"100 ლარი თითქოს დიდი არაფერია, მაგრამ შეურაცხყოფილი ვარ" - უფრთხილდით ონლაინთაღლითებს - კვირის პალიტრა

"100 ლარი თითქოს დიდი არაფერია, მაგრამ შეურაცხყოფილი ვარ" - უფრთხილდით ონლაინთაღლითებს

მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, თანამედროვე ხანაში მაინც ხშირად ვხდებით ონლაინთაღლითობის მსხვერპლი. რომ გვგონია, ეს როგორ დამემართება და ასე მარტივად როგორ ტყუვდებიანო, აღმოვაჩენთ, რომ თავადაც მოვტყუებულვართ. მიუხედავად იმისა, რომ შს სამინისტროს სამსახურები ამ პრობლემას ებრძვიან და დროდადრო კონკრეტულ ჯგუფებსა თუ ქსელის მონაწილეებს ავლენენ, თაღლითობის­ მეთოდები მაინც ახლდება. ახლახან სოციალურ ქსელში დიდი დიღმის ჯგუფში პოსტს წავაწყდი, რომელსაცàადმინი წერდა: "წაიშალა მაცივრის პოსტი. როცა ეჭვი შეგეპარებათ, რომ თაღლითობენ, მოგვწერეთ პირადში". პოსტს უამრავი კომენტარი ერთვოდა, რომელთა შესახებაც ქვემოთ გიამბობთ. ახლა კი თვითონ შემთხვევის შესახებ მოგიყვებით. ადმინის წაშლილი პოსტი მაცივრის გაყიდვის შესახებ იყო. ავტორს, კონკრეტული სახელითა და გვარით, რომელიც მის შინაარსს უფრო სარწმუნოს ხდიდა, მითითებული ჰქონდა მაცივრის მონაცემები, რომელი ფირმისაა, როგორი გაყინვის სისტემის, რა ზომის და რა ფასად. ამ ონლაინვაჭრობის შედეგად დაზარალებული ქალი ამბობს, რომ მაცივრის ონლაინგამყიდველს 100 ლარი გადაუგზავნა.

მაცივარი

ლელა: - 100 ლარი თითქოს დიდი არაფერია, მაგრამ შეურაცხყოფილი ვარ და მაცოფებს ის ფაქტი, რომ ხალხს თავმოყვარეობა აქვს დაკარგული. დიდ დიღომში­ ვცხოვრობ და განცხადება რომ ვნახე, გამიხარდა, რა იაფია-მეთქი - 150 ლარად ყიდდა. შვილსაც წაუკითხავს და დამირეკა, დედა, მოდი, ბებიას მაცივარი გამოვუცვალოთო. მეც დავეთანხმე და მივწერე გამყიდველს. მიმოწერა­ შენახული მაქვს. იმ გამყიდველმა მითხრა, ბავშვი მყავს ავად, თორემ არ გავყიდდიო, რაც ძალიან განვიცადე. ახლახან ჩემს მეუღლეს­ თავში აღმოაჩნდა სიმსივნე, ოპერაცია გაიკეთა, ამჟამად სხივურ თერაპიას გადის და ვინმეზე, მით უმეტეს ბავშვზე რომ გავიგებ, ცუდადააო, ჩემი დარდიც მიახლდება. ჯერ საფასურის ნაწილი ჩამირიცხეო­, მითხრა, მეორე ნაწილზე კი მოვილაპარაკეთ, რომ მაცივრის ადგილზე­ მიტანის შემდეგ გადავცემდი. მომწერა, ზესტაფონში­ ვარო. მე ვუთხარი, ეგ უფრო მაწყობს, რადგან მაცივრის ტყიბულში ჩატანა მინდა-მეთქი. არ არის პრობლემაო.

