"რუსეთის კოლონია ვიყავითო. მე ასე არ ვთვლი! ქართველ ნიჭიერ ხალხს ზედ დაჰკანკალებდნენ" - ვიქტორია სირაძემ პრესასთან 30-წლიანი დუმილი დაარღვია - კვირის პალიტრა

"რუსეთის კოლონია ვიყავითო. მე ასე არ ვთვლი! ქართველ ნიჭიერ ხალხს ზედ დაჰკანკალებდნენ" - ვიქტორია სირაძემ პრესასთან 30-წლიანი დუმილი დაარღვია

ვიქტორია სირაძე - საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს მეექვსე მოწვევის დეპუტატი, დაჯილდოებულია ოთხი ორდენით, სამი მედლითა და სხვადასხვა საპატიო სიგელით... ქალბატონი ვიქტორია 30 წლის განმავლობაში პრესასთან ურთიერთობაზე კატეგორიულ უარს ამბობდა. ამჯერად დუმილი დაარღვია და თავისი ცხოვრების რთულად განვლილი გზა გაიხსენა, თუ რამდენი დაბრკოლება განვლო უმაღლეს თანამდებობამდე... ­

- 1929 წელს დავიბადე... ოჯახში ოთხი შვილი ვიზრდებოდით, მამა მუშაობდა, ისე ვცხოვრობდით, როგორც ჩვეულებრივი, რიგითი ოჯახი... კარგად მახსოვს, ბავშვები დასასვენებლად ფაეტონით მივყავდით წყნეთში. ბინას ვქირაობდით წყნეთში, როცა მამას ჩვენთან ამოსვლა უწევდა, ფეხით ამოდიოდა. მამა სამეურნეო მუშაკი იყო, ფეხსაცმელების ფაბრიკაში მუშაობდა, მანამდე გომის სპირტის ქარხნისა და გომის შაქრის კომბინატის დირექტორი იყო... ძველი ბოლშევიკი იყო, 1917 წლიდან პარტიის წევრი.

ომამდე უღრუბლო, ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. ომი რომ დაიწყო, მამა 55 წლის იყო, დედა ახალგაზრდა და ლამაზი, მამაზე 12 წლით უმცროსი... ომი რომ დაიწყო, მე 12 წლის, უფროსი და კი 14 წლის იყო. ომის დაწყებისთანავე ყველაფერი, საკვებიც უცებ მოგვაკლდა. პატარა ძმა, 1937 წელს დაბადებული, ჯერ მხოლოდ ოთხი წლის იყო. მამა ფრონტზე მოხალისედ წავიდა. 55 წლის იყო, ჯარი არ უწევდა, მაგრამ მაშინ პატრიოტიზმი მხოლოდ ლოზუნგი არ იყო, ამიტომაც წავიდა.

მაშინ თბილისურ ეზოში ორი პატარა ოთახი გვქონდა. ბავშვები ვიზრდებოდით, ვსწავლობდით... ძველ თბილისში, ენგელსის ქუჩის დასაწყისში ვცხოვრობდით, ახლა ასათიანის ქუჩა ეწოდება. ჩვენი სახლი ადრე სომეხ საქმოსანს, დანდუროვს ეკუთვნოდა. რატომღაც იტალიურ ეზოს რომ ეძახიან, ის თბილისური ეზოა. ძველ თბილისში მხოლოდ ასეთი ეზოები იყო, სადაც ყველა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა, ვმეგობრობდით, ვთამაშობდით, ვიზრდებოდით. ბავშვობაში სომხურიც, აზერბაიჯანულიც, რუსულიც შესანიშნავად ვიცოდი... მაშინ თბილისი მწვანე, თბილი იყო, ნამდვილად შესანიშნავი.

- დედამ როგორ შეძლო ოთხი შვილი მარტოს აღეზარდეთ?

- დედა სამტრედიიდან, სოფელ ნაბაკევიდან იყო, ხონის გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული. ექვსი დედმამიშვილი იყვნენ, რკინიგზელთა ოჯახში გაიზარდა და ყველამ განათლება მიიღო. ის ბავშვებს ვერ გვტოვებდა და ამიტომ სახლში შეკვეთებს იღებდა, ჰოსპიტლებისთვის საბნებს, ზეწრებს კერავდა. მეც ძალიან ვეხმარებოდი. იმდროინდელი საკერავი მანქანა დღესაც შენახული მაქვს... სკოლაშიც ძალიან დიდი დატვირთვა გვქონდა. სკოლა ისე მუშაობდა, სიცივის ან რამის გამო არც ერთი გაკვეთილი არ გაცდენილა. თუ არ ჩავთვლით შატალოებს, სადაც ჩვენ თვითონ ვიყავით გაცდენის მოთავეები... განსაკუთრებული სიმკაცრე ჩვენს დროს არ ყოფილა, მასწავლებლებთან ვმეგობრობდით. ომი რომ დამთავრდა, 1945 წელს მე უკვე მეათე კლასში ვიყავი. ჰოსპიტლებში დაჭრილ ჯარისკაცებს ვუვლიდი. ჰოსპიტალი ჩიტაძის ქუჩაზე იყო, ახლანდელი პარლამენტის უკან, სკოლის შენობაში. ძალიან ბევრი ლტოლვილი იყო რუსეთიდან, უკრაინიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან... პირდაპირ საოცარი იყო, თვითონ გაჭირვებული ოჯახები ლტოლვილებს როგორ იღებდნენ. რა თქმა უნდა, მაშინაც იყვნენ მუქთახორები, სპეკულანტები. თანადგომის, დახმარების ძალიან დიდი სურვილი იყო და ხალხი გაჭირვების ჟამს ამან გადაარჩინა...

