ახალი ჩემპიონი ძველ ქალაქში
სიმბოლურია, რომ "ქალაქელებმა" ("მანჩესტერ სიტის" მეტსახელია) პირველად სწორედ ამ უძველეს და უდიდეს ქალაქში (15-მილიონიანი მოსახლეობით, სტამბოლი ევროპის უდიდესი ქალაქია) აღმართეს ჩემპიონთა ლიგის თასი. ქალაქი, რომელსაც არასდროს სძინავს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ორმაგად ხალხმრავალი და ხმაურიანი იყო!ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თოლიების ჭყივილისა და ახალგამომცხვარი სიმითის, შემწვარი წაბლისა და სიმინდის თავბრუდამხვევი სურნელის გარდა, თურქეთის უდიდესი ქალაქი "ფეხბურთის სურნელითაც" იყო გაჟღენთილი. ტაქსიმის მოედანი, სულთანაჰმედი, სტამბოლის სხვა დიდი თუ პატარა ქუჩები სხვადასხვა ფერის საფეხბურთო მაისურითა და დროშით იყო აჭრელებული, შეზარხოშებული ინგლისელი ფანების "სიმღერით" კი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში "დატკბებოდით"...
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სტამბოლმა ფეხბურთით იცხოვრა. არც სხვა დროს აკლებენ ათწლეულების განმავლობაში მოშუღარი ადგილობრივი კლუბების ("გალათასარაის", "ბეშიქთაშისა" და "ფენერბაჰჩეს") ფანები, თუმცა ქალაქური დერბი სხვაა, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მთავარი მატჩის მასპინძლობა - მეორე. სტამბოლში აქამდეც არაერთხელ ვყოფილვარ, თუმცა ასეთი პირველად ვნახე. თურქეთის მთავარმა ქალაქმა მორიგი საფეხბურთო გამოცდაც ჩააბარა და 11 ივნისიდან ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა, ოღონდ ერთი წლის განმავლობაში, სანამ მომდევნო ფინალს ლონდონის "უემბლი" უმასპინძლებდეს, მთავარი სალაპარაკო მაინც სტამბოლი და ჩემპიონთა ლიგის ფინალი იქნება - Istanbul 2023.
სიმბოლურია, რომ მომდევნო, ინგლისში გასამართ ფინალამდე, ჩემპიონთა თასი ინგლისური კლუბისა იქნება - "მანჩესტერ სიტის", კლუბის, რომელმაც მთელი სეზონის განმავლობაში დააწიოკა მეტოქეები შინაურ პრემიერლიგასა თუ ჩემპიონთა ლიგაზე და სეზონის ბოლო მატჩიც ტრიუმფით დაასრულა. მართალია, მოკრძალებული თამაშითა და ანგარიშით, მაგრამ გამარჯვებით და პირველად მოიგო ევროპული საკლუბო ფეხბურთის მთავარი ჯილდო. თუმცა დღეს ფინალურ მატჩზე ყველაზე ნაკლებს ვილაპარაკებ - სეზონის მთავარი მატჩი ისედაც ყველამ ნახეთ. დღევანდელ რეპორტაჟში და ფოტოებზე სხვა რაღაცები იქნება - ის, რაც ათათურქის სახელობის ოლიმპიური სტადიონის თქვენთვის "უხილავ" ნაწილში და სტამბოლის ქუჩებში ხდებოდა: თანამედროვე ქალაქის მთავარ მოედანს ტაქსიმს ივნისის დასაწყისიდან ამშვენებდა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლოები - გიგანტური ოფიციალური ბურთი და ჩემპიონთა თასი. ელექტრონული მუსიკის თანხლებით სწორედ მათ გარშემო ირეოდა სხვადასხვა შეფერილობის საფეხბურთო მაისურში გამოწყობილი ათასობით გულშემატკივარი. თითქმის უწყვეტ რიგს ნახავდით იქვე, მოედანზე მოწყობილ ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ მაღაზიასთანაც. ვისაც რიგში დგომა და სამახსოვრო სუვენირის მაინცდამაინც ოფიციალურ "ფან-შოპში" შეძენა არ სურდა, ქუჩაში განთავსებულ დახლებზე, ანდა მობილურ მოვაჭრეებთან შეეძლო "სიტი"-"ინტერის" ორმხრივი კაშნეს, "ორიგინალი" მაისურებისა თუ აქსესუარების შეძენა.
