სოხუმის აეროპორტის ამოქმედება რუსული ოკუპაციის შეხსენება იქნება... - კვირის პალიტრა

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება რუსული ოკუპაციის შეხსენება იქნება...

სანქტ-პეტერბურგის 26-ე საერთა­შორისო ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ხელი მოეწერა "დოკუმენტს", რომელიც სოხუმის აეროპორტის საქმიანობის აღდგენას ითვალისწინებს.

სოხუმის სეპარატისტულ რეჟიმს აფხაზეთის ომიდან ოცდაათი წლის განმავლობაში არ ასვენებს სოხუმის აეროპორტის ამოქმედების იდეა, თუმცა დღემდე ვერ მიაღწია შედეგს, რადგან ჯერ კიდევ 2006 წლის აგვისტოდან სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია IჩAO-მ სოხუმის აეროპორტს ჩამოართვა სპეციალური კოდი, რის გარეშეც იქიდან საერთაშორისო რეისები შეუძლებელი გახდა.

2008 წლის 11 აგვისტოს სწორედ სოხუმის ბაბუშერის აეროპორტში ერთმანეთის მიყოლებით 30-ზე მეტი Ил-76 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი დაეშვა. მათ აფხაზეთში რუსი მედესანტეები თავიანთი საშტატო ჯავშანტექნიკით მედესანტეთა საბრძოლო მანქანებთან ერთად გადაისროლეს. ამ დაჯგუფებამ დიდი როლი ითამაშა კოდორის ხეობის ოკუპაციაში. 2019 წლის ივლისში ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტულმა მთავრობამ უმოქმედო სოხუმის აეროპორტი "ერთობლივი ბაზირების აეროდრომად" გამოაცხადა, რაც იქიდან სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციის ერთობლივად მოქმედებას გულისხმობს (ბაბუშერის აეროპორტში წლების განმავლობაში იდგა L-39 "ალბატროსის" ტიპის ხუთი სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი და ექვსი შვეულმფრენი), ხოლო თავად ოკუპირებული აფხაზეთის "საჰაერო სივრცეს" მიანიჭა ოთხასოიანი კოდი UღAშ-ი, თუმცა ამ კოდით სარგებლობა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის საჰაერო სივრცეში თუ შეიძლება. მიუხედავად დიდი მონდომებისა, რუსეთის ავიაკომპანიებმა არც ამის შემდეგ განაახლეს ავიარეისები სოხუმის აეროპორტში, რადგან უფრთხოდნენ IჩAO-ს საერთაშორისო სანქციებს. საქართველოს მიერ აფხაზეთის საჰაერო სივრცის ჩაკეტვისა და სოხუმის აეროპორტისთვის საერთაშორისო კოდის ჩამორთმევის შემდგომ იქიდან საერთაშორისო ფრენებისთვის ეს რუსული ავიაკომპანიები ნამდვილად ვერ გადაურჩებოდნენ სანქციებს. მაგრამ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსეთის ავიაკომპანიებს ისედაც დაუწესდათ საერთაშორისო სანქციები და მათ რეისების შესრულება ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში აღარ შეუძლიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპის აეროპორტებში კონფისკირებული იქნება ის ავიალაინერები, რომლებიც რუსულ ავიაკომპანიებს ევროპული და ამერიკული ფირმებისგან ლიზინგით აქვთ აღებული და მეპატრონეებს აღარ უბრუნებენ. ამიტომაც დღეს ზოგიერთი რუსული ავიაკომპანიისთვის შეიძლება სულერთი გახდეს, შეასრულებს თუ არა რეგულარულ რეისებს ოკუპირებული აფხაზეთის სოხუმის აეროპორტიდან - მაინც სანქცირებული არიან, ხოლო ტურისტულ სეზონზე დამსვენებლების ჩაყვანა ადლერის აეროპორტის ნაცვლად უშუალოდ სოხუმის ბაბუშერის აეროპორტში მათთვის დიდად მომგებიანიც შეიძლება გახდეს.

სოხუმის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 3,6 კმ-ს შეადგენს და ერთ-ერთი ყველაზე გრძელია მსოფლიოს უდიდეს აეროპორტებს შორისაც კი (1980-იან წლებში ბაბუშერის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი დაგრძელდა მოსკოვიდან ოთხძრავიანი ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო Ил-86-ების მისაღებად, მანამდე კი ზოლის სისქე 20 სმ-ით გაიზარდა Ил-76 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების ასაფრენ-დასაფრენად).

ადლერის აეროპორტში აფრენა-დაშვება მხოლოდ ერთი, ზღვის მიმართულებიდან ხდება, რადგან ამ აეროპორტს ჩრდილო-აღმოსავლეთით მთები ესაზღვრება, შესაბამისად, ადლერის აეროპორტს საფრენოსნო უსაფრთხოების მხრივ ბევრი შეზღუდვა აქვს, მაშინ როდესაც ბაბუშერის აეროპორტში აფრენა-დაშვება სამხრეთ-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის კურსებიდანაც არის შესაძლებელი.ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას რუსი ინვესტორების დაფინანსების იმედით სოხუმის აეროპორტის გახსნა 2024 წელს სურთ, თუმცა მათი "ოცნების ასრულება" დიდად იქნება დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის ომის შედეგზე, რადგან ახალი წლისთვის კრემლს შეიძლება თავის ტერიტორიებზე ისეთი პრობლემები ჰქონდეს, რომ ოკუპირებული აფხაზეთისთვის აღარც ეცალოს.