუნეს და გაჩაღდა ჩხუბი. რამდენიმე წუთში კარგი გარეგნობის პოლიციელებთან შეტაკების შედეგად მკერდმოშიშვლებულ ქალთა ჯგუფი პავლეს ყაზარმებში გამოკეტილ ნაბუტლეგერალ, უფულობით, ყინვითა და წინა ხაზზე სიკვდილის შიშით განრისხებულ ახალწვეულებთან მიიჭრა, საშველად იხმო და ღიპიან პოლიციელებთან "საომრად" წაიყვანა. ნაბუტლეგერალმა ჯარისკაცებმა სძლიეს ღიპიანებს. ქალები კაცებს ითხოვდნენ, კაცები - არაყს. ომი არც ერთს არ უნდოდა და ასე დაიწყო თებერვლის რევოლუცია... იმ ღამით ამ ქალებსა და ჯარისკაცებს შორის დიდი ორგია გაიმართა. მეორე-მესამე დღეს უფრო მეტი ხალხი გამოვიდა, შეიქმნა პეტროგრადის მუშათა (დიდი დოზით მეძავთა) და ჯარისკაცთა (ექსბუტლეგერთა) საბჭოები, რომელსაც კარლო ჩხეიძე ჩაუდგა სათავეში. ჩხეიძის საბჭოების 1-ლმა დეკრეტმა, ასევე პერსონალურად გუჩკოვმა, შულგინმა, გენერლებმა ალექსეევმა და რუზსკიმ უკვე მერვე დღეს ნიკოლოზ მეორე აიძულეს გადამდგარიყო. ზედმეტი მოუვიდათ და ნაბან წყალს ბავშვიც გადააყოლეს. რუსების 99%-ისათვის მეფე თუნდაც აბსტრაქტული, მაგრამ მაინც კერპი იყო, მეტიც, ვლადივოსტოკიდან ბრესტამდე და არხანგელსკიდან ასტრახანამდე რუსებისთვის ეროვნული იდენტობის ერთადერთი, საყოველთაოდ აღიარებული ღვთაებრივი ნიშანი. ამიერიდან რუსეთს მეფე აღარ ჰყავდა და რუსების 99%-ისთვის რუსული სახელმწიფოც აღარ არსებობდა. დუმა, ჩხეიძე, ლვოვი, კერენსკი მუჟიკის აღვირახსნილ ვნებას ვერ დააცხრობდა. მოკლედ, ჩხეიძე-პუტილოვ-როძიანკო-მილუკოვის მიერ პროვოცირებულმა და ბარკის მიერ პეტროგრადის ყაზარმებში თავმოყრილმა რუსმა ბუტლეგერებმა და მეძავებმა მოახდინეს ის, რასაც რუსეთის თებერვლის რევოლუცია ეწოდება. ერთი სიტყვით, ამიერიდან პეტროგრადის ჯარისკაცთა და მუშათა საბჭოების თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე გახდა. პეტროგრადის ჯარისკაცები იყვნენ ფრონტზე არნამყოფი ბუტლეგერები, ხოლო მუშების უდიდესი ნაწილი კაცებმონატრებული ქალები - ანუ ჩხეიძე "კაცთმოყვარე" ქალებისა და მტრისმოშიში ბუტლეგერების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. მან გამოსცა პირველი ბრძანება - დეკრეტი N1, რომელმაც შეძრა რუსეთი და ნიკოლოზ II-ს ტახტი გამოაცალა. მასში ვკითხულობთ: "ამიერიდან ყველა საჯარისო შენაერთში შეიქმნება ჯარისკაცთა კომიტეტები და ისინი გადაწყვეტენ, იომონ თუ - არა, როგორ იომონ, ოფიცრები და გენერლები მათ დაემორჩილებიან". სწორედ ამ ერთი ტელეგრაფით გადაცემული ბრძანებით გამოეცალა იმპერიას ტახტი. იყო მითები, რომ თითქოს კარლო ჩხეიძემ გადააყენა ნიკოლოზი - ასე არაა, მაგრამ ამ ბრძანებით ტახტი ნამდვილად დაანგრია.
