„ჩვენამდე 27 ვიდეო მოვიდა, სადაც ასახულია შშმ პირებზე სექსუალური ძალადობა“
"შშმ ქალთა ალიანსი-აჭარის" ხელმძღვანელმა დეა ერემაშვილმა აჭარის პროკურატურას განცხადებით მიმართა და შშმ ბავშვების სექსუალურად შევიწროების შემთხვევების გამოძიება მოითხოვა. მისი თქმით, არსებობს ვიდეოფირები, რომლებიც მის მონაყოლს ადასტურებს და სწორედ ეს მასალა გადასცა სამართალდამცავებს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 8-დან 18 წლამდე გოგონებზე. როგორც ჩანს, ნაცნობი მამაკაცები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ, ბავშვებს სთავაზობდნენ მათთან ერთად გასეირნებას, კანფეტების და რაღაცების ყიდვას, ამის მერე სთხოვდნენ შიშველი კადრების გადაღებას და მათთვის გაგზავნას, შემდეგ კი ავრცელებდნენ შიდა ჯგუფებში. როგორც ამბობენ, ისეთი ვიდეოებიც არსებობს, სადაც დიალოგები მიდის გოგონებსა და მოძალადე კაცებს შორის და სადაც პირდაპირ სთავაზობენ გოგონებს სექსს. ეს ხდებოდა როგორც ბათუმში, ასევე თბილისსა და ქუთაისში (საუბარია ერთნაირი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე).დეა ერემაშვილის განცხადებას ძალოვანთა მყისიერი რეაგირება მოჰყვა. შს სამინისტრომ 7 ივნისს სმენადაქვეითებული არასრულწლოვანი გოგონების სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით, მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. "შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე წლის 6 ივნისს თბილისის, აჭარისა და იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე მომართვების საფუძველზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო. თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, უკვე გამოიკითხნენ მომართვის ინიციატორი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არაერთი პირი, ასევე მიმდინარეობს არსებული საქმის მასალების შესწავლა. რაც შეეხება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში მუქარის ფაქტზე სს კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარე გამოძიებას, დადგინდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების გამო 1985 წელს დაბადებული ე.მ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ.მ.-ს. მყისიერად ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი რელევანტური პირები. გამოძიების პირველად ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მუქარის ბრალდებით დაკავებული იქნა ე.მ.", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. პროკურატურამ დაკავებული პირისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. ამ უწყების განცხადებაში უკვე არასრულწლოვანი შშმ პირისა და მისი მშობლის მიმართ მუქარის ფაქტზეა საუბარი: "გამოძიებით დადგინდა, რომ შშმ სტატუსის მქონე არასრულწლოვანი სოციალური ქსელით პროტესტს გამოთქვამდა შშმ პირებზე შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტებზე, რის გამოც ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მას და მის მშობელს. მას ბრალად ედება მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და შშმ პირის მიმართ, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უკვე იმსჯელა აღკვეთის ღონისძიებაზეც. მართალია, დაცვა ითხოვდა ბრალდებულის 4.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და მას პატიმრობა შეუფარდა.ყველაფერი დაიწყო სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებით, რასაც დიდი განხილვა მოჰყვა.
დეა ერემაშვილი: - ახლობელი დამიკავშირდა, რომელმაც მითხრა, რომ შესაძლოა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონებზე ძალადობდნენ. ამის შემდეგ ვთხოვე დამხმარებოდა ინფორმაციის შეგროვებაში. მითხრეს, როგორ ვრცელდებოდა გოგონებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოები შიდა ჩატებში. ბავშვების ასაკი 8 წლიდან იწყება. შშმ პირები არიან. სხვათა შორის, მოძალადეებიც შშმ პირები არიან, 30-35 წლის. ისინი ერთმანეთს იცნობენ. ჩვენი განცხადების შემდეგ საქმეში პოლიცია ჩაერთო და მყისიერად მოხდა რეაგირება. პრობლემაა, რომ ქვეყანაში არ არის ინკლუზია და ამ ადამიანებს არა აქვთ სექსუალურ განათლებაზე ინფორმაცია. არა აქვთ ცნობიერება ისე, რომ იცოდნენ, რატომ არ უნდა გაუგზავნონ ვიღაცას ვიდეოები.
- ვიდეოები ვინ გადაიღო?
- თავად გოგონები იღებდნენ, სამწუხაროდ, ისინი ვერ აცნობიერებდნენ, რა უშავდებოდათ ამით, როცა მათ სთხოვდნენ ვიდეოების გადაღებას. ჩვენამდე დაახლოებით 27 ვიდეო მოვიდა, სადაც ასახულია არა მარტო სექსუალური ძალადობა, არამედ სქესობრივი აქტიც.
არავინ უყურებს სერიოზულად ამ პრობლემას, რომლის სათავეა სეგრეგაცია... შშმ პირებისთვის მხოლოდ დახურული სკოლებია, მათი სოციუმისგან მოწყვეტა დაუშვებელია. ასეთ პირებს სხვა ქალაქში უწევთ სერვისის მიღება, რადგან ყველგან ხელმისაწვდომი არ არის. უმრავლესობის ოჯახებს ხშირად არა აქვთ ამის შესაძლებლობა და რჩებიან სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისების გარეშე. ამის გამო დამოუკიდებელ ცხოვრებაში ხელი ეშლებათ. ინფორმაციის მიღების ძალიან მწირი საშუალებების გამო მათ ცნობიერების დაბალი დონე აქვთ და როცა ასეთ პირს უფროსი ადამიანი ეუბნება, რომ ესა და ეს უნდა გააკეთოს, ეს მისთვის ნორმალურია, ფიქრობს, რომ უნდა დაემორჩილოს. მან არ იცის, სხვაგვარადაც თუ შეიძლება მოქცევა, არაფერი იცის თავის უფლებებზე. უჭირს იმის გაგებაც, რა არის ძალადობა.
ძალზე მწვავე პრობლემაა ყრუთა თემის სეგრეგაცია. სკოლებში არ ისწავლება ჟესტური ენა და მათთან კომუნიკაცია შეუძლებელია.
დადგინდა, რომ ეს საშინელება 3 წელზე მეტია მიმდინარეობს, მაგრამ ხმას ვერავინ იღებდა. გამოძიება მიმდინარეობს. ვნახოთ, რა გაირკვევა და დააკავებენ თუ არა სხვა ბრალდებულებს ძალოვნები.