"ნაცები" თავისი "გირჩელებით" ცდილობს პოლიტიკა დააბრუნოს თსუ-ში, ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ"
უნივერსიტეტში პოლიტიკის შეტანა კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ეს პრაქტიკა წარსულს ჩავაბარეთ - „ნაცები“ თავისი „გირჩელებით“ ცდილობს პოლიტიკა დააბრუნოს თსუ-ში. ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თსუ- ში, ბორჯომში და გორში მომხდარ ინციდენტებს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, თსუ პოლიტიკური აქტივობების ადგილი არ არის.
„არავითარი ფორმალური და არაფორმალური დაცვის წევრები არ ყოფილან თსუ-ში. რაც შეეხება ჩემს პირად დაცვას, სულ ორ ადამიანზეა საუბარი. რაც შეეხება სხვა ადამიანებს, რომლებიც იქ იყვნენ, ისინი სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ, რომლებმაც რამდენიმე „გირჩელი“ გააძევა მეორე კორპუსიდან.
სტუდენტებიც იყვნენ იქ, შეიძლება ჩვენი პარტიის წარმომადგენლებიც, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ყველაზე დიდი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია სწორედ „ქართული ოცნებაა“, რომელიც აერთიანებს 42 ათას წევრს. საკუთარ თავს სამოქალაქო საზოგადოებას არქმევს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ თავისი 100-კაციანი სტაფით, ISFED-ი და ასე შემდეგ. ეს არ არის სამოქალაქო საზოგადოება, ყველაზე მსხვილი სამოქალაქო საზოგადოება არის „ქართული ოცნება“. სამოქალაქო საზოგადოების წევრებს აქვთ უფლება, დაუპირისპირდნენ იმ აღვირახსნილ ქმედებებს, რომელსაც გეგმავს „ფორმულა“, კეზერაშვილი... კეზერაშვილის დაფინანსებული 4 კაცი იყო მოსული თსუ-ში. დიმიტრი ჩიქოვანი იყო ორგანიზატორი ხოშტარიასთან ერთად, მან დააორგანიზა და დააფინანსა ე.წ. პროტესტისთვის. ყველამ იცის დიმა ჩიქოვანი რასაც აფინანსებს. ის არის „შავი ფულის“ ერთ-ერთი მთავარ განმკარგავი. ეს „შავი ფული" წაღებული აქვს კეზერაშვილს თავის დროზე ქართული ჯარის და ბიზნესის რეკეტის ხარჯზე. ახლა ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს. 36 წლის LGBT აქტივისტი იყო სინამდვილეში თსუ-ში მოსული. ნებისმიერი ასეთი ადამიანი, ვინც თსუ-ში მოდის და კეზერაშვილის შავი ფულით აწყობს პროტესტს უბრალოდ არასწორ საქმეში ჩართულია. იმედია ეს ადამიანები სწორ გზას დაადგებიან.
ჩვენ ჩვენი წყაროები გვაქვს. იმდენად არის მორღვეული ოპოზიცია, რომ შიგნიდან უამრავი ინფორმაციაში გამოდის. ინფორმაცია გვაქვს, თუ სად შეიკრიბნენ, როგორ დაგეგმეს, რამდენი დაუჯდათ. ეს ყველაფერი მარტივად ჟონავს ამ პარტიების რიგებიდან. შიგნიდან არიან მორღვეულები. ბევრ „გირჩელს“ არ სიამოვნებს ის პროცესი, რაშიც ჩართულია. ბევრმა დაინახა, რომ ხშირად ატყუებენ, არასწორ პროცესებში ჰყავთ ჩართულები.
უნივერსიტეტში პოლიტიკის შეტანა კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ეს პრაქტიკა წარსულს ჩავაბარეთ 2012 წლამდე, 2012 წლამდე პირდაპირ შედიოდა პოლიტიკა უნივერსიტეტში, მათ შორის თსუ-ში, პირდაპირ კონკურსები ტარდებოდა პოლიტიკური ნიშნით. თსუ-ში არიან პროფესორები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით გამწესდნენ. თსუ-ში არის ადამიანი, რომელიც ასწავლის კონკრეტულ საგანს და თვითონ მან არ იცის. რატომ? იმიტომ, რომ თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით დაინიშნა. მე 2010 წელს მომიწია თსუ-ს დატოვება, რადგან გავაკრიტიკე საკონსტიტუციო ცვლილებები და მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩემი თსუ-დან გაძევების თაობაზე. დღეს იგივე ხალხი, იგივე „ნაცები“ თავისი „გირჩელებით“ ცდილობს პოლიტიკა დააბრუნოს თსუ-ში. ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ. თსუ არ არის პოლიტიკური აქტივობების ადგილი“,- აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ განაცხადა, რომ კონკრეტული ძალები ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების ხელოვნურად პოლარიზებას ცდილობენ.
„ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს გამოძიებაზე. საჭიროა ყველა ასეთი ფაქტის გამოძიება, ძალადობა არასწორია და მიუღებელი. ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარია პოლარიზაცია დასრულდეს და შემცირდეს რადიკალიზმის ხარისხი. კონკრეტული ძალები არიან, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების პოლარიზებას, რადიკალიზმის შემოტანას. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში გადადის ძალადობაში“,- აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერს გორში, „სმარტთან“ თავს დაესხნენ. პარტიის წევრის, ანა ყურაშვილის ინფორმაციით, ჯაფარიძეს თავს ერთი პირი მაშინ დაესხა, როდესაც ის მანქანაში იმყოფებოდა, შედეგად მას თვალი აქვს დაზიანებული. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია ბორჯომში, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ახალგაზრდულ ბანაკში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციით, ბორჯომში „გირჩი მეტი თავისუფლების“ ახალგაზრდულ ბანაკს თავს დაესხნენ.
გარდა ამისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებდა ხმაური იყო. ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, სიტყვიერი შელაპარაკება კი, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს” თსუ-ს სტუდენტმა ალექსი კირტავამ განუცხადა, დაპირისპირებისას ერთ-ერთი ახალგაზრდა დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
IPN