„ჩამოდით, მიშველეთ!“, ანუ როცა ქმარი მოძალადეა
ოჯახური ძალადობა მაშინ ხშირდება, როცა საზოგადოება გულგრილი ხდება სხვისი პრობლემების მიმართ, ან სულაც ფორმულირება "სხვის საქმეში არ ვერევი" წინსაფარივით აქვს აკრული. რამდენი უბედურება მომხდარა, რამდენი დანაშაული მიჩქმალულა საზოგადოების ასეთი დამოკიდებულებით, ვინ მოთვლის?! ამას წინათ ზედიზედ გავრცელდა ორი შემზარავი ინფორმაცია, თუ როგორ მოკლა ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ცოლი, რომელთანაც წლებია გაშორებული იყო. ასეთ შემთხვევებზე დღემდე მიკვირს ადვოკატის კომენტარები, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს ბრალდებულის დაცვას. რით უნდა გამართლდეს ქალზე აღმართული ხელი, მით უფრო, როცა სიკვდილით მთავრდება ძალადობა და ობლდებიან ბავშვები. რა თქმა უნდა, ოჯახურ კონფლიქტებში არ არსებობს სრულიად მართალი ან ყველაფერში დამნაშავე რომელიმე მხარე, თუმცა არსებობენ მანიაკებიც, რომლებიც სასწაულად ახერხებენ სხვების თვალში უცოდველად გამოჩენას, ოჯახში, მეუღლესთან პირისპირ დარჩენილი კი ურჩხულად გადაიქცევიან ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ერთი სანდომიანი ქალი დამიმეგობრდა და გულახდილად გამანდო თავისი უმცროსი დის ამბავი, თუმცა მაშინ მთხოვა, დასაწერად არ გიყვები, უბრალოდ, მომინდა ჩვენი ოჯახის ტკივილი გამეზიარებინაო. ზემოხსენებულმა მკვლელობამ მისი ნაამბობი გამახსენა და შევეხმიანე. ვთხოვე, ნება მოეცა შეცვლილი სახელებით მკითხველისთვის მომეთხრო ის გაუგონარი ამბავი, რამაც კინაღამ შეიწირა 24 წლის ქალი. მას დროულად რომ არ გამოსარჩლებოდა მეზობლის კაცი და არ დაეცვა მოძალადე ქმრისგან, დღეს ის ცოცხალი აღარ იქნებოდა.
ყველაფერს თავიდან გიამბობთ: ჯავახაძეების ოჯახმა წლების წინ რუსეთში წასვლა გადაწყვიტა. იქ სამუშაო ელოდებოდა ოჯახის მამას, ზურაბს. აქ კი, როცა სამსახურიდან უსიამოვნო ფაქტის გამო დაითხოვეს, ვერსად ვერაფერი იშოვა. ბანკიდან დიდი სესხი ჰქონდა გამოტანილი, სანაცვლოდ ბინა იყო ჩადებული. ბინა რომ არ დაეკარგათ, სასწრაფოდ რამე უნდა ეღონათ. ზურაბს რუსეთში ბიძაშვილი ჰყავდა, რომელიც სამშენებლო ბიზნესში იყო ჩართული და ჰპირდებოდა დასაქმებას. ზურაბმა ცოლიც თან გაიყოლა. ფიქრობდნენ, რომ 5 წელიწადში მოაგვარებდნენ პრობლემებს და შინ დაბრუნდებოდნენ. სახლში ბებია და ორი ქალიშვილი დარჩნენ. უფროსი ნელი სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად, უმცროსი თამუნა კი ერთ წელიწადში ამთავრებდა სკოლას და იურისტობაზე ოცნებობდა. ზურაბის დედას ჯერ კიდევ შეეძლო საოჯახო საქმეების გაძღოლა, ასე რომ, ცოლ-ქმარი იმედიანად გაემართა "დიდ" რუსეთში.
ნელი ყურადღებიანი და იყო, სულ ამოწმებდა და ამეცადინებდა თამუნას. ბებოც მზრუნველობას არ აკლებდა შვილიშვილებს. თამუნამ კლასელის დაბადების დღეზე 8 წლით უფროსი კახა გაიცნო. მას უკვე დამთავრებული ჰქონდა იურიდიული და ციხეში მუშაობდა. თამუნა დანახვისთანავე მოეწონა. გოგონასაც თვალში მოუვიდა. ბევრი საერთო ინტერესი აღმოაჩნდათ და ბიჭის შემოთავაზებაზე, შეხვედროდნენ ერთმანეთს, უარი არ უთქვამს. პირველი პაემნის მერე შეხვედრებს მოუხშირეს. თავიდან, იმ მეგობრის გარდა, რომლის ოჯახშიც კახა გაიცნო, არავინ იცოდა მათ სიყვარულზე, მაგრამ როცა პარკში სეირნობისას შემთხვევით გადააწყდნენ ნელის, თამუნამ დას ყველაფერი უამბო. ნელი მშვიდად შეხვდა ამ ამბავს, კახა კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მუშაობდა და კარგი ოჯახიშვილიც იყო. არც ბებოს შეუცხადებია სიახლე.…ერთადერთი რჩევა, რაც თამუნას მისცეს, ის იყო, რომ სწავლაზე გული არ აეცრუებინა: გენაცვალოს ბებო, ჯერ ბევრი უნდა ისწავლო. შენი მშობლებიც დაბრუნდებიან და მერე გაჰყევი კახას, არ აჩქარდეო, არიგებდა შვილიშვილს...