ასეთი ჯგუფებიდან ხშირად ვყიდულობ მეორად ნივთებს და არასდროს პრობლემა არ შემქმნია. რადგან თიბისი ბარათზე უნდოდათ ჩარიცხვა, მე კი ასეთი ბარათი არ მქონდა, ახლობელს გადავარიცხვინე. დედაჩემის მისამართი და ტელეფონის ნომერიც მივწერე.­ კი ბატონო, ახლავე შევფუთავთ­ მაცივარს და გზას დავადგებითო. ადგილზე მიხვალთ თუ არა, გნებავთ მაშინვე დაგირიცხავთ დანარჩენ თანხას, გნებავთ, ხელზე მოგცემთ დედაჩემი-მეთქი. დარიცხე ახლავე, ისე მძღოლი არ მიდისო, მომწერა. მაშინ მივხვდი, რომ მახეში გამაბა. მომწერე მძღოლის ნომერი და მე დაველაპარაკები-მეთქი. ნომერი არ მომწერა,­ ფულს კი ითხოვდა, ჩარიცხე ახლავეო. ჩვენი მოლაპარაკება რომ შევახსენე, ადგილზე რომ მიიტანთ, მაშინ გადმოვგზავნი სრულ თანხას-მეთქი, მერე რა, ახლა სიტუაცია შეიცვალა, ასეა საჭიროო. იმ გოგონას ფეისბუქპროფილზე სვანური გვარი ჰქონდა მითითებული და სვანების ჯგუფში მოვიკითხე, ვეძებ ამა და ამ პიროვნებას ან მის ოჯახის ახლობლებს-მეთქი, მაგრამ არავინ გამომხმაურებია. მთავარი, რამაც მომატყუა, პირადობის ფოტო ჩამიგდო, ესა და ეს ვარო.

- თავდაპირველად ის 100 ლარი ანგარ­იშზე ხომ ჩაურიცხეთ და იმ მონაცემით ხომ შეიძლება მიაგნოთ?

- ჩემი მეუღლის ანგარიშის ნომერიაო, მომწერა. გვარს არ აჩვენებდა, გვარის პირველი ასო იყო მითითებული. ახლა ეს მონაცემები პოლიციას უნდა მივცე.

- როცა მაცივრის ყიდვა გადაიფიქრეთ, უთხარით, თანხა დამიბრუნე, აღარ ვყიდულობო?­

- კი, როგორ არა და მომწერა, აქეთ ველოდები თანხასო!.. მას შემდეგ, რაც დიდი დიღმის ჯგუფიდან მისი პოსტი წაშალეს, კიდევ დადო იგივე პოსტი რემონტების, საბურთალოსა და სხვა ჯგუფებში. ვიღაცამ ისიც დაწერა კომენტარებში, ეს ადრე ავეჯს და ჭურჭელს ყიდდა და თაღლითიაო. ჩემი ახლობელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტია და მითხრა, 100 ლარს არავინ გამოეკიდება და ის თაღლითიც ამ პატარ-პატარა თანხებს იოლად ითვისებსო. შესაძლოა ვიღაცისთვის 100 ლარი არც ისე დიდი ფულია, ჩემთვის კი მნიშვნელოვანია, ჯერ მარტო ემ-ერ-ტეზე 620 ლარს ვიხდით თვეში. შიშით მივდივარ ხოლმე, მეყოფა თუ არა ოჯახის ბიუჯეტი მეუღლის პროცედურიდან პროცედურამდე, პლუს წამლები. თუმცა 100 ლარზეც არაა საქმე, ადამიანობაზეა. შეურაცხყოფილი ვარ. ამ ამბავს ასე არ დავტოვებ!

"კვირის პალიტრა" დიდი დიღმის გვერდის ადმინისტრატორსაც დაუკავშირდა: "ეს პოსტი ჯგუფის წევრებმა დაარეპორტეს. მიმოწერის სქრინები მაჩვენეს და ამის შემდეგ წაიშალა. ეს პირველი ინციდენტია, რაც ჩვენს ნივთების გაყიდვის ჯგუფში შევამჩნიე. ხშირად დახმარებებს ითხოვენ ხოლმე­ და იმასაც აღარ ვადასტურებ, თუ ჩვენი უბნელი არ არის".

სმენის აპარატი

ჩვენი შემდეგი რესპონდენტი ნატალია "კვირის პალიტრის" აქტიური მკითხველია და ამბობს, რომ ფიშინგის თემაზე ჩვენმა ხშირმა პუბლიკაციებმა გადაარჩინა თაღლითების მახეში გაბმას.