რუსეთის რევოლუცია მრავალი ფაქტორის ერთობლიობამ განაპირობა, მაგრამ რევოლუციური მასა თუ არა გყავს, რევოლუცია ვერ მოხდება. მასის 99%-ს წარმოადგენდნენ პეტროგრადის მუშები და ჯარისკაცები, მათი მამოძრავებელი ძალა კი იყო ის, რაც მოვყევი - ხელოვნურად შექმნილი არყის დეფიციტი, გაბუტლეგერებული ხალხის თავმოყრა პეტროგრადსა და მოსკოვში, შემთხვევა, როდესაც მოხდა მათი კომუნიკაცია პეტროგრადელ ქალებთან და ყველაფერ ამას მოკლე ფორმულირებით მიმართულება მოუძებნა კარლო ჩხეიძემ. ამიერიდან მთელი რუსეთის არმიის ნებისმიერი ასეულის მეთაური უნდა დამორჩილებოდა ასეულის ჯარისკაცთა კომიტეტის გადაწყვეტილებას. ასეულში შედიოდნენ 10 ოფიცერი და 90 ჯარისკაცი, რომელიც ქმნიდა ე.წ. კომიტეტს და ისინი გადაწყვეტდნენ, როგორ ეომათ, ვინ ყოფილიყო მათი მეთაური, ჯარისკაცების გადაწყვეტილება უნდა შეესრულებინათ მათ ოფიცრებს. ამით არმიასაც ბოლო მოეღო და ეს ქართველმა ჩხეიძემ მოიფიქრა. საფუძველი იმისა, რომ ეს გამოუვიდა, იყო მასობრივი უკმაყოფილება, რაც 1914 წელს შემოღებულმა "მშრალმა კანონმა" გამოიწვია.
კანონის გაუქმებით სტალინმა რუსეთი კრიზისიდან გამოიყვანა
თებერვლის რევოლუციას მოჰყვა ოქტომბრის გადატრიალება, ბრესტის ზავი, 1918-ში სამოქალაქო ომი რუსეთში... რუსეთი ვერ დაწყნარდა, კანიბალიზმამდე მივიდა და 1921 წელს ლენინის მთავრობა იძულებული გახდა კაპიტალიზმს დაბრუნებოდა და ნეპ-ი (ახალი ეკონომიკური პოლიტიკა) წამოეწყო. რუსეთს არაფერმა უშველა... 1921-ში ჩვენს მთავრობას რომ ევარგა, რუსეთს საქართველოს დაპყრობის არავითარი შანსი არ ჰქონდა, ის ფეხზე ვერ დგებოდა. რუს ისტორიკოსებს რაზეც ძალიან არ უყვართ ლაპარაკი, ის არის, რომ ლენინმა და ბოლშევიკებმა ყველაფერი შეცვალეს - მთავრობას სახკომსაბჭო დაარქვეს, პარლამენტს - საბჭოები, პეტროგრადს - ლენინგრადი, დედაქალაქი მოსკოვში გადაიტანეს, მაგრამ დატოვეს ერთადერთი კანონი ძალაში - ეს იყო 1914 წლის "მშრალი კანონი", რომელიც პრინციპულად საჭიროდ მიაჩნდათ და რომელიც რუსეთისთვის დამღუპველი აღმოჩნდა.