თამუნა ჩაირიცხა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. მშობლებიც ჩამოვიდნენ, მიულოცეს ქალიშვილს სტუდენტობა. გოგომ თავისიანებს შეაპარა, კახას მშობლებს თქვენი გაცნობა უნდათო. კახას მშობლებმა მოულოდნელად, თამუნამაც რომ არ იცოდა, ნიშანი მოიტანეს, დიდხანს გაწელილი არაფერი ვარგა, ჯობს, მალე დავაქორწინოთო, და თამუნამ უარი ვეღარ თქვა, არადა, გათხოვებას არ ჩქარობდა. უფროსები შეთანხმდნენ და სამ კვირაში ქორწილიც გადაიხადეს...
ზურაბი ცოლთან ერთად ისევ რუსეთში წავიდა. ნელი და ბებო კი ძველებურად ცხოვრობდნენ. უსაზღვროდ უხაროდათ, როცა სტუმრად მისული თამუნა აღფრთოვანებული უყვებოდა უნივერსიტეტისა და ახალი ოჯახის შესახებ. რამდენიმე თვის შემდეგ კახა შეიცვალა. თუკი თავიდან ყურადღებიანი, თბილი და მზრუნველი ქმრის როლს თამაშობდა, მერე და მერე ვეღარ დამალა ავი ზნე. ყველაზე ეჭვიანობდა და ყველაფერზე უშარდებოდა ცოლს. ერთხელ სტუმრად ყოფნის დროს ისე იეჭვიანა სტუმარ მამაკაცზე, რომ იქიდან ნაადრევად წამოიყვანა ფეხმძიმე ცოლი და შინ მისულს შავი დღე აყარა: სუფრასთან ბევრი ლამაზი ქალი იჯდა და რაღა მაინცდამაინც შენ გიყურებდა, ალბათ, საბაბი მიეციო. ამის მერე კვირა არ გავიდოდა, ცოლ-ქმარს არ ეჩხუბა. დედამთილი თამუნას არწმუნებდა, ძალიან უყვარხარ და იმიტომაც ეჭვიანობს, დრო გავა, ბავშვები გეყოლებათ და კახაც დაღვინდებაო. თამუნა განიცდიდა კახას უსაფუძვლო ეჭვიანობას, მაგრამ გულის სიღრმეში ეთანხმებოდა დედამთილს და ბებოს და დას არაფერს უმხელდა. მხოლოდ იმ ერთ მეგობარს შესჩივლებდა ხოლმე ქმართან კონფლიქტს, ვისთანაც კახა გაიცნო. ლია არ იზიარებდა თამუნას დედამთილის ნააზრევს და დაბეჯითებით ეუბნებოდა, ნუ გადაიქცევი მორჩილ ცოლად, წამოდი სახლიდანო. თამუნა კი ითმენდა, უყვარდა თავისი ეჭვიანი ქმარი და იმედი ჰქონდა, ადრე თუ გვიან, კახა სასიკეთოდ შეიცვლებოდა.
