"მოვემზადოთ უკრაინის კონტრშეტევის შესაძლო შეფერხებისათვის: როგორც ჩანს, კიევი გამარჯვებას სწრაფად ვერ მიაღწევს"
ბრიტანულ გაზეთ "დეილი ტელეგრაფში" (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "მოვემზადოთ უკრაინის კონტრშეტევის შესაძლო შეფერხებისათვის: როგორც ჩანს, კიევი გამარჯვებას სწრაფად ვერ მიაღწევს, ნატომ საფრანგეთ-გერმანიის პოზიციაში ყოყმანი არ უნდა დაუშვას" (ავტორი - რიჩარდ კემპი, სამხედრო ექსპერტი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ნატო აუცილებლად უნდა მოემზადოს იმ სავარაუდო პერსპექტივისათვის, რომ უკრაინის არმიის კონტრშეტევამ შეიძლება რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიოს. მართლაც და, კიევმა დღემდე ბრძოლებში მხოლოდ შეზღუდული შედეგები აჩვენა ანუ ისინი, რომლებიც უკრაინის არმიის მიერ რუსეთის გამაგრებული პოზიციების ელვისებურ გარღვევას ელოდნენ, იმედგაცრუებულნი დარჩნენ. ეს არ არის ისეთი შემთხვევა, როცა გერმანული ტანკები პოლონურ კავალერიას ამარცხებდნენ [1939 წელს] ან როცა ამერიკული ტანკები დემორალიზებულ ერაყის არმიას უკან ახევინებდნენ [2003 წელს], რომელიც შეიარაღებული იყო ძველი საბჭოთა ჯავშანტექნიკით, თანაც - ჰაერიდან დაცვის გარეშე.
ამის ნაცვლად დღეს ჩვენ ვხედავთ დაახლოებით ისეთი სტილის ომს, რომელიც ერთმანეთის გამოფიტვისკენაა მიმართული, როცა შემტევი მხარე მოწინააღმდეგის გამაგრებული პოზიციების დასაუფლებლად დიდ დანაკარგებს განიცდის. უკრაინის არმიის სარდლობისა და პოლიტიკური ლიდერების თქმით, ჯერჯერობით კიევი მტერს მხოლოდ ლოკალურ დარტყმებს აყენებს, სუსტი ადგილების მოსაძებნად, რომლის წინააღმდეგ შემდეგ არტილერიას და სარეზერვო ჯავშანსატანკო ძალებს გამოიყენებს. როგორც იტყობინებიან, რუსეთის ზურგში რუსი პარტიზანები (პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეები) მოქმედებენ, მათთან ერთად კი - უკრაინული სპეცქვედანაყოფებიც.
ასეთ სიტუაციაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ცრუ მანევრებს, მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის მიზნით და რაც შეიძლება მეტი მიმართულებით, რომ რუსეთის სარდლობა ვერ მიხვდეს, თუ სად იგეგმება მთავარი დარტყმა. მაგრამ რადგანაც ომში სამხედრო ოპერაციები ხშირად გეგმის მიხედვით არ ვითარდება ხოლმე, ამ შემთხვევაშიც შეიძლება კიევისათვის შანსები წარმატებული არ აღმოჩნდეს. რუსეთის გენერალური შტაბის უფროსს - ვალერი გერასიმოვს საკმაოდ დიდი დრო და რესურსი ჰქონდა, რათა რამდენიმე მიმართულებით ეფექტიანი თავდაცვითი ზღუდეები მოემზადებინა. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ რუსებს მნიშვნელოვანი რიცხობრივი უპირატესობა აქვთ, ფაქტობრივად, ყველაფერში - პირადი შემადგენლობით დაწყებული, ტანკებით დამთავრებული და, ალბათ, არტილერიის თვალსაზრისითაც.
ცალკე თემაა სამხედრო-საჰაერო ძალების საკითხი. თითქმის ყველა შემტევი არმიის წარმატებას, მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან მოყოლებული, ჰაერში მოპოვებული ბატონობა განაპირობებდა. სამწუხაროდ, უკრაინელებს სამხედრო ავიაცია, ფაქტობრივად, არ ჰყავს და ამის შედეგები ნათლად დავინახეთ, როცა რუსულმა ვერტმფრენებმა გერმანული და ამერიკული ტანკები გაანადგურეს.
რასაკვირველია, უკრაინის არმიის კონტრშეტევა სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება სხვადასხვანაირად განვითარდეს, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით უნდა ვთქვათ: უკრაინის გამარჯვება გარანტირებული არ არის. უკვე შეიმჩნევა ამერიკის შეშფოთება - თეთრი სახლიდან წამოსული გამაფრთხილებელი ნოტების სახით, რომლებშიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ბრძოლის ველზე წარუმატებლობით მიყენებულ პოლიტიკურ ზიანზე ფიქრობს.
თუ ნატოს ვილნიუსის სამიტზე ალიანსის წევრები წარუმატებელი კონტრშეტევის მიზეზების განხილვას შეუდგებიან, ალბათ, ბევრ მოყოყმანე მხარეს სალაპარაკო თემა მიეცემა. მათ, რომლებიც უკრაინას იარაღს არცთუ დიდი სიხარულით უგზავნიდნენ, არგუმენტები გაუჩნდებათ საკუთარი თავის გასამართლებლად და იტყვიან - აი, ხომ ხედავთ, რუსეთს უკრაინის მიმართ როგორი დიდი სამხედრო უპირატესობა აქვსო. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ გერმანიას უკრაინისათვის მეტი "ლეოპარდი" მიეცა, ამერიკას კი თავი არ შეეკავებინა "ფანტომების" – ავიაგამანადგურებელი F-16-ების მიწოდებაში.
რისკი იმაშიცაა, რომ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი, ისევ განაახლებენ თავიანთ ლობირებას, რომ კიევი წლის ბოლომდე სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დაითანხმონ. ევროპაში ასეთი ყოყმანი ნეგატიურ გავლენას მოახდენს ჯო ბაიდენის პოზიციებზე კონგრესში - გასათვალისწინებელია, რომ წარმომადგენელთა პალატაში მყოფი რესპუბლიკელები ხელს შეუშლიან უკრაინისადმი დახმარების გაწევის ფორსირებას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან არასწორი მოქმედება იქნება, მაგრამ თუ კონტრშეტევა ჩაიშლება, დასავლეთს სერიოზულად მოუწევს ფიქრი, თუ როგორ უზრუნველყოს უკრაინის სამხედრო პოტენციალის გაძლიერება. შესაბამისად, ნატომ უნდა გამოაცხადოს უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების საბოლოო გზა. ვილნიუსში შეკრებილმა ლიდერებმა საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვან: თუ უკრაინას, რომლის ზურგს უკან ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ძალა დგას, არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ აგრესიას, მაშინ რა აზრი აქვს ნატოს არსებობას? წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