რა ხდება მერე: 1924 წელს კვდება ლენინი, 1925 წლის იანვარში ძალაუფლებას სტალინი იღებს ხელში და იმავე წლის 26 აგვისტოს მისი ინიციატივით გამოდის ბრძანება, რითიც უქმდება "მშრალი კანონი" და სახელმწიფო იწყებს 40-გრადუსიანი არყის წარმოებას. რამდენიმე თვეში რუსეთის ბიუჯეტი მილიარდებით გაივსო, რუსეთის ეკონომიკა მომენტალურად დაიქოქა, ამას მოჰყვა ინდუსტრიალიზაცია და სხვა... კანონის გაუქმებამ შეწყვიტა ფარული ლოთობა და ფული დაატრიალა. ცხადზე ცხადი გახდა, რომ რუსეთი დაანგრია "მშრალმა კანონმა" (რისი აფიშირებაც რუსებს არ უყვართ) და 1925 წლის 26 აგვისტოს ამ კანონის გაუქმებით სტალინმა რუსეთი კრიზისიდან გამოიყვანა. გავა 60 წელი და 1985 წელს გორბაჩოვის ხელისუფლება მიიღებს "მშრალ კანონს". შეთქმულების თეორიების მომხრე არა ვარ, მაგრამ ფაქტია - ყოფილი ფინანსთა მინისტრი ბარკი ემიგრაციაში გაიქცა და მას ინგლისის მეფემ მემკვიდრეობითი აზნაურის ტიტული მიანიჭა. არც ერთ სხვა რუს ემიგრანტს ინგლისის მეფისგან ასეთი საჩუქარი არ მიუღია. ჩნდება ეჭვი, რომ ბარკს რუსეთის დანგრევა დაუფასეს...
სიფხიზლის ტანჯვისგან გამოხსნილი რუსეთი
მეორედ გორბაჩოვის შემოღებულმა "მშრალმა კანონმა" ისე განაწყო მოსახლეობა, რომ ლოთი ელცინი აქციეს მხსნელად და ბელადად. გორბაჩოვი არ იყო განათლებული ტიპი, მაგრამ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მაშინდელი სსრკ-ის ცეკას დაქვემდებარებაში მყოფ ისტორიის ინსტიტუტებსა და იქ მომუშავე ისტორიკოსებს არ სცოდნოდათ, რომ რუსეთი ერთხელ დაანგრია "მშრალმა კანონმა" და გადაარჩინა მისმა გაუქმებამ. 1985 წელს, როდესაც აპირებდნენ "გარდაქმნის" დაწყებას (ე.წ. პერესტროიკა), მანამდე შემოიტანეს "მშრალი კანონი". რუსეთმა მაშინ ერთბაშად მინიმუმ 300 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალი დაკარგა. წარმოიდგინეთ, რა შემოსავალი დააკლდა რესტორანს, სოფლის მეურნეობას, ტრანსპორტს... შესაძლოა ტრილიონებზეც იყოს საუბარი. ფაქტია, "გარდაქმნასაც" ბევრი შემადგენელი ჰქონდა, ისევე როგორც რუსეთის თებერვლის რევოლუციას. სულ ვაკვირდები და ამ "მშრალ კანონზე" ერთი სტატიაც არ დაწერილა, თუმცა იძებნება უფრო საინტერესო რამ - 2014 წელს რუსები ამბობდნენ, რომ რუსეთი არის პირველი ქვეყანა, რომელმაც 100 წლის წინ ამერიკაზე ადრე შემოიღო "მშრალი კანონი" - ანუ ისინი იმას კი არ წერენ, ამ კანონმა დაგვანგრიაო, პირიქით, ამით ამაყობენ. შესაძლოა ეს ეროვნული კომპლექსია ან სხვა რამ, ყოველ შემთხვევაში, ამ თემის მანკიერებას მალავენ. არის ერთი საგულისხმო გარემოებაც - პუტინი ვერ მოვიდოდა რუსეთის სათავეში, რომ არა ელცინი, და ელცინი ვერ აღზევდებოდა, რომ არა გორბაჩოვი თავისი "მშრალი კანონით" და გეტყვით რატომ: არავინ იცნობდა ელცინს სვერდლოვსკიდან, რომელიც მანამდე საოლქო კომიტეტს ხელმძღვანელობდა, შემდგომ კი მოსკოვის ქალაქკომის მდივნად გადმოიყვანეს. ეს იმ პერიოდს ემთხვევა, როცა მოსკოვში, მავზოლეუმზე 3-4-ჯერ დიდი რიგები იდგა ჯიხურებთან, სადაც სამჯერ გაძვირებული არაყი იყიდებოდა. სამსახურები დაპარალიზდა, იმ პერიოდში ვერც ოდეკოლონს იყიდდი მოსკოვში, მის სმაზე გადავიდნენ რუსები. ეს ყოველივე ხალხის გაღიზიანებასა და აღშფოთებას იწვევდა. ამ დროს გორბაჩოვს ვითომ უმხედრდება ციმბირიდან "ჩამოტანილი" ჩინოვნიკი, რომელსაც შეხედავდი თუ არა, მიხვდებოდი, რომ შენ წინ ლოთი იდგა. ალკოჰოლმონატრებული რუსებისთვის ლოთი ელცინი იქცა ხსნის გზად. უკვე 1988 წელს ელცინი რუსების უპირობო ლიდერი ხდება, რომელმაც რუსეთის ფედერაცია სსრკ-დან გამოყო (სსრკ საქართველოს და სხვა რესპუბლიკების გამოყოფამ კი არ დაანგრია, არამედ იმან, რომ მთავარი შემადგენელი - რუსეთის ფედერაცია გამოეყო, როდესაც მისი ლიდერი გახდა მოსკოვის ყოფილი მერი ელცინი). რომ არა "მშრალი კანონი", ელცინი იმ ადგილას ვერ მოხვდებოდა, იმიტომ, რომ ის ძველი, გორბაჩოვამდელი სტერეოტიპი, რაც სსრკ-ში ლიდერებზე არსებობდა, აბსოლუტურად არ შეესატყვისებოდა ელცინს. მეტიც, ის ამ სტერეოტიპს ანგრევდა, სრულიად მიუღებელი გონებაშეზღუდული ნატურა იყო. დანარჩენი ლიდერები ადამიანებს მაინც ჰგავდნენ. ელცინი სწორედ იმიტომ გახდა პოპულარული რუსეთში, რომ როგორც ტიპური ლოთი აჩენდა იმედს, რომ "მშრალი კანონისა" და სიფხიზლით ტანჯვისგან იხსნიდა რუსეთს. გორბაჩოვისა და სსრკ-ის დამხობაში, ასევე, ელცინის აღზევებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა გორბაჩოვის შემოღებულმა "მშრალმა კანონმა".
დაკარგული მილიონები და სსრკ-ის დაშლის უდიდესი მუხტი
სსრკ-ის დანგრევაში ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ მიღებულ კანონს რომ ლომის წილი უდევს, რუსები გვერდს უვლიან და ჩქმალავენ. 1988 წელს დაიწყეს "მშრალი კანონის" შეჩერება, მიხვდნენ, რომ ბიუჯეტის გაცამტვერება, ეკონომიკის ჩამოშლა, სასურსათო დეფიციტის შექმნა, ანუ ყველა უბედურება, რაც სსრკ-ში ხდებოდა, დიდწილად "მშრალმა კანონმა" განაპირობა. რუსეთის ბიუჯეტმა ასეულობით მილიარდი დაკარგა. სსრკ-ის დაშლაში ყველაზე დიდი მუხტი ეს კანონი აღმოჩნდა და არა ავღანეთის ომი, როგორც თანამედროვე ისტორიოგრაფია გვიმტკიცებს. ისტორიკოსები მთავარზე - რამ გაფატრა სსრკ-ს ბიუჯეტი, არაფერს ამბობენ. ის სწორედ გორბაჩოვის "მშრალმა კანონმა" გაფატრა და არა ავღანეთის ომმა. ამის დასტურია დღევანდელი მდგომარეობა: 2022 წლის თებერვლიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში ნახევარ მილიონზე მეტი ჯარისკაცი აომა და აქედან 200 000-ზე მეტი დაეღუპა. 