მალე ბავშვი გაჩნდა. თამუნამ აკადემიური აიღო და მათ ოჯახში სიმშვიდე სუფევდა. ერთი წლის მერე გააგრძელა სწავლა და ჯოჯოხეთიც დაიწყო. კახა იმდენად არაადეკვატური იყო, ქალებზეც კი ეჭვიანობდა. ვერ იტანდა, თუ რომელიმე მეგობრის ან კურსელის მიმართ სითბოს გამოამჟღავნებდა თამუნა, ბებოს და დის სანახავად რომ წავიდოდა, ასჯერ მაინც დაურეკავდა, ან მოულოდნელად დაადგებოდა თავს. ერთ დღესაც ნელიმ ტირილით დაურეკა უმცროს დას, ბებო აღარ გვყავსო. თამუნა მაშინვე კახას შეეხმიანა (გაფრთხილებული იყო ქმრისგან, ყოველი შენი ნაბიჯი გამაგებინეო), ქმარმა კი მკაცრად უთხრა: საღამოს ცხრამდე ვერ მოვალ, დამიცადე და ერთად მივიდეთო. რას დაიცდიდა? მისი საყვარელი ბებია აღარ იყო, ნელი კი იქ მარტო იმდუღრებოდა. ბავშვი დედამთილს დაუტოვა და გავარდა დასთან. კახა გვიან მივიდა მათთან. განრისხებას ვერ მალავდა. მეზობლები და ნათესავები უკვე შეკრებილიყვნენ, მეორე დღისთვის ზურას და თინას ჩამოსვლას ელოდნენ. კახამ კონფლიქტი ვეღარ გაბედა, მაგრამ ცოლი მაინც გაიყვანა გვერდზე და საყვედურებით აავსო... ამით არ დასრულებულა უსიამოვნება. შინ რომ დაბრუნდნენ (დასთან არ დატოვა იმ ღამეს, ბავშვი იტირებსო), ისეთი ჩხუბი აუტეხა, გარდაცვლილი ბებია დაავიწყა.
გავიდა კიდევ ერთი წელი. კახას მშობლებმა ახალგაზრდებს ბინა უყიდეს, ბავშვს ძიძა დაუქირავეს, თამუნას სწავლაში ხელი რომ არ შეშლოდა, დედამთილიც ხშირად დადიოდა მათთან... ნელის გაუჭირდა ბებიის გარეშე სახლში მარტო ყოფნა. მართალია, თამუნამ თავისთან გადასვლა შესთავაზა, მაგრამ ნელი ატყობდა, რომ სიძეს მაინცდამაინც არ ეხატებოდა გულზე და უარი უთხრა. სტუმრადაც მაშინ მიდიოდა, როცა კახა სახლში არ იყო. მერე მშობლებმა იხმეს, ჩვენთან წამოდი, აქ რამე სამუშაოს გიშოვით და მერე სამივე ერთად დავბრუნდებითო.…დიდხანს არც უფიქრია, ჩაალაგა ერთი პატარა ჩანთა და მშობლებთან გაემგზავრა.
კახამ მარტო რომ დაიგულა თამუნა, აფრები აუშვა. გოგო მესამე კურსზე იყო და იმაზედაც ნერვები ეშლებოდა, ლექციებზე რომ დადიოდა. ერთხელ თამუნამ სულ რაღაც ოცი წუთი დააგვიანა შინ მისვლა, სამსახურში ვეღარ გაჩერდა და უნივერსიტეტისკენ გაეშურა. გზაში ასცდნენ ერთმანეთს. სახლში მისულს უკვე შინ დაუხვდა თამუნა, მაგრამ ეჭვით შეპყრობილი კახას დაწყნარება არ იყო იოლი, ერთიანად კანკალებდა და ცოფიანივით უყვიროდა ცოლს... ხმაურზე მეზობლის კაცმა მიაკითხა, ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდებათო. ნამტირალევმა თამუნამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ უარის ნიშნად თავი გაუქნია მეზობელს... კახა ამაზე კიდევ უფრო გადაირია. კაცი რომ გაბრუნდა, ცოლს სწვდა და სცემა: ალბათ, ეს კაცი ხშირად გნახულობს, როცა მე სახლში არა ვარო. მეორე დღეს თამუნამ დედამთილს ყველაფერი უამბო, ჩალურჯებული ადგილებიც აჩვენა, მე მეტს ვეღარ გავუძლებო. დედამთილისგან ათასჯერ მოსმენილი კიდევ ერთხელ მოისმინა: უყვარხარ და მაგიტომ ემართება ასე, დრო გავა და დაწყნარდებაო. სამეზობლოში უკვე ჭორაობდნენ, რომ კახას სამსახურში დესპოტის სახელი ჰქონდა, რომ პატიმრებს მისი ძალიან ეშინოდათ. ამ კაცის სხეულში სატანა სახლობდა და არავინ იცოდა, როდის გამოავლენდა სისასტიკეს. ცოლი მისთვის ყველაზე დაბალი ღობე იყო. რადგან ხელიც მიაჩვია, უკან აღარ იხევდა ხოლმე.
