საბედისწერო გასეირნება ტბაზე: უბედური შემთხვევა, თუ...? - კვირის პალიტრა

საბედისწერო გასეირნება ტბაზე: უბედური შემთხვევა, თუ...?

ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ტბა - მაჯორე, შვეიცარიისა და იტალიის საზღვარზე მდებარეობს. ტბის შვეიცარული ნაწილი - ტიჩინოს კანტონშია, იტალიური ნაწილი კი, პიემონტსა და ლომბარდიაშია მოქცეული. ამ ტბას ტურისტები არ აკლია. 28 მაისსაც სლოვენიაში რეგისტრირებულ მცირე ზომის გემზე 21 ტურისტი და ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა. მათ კურსი კუნძულ დეი პესკატორისკენ, ტბის ყველაზე პატარა კუნძულისკენ, ჰქონდათ აღებული. საინტერესოა, ერთი დეტალი: სპორტულად გამოწყობილი ტურისტების ამ ჯგუფში ყველა მამაკაცი იყო. მოულოდნელად გემმა ჩაძირვა დაიწყო და მგზავრები წყალში აღმოჩნდნენ. ამ კატასტროფის შედეგად დაიღუპა ოთხი მგზავრი: კაპიტნის მეუღლე, რუსი ეროვნების ქალბატონი ანა ბოჟკოვა და სამი მგზავრი. 19 მგზავრიდან მცირე ნაწილმა ნაპირამდე თავად გასცურა, დანარჩენები კი იტალიის სამაშველო სამსხურმა გადაარჩინა. ხუთი მათგანი საავადმყოფოშიც მოათავსეს, თუმცა ექიმების გასაკვირად ამ პაციენტებმა პალატა მალევე, საკუთარი სურვილით დატოვეს. სამწუხარო ისტორიაა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამგვარი უბედური შემთხვეები ლამის ყველდღიური გახდა დღევანდელ არეულ მსოფლიოში. ეს ისტორია ნამდვილად არ მიიქცევდა მსოფლიო მასმედიისა და უსაფრთხოების ექსპერტების ყურადღებას, რომ არა ერთი „უმნიშვნელო“ გარემოება: 21 მგზავრიდან 13 იტალიის დაზვერვის, ხოლო 8 ისრაელის „მოსადის“ (საგარეო დაზვერვა) თანამშრომლები იყვნენ!

ინციდენტის შედეგად სამი მათგანი დაიხრჩო: ორი იტალიელი - ტიციან ბარბონი (53 წლის) და კლაუდიო ალონცი (62 წლის) - იტალიის დაზვერვაში მსახურობდნენ. მესამე კი, 50 წლის ერეზ შიმონი, „მოსადის“ თანამშრომელი იყო, ახლა ამბობენ „ყოფილიო“, თუმცა კარგად ვიცით, რომ...

ორი ქვეყნის დაზვერვის გამოცდილი თანამშრომლები, რატომ აღმოჩნდნენ ერთად, ერთ „ძირგავარდნილ ვარცლში“? - უპირველესად თქვენც ეს კითხვა გაგიჩნდათ ხომ? იტალიელებს ალბათ არ ეწყინებათ, მაგრამ ეს შემთხვევა, უკვე ლეგენდად ქცეული „მოსადისთვის“ არის განსაკუთრებული ფიასკო. სამოცდაათ წელზე მეტია, რაც მტერ-მოყვარე დიდი რიდით ახსენებს ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურის სახელს. “მოსადის” სავიზიტო ბარათიც ცნობილია: სპეცოპერაციები დედამიწის ნებისმიერ წერტილში! როგორ შეძლეს ებრაელებმა ფაქტობრივად ნულოვანი საწყისი ბაზიდან ასეთი ძლიერი სპეცსამსახურის შექმნა?