1979-89 წლებში ავღანეთში საბჭოთა არმიის კონტინგენტი დაახლოებით 100 000 იყო და მსხვერპლი 20 000-ს არ ასცილებია. სსრკ-ის წინააღმდეგ მებრძოლ მოჯაჰედთა რაოდენობა 100 000-ს არ აჭარბებდა, როდესაც უკრაინული არმია 1 200 000 ჯარისკაცს ითვლის. დასავლეთის დახმარება ავღანელებისთვის დაახლოებით 2 000 000 დოლარს შეადგენდა, ხოლო უკრაინისთვის გაწეულმა დახმარებამ დღეს 50 მილიარდს გადააჭარბა. ავღანეთის ომის დროს სსრკ მსოფლიოში მეორე ეკონომიკა იყო, დღეს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა ათეულშიც ვერ შედის. როგორ შეიძლება ავღანეთის ომს დაენგრია სსრკ და მისი ეკონომიკა, როდესაც რამდენჯერმე სუსტი რუსეთის ფედერაცია და მისი ეკონომიკა ჯერ კიდევ ვერ დაანგრია უკრაინის ომმა. მოკლედ, საბჭოთა კავშირი და მისი ეკონომიკა სასიკვდილოდ გორბაჩოვის "მშრალმა კანონმა" დააზიანა. რა თქმა უნდა, გორბაჩოვის ადმინისტრაციამ იცოდა, რომ ეს კანონი სერიოზულ ეკონომიკურ და სოციალურ რყევებს გამოიწვევდა, და მათაც სწორედ ეს სურდათ. სურდათ მოემწიფებინათ საზოგადოებრივი აზრი, რომ საჭირო იყო გარდაქმნა - კერძო საკუთრების დაშვება, საბაზრო ეკონომიკის სეგმენტების შემოღება. ცდილობდნენ შეექმნათ ისეთი გარემო, როდესაც პარტიული ელიტა ლეგალურად შეძლებდა გამილიონერებას და მათ შვილებს მომავლის შიში არ ექნებოდათ. მოკვდა სტალინი, ერთი შვილი ციხეში დაუავადეს და მოუკლეს, მეორე ქვეყნიდან გაუქციეს. მოიხსნა ხრუშჩოვი და მისი მთელი სანათესავო მიწასთან გაასწორეს. მოკვდა ბრეჟნევი, სიძე დაუპატიმრეს, ქალიშვილი გაუმათხოვრეს, საახლობლო გაუნადგურეს. გორბაჩოვსა და შევარდნაძეს სურდათ, დენ სიაოპინის მიბაძვით, ჩინეთის მსგავსად, სსრკ-შიც ისეთი გარემო შეექმნათ, რომ პოლიტიკური ელიტა ახალ არისტოკრატიად ჩამოყალიბებულიყო, რომელსაც თანამდებობრივი ცვლილებები არც სიცოცხლეს დააკარგვინებდა და არც კეთილდღეობას. მაგრამ როგორც როძიანკომ და ჩხეიძემ, გორბაჩოვმა და შევარდნაძემაც ნაბან წყალს ბავშვი გადააყოლეს. "მშრალი კანონით" ელცინი აღაზევეს და სახელმწიფო შემოენგრათ, თუმცა განსხვავებაცაა - როძიანკოსა და ჩხეიძისგან განსხვავებით, გორბაჩოვს, შევარდნაძესა და გარდაქმნის არქიტექტორებს არც პირადი ქონება დაუკარგავთ და არც საერთაშორისო სტატუსი. რაც შეეხება რუსეთს, ამერიკელებისგან განსხვავებით, რომლებმაც აღიარეს "მშრალი კანონის" დამღუპველობა, ის სათოფეზე გაურბის სიმართლის თქმას. ალბათ, რცხვენიათ იმისი აღიარება, რომ მათი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო არა უფალი და სამშობლოს სიყვარული, არამედ არაყი და ლოთობა.