თამუნამ რამდენჯერმე სცადა მისგან წასვლა, მაგრამ კახა ბავშვით მანიპულირებდა, აშინებდა, თვალით არ დაგანახვებო, და თამუნაც უკან იხევდა... მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ხშირად იყო კონფლიქტი, თამუნამ მაინც წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი. მეორე ბავშვი ჯერ არ უნდოდა, მაგრამ რადგან დაორსულდა, ვერ მოიშორებდა. ჯერ ერთი, კახა არ დაუშვებდა, მეორეც, თამუნას სჯეროდა, რომ ეს დიდი ცოდვა იყო. კურსელებმა ბანკეტის გამართვა რესტორანში გადაწყვიტეს. თამუნას წასვლა არ უნდოდა, მაგრამ მეგობრები არ მოეშვნენ, მეუღლესთან ერთად მოდიო. იმ საღამოს კახა სპეციალურად ადრე დაბრუნდა სამსახურიდან (სხვათა შორის, მას უფრო მშვიდ გარემოში მუშაობა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა: ისევ ციხეზე ყოფნა მირჩევნიაო). ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, თამუნამ ბავშვი დედამთილს დაუტოვა და კახასთან ერთად ბანკეტზე წავიდა. ფორიაქობდა, თითქოს წინდაწინ გრძნობდა, რომ უსიამოვნება ამჯერადაც არ ასცდებოდა. ლხინი ეშხში რომ შევიდა, ერთ-ერთი ახალგაზრდა ლექტორი წყვილს მიუახლოვდა და კახას უთხრა, ნიჭიერი ცოლი გყავს, წარმატებული კარიერა ელოდებაო. მერე კი საცეკვაოდ გაიწვია, მაგრამ თამუნა რას გაჰყვებოდა? იცოდა ქმრის ხასიათი, იქვე თუ არა, მერე ძმრად ამოადენდა ერთ ცეკვას, ამიტომ უარი უთხრა. კახა დაიძაბა. თამუნას საბოლოოდ წაუხდა გუნება და წასვლა გადაწყვიტა. დაემშვიდობა ყველას და დატოვა იქაურობა. უკვეD დარწმუნებული იყო, რომ მშვიდი ღამე არ ექნებოდა. ბავშვის წამოყვანა დააპირა, მაგრამ კახამ უარი უთხრა. სახლში შესულმა კახამ დაიწყო და აღარ გაჩერდა: რატომ მოვიდა ის ლექტორი ჩვენთან? რაღა მაინცდამაინც შენ გაქო? ალბათ, დაევასე და გაბამდაო... როგორ არ ეცადა თამუნა დაერწმუნებინა ქმარი, რომ ცდებოდა, ვერაფერი გააგებინა. როცა ცოლმა უთხრა, რომ ვეღარ უძლებდა ასეთ დამცირებას, ხელი ისე გაარტყა, რომ ტუჩიდან სისხლი წასკდა. მიშველეთო, ერთი დაიკივლა თამუნამ და კარისკენ გავარდა. კახა წამოეწია, ძირს დააგდო და ორსულ ქალს ფეხებით შედგა. სხვა მეზობლები თუ ჩუმად ისმენდნენ ქალის შემზარავ კივილს და გავეშებული კაცის ღრიალს, იმ ერთმა ისევ ვერ მოითმინა და მათთან მივიდა. გამხეცებულმა კახამ მეზობელი რომ დაინახა, გასისხლიანებულ ცოლს მიაძახა, კიდევ ერთმა მოგაკითხაო, და სამზარეულოში გავარდა დანის ასაღებად. მეზობელი შეეცადა უგონო ქალის წამოყენებას, მაგრამ კახა მიეჭრა და დანა მოუქნია დაუპატიჟებელ სტუმარს. ის კაცი ძველი მოკრივე აღმოჩნდა და იოლად მოიგერია. ჭკუიდან გადასული კახა ძირს დაგდებულ ცოლს მიუბრუნდა და დანა ჩაარტყა. მეზობელმა იმარჯვა და ხელები გაუკავა. ამასობაში ვიღაცამ პატრულში დარეკა და კახა დააკავეს, თამუნა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მხარში იყო დაჭრილი, ბავშვიც დაკარგა.…სულიერად უფრო უჭირდა, ფიზიკურ ტკივილს ვერც გრძნობდა. როცა მეგობარმა მობილურით შეშფოთებულ დედას დაალაპარაკა, მხოლოდ ეს უთხრა: "ჩამოდით, მიშველეთ!"
მშობლები და ნელი მეორე დღესვე ჩამოვიდნენ. თამუნას იმ კოშმარიდან გამოსასვლელად რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი დასჭირდა. კახას 5 წელი მიუსაჯეს. მშობლები და ნელი იმ მეზობელს დღემდე ემადლიერებიან, რომ არა მისი ჩარევა, დღეს ჩვენი გოგო ცოცხალი არ იქნებოდაო. თამუნა და 9 წლის ლუკა დღეს მადრიდში ცხოვრობენ.
რა საღი იქნებოდა საზოგადოება, იმ მეზობლის მსგავსი ადამიანებით რომ იყოს სავსე…და კიდევ, კახასნაირები რომ არ ანადგურებდნენ ურთიერთობებს.
მარინა ბაბუნაშვილი