"საქართველოში ვბრუნდები და პირდაპირ "ეშმაკის სამოთხეში" შევდივარ..." - რა გეგმები აქვს რეზო ჩხიკვიშვილს გერმანული თეატრის დატოვების შემდეგ - კვირის პალიტრა

"საქართველოში ვბრუნდები და პირდაპირ "ეშმაკის სამოთხეში" შევდივარ..." - რა გეგმები აქვს რეზო ჩხიკვიშვილს გერმანული თეატრის დატოვების შემდეგ

"აი, ასე შემოვდივარ სამშობლოში, უდიდესი სიხარულით!" - რეზო ჩხიკვიშვილის მრავალფეროვანი ახალი ეტაპი

"საქართველო ერთადერთია და მართლაც იკაშკაშებს, რადგან გაჭირვების ჟამს ასეთი სიყვარული, ასეთი თანადგომა, არსად იციან. ჩვენ გავიმარჯვებთ, ერთად ვიქნებით, ყველანი დავბრუნდებით საქართველოში, სიკეთით ვიცხოვრებთ და ჩვენს შვილებსაც კარგი მომავალი ექნებათ. მე ამის მჯერა და ეს მაცოცხლებს!" - ამბობდა მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი 2020 წელს "კვირის პალიტრასთან"...

იგი ამჟამად გერმანიის "გრილოს" სახელობის თეატრს დაემშვიდობა, სადაც 30 წელი მოღვაწეობდა...

"სექტემბრიდან მოყოლებული, თეატრში ექვსი პრემიერა, პარალელურად, გადაღებები იყო; ამავდროულად, გამოსამშვიდობებელ საღამოზე - "გმადლობთ და ნახვამდის" ვმუშაობდი... როცა როლს მაძლევენ, როგორც შემსრულებელი, ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ ძალიან რთული იყო საღამოს, ამ ყველაფრის გაძღოლა, 30 წლის გადასახედიდან - პროგრამის შედგენა, ყველა კარგი მომენტის არჩევა. ძალიან გადავიღალე, მაგრამ ღირდა. ძალიან წარმატებული პროექტი გამოვიდა", - გვიყვება ბატონი რეზო და მის სამომავლო გეგმებსაც გვიზიარებს:

- ჯერ კიდევ არ ვარ იმ ემოციებიდან გამოსული, ადამიანებისგან იმდენად სითბო და სიყვარული მივიღე, კეთილგანწყობა ხომ თითოეული მათგანისგან მახსოვს, მაგრამ ამჯერად ეს სიყვარული ერთიანად, თაიგულივით მორთმეული იყო...

rezo-chxikvishvili-1687250671.jpg

საღამოზე ჩემგან არათუ ანგარიშის ჩაბარება, არამედ, მთელი ჩემი ცხოვრება იყო ჩატეული, ბავშვობიდან მოყოლებული... ყველაფერს ვყვებოდი, ვცდილობდი, ყველასთვის საუკეთესო განწყობა შემექმნა, საღამო სიმღერებთან ერთად იყო შეჯერებული. გერმანიის მრავალი ქალაქიდან იყვნენ ჩამოსულები, სხვა სახელმწიფოებიდან, ბელგიიდანაც კი... ყველაზე კარგი იყო, გერმანიაში რომ ქართულ კულტურას, საქართველოს კულტურულ ჭრილში რომ წარმოვადგენდი. ამიტომ გამეხარდა ეს შეჯამება! იმის დანახვა, თუ როგორ დააფასეს გერმანელებმა ქართველი ხელოვანი საზღვარგარეთ, რამდენად დიდი სიყვარული და პატივისცემა აგრძნობინეს.

- ადრე ამბობდით, როდესაც გერმანიის თეატრს დავემშვიდობები, მეტი დრო მექნება, სამშობლოში ვიყოო...

- ჩემს ცხოვრებაში ახალი, მრავალფეროვანი ეტაპი იწყება. როდესაც თეატრში ვიყავი, გუნდურობის პრინციპით ვმოქმედებდი, ახლა თავისუფალი ვარ და ქართული პროექტებისთვის მეტი დრო გამომიჩნდება... საქართველოში ბოლოს სამი წლის წინ ვიყავი. ახლა ჩამოვდივარ და პირდაპირ ქართულ მხატვრულ ფილმში - "ეშმაკის სამოთხე" შევდივარ... ფილმს ხათუნა ვაშაძე იღებს. ასევე, მიწვევა მაქვს ძალიან საინტერესო სერიალებში.

10435-1687250990.jpg

"ეშმაკის სამოთხე" ფსიქოლოგიური დრამაა... ფილმში მონაწილეობენ - ეკა ანდრონიკაშვილი, ნინო მუმლაძე, ია სუხიტაშვილი, ზურა ყიფშიძე, რამაზ იოსელიანი, რომა რცხილაძე, აპოლონ კუბლაშვილი, ალეკო მახარობლიშვილი, გიორგი აზნაური... ამდენი სტრესიდან სასიამოვნო, ქართულ "სტრესში" გადავდივარ. აი, ასე შემოვდივარ სამშობლოში - უდიდესი სიხარულით!