1949 წლის 13 დეკემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დავიდ ბენ-გურიონმა სრულიად საიდუმლო ბრძანებას მოაწერა ხელი. ძნელია ამ დოკუმენტს “ბრძანება” უწოდო, მით უფრო დღევანდელი გადასახედიდან. მშრალი კანცელარული ფორმულირებების ნაცვლად ბენ-გურიონის ხელმოწერილი დოკუმენტი ცოცხალი ენითაა შედგენილი და თანაპარტიელებისადმი გაგზავნილ კერძო წერილს უფრო ჰგავს, ვიდრე ოფიციალურ დოკუმენტს. ქვემოთ გთავაზობთ მცირე ამონარიდს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ამ ისტორიული ბრძანებიდან:

“ჩემი (ბენ-გურიონის) ინსტრუქციის თანახმად დაზვერვისა და უშიშროების სამსახურების კონცენტრაციის და კოორდინაციის მიზნით შეიქმნა დაწესებულება (მოსადი). მე საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველს სპეცოპერაციების საკითხებში, რეივენ შილოაჰს, დავავალე მოსადის ორგანიზება და მის დირექტორად მუშაობა.

რეივენ შილოაჰი იმუშავებს ჩემი ხელმძღვანელობით, იმოქმედებს ჩემი ინსტრუქციებით და მე მომახსენებს გაწეული მუშაობის შესახებ. თუმცა ორგანიზაციულად მისი დაწესებულება დარჩება საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში”.

picture2-1687242049.jpg

დავიდ ბენ-გურიონი (1886-1973)

თუმცა თავიდან ყველაფერი „ბიუროკრატიული კანონებით“ მიმდინარეობდა და პრემიერ-მინისტრ ბენ-გურიონის ბრძანებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა, ვიდრე “მოსადი” სრულფასოვან ფუნქციონირებას დაიწყებდა. იმ პერიოდში ისრაელის სპეცსამსახურებში დიდი უწყებრივი დაპირისპირება იყო სამხედრო დაზვერვას, პარტიულ „პოლიტიკურ განყოფილებას“, უშიშროების სამსახურსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ საგარეო დაზვერვის განყოფილებას შორის. ყველას პირველობა უნდოდა და ამ ბრძოლებს ქვეყნის ინტერესები ეწირებოდა.

ასე, რომ “მოსადის” - “დაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების ინსტიტუტის” -დაბადების დღედ 1951 წლის მარტი უნდა ჩაითვალოს. ისრაელმა, რომელიც დაარსების პირველ წლებში სოციალისტური ორიენტაციის იყო, სპეცსამსახურების სახეობები და სტრუქტურა საბჭოთა კავშირში არსებულის ანალოგიურად ააგო.

საგარეო დაზვერვა (“მოსადი”), კონტრდაზვერვა (“შინ-ბეთი”) და სამხედრო დაზვერვა (“ამან-“ი) ახლად შექმნილი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარ ინსტრუმენტებად იქცნენ. მაშინაც და დღესაც ისრაელის სპეცსამსახურები სამი ნიშნით გამოირჩეოდნენ და გამოირჩევიან სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისაგან. ისინი არიან: მაღალი დონის პროფესიონალები; განსაკუთრებით ფანატიკურები და განსაკუთრებით დაუნდობლები.

“შინ-ბეთისა” და “ამანისგან” განსხვავებით “მოსადი” ძირითად სამოქალაქო სამსახურია, რომლის თანამშორმლებს, როგორც წესი, სამხედრო წოდებები არ გააჩნიათ. “მოსადის” საკადრო რიცხოვნობა დაახლოებით 7000 თანამშრომელია (ზუსტი ციფრი გასაიდუმლოებულია), ხოლო ბიუჯეტი - სამ მილიარდ დოლარამდეა. ღია წყაროებზე დაყრდნობით შედგენილი „მოსადის“, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი სპეცსამსახურის, სტრუქტურა ამგვარია:

1. სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების დეპარტამენტი - ოპერატიული თანამშრომლებისა და აგენტების მეშვეობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოიპოვებს საიდუმლო ინფორმაციას;

2. ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი - თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობების საშუალებით მოიპოვებს საიდუმლო ინფორმაციას;

