"ვიღებთ ბიპოლარულ სამყაროს, მსოფლიო ორ ბანაკად ჯგუფდება"
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს უკრაინელების ბოლოდროინდელი უპირატესობა ომში არ უღიარებია, უკრაინამ განაცხადა, რომ კონტრიერიშში "მზარდი წინსვლა" აქვს. თუმცა ომში საბოლოო გარდატეხაზე ჯერ არავინ საუბრობს, რასაც, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო ელოდება. პარალელურად ნატოს გენმდივანმა ბრიუსელში, ნატოს ცენტრალურ ოფისში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნატო უკრაინას ყოველმხრივ უნდა დაეხმაროს. სტოლტენბერგის თქმით, რაც უფრო მეტად დაწინაურდება უკრაინა, მით დიდ წნეხში მოექცევა პუტინი, რათა უკრაინასთან მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს და ამავე დროს, უკრაინაც მოლაპარაკებაზე უფრო ძლიერი პოზიციით წარდგება. საკმარისია თუ არა დასავლეთის დახმარება უკრაინისთვის, რათა კონტრშეტევა შედეგიანი იყოს, ნატოს სამიტზე რა გადაწყვეტილებები შეიძლება იქნეს მიღებული და როგორი იქნება საერთაშორისო წესრიგი ომის შემდგომ, ამ სავარაუდო სცენარებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრეთ|:
- რა მოხდება, ჯერ არავინ იცის. რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ამაზე მეტი უკრაინას რა უნდა მისცენ?! შესაძლებელია მისცენ F-16-ები, მაგრამ უკრაინას კადრების გაწვრთნა სჭირდება მათ გამოსაყენებლად. სხვა ყველაფერი აქვთ: არტილერია, ტანკები, ანტისაჰაერო სისტემები, დარჩა ავიაცია და ამასაც, ადრე თუ გვიან, მისცემენ. უკრაინა ომს ჯერ ვერ იგებს, მაგრამ წაგებითაც არ აგებს და არც წააგებს...
- ნატოს სამიტის წინ ნატო-უკრაინის ურთიერთობის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, ერთ-ერთია ნატოში უკრაინის დაჩქარებული გაწევრება, მეორე კი ნატოს ჯარების უკრაინაში შესაძლო შეყვანა.
- სანამ ომი მიდის, უკრაინაში ვერც ნატოს ჯარები შევლენ და ვერც ნატოში მიიღებენ. ნატოში ჩვენც არ მიგვიღეს, როდესაც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის მხოლოდ სამშვიდობოები იდგნენ. ხაზს ვუსვამ, სამშვიდობოები, და ეს იყო მთავარი მიზეზი, მაპ-ი რომ არ მოგვცეს. ახლა კი, როდესაც გაგანია ომია, უკრაინას ნატოში როგორ მიიღებენ?
- როგორ შეიცვლება საერთაშორისო წესრიგი, თუ უკრაინამ გაიმარჯვა ან წააგო?