ნატალია: - ნეიროსენსორების დაქვეითების გამო შშმ სტატუსი მაქვს. 2 წელია ვმკურნალობ თურქეთში. მართალია, თურქეთში კარგი სპეციალისტები არიან, მაგრამ მკურნალობა ძალიან ძვირია. ჩემი დაავადება არ იკურნება, მაგრამ შესაძლებელია მისი მართვა. ამ პრობლემას ერთვის სმენის დაქვეითებაც - ცალ ყურში მეოთხე ხარისხის დაქვეითება მაქვს, მეორეში - მესამე. ამიტომ სმენის აპარატს ვხმარობ, რომელიც 6 ათასი ლარი ღირს. არადა, ეს აპარატი ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ყოველ თვეში 800-900 ლარი მაინც მჭირდება. მოკლედ, დაგროვდა ეს ყველაფერი და ფინანსური კრიზისი შემექმნა. გამოსავალი რომ ვერ ვიპოვე, გადავწყვიტე სმენის აპარატი გამეყიდა. სხვა გზა აღარ მქონდა, ნივთიც აღარ დამრჩა სახლში გასაყიდი. ვიფიქრე, წავალ ჯანდაცვაში და უბრალო, 700-ლარიან აპარატს გამოვიტან-მეთქი.

- რომელ საიტზე დადეთ განცხადება გაყიდვის თაობაზე?

- Mymarket.ge-ზე. 6.000-ლარიან აპარატს, რომელსაც ჯერ კიდევ მოქმედი ჰქონდა საგარანტიო ფურცელი, 2.000 ლარად ვყიდდი. განცხადების დადებიდან 10 წუთში ვოტსაპში დამიკავშირდნენ. ვიღაცამ რუსულად მომწერა, რომ დიდი ხანია ეძებდა ასეთ აპარატს, მთელი დეტალები გამომკითხა, ამიტომ არ შემპარვია ეჭვი. გამომკითხა, რა ფუნქციები აქვსო და მეც ვუხსნიდი. ისიც მადლობებს მითვლიდა. თუ ჩემნაირი პაციენტი არა ხარ, ვერ დასვამდი იმავე კითხვებს და იმიტომ არ დავეჭვდი. ვრცელი მიმოწერის შემდეგ მომდის მესიჯი, ხაშურში ვარ და კურიერს მე გამოვიძახებ, დავაფინანსებ მის მომსახურებასო. ხმოვან შეტყობინებებსაც მიგზავნიდა, ქალი იყო...

კულმინაცია იყო სიტყვები: "მომეცით თქვენი საბანკო მონაცემები". აი სწორედ ამ დროს დავეჭვდი. ვუხსნიდი, რაში გჭირდება ჩემი ბარათის მონაცემები,­ როდესაც შენ უნდა ჩამირიცხო ფული-მეთქი. მან ჩამიგდო სქრინი,­ თითქოს კურიერის მომსახურებისთვის გადახდილი ჰქონდა თანხა. მოკლედ, მივხვდი, რომ თაღლითი იყო და უცებ საკუ­რიერო მომსახურების საიტზე შევედი, რომლის სქრინიც ჩამიგდო,­ აქ გადავრიცხე მომსახურების თანხა, რომ სმენის აპარატი ხაშურში ჩამომიტანონო, მისამართიც ჰქონდა მითითებული. ცხელ ხაზზე­ დავრეკე ამ ორგანიზაციაში და მაშინვე მკითხეს, Mymarket.ge-ზე გასაყიდი ნივთი დადეთო? ოპერატორმა­ მითხრა, არავითარ შემთხვევაში პირადი ინფორმაცია არ მისცეთ­, რადგან ჩვენი სამარკო ნიშნით­ თაღლითური ჯგუფები სარგებლობენო. ჩემმა მეგობარმა მისწერა იმ ქალს, ჩვენ გავარკვიეთ საკურიერო მომსახურების ამბავი, გვითხრეს, რომ თაღლითთან გვაქვს საქმე და რამე ხომ არა გაქვთ სათქმელიო... პასუხად იმ ქალმა ჩვენი მიმოწერა დაბლოკა.

- ქართული ნომრით რეკავდა?

- დიახ. წავედი პოლიციაში და დავწერე განცხადება - როგორც ვიცი, შს სამინისტრო დროდადრო შიფრავს ქსელურ თაღლითურ სქემებს - მაგრამ გაეცინათ, ეგ ხაშურის მისამართიც მოგონილია და ეს ტელეფონიც ერთჯერადი ნომერიაო. დიდი იმედი მაქვს, რომ ის თაღლითი უკვე დაკავებულია. მჯერა, რომ ასეთი­ ადამიანები დაუსჯელი არ დარჩებიან.