3. სპეციალური ოპერციების დეპარტამენტი - მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე დივერსიების მოწყობითაა დაკავებული;

4. ფიზიკური ლიკვიდაციების სამსახური - სისრულეში მოჰყავს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი სუპერსაიდუმლო “კომიტეტი X”-ის მიერ მიღებული ისრაელის მტრების ფიზიკური განადგურების გადაწყვეტილებები;

5. დეზინფორმაციისა და “ფსიქოლოგიური ომის” დეპარტამენტი;

6. უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის დეპარტამენტი;

7. უცხოეთში მცხოვრები ებრაელების უსაფრთხოებისა და ისრაელში დაბრუნების უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

8. სპეცმომზადების სამსახური;

9. ოპერატიულ-სადაზვერვო ტექნიკის სამსახური;

10. სპეციალური სამეცნიერო-კვლევითი სამსახური;

11. საფინანსო-მატერიალური უზრუნველყოფის სამსახური.

ბუნებრივია, “მოსადის”, როგორც ყველა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურის, ორგნიზაციული სტრუქტურა საკმაოდ ხშირად იცვლება და ახალი ქვედანაყოფების შექმნა ან ძველის რეორგანიზაცია, როგორც წესი, მაქსიმალურად გასაიდუმლოებული რჩება.

„მოსადის“ დირექტორები სახვადასხვა წლებში იყვნენ: რეივენ შილოაჰი (1951-1952); ისერ ჰარელი (1952-1963); მეირ ამითი (1963-19680; ცვი ცამირი (1968-1974); იცჰაკ ჰოფი (1974-1982); ნაჰუმ ადმონი (1982-1990); შაბთაი შავითი (1996-1998); ეფრაიმ ჰალევი (1998-2003); მეირ დაგანი (2003-2010); თამირ პრადო (2011-2016); იოსი კოენი (2016-2021); 2021 წლის 1 ივნისიდან დღემდე „მოსადის“ დირექტორია დავიდ ბარნეა.

picture3-1687242049.jpg

დავიდ ბარნეა „მოსადის“ თანამშრომლის დაკრძალვაზე

დავუბრუნდეთ ამ ტრაგედიის დეტალებს. თავდაპირველად ჩრდილოეთ იტალიის სასტუმროში მზვერავების შეხვედრის ოფიციალური მიზეზად ერთ-ერთი „მოსადელის“ დაბადების დღის აღნიშვნა დასახელდა. აქამდე ამგვარ დღესასწაულს ოჯახურ და მეგობრულ წრეში აღნიშნავდნენ, ახლა არ ვიცი „მზვერავების საერთაშორისო სოლიდარობა“ და „ჩახუტება“ დაწესდა? პირიქით: ბავშვმაც კი იცის, რომ მეგობარი სპეცსამსახურები არ არსებობენ. შეიძლება მეგობარი ქვეყნების სპეცსამსახურების თანამშრომლობაზე ვისაუბროთ. ხოლო ამგვარი „დღეობები“ და უმიზეზოდ „მიპატიჟ-გადაპატიჟება“ ძნელად დასაჯერებელია. ექსპერტები, რომლებიც იცნობენ უსაფრთხოების სამსახურების მუშაობას, დამეთანხმებიან, რომ ამდენ მზვერავს (თანაც მინიმუმ ორი ქვეყნიდან) არ შეეძლოთ შეკრება სერიოზული მიზეზისა და საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურების ხელმძღვანელების ნებართვის გარეშე. უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელის სპეცსამსახურებში განსაკუთრებულად მაღალია დისციპლინა, ფიცის ერთგულება, შიდა უსაფრთხოების მოთხოვნები და თუნდაც თვითკონტროლი. ამიტომ რა გასაკვირია, რომ გაჩნდა ლოგიკური ვერსია: ისრაელის და იტალიის მზვერავები "სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, ხოლო „დაბდღის“ აღნიშვნა, შენიღბვა და მოგონილი მიზეზი იყო!

