„შეაჩერეთ მშენებლობა, რომ ტვერელის ტაძარი კორპუსით სრულად არ დაიფაროს!“ - კვირის პალიტრა

„შეაჩერეთ მშენებლობა, რომ ტვერელის ტაძარი კორპუსით სრულად არ დაიფაროს!“

მთაწმინდაზე ტვერელის ეკლესიასთან დაწყებული მშენებლობის გამო მოქალაქეთა პროტესტი ახლა არ დაწყებულა, მშენებლობის საძირკვლის გათხრისთანავე დაიწყო. ქანების შერყევამ საუკუნის წინ აგებულ ტვერელის ეკლესიას საფრთხე შეუქმნა. ტაძარი ქართული კულტურის ძეგლია და იმავდროულად, მთაწმინდის განუმეორებელ ხედს ქმნის. თუმცა მშენებლობა მაინც დაიწყო და სანახევროდ წამოიჭიმა კიდეც. ნაგებობამ მთაწმინდა დაამახინჯა და კიდევ ერთხელ შეახსენა მთაწმინდელებს, რამდენად უმნიშვნელოა უბრალო მოქალაქე ხელისუფლებისათვის.

მოგესალმებით პატივისცემით და დიდი ტკივილით. იქნებ ამობრძანდეთ მთაწმინდაზე, შეხედოთ, რას დაამგვანა მთაწმინდა თბილისის მერიის ბარბაროსულმა გადაწყვეტილებამ ტვერელის ეკლესიასთან მრავალსართულიანი ნაგებობის ჩაკვეხებით. არც ისე მცირე ასაკის ქალი ვარ, მთელი სიცოცხლე შემოქმედებით დაწესებულებაში ვმუშაობდი, სადაც საბჭოთა სისტემა განუწყვეტლივ ახორციელებდა ცენზურას, მაგრამ გეფიცებით, ისინი ვერასოდეს გაბედავდნენ ისეთ უსამართლობას, რაც ამ შენობის (და არა მარტო) წამოჭიმვამ თბილისს გაუკეთა, - ახლა მთაწმინდის საგანგებოდ დამახინჯებულ ხედს თბილისის სტუმარ-მასპინძელი ერთად ვუყურებთ", - მოგვწერა ქალბატონმა ნელიმ და გვთხოვა, რომ უფრო ახლოს გვენახა მშენებლობის "შედევრი".

ნელი დოლიძე, ფილოლოგი: - მთელი­ ცხოვრება იმ სახლში მაქვს გატარებული, საიდანაც მთაწმინდაზე ტვერელის ეკლესიასა და მის გარშემო შექმნილ მშვენიერ გარემოს ვხედავდი. უამრავი ქვეყანა მაქვს ნანახი და მსგავსი სილამაზე იშვიათად მეგულება. ამიტომ კიდევ უფრო განვიცდი ასეთი სილამაზის დამახინჯებას. გაიჩეხა საუკუნოვანი მწვანე საფარი, დამახინჯდა თბილისის სავიზიტო ბარათი. ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ გამოჩნდება ვინმე გონიერი და რაც უკვე აშენდა, იმ დონეზე მაინც შეაჩერებს და ცათამბჯენად მაინც არ აქცევს მთაწმინდის ამ სიმახინჯეს.

- მშენებლობა როცა იწყებოდა, მაშინ უფრო მეტად რატომ არ გააპროტესტეთ, ხალხის ძალას ხომ წინ ვერაფერი დაუდგება?

- ხალხს ძალა კი აქვს, მაგრამ ხალხის მოტყუება უფრო იოლია. სანამ ჩვენ ვაპროტესტებდით, მშენებლებმა მოიყვანეს ამწე, მოანგრიეს კლდე და შეუდგნენ მშენებლობას.A არ ვიცი, კორპუსის პატრონები ვინ არიან, მაგრამ არ მესმის, რატომ უნდა უღირდეთ ქალაქის დამახინჯებაში ჩადებული ინვესტიცია. მხოლოდ იმ იმედით დაგიძახეთ, რომ იქნებ ჯერ კიდევ შეიძლება ამ საქმეს ეშველოს. ბოლოს და ბოლოს, იმ დონეზე მაინც შეჩერდეს მშენებლობა, რა დონეზეც ახლა არის, რომ ტვერელის ტაძარი, როგორც არქიტექტურის ძეგლი, კორპუსით სრულად არ დაიფაროს, - გვთხოვა ქალბატონმა ნელიმ დიდი ტკივილითა და მთაწმინდელების სახელით, რომლებიც ძალიან წუხან ულამაზესი ადგილის დამახინჯების გამო. თუმცა ქალაქის მერიაში მხოლოდ ის გავარკვიეთ, რომ თურმე მშენებლობა კანონიერია, ის იმ ბარაკების ადგილზე "დაფიქსირდა", რომლებიც ამ ადგილას მშენებლობის დაწყებამდე იდგა. მაგრამ პასუხი ჩვენც გვაქვს: მოვა დრო, როდესაც ამ ქვეყანაში სამართალი დამკვიდრდება და მსგავსი ბარბაროსობა ღალატად შეირაცხება. იქნებ მაშინ აღარც ამ საქმის დამკვეთები და შემსრულებლები, აღარც ჩვენ ვარსებობდეთ, მაგრამ გვერწმუნეთ, იქნება შთამომავლობა, რომლის ცხოვრებასაც წინაპრის ჩადენილი მძიმე საქმე უეჭველად მძიმე ტვირთად დააწვება. მე პირადად ნამდვილად ვიფიქრებდი ამაზე.