300 გრამი შავი პური გვე­ძლეოდა. კომერციულ მაღაზიებში პური 80 მანეთი ღირდა. დედას ატესტატი ჰქონდა (ასე ეძახდნენ მაშინ ომში წასული ოფიცრის ცოლების საბუთს, მამა კაპიტნის რანგით წავიდა). 800 მანეთის, ანუ რვა კილოგრამი პური გამოდიოდა. ოთხ შვილს კვება ხომ უნდოდა და ამიტომ ვმუშაობდი. დეიდა რეჟისორ რობიკო სტურუას ბებია იყო. რობიკო ჩემი ნათესავია, მისი ბაბუა, ვანო სტურუა რევოლუციონერი იყო, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, სამწუხაროდ, ადრე გარდაიცვალა... დეიდას მთავრობა ინახავდა, სასადილოზე იყო მიმაგრებული... ერთ ულუფა სადილს თავისი ხუთსულიანი ოჯახიდან ჩვენ გვაძლევდა. გვყოფნიდა, სულს მოვითქვამდით. ვიცოდით, როგორ გამოიყურებოდა კვერცხი, კარაქი... ასეთი მომარაგება ჰქონდა ხელისუფლებას. ასე გადავიტანეთ ომის პერიოდი... ოთხივემ სკოლა დავამთავრეთ, მერე უმაღლესი სასწავლებელი. დედა ყველანაირად ხელს გვიწყობდა.

ომის დამთავრება ძალიან მკაფიოდ მახსოვს. 9 მაისს ყველა ქუჩაში დასეირნობდა, თუ რამ საუკეთესო ჰქონდათ, ის ეცვათ. ყველა ბედნიერი იყო, თან მაისი, გაზაფხული...

მე ჩემი თბილისი მენატრება. გაზაფხული სულ სხვანაირი იყო. ის მცენარეები თბილისში დღეს აღარ არის. არ ვიცი, სად გაქრა გლიცინიები, აკაციები... თბილისი, განსაკუთრებით ძველი, ძალიან სურნელოვანი იყო. არავინ არაფერს ანგრევდა, არ სპობდა. ახლა ჩემს მახლობლად ორასი წლის ნაძვები მოჭრეს და 23-სართულიანი სახლი დადგეს. ჭავჭავაძის პროსპექტს თავისი ხიბლი ჰქონდა. ოთხ და ხუთ სართულზე მეტი სახლი არ აშენებულა. რუსთაველის შემდეგ ჭავჭავაძის პროსპექტი იყო სილამაზით გამორჩეული, თბილისს კი პარიზს ადარებდნენ...

თბილისი ორთაჭალიდან იწყებოდა და სტუდქალაქთან თავდებოდა. ძალიან კარგად მახსოვს, ტრამვაი სადაც უხვევდა. ქალაქი პატარა იყო, ქალაქელებიც ცოტა, თითქმის ყველა იცნობდა ერთმანეთს. თეატრი ომის წლებში სრული დატვირთვით მუშაობდა, ბილეთები ძალიან იაფი იყო... პიონერთა სასახლე თავიანთი წრეებით ბავშვებს ემსახურებოდა. მთელი თბილისის ელიტა, უნიჭიერესი ხალხი იქ გაიზარდა: რეზო თაბუკაშვილი, მელორ სტურუა და ასე შემდეგ... ჩვენთვის მეორე სახლი იყო, საოცარ საღამოებს ვესწრებოდით, ლიტერატურული შეხვედრები გვქონდა პასტერნაკთან... მაშინ გიგანტები მოღვაწეობდნენ გალაკტიონი, პაოლო იაშვილი, ირაკლი აბაშიძე, ლადო გუდიაშვილი... როგორი კომპოზიტორები გვყავდა, არაჩვეულებრივი მომღერლები. ჩვენი ოპერის თეატრი ძალიან მაღალი დონის იყო.

- რა იყო თქვენი პირველი თანამდებობა?

- მე როგორც წარჩინებული მოწაფე, მეშვიდე კლასში პიონერხელმძღვანელი ვიყავი და მეხუთეკლასელები, ასე ვთქვათ ჩემი მფარველობის ქვეშ იყვნენ. სკოლა ფრიადებზე დავამთავრე. შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავაბარე. იხილეთ ინტერვიუ სრულად - „მე ჩემი თბილისი მენატრება“