- რუსული სამხედრო ბაზა თბილისთან 40 კილომეტრშია. როგორმე ეს მთავარი ბარიერი უნდა მოვიშოროთ, ამისთვის კი ან რუსეთი უნდა დამარცხდეს, ან ჭკუა უნდა გადაუბრუნდეს და კეთილი გახდეს ისე, რომ ჯარი გაიყვანოს აქედან. დამარცხებაში ვგულისხმობ ისე სასტიკ დამარცხებას, რომ აქედან ჯარის გაყვანამაც მოუწიოს, თორემ, თუ კონფლიქტი გაიყინა იმ ხაზზე, რომელზეც ახლა არის, ეს არ იქნება ისეთი დამარცხება, რომ აქედან ჯარი გაიყვანოს. ისე კი, თუ დამარცხდება, კაცმა არ იცის, რა მოხდება ჩეჩნეთსა და დაღესტანში. ჩვენთვის, და არამარტო ჩვენთვის, ყველაზე კარგი ვარიანტია კრემლის უცბად გაკეთილშობილება, რაც წარმოუდგენელია. მე რუსეთისთვის იმასაც გამარჯვებად ჩავთვლი, თუ ის ხაზი შეინარჩუნა, სადაც დღეს არის. გამოდის, ომამდე რაც ჰქონდა, მინიმუმ, ერთი იმდენი კიდევ წაართვა უკრაინას. ამას დავუმატოთ ის საშინელებები, რაც დაატრიალეს უკრაინაში. ცხადია, ამ ომში თავად რუსეთიც დასუსტდა, ცხადია, დასუსტდა ამერიკისთვის, მაგრამ უკრაინასთან მაინც გამარჯვებული გამოვა. ეს ყველაფერი კი ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს, რადგან რუსეთი აქედან ასე მარტივად არ გავა. უკრაინამ რუსეთი რაღაც დონეზე გადატეხა წელში, საბოლოო გამარჯვებისთვის ეს ბოლომდე უნდა მიიყვანოს, სხვა გამოსავალი არ არის. სულ ცოტა, თვის ბოლომდე უნდა მოახერხონ ფრონტის გარღვევა რომელიღაც მონაკვეთზე მაინც. თუ ეს ამ თვის ბოლომდე ვერ მოახერხეს, ე.ი. კონტრშეტევა ვერ შედგა და ახლო მომავალში კიდევ ახალს უნდა ველოდოთ. ამისთვის უკრაინა უნდა მოემზადოს, გააძლიეროს ჯარი, დასავლეთმა დამატებითი ტექნიკა მისცეს, რადგან ამ კონტრშეტევისას ტექნიკის ნაწილი განადგურდება, ანუ პროცესი კიდევ გაიწელება.
- ჩავთვალოთ, რომ ეს ომი გაიყინა, როგორ შეიცვლება საერთაშორისო წესრიგი?
- თუ რუსეთი გაიმარჯვებს, სცენარი ძალიან არასასიამოვნო იქნება. გაყინვა ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება რუსეთისთვის, რადგან კრემლში ხვდებიან, რომ კიევის აღება უკვე არარეალისტურია. ამაზე მიანიშნებს ჩინეთის სამშვიდობო გეგმაც და სურთ აქეთ წაიყვანონ საქმე. რუსეთისთვის ცხადია, ეს გამარჯვებას ნიშნავს. ჩემი აზრით, შეეცდებიან შეინარჩუნონ ის ხაზი, სადაც ახლა ფრონტის ხაზი გადის და გამოაცხადონ გამარჯვებად. რაც შეეხება დასავლეთს, რუსეთთან ამერიკა გამარჯვებული გამოვა და უფრო დაიახლოვებს ევროპას, რადგან თუ ევროპა აქამდე რაღაცებში არ ეთანხმებოდა, ახლა საბოლოოდ მიბმულია ამერიკაზე. სხვა საქმეა, რომ ძალიან გაძლიერდება ჩინეთი, რომელმაც სანაცვლოდ რუსეთი მიიბა. ასე რომ, ამ კონფლიქტს რამდენიმე დონე აქვს. პირველი დონეა რუსეთ-უკრაინის ომი და უკრაინა ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია. მეორე დონეა რუსეთი ამერიკის წინააღმდეგ და ამერიკა უგებს რუსეთს, მესამე დონე კი არის ჩინეთი ამერიკის წინააღმდეგ. რეალურად ვიღებთ ბიპოლარულ სამყაროს, მთელი მსოფლიო ორ ბანაკად ჯგუფდება - ამერიკის გვერდით არის მთელი დასავლეთი, ხოლო ჩინეთის გვერდით რუსეთი და აზიის ბევრი ქვეყანა. ჩვენი ადგილი კი სად იქნება, ეს დამოკიდებულია დიდ მოთამაშეებზე, ამ ორი პოლუსის გავლენებზე.
რუსა მაჩაიძე