როსტომ მეფის სასახლის საინტერესო ისტორია და უნიკალური ფოტო - კვირის პალიტრა

როსტომ მეფის სასახლის საინტერესო ისტორია და უნიკალური ფოტო

როსტომ მეფის სასახლის საინტერესო ისტორია და უნიკალური ფოტო.

წერეთლის გამზირზე ამ ცოტა ხნის წინ აღმოჩენილმა სარკოფაგებმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა თბილისის არქეოლოგიურ მდგომარეობაზე, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ, დღემდე სიღრმისეულად არ არის გამოკვლეული. არ მოიპოვება სათანადო მასალა, როგორი იყო, მაგალითად, თბილისის ნაგებობათა განვითარების ისტორია, როგორ მოვიდა ის მე-16 საუკუნემდე...

თბილისში, მისი ხელახლა შემოერთების შემდეგ, მეფეების სასახლეები მრავლად იყო. ასე მაგალითად, თამარ მეფეს თავისი სასახლე ჰქონდა ისანში (დღევანდელი ავლაბრის მეტროს მიმდებარედ) და დიდუბეშიც. სამეფო სასახლესთან იყო ასევე სახელმწიფოებრივი დანიშნულების ნაგებობებიც. ცალკე შენობა იყო „სააჯო კარი“, ესე იგი სასამართლო. „საჭურჭლე სახლი“, რომელიც სამეფო ჭურჭლის, განძისა და სიმდიდრის შესახებ ნაგებობას წარმოადგენდა. აგრეთვე, ცალკე იყო „სალაროც“, სამეფო ხაზინის სახლიცა და „ზარდახანაც“ ყოველგვარი სამხედრო იარაღების, სამხედრო ნიშნებისა და სამკაულების საწყობი... სახელმწიფოებრივი დანიშნულების მსგავსი შენობები სხვაც იყო, რომელთა შესახებ ამჯერად არ ვისაუბრებ.

დღეს თქვენს ყურადღებას „როსტომის სასახლეზე“ გავამახვილებ და მე-17 საუკუნის უნიკალურ ფოტოს გაჩვენებთ.

tiflis-1687245692.jpg

ფრანგი მოგზაური შარდენი ქართლის მეფის ვახტანგ მეექვსის დროის (1658-1675წწ) სამეფო სასახლეს შემდეგნაირად აგვიწერს: "მეფის სასახლე ერთ მშვენიერ შენობას წარმოადგენს თბილისში. სასახლეში არის დიდი დარბაზები, რომელნიც მდინარეს და ბაღებს გასცქერიან. ბაღები ძალიან ფართოა, აქვე არის ყაუშხანები, რომლებშიც ბევრ სხვადასხვაგვარ ფრინველს ინახავენ. სასახლის წინ არის ოთხკუთხედი მოედანი, ამ მოედანზე ათას ცხენამდე დაეტევა..."

ეს სასახლე, რომელზედაც შარდენი საუბრობს, როსტომ მეფის (1632-1658 წ. წ) აშენებულია და მას „როსტომის სასახლე" ეწოდებოდა.

მოიპოვება ამ სასახლის უფრო დეტალური აღწერა, რომელიც მე-19 საუკუნის ცნობილ ისტორიკოსს პლატონ იოსელიანს ეკუთვნის: "როსტომის სასახლეს სიგრძე 65 საჟენი ჰქონდა. მისი საძირკველი ამოყვანილი იყო მდინარე მტკვრის კლდოვანი ნაპირიდან აგურის სქელი კედლებით. პირველი, ბნელი სართული, რომელიც კლდეს ემყარებოდა, დახურული იყო აგურის თაღით და მასში მოთავსებული იყო სარდაფი და საყინულე სასახლისთვის.

მეორე სართული მთლიანად თაღიანი იყო და მას ჰქონდა მაღალი, აღმოსავლეთისკენ მოქცეული ფანჯრები დიდი გამოქვაბულების სახით. აქ მოთავსებული იყო სასახლის სიმდიდრენი, ხალიჩები და სხვა. მას ერქვა სალარო, ანუ ერმიტაჟი. მესამე, მთავარი სართული განკუთვნილი იყო მეფის, დედოფლისა და მათი შვილებისთვის. იგი შეიცავდა 32 დიდსა და პატარა დარბაზს.

