ორკვირიანი უკრაინული კონტრშეტევების მთავარი პრობლემები - კვირის პალიტრა

ორკვირიანი უკრაინული კონტრშეტევების მთავარი პრობლემები

ორი კვირა შესრულდა, რაც უკრაინის არმიამ ორეხოვოსა და უგლედართან კონტრშეტევა წამოიწყო სამხრეთის მიმართულებით, მელიტოპოლსა და ბერდიანსკზე გასვლისა და რუსი ოკუპანტებისთვის როსტოვის ოლქიდან ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულამდე გაჭრილი სახმელეთო სატრანსპორტო დერეფნის გადაკეტვის სტრატეგიული ჩანაფიქრით. ნახევარი თვის განმავლობაში მიმდინარე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად კონტრშეტევაზე გადასულმა უკრაინის არმიის შენაერთებმა და დანაყოფებმა მოახერხეს 100 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორიისა და არანაკლებ შვიდი დასახლებული პუნქტის გათავისუფლება და კვლავ აგრძელებენ შეტევას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ ბრძოლებში როგორც პირად შემადგენლობაში, ისე საბრძოლო ტექნიკის დიდი დანაკლისიც განიცადეს.

ამის რამდენიმე ობიექტური ფაქტორი არსებობდა: პირველი - დაიკარგა მოულოდნელობის ეფექტი და რუსეთის საოკუპაციო ძალებს ჰქონდათ არანაკლებ ნახევარი წელი ორ-სამზოლიანი თავდაცვის ზღუდეების ასაგებად ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთ მიმართულებაზე; მეორე - ინჟინრულად კარგად აგებული თავდაცვითი ზღუდეები და მათი მისადგომების „უხვად“ დანაღმვა; მესამე - რუსული საარმიო და საფრონტო ავიაციის სრული უპირატესობა უკრაინის ცაში, რასაც აძლიერებს პლანირებადი მართვადი საავიაციო ბომბებისა და მართვადი ტანკსაწინააღმდეგო საავიაციო რაკეტების გამოყენება, რაც რუს პილოტებს საშუალებას აძლევს არ შეფრინდნენ უკრაინული საჰაერო თავდაცვის საშუალებების მოქმედებების ზონაში; მეოთხე - რუსული არტილერიის მრავალრიცხოვნობა და ინტენსიური ცეცხლი ფრონტის ხაზზე.

რა თქმა უნდა, შეტევაზე გადასულებს თითქმის ყოველთვის მეტი დანაკარგი აქვთ, ვიდრე კარგად მოწყობილ თავდაცვითი ზღუდეების სანგრებში მსხდომებს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკრაინის არმიისთვის რთულ გამოცდად იქცა დანაღმული ველები. რუსეთის საოკუპაციო ძალებს ნახევარ წელზე მეტი ჰქონდათ თითქმის 1000-კმ-იანი სიგრძის ფრონტის ხაზზე თავდაცვითი ზღუდეების მოსაწყობად, რომლებიც დრაკონის კბილებს“ (პირამიდის ფორმის რკინაბეტონის კონსტრუქციები), ტანკსაწინააღმდეგო თხრილებს, ესკარპებსა და კონტრესკარპებს მოიცავს. მათ გადასალახავად საჭიროა საინჟინრო ჯავშანტექნიკა, რომელიც ერთმანეთზე გადაბმულ "დრაკონის კბილების" ჯაჭვს გაარღვევს, ხოლო ტანკსაწინააღმდეგო თხრილზე გადასასვლელს მიწით ამოავსებს ან სატანკო გასაშლელ ხიდს გადებს. შემტევი მხარის საინჟინრო ტექნიკამ ჯერ ამ თავდაცვით ზღუდეებამდე უნდა მიაღწიოს, რაც უკრაინის კონტრშეტევის პირველი საათებიდანვე წარმატებით წარმართვის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი შეიქნა, რადგან ოკუპანტებმა თავდაცვითი ზღუდეების პირველივე ხაზის წინ ტერიტორია უხვად დანაღმეს.

