"გული შენელებული მქონდა და მეგონა, მოვკვდებოდი" - რას ჰყვება ცნობილი მსახიობების შვილი გადატანილ ჯანმრთელობის პრობლემაზე?
მანუ თავაძე მსახიობების, ნიკა თავაძისა და ნატა მურვანიძის შვილი. ის საზოგადოებას უყვება, როგორ დაამარცხა ანორექცია და ამ დაავადებასთან ბრძოლაზე საკუთარ გამოცდილებაზე ჰყვება:
“ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ოდესმე საკუთარ თავზე ანორექსიისგან თავის დაღწევის ისტორიის მოყოლა მომიწევდა. ჩვენი თაობა მგონია, რომ განსაკუთრებით არის კვებითი აშლილობების საფრთხის ქვეშ, რადგან მუდმივი კომერცირება იმის, თუ როგორ უნდა ვიკვებოთ, როგორ ვივარჯიშოთ, რომ შემდეგ ბედნიერები და წარმატებულები ვიყოთ, ძალიან მოქმედებს ყველა ასაკის ადამიანზე და განსაკუთრებით მოზარდებზე.
დავდიოდი ბალეტზე, ვადარებდი ჩემს თავს სხვა ბავშვებს, იმდენად ჩვევაში გადამივიდა ეს, რომ ვისთან ერთადაც არ უნდა ვყოფილიყავი ყველას ვადარებდი ჩემს სხეულს. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ თავი საფრთხეში არ ჩავიგდე.როდესაც სიმპტომები დამეწყო 17 წლის ვიყავი, აბიტურიენტი, და გაუთავებელი დავალებებისა და სტრესის გარდა, დავიწყე ჩემ გარშემო გამხდარ ადამიანებზე დაკვირვება. როგორ იკვებებოდნენ, დავაფიქსირე, რომ ყველას რატომღაც იმ ადამიანთან სურდა ურთიერთობა, ვინც გამხდარი იყო.
დავიჯერე, რომ საზოგადოებისთვის მისაღები და საინტერესო რომ ვყოფილიყავი, მეც მათ უნდა დავმსგავსებოდი. ნელ-ნელა დავიწყე ჩემს რაციონში საკვების შემცირება და თავს ვაჯერებდი, რომ ეს ჩემთვის საკმარისი იყო. ჩემს თავს რიტუალები დავუწესე, რაც შეიცავდა საჭმლის გარკვეული რაოდენობის მიღებას კონკრეტულ დროს. მათი შესრულებისას ყოველ დღე თავდაჯერება მემატებოდა, მაგრამ ამავდროულად, ვსუსტდებოდი. ვგრძნობდი, რომ შიმშილისგან თავბრუ მეხვეოდა და ხელები მიკანკალებდა, მაგრამ თავს ვაჯერებდი, რომ ეს გადატანილი კოვიდის ბრალი იყო. საწყის ეტაპზე კონცენტრაცია მიჭირდა, რადგან საჭმელზე ფიქრობდა ჩემი ტვინი, მაგრამ ამ აზრებს ვთრგუნავდი.
დაიწყო დეპრესია, შემიწყდა მენსტრუაცია. შემდეგი ეტაპი უკვე ის იყო, რომ ტვინი ვეღარ აღიქვამდა საფრთხეს, გული შენელებული მქონდა და ყოველ წამს მეგონა, რომ მოვკვდებოდი. მაგრამ ეს დაავადება გაჯერებს, რომ იმისთვის იწვალე ამდენი, რომ ზუსტად ასეთი განსხვავებული ყოფილიყავი. ასე გაგრძელდა 2021 წლის დეკემბრამდე, სანამ კლინიკაში არ ამოვყავი თავი.2021 წლის დეკემბერში ჩემმა ექიმმა ანალიზების პასუხები რომ ნახა, თვალებზე ცრემლები მოადგა. მიხვდა, რომ შეუქცევადი პროცესები იწყებოდა და კლინიკაში დაწოლის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობდა. პირველად სწორედ კლინიკაში განვიცადე პანიკური შეტევა და მივხვდი, რომ არ მინდოდა სიკვდილი.
დავიწყე ჩემი თავის გვერდიდან აღქმა, როგორ დავეხმარებოდი ჩემს თავს სხვა რომ ვყოფილიყავი. ჩემი ორგანიზმის გვერდიდან დანახვა ვისწავლე. საწყის ეტაპზე ყველაზე რთულია ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ იმისთვის არიან სპეციალისტები, რომ გითხრან ეს სირთულე როგორი ბუნებრივია. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ სახლში გავაგრძელე ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად ამ პრობლემასთან გამკლავება. ყოველ ლუკმაზე ჩემი ხელი ეჭირათ და ყოველი ტირილის დროს ზუსტად იმას მეუბნებოდნენ, რაც მჭირდებოდა, რომ მომესმინა.
გამოჯანმრთელება ხანგრძლივი პროცესია. შენს თავს ებრძვი ყოველ პატარა ნაბიჯსა და გამოწვევაზე.სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს კვებითი აშლილობების სპეციალიზებული კლინიკა, რაც უდიდეს პრობლემად მიმაჩნია. ამ კლინიკებში ხდება კვებითი აშლილობის დიაგნოზიანი ადამიანების მუდმივი მონიტორინგი, რაც აუცილებელია. მე გამიმართლა, რომ ჩემს გარშემო ძალიან კარგი ექიმების ჯგუფი შეიკრა, რათა გამოვჯანმრთელებულიყავი, თუმცა მსგავსი კლინიკების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.საქართველოში კვებით აშლილობებზე არ ლაპარაკობენ, ერთ-ერთი ყველაზე ტაბუირებული თემაა და შესაბამისად მე იმ პერიოდში ყველაზე მეტად რაც მჭირდებოდა იყო ის, რომ ვინმეს ჩემი მდგომარეობა ზუსტად გაეზიარებინა და ეთქვა, რომ მარტო არ ვარ. იხილეთ სრულად