ქართულ-ინგუშური ძმობის სასაფლაო
ალბათ, გსმენიათ, მეორე მსოფლიო ომის დროს ინგუშების შუა აზიაში გადასახლებისა და მათ სახლებში ქართველების ჩასახლების შესახებ. სტალინის გარდაცვალების შემდეგ ინგუშები შუა აზიიდან კი დაბრუნდნენ, მაგრამ უსახლკაროდ დარჩნენ - თავიანთი სახლებიდან ქართველების გამოყრა კი აუკრძალეს, მაგრამ არც სანაცვლოდ მისცეს თავშესაფარი. მაგრამ ქართველებმა, რომელთაც 13 წელიწადი იცხოვრეს ინგუშების სახლებში და უკვე დოვლათიც შექმნეს, აი, რა ჩაიდინეს: ინგუშების დაბრუნების შეტყობისთანავე, დედაბუდიანად დაიწყეს მათი სახლების დაცლა და საქართველოში დაბრუნების სამზადისი. თავიანთი დოვლათიდან კი ინგუშებს ბევრი რამ დაუტოვეს, ეს ყველაფერი მათ სახლებში ცხოვრებით შევქმენით, ამიტომ მათაც ეკუთვნითო: ეზოში ფრინველი დატოვეს, ბოსელში კი პირუტყვი. ამასაც არ დასჯერდნენ, ინგუშებს ქვაბებში ცხელი სადილი დაახვედრეს, ადამიანურ სადილს მონატრებული იქნებიანო, და არა მარტო ამიტომ, ქართველებსა და ინგუშებს ხომ ძმობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვთ. ქართველებს კი ინგუშეთში კიდევ დარჩათ ერთი რამ: საფლავები. მაგალითად, ქართველთა სასაფლაო სოფელ კილიში, რომელსაც ინგუშები თავიანთი წინაპრების სასაფლაოსავით უვლიან. არც ისე დიდი ხნის წინ კი სასწაულიც ჩაიდინეს - მშენებლებს სასაფლაოსგან მოშორებით გადაატანინეს გზის მასშტაბური პროექტი, ვერ დავუშვებთ, ამ გზამ ქართველთა საფლავებზე გაიაროს და სიმშვიდე დაურღვიოსო. ისიც იცოდეთ, რომ ამ სასაფლაოს მოსანახულებლად ქართველებიც ჩადიან საქართველოდან. ჩვენს დროში, ვფიქრობ, ესეც პატარა სასწაულია - არ გამწყდარა ქართულ-ინგუშური ძმობა. მაგალითად, ახლახან დედოფლისწყაროელი გელა თეთრაული წავიდა კილის სასაფლაოზე, წინაპართა შესანდობარი თქვა და ისევ უკან გამობრუნდა. აი, ასე, "უბრალოდ". თუმცა ღმერთმა ხომ იცის, რამხელა სიყვარულია ამ უბრალოებაში", - მოგვწერა ხევსურეთიდან მზია არაბულმა და თან ფოტოებიც გამოგვიგზავნა, სადაც სასაფლაოს აშორებული გზა და ინგუშეთის ქართველთა სასაფლაოა ასახული. ჩვენ გელა თეთრაულს დავუკავშირდით:
- ბატონო გელა, მხოლოდ იმიტომ წახვედით ინგუშეთში, რომ იქ ქართველთა სასაფლაო მოგენახულებინათ?
- ინგუშეთში ჩემი ოჯახიდან არავინ არის დაკრძალული. ჩემი ბაბუა, ჯურხა, რომელიც ინგუშეთში ოჯახით 1944 წელს გადაასახლეს, 1957 წელს დაბრუნდა საქართველოში. მან ინგუშეთში დიდი სახელი დატოვა. ისეთი, რომ ინგუშებიც სოფელს "ჯურხას სოფელსაც" ეძახდნენ. ქართველებიც გადასახლებული იყვნენ, მაგრამ მათთვის ინგუშეთში ცხოვრება უფრო ადვილი იყო, ვიდრე ინგუშებისთვის აზიაში. ინგუშეთი ძალიან ჰგავს ჩემი წინაპრების სოფელ არხოტს, მაგრამ Aარხოტზე გაცილებით მდიდარია, თუნდაც სათიბები ბევრად ახლოა, ვიდრე ხევსურეთში.
- ანუ მშრომელი ქართველობა დოვლათსაც დააგროვებდა.
- ვინც იშრომა, 12-13 წლის განმავლობაში ინგუშეთში მართლაც დააგროვა დოვლათი. ინგუშთა სახლებსაც ხელი შეავლეს და სამომავლოდ მოაწყვეს. თუმცა, როდესაც ინგუშები დაბრუნდნენ, ყველაფერი ხელუხლებლად გადასცეს, რაც სხვა ხალხს არ გაუკეთებია. მაგალითად, ოსებს არ დაუცლიათ ინგუშებისათვის სახლები. ბრძანება იყო ასეთი, დაბრუნებულ ინგუშს არ ჰქონდა უფლება მის სახლში შესახლებული კაცი გამოეგდო. ქართველობამ კი ეს არ იკადრა, რომ უკან დაბრუნებული კაცისთვის მისი ნაშრომი წაერთმია და შორიდან ცქერით გაეწამებინა...
მართალია, ინგუშეთში ჩემი პირდაპირი წინაპარი არ არის დაკრძალული, მაგრამ ქართველები ხომ არიან! გარდაცვლილი მამაჩემის ინგუშებისადმი სიყვარული მაკავშირებს ინგუშეთთან. მამა ინგუშეთში იყო დაბადებული და იქ უამრავი მეგობარი ჰყავდა. მამაჩემმა ეს მეგობრობა მეც მიანდერძა და წავედი მათთან და საფლავების სანახავად. თავი წავუქციე ჩვენს გარდაცვლილებს და წამოვედი. მალე უფრო ბევრი ვაპირებთ წასვლას. ჯერ დავუცდით, რადგან რუსეთს ომი აქვს. ის სასაფლაო ქართულ-ინგუშური ძმობის ნათელი სახეა. წლების წინ, როდესაც ინგუშეთში გამავალ გზას ამ სასაფლაოზე გადავლა უწევდა, ამ ხალხმა პროექტი შეაჩერა. ინჟინრებს უთხრეს, სასაფლაოს გვერდი აუარეთ და გზა ისე გაატარეთო. მშენებლებმა პროექტი შეცვალეს და ტრასა სასაფლაოს შემოვლითი გზით გაატარეს. სოფელში სიყვარულით უვლიან სასაფლაოს, როდესაც ბალახი ამოიწვერება, მაშინვე ცელავენ, რომ იქაურობას მოუვლელობის კვალი არ აჩნდეს. არადა, საფლავები თითქმის წაშლილია, სამაგიეროდ, არის მემორიალი, რომელიც ერთად გავაკეთეთ და ზედ იმ ქართველთა გვარები ამოვტვიფრეთ, ვინც ინგუშეთშია დაკრძალული. მჯერა, რომ მათი სულები ზემოდან დაგვყურებენ, ჩვენც და ინგუშებსაც გვლოცავენ ჩვენი ძმობისთვის.