ამ ტრაგედიიდან მხოლოდ მეოთხე დღეს დაადასტურა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომ ისრაელის მოქალაქე, რომელიც ტბაში დაიხრჩო, „მოსადის“ ყოფილი თანამშრომელი იყო. ისრაელის სამხედრო ცენზურმამ კი ნება დართო გაევრცელებინათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაღუპული ისრაელის მოქალაქე „მოსადის“ ყოფილი ოფიცერი 50 წლის ერეზ შიმონი იყო. თუმცა მისი ფოტო არ გახდება საჯარო. ისიც საკითხავია, მართლა ერეზ შიმონია გარდაცვლილის ნამდვილი სახელი და გვარი? „მოსადის“ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია: " მოსადმა დაკარგა ძვირფასი მეგობარი, თავდადებული და პროფესიონალი თანამშრომელი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში, მათ შორის პენსიაზე გასვლის შემდეგაც, ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის იღწვოდა. მოსადი გლოვობს დანაკარგს და იზიარებს ოჯახის ( რომლის მხარდაჭერასაც გააგრძელებს) მწუხარებას."

picture4-1687242049.jpg

ჩაძირული გემის კორპუსი

უნდა ითქვას, რომ საქართველოსგან განსხვავებით, სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელები არ წყვეტენ კავშირს თავის „ყოფილ“, თუნდაც პენსია-თადარიგში გასულ თანამშრომლებთან და მაქსიმალურად იყენებენ მათ უნარ-ჩვევებს ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად! არ ვიცი ოდესმე ჩვენთანაც თუ მიხვდებიან ამ ანბანურ ჭეშმარიტებას!

1 ივნისს ისრაელის ქნესეთის წევრმა, „მოსადის“ დირექტორის ყოფილმა მოადილემ, რამ ბენ-ბარაკმა , განაცხადა: „გარდაცვლილი „მოსადის“ ყოფილი თანამშრომელი და ახლა პენსიონერი, იტალიაში ტურისტად არ იმყოფებოდა და არც შვებულებაში იყო. სპეციალური დავალების შესრულებაზე საუბარი არაა, თუმცა გარდაცვლილის იტალიაში ყოფნა მის ყოფილ საქმიანობას უკავშირდებოდა“.

picture5-1687242049.jpg

რამ ბენ-ბარაკი

დავუბრუნდეთ მაჯორეს ტბაზე მომხდარ ტრაგედიას. ირკვევა გარკვეული დეტალები: გემით გასეირნება ბოლო წუთს დაიგეგმა, მას შემდეგ, რაც რესტორან Il Verbano-ში შეხვედრამ მოსალოდნელზე მეტ ხანს გასტანა და ისრაელელებმა სამშობლოში დასაბრუნებელ ავიარეისზე დააგვიანეს. საინტერესოა ერთი გარემოებაც: ორი ქვეყნის მზვერავების კამპანიაში იმყოფებოდა და მათთან ერთად რესტორანში სადილობდა კლაუდიო კარმინატი, გემის კაპიტანი.

ოფიციალურად დადასტურდა ის, რასაც ვფიქრობდით: ორი ქვეყნის მზვერავები სამუშაო შეხვედრაზე შეიკირიბნენ და არა გასართობად! თუმცა ამის შემდეგ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა: რა საკითხებს ეხებოდა შეხვედრა? რატომ ჩრდილოეთ იტალია და მაჯორეს ტბა? რა კავშირი ჰქონდა ამ შეხვედრასთან გემის კაპიტანს და მის რუსი ეროვნების მეუღლეს? დაკავშირებული იყო თუ არა ეს შეხვედრა რუსეთ-უკრაინის ომთან ან ირანის „ატომურ პროექტთან“? ვერსიები ძალზე ბევრია და მსოფლიოში მიმდინარე ნებისმიერ მშვიდობიან, თუ კონფლიქტურ სიტუაციას შეიძლება უკავშირდებოდეს. იმედია ამ შეკითხვებზე პასუხს ადრე, თუ გვიან გავიგებთ.