მე ყოველთვის ვამბობდი, დავბრუნდები-მეთქი და ეს მომენტი უკვე დადგა!

- ალბათ, გერმანიასაც ვერ დათმობთ, სადაც უზარმაზარი მიღწევები გქონდათ...

- რაც შეეხება გერმანიას, რაც აქ დავაგროვე 30 წლის განმავლობაში - შრომა, აღიარება და სიყვარული, ძალიან სასიამოვნოა! სიხარულით დავთანხმდები, სადაც მიმიწვევენ...

rezo-chxikvishvili-3-1687251008.jpg

სულ ახლახან ბაბუა გავხდი, მე და ხათუნა უკვე ბებია-ბაბუა ვართ. მოგეხსენებათ, შვილიშვილს როგორ ვჭირდებით, ჩვენი სითბო და სიყვარული სჭირდება, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ გერმანიასთან კავშირს მთლიანად გავწყვეტ...

ვიმეორებ, რომ ჩემი დროის უმეტესი ნაწილი ჩემს საქართველოს დაეთმობა, სანამ შემიძლია, შევეცდები, რომ აქტიურად ვიყო ქართულ ხელოვნებაში, ჩემს ქართველ მაყურებელთან... მეგონა, ძალიან მოსაწყენი ცხოვრება შეიძლებოდა დამდგარიყო და, საბედნიეროდ, ასე არ არის. ძალიან კარგ პროექტებში ვარ დაკავებული.

rezo-chxikvishvili-1-1687250837.jpg

- ასე იქნება კიდევ ათეული წელი...

- სხვათა შორის, ერთხელ მკითხეს, ერთი სურვილი დაასახელეთ, რა გექნებოდათო და უცებ, სპონტანურად ვუპასუხე გერმანელ მეგობრებს, ვეხუმრე, - ძალიან გთხოვთ, მოიტანეთ საწერი და ჩაინიშნეთ თარიღი, მინდა, ყველანი ჩემს დაბადების დღეზე დაგპატიჟოთ-მეთქი... ყველა დამთანხმდა და თარიღი რომ მკითხეს, ვუთხარი - 9 მარტი, 2057 წელი, მაშინ 100 წლის ვხვდები და ძალიან გთხოვთ, მოხვიდეთ-მეთქი... ასე ვიხუმრე და რადგან ასე ვამბობ, შევეცდები, რომ კარგად ვიყო! თუ მოვხსენი ყველა რეკორდი, ხომ კარგი... თან ყველას ისიც ვუთხარი, ჩაინიშნეთ, რომ პარასკევი დღეა, არ მომატყუოთ, არ გამაწბილოთ და არ დამიწყოთ, არ მეცალაო...

საუბრის დასასრულს მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც ჩემი საღამოს მონაწილე და გულშემატკივარი იყო... ყველაზე კარგი ის იყო, რომ გერმანიაში ვისწავლე შრომის ფასი, შრომის ფასის შეგრძნება, დისციპლინა, საქმისადმი პასუხისმგებლობა, გუნდურობა - აი, ეს შემძინა გერმანიამ და ჩემში გააძლიერა! ვფიქრობ, ამ ჩემს გამოცდილებას საქართველოში გამოვიყენებ!

უღრმესი მადლობა, პირველ რიგში, „გრილოს“ სახელობის თეატრს, რომელმაც ასეთი უძვირფასესი საღამო მაჩუქა. ორჯერ იყო ეს საღამო ერთი და იმავე სცენარით და ორივეჯერ ბილეთს ვერ იშოვიდით...

rezo.jpg

ასევე, დიდი მადლობა ჩემი დიდი ხნის, გამორჩეულ პარტნიორს, ნინო ვიმბერგერ-შატბერაშვილს, რომელმაც ეს საღამო თავისი მომხიბვლელი და არაჩვეულებრივი ხმით გამილამაზა... მადლობა ვირტუოზ გიტარისტს - იან ბიერტერს და მის ბენდს, რომლებმაც ეს საღამო მუსიკალური აქტუალურობით გაამდიდრეს.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მანფრედ შატერს და ეკატერინე ჰორნს, ამ, ჩემთვის უძვირფასეს ადამიანებს, რომლებმაც ჩემი ავტობიოგრაფიის შემცველი ტექსტები ლამაზად და შინაარსიანად ამიკინძეს. ასევე, ჩემი უღრმესი მადლობა ეკუთვნის ჩემს ერთგულ მაყურებელს, რომელმაც ეს საღამო ემოციების ფოიერვერკად აქცია. დიდი მადლობა თანამედროვე დიზაინერს - ჟანეტ დადეშქელიან-აფრასიძეს, რომელმაც საგანგებოდ ჩვენი საღამოსთვის დაგვიმზადა ქართული სამოსი.

დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს - ხათუნა ჩაგელიშვილს, ოჯახს, რომელიც მუდამ ენერგიით მავსებდა და ზურგს მიმაგრებდა. ჩემთვის ჩემი ოჯახი აქ - პატარა საქართველოა!

ჩვენ მალე შევხვდებით ერთმანეთს, მიყვარხართ მენატრებით!

(სპეციალურად საიტისთვის)