სტამბოლელმა მოვაჭრეებმა ივნისში გვარიანი მოგება ნახეს და ცხადია, მხოლოდ საფეხბურთო ატრიბუტიკის გამყიდველებს არ ვგულისხმობ: 9-10 ივნისს კვების ობიექტების, სასტუმროების, მუზეუმებისა თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოსავალმა სარეკორდო მაჩვენებლებს მიაღწია! მოედანზე დაპირისპირება ერთია, მოედანს მიღმა კი ინგლისელ და იტალიელ ფანებს გასაყოფი ბევრი არაფერი ჰქონდათ... საკვების გარდა! თურქული სამზარეულოს სწრაფი კვების ობიექტებისა თუ რესტორნების სიახლოვეს მუდმივად ნახავდით ფინალის მონაწილე კლუბების ფანებს, შეკვეთის მოლოდინში მშვიდად რომ ეჭუკჭუკებოდნენ თანამემამულეებსა თუ "მოსისხლე მტრებს". ასეა: როცა გშია ზაქარია, ცივი... შაურმაც შაქარია! მით უმეტეს, როცა სტამბოლური "დონერის" თურქ გამყიდველს ყელს "სიტის" ცისფერი კაშნე უმშვენებს!
სასტუმროები შემთხვევით არ მიხსენებია: იმავე ტაქსიმის სიახლოვეს და სტამბოლის სხვა ცენტრალურ ქუჩებზე 9-10 ივნისს თავისუფალი ოთახ(ებ)ის მოძებნა ისეთივე რთული გახლდათ, როგორიც მანჩესტერული კლუბისთვის გოლის გატანაა. ამას პირადი გამოცდილებით ვამბობ - მიზეზთა გამო სასტუმროს შეცვლა მომიხდა და ახალი ოთახის ძებნისას პირველი სიტყვები, რასაც ტრადიციული თურქული მისალმების შემდეგ ვისმენდი, არ იცვლებოდა: "ჰოტელ ის ფულ" (ფული კარგია და როგორც გითხარით, სტამბოლელებმა ბლომადაც იშოვეს ამ დღეებში, მაგრამ ინგლისურ ენაზე ეს სიტყვები ნიშნავს, რომ "სასტუმრო სავსეა")! საბოლოოდ ამდენ "ფულიანში" მაინც მოვახერხე რიგიანი ოთახის პოვნა, თუმცა ხანგრძლივი ძებნის შემდეგ.
სტამბოლის ოლიმპიური სტადიონის ტრიბუნები 73 ათასამდე მაყურებელს იტევს და რა გასაკვირია, რომ მათ უმეტესობას ინგლისელი და იტალიელი ფანები შეადგენდნენ. სტამბოლის ქუჩები თამაშამდე ორი დღით ადრე გაივსო "სიტისა" და "ინტერის" მაისურებში გამოწყობილი ქომაგებით. ერთი შეხედვით, მანჩესტერული კლუბის გულშემატკივრები ჭარბობდნენ, თუმცა ეს მათი ქცევის დამსახურება უფრო იყო, ვიდრე რაოდენობრივი უპირატესობის: ბრიტანელმა ქომაგებმა ტრადიციას არც თურქეთში უღალატეს და ლუდისა და კლუბის "საფირმო" სიმღერის თანხლებით გვიანობამდე აყრუებდნენ სტამბოლის ისედაც ხმაურიან ქუჩებს. ხმაურით შეიძლება, მაგრამ რაოდენობრივად არც შავ-ლურჯმაისურიანი "ინტერისტები" ჩამორჩენილან, ხოლო, როცა საქმე საქმეზე მიდგა (ფინალის დაწყებისას), უფრო "მეტიც" გამოჩნდნენ - ინგლისელებზე გაცილებით მეტად აქტიურობდნენ და სიმღერა არც გაშვებული გოლის შემდეგ შეუწყვეტიათ...
ისიც სათქმელია, რომ მაისურების სიჭრელით ინგლისმა გაიმარჯვა. "ინტერის" ძირითადი მაისური შავ-ლურჯია და ქომაგთა უმეტესობაც ამ ფერებში იყო გამოწყობილი. სამაგიეროდ, "მანჩესტერ სიტის" ქომაგთა არმია იყო წარმოდგენილი სხვადასხვა სეზონისა და ფერის მაისურების მთელი პალიტრით. იყვნენ ისეთი ბრიტანელებიც, ქუჩებში წელზევით შიშვლები რომ დატანტალებდნენ, და ეს მხოლოდ სტამბოლის მზის ბრალი არ ყოფილა - "სიტი ჩემპიონია!" - ეწერათ შიშველ ზურგებსა თუ მუცელზე ინგლისელებს, რომლებიც დარწმუნებული იყვნენ საყვარელი კლუბის გამარჯვებაში. საბოლოოდ გაუმართლათ კიდეც და ათასობით კილომეტრის გავლა სანანებლად არ დარჩენიათ.