განსხვავებით "დრაკონის კბი­ლებისა" თუ "ესკარპებისა", გრუნტში ოციოდე სანტიმეტრზე ჩადებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების ზუსტი ადგილსამყოფელი არც დრონის ვიდეოკამერაში ჩანს და არც თანამედროვე დასავლური კოსმოსური სადაზვერვო თანამგზავრების ზემძლავრ ელექტროოპტიკურ მოწყობილობებში. უკრაინის სამხედრო დაზვერვამ იცოდა, რომ ოკუპანტების მიერ თვეების განმავლობაში მშენებარე თავდაცვით ზღუდეებთან მისასვლელი გზები, ისევე როგორც მინდვრები, შეიძლება დანაღმული ყოფილიყო და ამიტომაც კონტრშეტევაზე გადასულ უკრაინული ჯავშანტექნიკის ჯგუფებს წინ ნაღმსაწინააღმდეგო ტრალებით აღჭურვილი შეჯავშნული საინჟინრო ტექნიკა და ტანკები მიუძღოდნენ. ამ ტრალებით კი აფეთქდა ნაღმების ნაწილი, მაგრამ ტრალით აღჭურვილი ტანკი ათიოდე კმ/სთ სიჩქარითაც ვერ გადაადგილდება. შესაბამისად, მის კვალში მიყოლებით მიმავალი ჯავშანტექნიკის მექანიკოს-მძღოლები იძულებული ხდებიან მინიმუმამდე შეამცირონ სვლის სიჩქარე, რითაც სარგებლობს მოწინააღმდეგე და ძლივს მღოღავ“ ჯავშანტექნიკას ესვრის საარტილერიო ჭურვებს. საარტილერიო დაბომბვის სამიზნეში აღმოჩენილი ჯავშანტექნიკის ეკიპაჟები კი თავის შველის მიზნით სწრაფ მანევრირებას იწყებენ, უსაფრთხო კვალიდან გადადიან და ფეთქდებიან.

არსებობს სხვა გამოსავალი? რა თქმა უნდა! სავარაუდო ნაღმურ ველზე დისტანციური განაღმვის რეაქტიული სისტემების გამოყენებით არანაკლებ ექვსი მეტრის სიგანისა და ასიოდე მეტრის სიგრძის უხიფათო დერეფნების გაჭრა - სპეციალური საინჟინრო ტექნიკიდან სტარტს იღებს რაკეტა, რომელზეც მიბმულია ასიოდე მეტრის სიგრძის ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე "ძეხვი". მისი მიწაზე დაცემისას და მოჭიმვის შემდგომ (რათა სწორხაზოვნად გასწორდეს), "ძეხვი" ფეთქდება, რაც არანაკლებ ექვსი მეტრის სიგანეზე ახდენს მიწის ზემოთ დადებული და გრუნტის სიღრმეში ჩადებული ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ან დეტონაციას, ან ისეთ დაზიანებას, რომ ნაღმები საბრძოლო მდგომარეობიდან გამოდიან.

ჰქონდა თუ არა უკრაინის არმიას დისტანციური განაღმვის ასეთი საშუალებები კონტრშეტევაზე გადასვლისას? რა თქმა უნდა, როგორც საბჭოთა დროინდელი "ზმეი გორინიჩები", ისე ნატოს მიერ მიწოდებული დასავლური საინჟინრო საშუალებები. თუმცა მათი რაოდენობა არ კმარა.

