„სამწუხაროდ, ხელოვნება ვერ ცვლის პოლიტიკას, თუმცა პოლიტიკა ხშირად ცვლის ხელოვნების მიმართულებას და ხელოვანთა ბედს“ - კვირის პალიტრა

„სამწუხაროდ, ხელოვნება ვერ ცვლის პოლიტიკას, თუმცა პოლიტიკა ხშირად ცვლის ხელოვნების მიმართულებას და ხელოვანთა ბედს“

სცენის წინ ვზივარ, ნელ-ნელა შუქი ქრება და სცენაზე მსახიობი გამოდის. სპექტაკლი დაიწყო. უეცრად თავი მოხუცთა თავშესაფარში ამოვყავი და შორიდან დავიწყე მათი ცხოვრებისთვის­ თვალის დევნება, ზოგჯერ მათი ნაწილი ვხდებოდი და იმავეს განვიცდიდი, რასაც თავად გრძნობდნენ... ბრიტანელი მწერლის, დრამატურგისა და სცენარისტის რონალდ ჰარვუდის პიესა "კვარტეტის" მიხედვით შექმნილი ეს უკვდავი სპექტაკლი ბატონმა გოჩა კაპანაძემ დადგა. მას შემდეგ უამრავი წელი გავიდა, ბევრი გამორჩეული სპექტაკლი შექმნა, ბოლოს ოპერა "დაისზეც" იმუშავა და დღეს სიცილიაშია მიწვეული ამავე ოპერის დასადგმელად. რეჟისორს იტალიაში დავუკავშირდით:

- ხელოვანი სხვანაირად ხედავს მოვლენას, პეიზაჟს, ზღვის აღელვებას... ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაა სასწაული. დილით რომ იღვიძებ, უნდა გიხაროდეს. შეიძლება პატარა, უმნიშვნელო მოვლენამ შენში განახლება გამოიწვიოს და საოცრად გაგახაროს. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რა გვაქვს გასახარი ამდენი ნეგატივის დროსო. რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანის ტვინს აქვს შესაძლებლობა, რომ დაბლოკოს ნეგატივი. თუ შეგიძლია იმოძრაო, იფიქრო, ეს უკვე განახლებაა. განახლებაა სხვისი სილამაზით აღტაცება, სხვისი ნამუშევრით აღფრთოვანება, განახლებაა კარგ გუნებაზე დადგომა და მერე ეს ყველაფერი გადამდებია. მე ყველანაირი თეატრი მომწონს. მიყვარს ძველი ჰეროიკული თეატრიც, ფსიქოლოგიურიც, მიყვარს წარმოსახვის თეატრიც, მიყვარს თანამედროვე თეატრი მოდერნისტული აზროვნებით და თამამი ექსპერიმენტებით, ოღონდ ის თამამი ექსპერიმენტი მაყურებელზე უნდა მოქმედებდეს.

- როდის ძველდება სპექტაკლი?

- ამბობენ, სპექტაკლს მაყურებელი კლავსო, მე კი ვფიქრობ, რომ არ კვდება... რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ "კავკასიური ცარცის წრე" დაგვავიწყდეს?

- როგორ ფიქრობთ, ვინ ემტერება მუდამ ძველს და ახალს?

- ცენზორები ყოველ­თვის იქნებიან, მაგრამ პირველი შენ უნდა გათავისუფლდე იმ პატარა მონსტრებისგან, რომელიც გყავს. ბებია რეპრესირებული­ მყავდა და ერთხელ მე და ჩემს ძმას გვითხრა, თავისუფალი უნდა იყო ყველგან, ციხეშიც, გადასახლებაშიც, იცოდე, არასოდეს არავინ დაასმინო, თუ ვინმემ ცუდი ჩაიდინაო... ეს დარიგება მთელი ცხოვრება­ გამომყვა. აი, იმ ჩემმა დიდმა თაობამ ჩადო ჩვენში სიკეთის კეთება. ამიტომ ძველი და ახალი ერთად არიან ერთმანეთში. თუ შენ გჯერა განახლების, ყველაფერი გამოგივა.

ხელოვანები ვცდილობთ ჩვენი ენით ვისაუბრობთ იმ პრობლემატიკაზე, რაც არის თითოეულ ჩვენგანში. სხვათა შორის, ამ მხრივ ძალიან თანადროულია "დაისის" სიუჟეტი: პოლიტიკური ვითარება დაძაბულია, მტერი შემოვიდა, სისხლი იღვრება. ქვეყანა ქაოსშია და ამ ფონზე ვითარდება სიყვარულის ისტორია. ადამიანები ბედნიერებისაკენ მიილტვიან. თანდათანობით ოცნებებიც იმსხვრევა, მაგრამ ისევ ოპტიმისტურად მთავრდება, რადგან ცხოვრება არ ჩერდება. აი, ამაზეა ეს წარმოდგენა... სანამ აქ ჩამოვიდოდით, ახალი პრემიერა ვითამაშეთ ინდოეთში - იგავ-არაკების მიხედვით დავდგით სპექტაკლი. შემდეგ თბილისშიც ვითამაშეთ საპრემიერო სპექტაკლები. მალე ჭიათურის თეატრში დავდგამ "დარისპანის გასაჭირს", ბათუმში რევაზ ლაღიძის ბრწყინვალე ოპერას "ლელას", საშემოდგომოდ კი ოზურგეთის თეატრში ვემზადებით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ პიესის დადგმისათვის.