ტაქსიმის მოედანი ჩემპიონთა ლიგამ დაიპყრო, თუმცა ადგილობრივ ფანებს საყვარელი კლუბი და ქვეყნის ჩემპიონობა ურჩევნიათ ჩემპიონთა ლიგასაც და სანაკრებო ტიტულებსაც. მაგალითისთვის ეს კადრიც კმარა: ტაქსიმის მოედანზე ჩემპიონთა ლიგის უზარმაზარი თასი, ბურთი და მაღაზიაა, რიტმული მუსიკის ფონზე სამახსოვრო ფოტოებს ინგლისურ-იტალიური კლუბების მაისურებში გამოწყობილი ათასობით ქომაგი იღებს, მაგრამ... სტამბოლელებისთვის (მინიმუმ გალათას რაიონის მცხოვრებთათვის!) უფრო მნიშვნელოვანი მაინც ფეხბურთის სხვა მხარეა - ტაქსიმზე მდებარე სახლზე გადმოფენილი უზარმაზარი წითელ-ყვითელი დროშა წარწერით "გალათასარაი ჩემპიონია!". ისიც ნიშანდობლივი და კარგი სანახავი იყო, თურქი ქომაგების უმეტესობას არა ფინალის მონაწილეების, არამედ "გალას", "ფენერისა" თუ "ბეშიქთაშის" მაისურები რომ ეცვათ.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, სანამ ასობით ჟურნალისტის შეკითხვებს მისი შეგირდები პასუხობდნენ, საპრესკონფერენციო დარბაზის კართან ნერვიულად სცემდა ბოლთას მილანის "ინტერის" თავკაცი სიმონე ინძაგი. მედიის წარმომადგენელთა მთელი ყურადღება ლაუტარო მარტინესის, ჰაქან ჩალჰანოღლუს და მატეო დარმიანისკენ იყო მიპყრობილი და ჩემს მეტს ინძაგის "ვნებანი" არავის შეუმჩნევია. კართან მომლოდინე მილანელთა ახალგაზრდა მწვრთნელს რამდენიმე ფოტო გადავუღე და ერთ-ერთს თქვენც გიზიარებთ. დერეფნისგან განსხვავებით, პრესკონფერენციის დროს სიმონე საკმაოდ მშვიდი ჩანდა. საბოლოოდ კი მასაც და მის ფეხბურთელებსაც მადლობა ეკუთვნით ფინალში ნაჩვენები საიმედო და თავდაუზოგავი თამაშისთვის.
რადგან სტადიონზე და წინასამატჩო/მატჩამდელ ამბებზე გადავედით, კიდევ რამდენიმე ექსკლუზიურ ფოტოზე მოგიყვებით. ფინალის დასრულების შემდეგ, როცა მოედანსა და ტრიბუნებზე ემოციები მეტ-ნაკლებად ჩაცხრა, ფეხბურთელებმა ავტობუსებისკენ ე.წ. შერეული ზონის გავლით გასწიეს და გზად ჩვენთან, "მიქს ზონაში" შეკრებილ ჟურნალისტებთანაც შეჩერდნენ რამდენიმე სიტყვის სათქმელად. ჩემს გადაღებულ კადრში ფინალის მთავარი გმირი, ერთადერთი გოლის ავტორი როდრი ჩანს, მის გვერდით - "სიტისა" და მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი ერლინგ ჰოლანდი. ნორვეგიელი ვუნდერკინდი წყალს ყლურწავდა, ეშმაკურად მოჭუტული თვალებით უსმენდა თანაგუნდელს და პერიოდულად სახუმარო ფრაზებსაც მიაშველებდა ხოლმე. ფინალში ერლინგმა დიდად ვერ ისახელა თავი, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ნანატრი მედლით ისიც უზომოდ ბედნიერი ჩანდა!
ჰოლანდის, ლაუტაროს, გვარდიოლასა და სხვა კაშკაშა ვარსკვლავების გარდა, მოედანზე და ათათურქის სახელობის ოლიმპიური სტადიონის ტრიბუნებზე უამრავი ცნობილი სტუმარი ვნახეთ. მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები, ფეხბურთისა თუ ქვეყნ(ებ)ის მაღალჩინოსნები და სხვ. სამთავრობო ტრიბუნაზე თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის გვერდით ჩანან ფიფას და უეფას თავკაცები, მათ უკან კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილსაც მოჰკრავთ თვალს.
და ბოლო კადრი. ნიშანდობლივი ფოტო: ფინალი დამთავრდა, სტამბოლმა ფეხბურთის მორიგ დღესასწაულს უმასპინძლა და ესტაფეტა მომდევნო მასპინძელს გადააბარა. ფინალი დამთავრდა და ტაქსიმის მოედანზე განთავსებული რეკვიზიტების აღების დროა. ფინალი დასრულდა, თუმცა ფეხბურთი გრძელდება და სწორედ ეს არის ამ დიდებული თამაშის არსი.
მადლობა სტამბოლს. ერთი წლის შემდეგ ლონდონში შევხვდებით!