ერთადერთი ამ დარბაზთაგანი თბებოდა ღუმელით, რომელიც მეფე ერეკლე პირველის დროს რუსმა ოსტატმა ააგო და მას რუსულ სახელს "ფეჩის ოთახს" ეძახდნენ... ამ შენობის აქეთ-იქით მიშენებული იყო ორი ორსართულიანი ფლიგელი სარდაფებით. თითოეული ოცი ოთახისგან შედგებოდა. მათში მოთავსებული იყო მეფისა და დედოფლის ამალა. სასახლის წინა მოედნის შუაგულში აგებული იყო მარმარილოს შადრევანი, წყალი გამოყვანილი იყო აქ წავკისის მთებიდან. მარმარილოს ორი ლომის პირიდან გადმოდიოდა იმ წყლის შადრევანი, რომლითაც სასახლის ბაღები ირწყვებოდა. თვით ბაღში იდგა პატარა ნაგებობა, რომელშიც მოთავსებული იყო მინერალური გოგირდის წყლის აბანო..."

თბილისში სასახლეები ჰქონდათ არა მარტო ქართლის მეფეებს, არამედ, კახეთის მეფეებსაც. ასე მაგალითად, შარდენი მე-17 საუკუნის 70-იანი წლებისთვის მოიხსენიებს კახეთის მეფის სასახლესაც: "კახეთის მეფეს ქალაქის ნაპირას აქვს სასახლე, რომელიც აგრეთვე ღირს იმად, რომ კაცმა ინახულოს და დაათვალიეროს".

დელაპორტი აქებს საერთოდ თბილისის ამ დროინდელ ნაგებობებს, მაგრამ განსაკუთრებით, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, მას მეფის სასახლეები მოსწონებია. იგი თბილისის ნაგებობათა შესახებ წერდა: "თითქმის ყოველი წყლის პირს მდებარე სახლი აშენებულია შიშველ კლდეზე და ამ მხრიდან ქალაქს არა აქვს ზღუდე, აქ არის ფრიად მშვენიერი შენობები დიდებულთა და გლეხთა, ხოლო უფრო უკეთესი სასახლეები მეფეებისა..."

სამწუხაროა, რომ არ მოიპოვება სათანადო მასალა, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა XVI-XVII საუკუნის თბილისის საერო ნაგებობათა აღწერა. ასეთი ცნობები გაცილებით გვიანი ხანისაა. მაგრამ აღსანიშნავია, რომ თბილისში, განსაკუთრებით მის ცენტრალურ ნაწილში, ყოველი სახლი გარკვეული წესის მიხედვით უნდა აგებულიყო. მას ჩვეულებრივი სოფლის სახლებისგან განსხვავებული ხუროთმოძღვრული თავისებურება უნდა ჰქონოდა. როგორც მასალებიდან ირკვევა, თბილისში სახლები ე.წ. „ქალაქური წესით“ შენდებოდა.

საქართველოს სხვადასხვა დროის სატახტო ქალაქებში, რომ საზოგადოებრივი თუ კერძო დანიშნულების ნაგებობათა შენება გარკვეული წესის მიხედვით ხდებოდა, ამაზე ძველ საქართველოში სამეფო ხუროთმოძღვრის თანამდებობის არსებობაც ადასტურებს. ხუროთმოძღვრის თანამდებობა X-XII საუკუნეებიდან შეინიშნება. ოღონდ ამ თანამდებობის აღმნიშვნელი ქართული ტერმინი „ხუროთმოძღვარი“, როსტომ მეფის დროიდან უცხოური ტერმინით „სარაიდარით“ შეიცვალა.

ქალაქური აგების წესი ჩვეულებრივისგან რით განსხვავდებოდა ცნობილი არ არის, ქალაქის საერთო ხასიათის ძველი ძეგლები თითქმის არაა შემორჩენილი, ხოლო თბილისი სიღრმისეულად არქეოლოგიური თვალსაზრისით შეუსწავლელია.

დავით ბაგრატიონის ცნობით, ქალაქში ასაგებ შენობათა ხუროთმოძღვრების მიერ შედგენილ გეგმებს მეფე ამტკიცებდა. იგი წერდა: "ქალაქებში ყველა ნაგებობა მეფის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით უნდა აშენებულიყო“.