- შეუძლებელია არ გავიხსენოთ "მოხუცი ჯამბაზები".

- მოხუცი ჯამბაზები" განსაკუთრებულ სპექტაკლად დარჩა. ეს დიდი არტისტების, ლეგენდების დამსახურებაა. დასანანია, რომ დღეს ჩვენ გვერდით აღარ არიან. "მოხუცი ჯამბაზები" 12 წელიწადი ანშლაგით მიდიოდა... კახი კავსაძე ურეპეტიციოდ არ გავიდოდა სცენა­ზე. არც სხვები არ აძლევდნენ თავს ამის უფლებას. მახსოვს, ბოლოსწინა სპექტაკლია და ბატონ კახის ყურსასმენი სახლში დარჩა. დაიწყო სპექტაკლი და მოვიდა დრო მისი პერსონაჟის გასვლის. დაიწყო ყვირილი, სად არის ჩემი ყური, სად არისო. ჯემალ ღაღანიძე პასუხობს­, კახიჯან, ყური ნახე, სად გაქვს, ჩაიხედე სარკეში და დაინახავო. არა, კაცო, მესამე ყურიო... ვერ მივხვდით, რა ყურზე იყო ლაპარაკი. ამ დროს გურამ საღარაძის ხმა მესმის:­ "მგონი, კახიმ გარეკა". "აი, ის მინდა, ვერიკო ანჯაფარიძეს რომ უჭირავს ხელში, "რაც გინახავს, ვეღარ ნახავში"... მე გული მისკდება, მესამე ზარია დარეკილი. საბედნიეროდ, ბატონი კახის ძმა, იმერი, რომელიც ყოველთვის ესწრებოდა მის სპექტაკლებს, გავარდა სახლში, მოძებნა­ ყურები და როგორც კი გაიკეთა კახიმ, დავიწყოთო! დავიწყეთ და, 5 წუთში გამოდის და გვეუბნება, არაფერი არ მესმისო. ბატარეა ყოფილა დამჯდარი... ბოლოს მოიკრიბა ძალა და, ბოლომდე ითამაშა. მას შემდეგ ერთი "ყური" მუდმივად თეატრში ჰქონდა. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არტისტს ასაკი არა აქვს. ერთადერთი, ვინც დარჩა იმ პირვე­ლი შემადგენლობიდან, მარინა კახიანია, ყველაზე უმცროსი იყო, ღმერთმა­ კარგად ამყოფოს.

- პოლიტიკამ კულტურა ჩაყლაპა? დღეს რა ხდება თეატრში?

- ძალიან საინტერესო პროცესებია. 21-ე საუკუნის თეატრი უფრო დაუახლოვდა ადამიანს. ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში მსახიობის თეატრი იქნება დომინანტი, ოღონდ მსახიობები რეჟისორის გარეშე ამას ვერ მიაღწევენ.

ერთხანს ყველა გავპოლიტიკოსდით, მაგრამ ზოგმა რაღაცნაირად მოვახერხეთ განზე გადგომა. არსებობს ასეთი ცნება - პოლიტიკური თეატრი,­ რომლის დიდი ფუძემდებელი იყო ბრეხტი, საბჭოთა იმპერიაში კი ბატონი რობერტ სტურუა, რომელმაც პოლიტიკური თეატრი იმ დონეზე აიყვანა, რომ აბსურდსა და რეალურს შორის განსხვავება წაშალა. ეს იყო იგავებითა და ნიღბებით აზროვნება... სამწუხაროდ, ხელოვნება ვერ ცვლის პოლიტიკას, თუმცა პოლიტიკა ხშირად ცვლის ხელოვნების მიმართულებას და ხელოვანთა ბედს.

- როგორ ფიქრობთ, როგორ აისახება უკრაინის ომი ჩვენს კულტურაზე?

- ომი არა მარტო ჩვენს, არამედ მსოფლიო კულტურაზე აისახება. უკვე დაიწყო­ სპექტაკლების, რომანების, ლექსების, გამოფენების, კონცერტების, ფილმების პრემიერები სხვადასხვა ქვეყანაში და გამონაკლისი საქართველო ვერ იქნება. ფალიაშვილის "დაისი" ზუსტად პასუხობს იმ პრობლემებსა­ და კითხვებს, რაც საუკუნის­ წინ აწუხებდა მსოფლიოს. "თავისუფლება­ დღეს ჩვენი"... - ამ სიტყვებს მღერიან დღესაც ოპერის ერთ-ერთი გმირი და გუნდი იტალიურ ენაზე. უკრაინის ომმა ეს ყველასათვის ხილული გახადა.

რუსუდან შაიშმელაშვილი