კონტრშეტევაზე გადასული უკრაინის არმიისთვის, ნაღმური ველების გარდა, არანაკლებ დიდი საფრთხეა რუსული არტილერიის ინტენსიური ცეცხლი. მართალია, ომის დაწყებიდანვე რუს ოკუპანტებს ბევრად მეტი სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო დანადგარი ჰქონდათ, მაგრამ შემდგომში სიტუაცია მათ საწინააღმდეგოდ შეიცვალა. ჯერ ერთი, ოკუპანტებსაც კი დაეწყოთ „ჭურვების "შიმშილი", რადგან ყოფილი საბჭოთა საარტილერიო საწყობების მარაგიც იწურება. მეორე - უკრაინის არმიისთვის მიწოდებული შედარებით ძველი და მით უმეტეს, ახალი ბუქსირებადი და თვითმავალი საარტილერიო დანადგარები მთელი თავით ჯობნიან საბჭოთა/რუსულ საარტილერიო სისტემებს როგორც ჭურვებისა და რაკეტების სროლის სიშორეში, ისე სიზუსტეშიც, რაც „რაოდენობა-ხარისხის“ კრიტერიუმს შედარებით ათანაბრებს.

ყველა მეტ-ნაკლებად სერიოზული სახმელეთო შეტევა (თუნდაც საზღვაო და საჰაერო დესანტის გადასხმა) საავიაციო და საარტილერიო საცეცხლე მომზადების შემდეგ იწყება, რათა მოწინააღმდეგის რაც შეიძლება მეტი საცეცხლე წერტილი იქნეს ჩახშობილი და შენს მებრძოლებს ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდეთ შეტევისას. უკრაინელების მიერ დაწყებულ კონტრიერიშების სერიას არ ახლდა ასეთი სერიოზული საარტილერიო-საცეცხლე მომზადება. საავიაციოზე კი ლაპარაკიც არ არის, რადგან უკრაინის საბრძოლო ავიაციის შესაძლებლობები ამჟამად მიზერულია და უმართავი საავიაციო რაკეტების კაბრირების რეჟიმში გაშვება შვეულმფრენებიდან და მოიერიშე თვითმფრინავებიდან აზრს მოკლებულია. თუმცა მას შემდეგ, რაც რუსი ოკუპანტების შენიღბული არტილერია სრული სიმძლავრით ამოქმედდა კონტრშეტევაზე გადასული უკრაინული ჯავშანჯგუფების შესაჩერებლად, მათ თავიანთი საცეცხლე პოზიციების კოორდინატები "გაამხილეს"... რის შემდეგაც ამოქმედდა უკრაინის არმიის კოზირები - "ჰაიმარსის"“ მართვადი რაკეტები და 155 მმ კალიბრის „ექსკალიბურის“ მართვადი ჭურვები.

40-დან 57 კმ-მდე მფრენი ექსკალიბურის“ მართვადი ჭურვი და 84 კმ-მდე ფრენის სიშორის მქონე "ჰაიმარსის" მართვადი რაკეტა მიზანს 3-5 მ-ის სიზუსტით ხვდება. ასეთ წერტილოვან დარტყმებზე და ამხელა სიშორეზე რუსი არტილერისტები ვერც იოცნებებენ, რადგან მათი "გრადების", "ურაგანების", "მსტების", "გიაცინტებისა" თუ "მალკების"ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობები ბევრად მოკრძალებულია. ამიტომაც უკრაინელ არტილერისტებს ეძლევათ კარგი შესაძლებლობა გამოიყენონ ეს ტექნიკური უპირატესობა ოპერატიულ უპირატესობასთან ერთად, რომელსაც მათ უკრაინისა და დასავლეთის საჰაერო და კოსმოსური დაზვერვის საშუალებები აძლევენ და გამანადგურებელი კონტრსაბატარეო ბრძოლა გაუმართონ რუსი დამპყრობლების არტილერიას. თუკი რუსი ოკუპანტების თავდაცვა ზემოჩამოთვლილი მათთვის სასარგებლო ოთხი გარემოებიდან დაკარგავს მეოთხეს - მრავალრიცხოვანი საარტილერიო დანადგარებიდან მასირებული ცეცხლის უპირატესობას, მაშინ ეს კონტრშეტევაზე გადასული უკრაინის არმიისთვის უდიდესი შვება იქნება.