"გამორიცხული არ არის, იმდენად დაბინძურდეს წყალი, შავი ზღვის სანაპიროები დაიკეტოს... თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია" - რას ამბობს სპეციალისტი შავ ზღვაში არსებულ ვითარებაზე?
ბოლო ხანს არც საქართველოში არ წყდება მითქმა-მოთქმა, რამდენად უსაფრთხოა წელს შავი ზღვა დასასვენებლად. შფოთი უკავშირდება უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად ზღვის მასშტაბური დაბინძურების საფრთხეს. კახოვკის ჰესის დანგრევისა და წყალდიდობის შემდეგ უფრო აქტიურად დაიწყო იმ საფრთხეებზე ლაპარაკი, რაც შავ ზღვას შეიძლება შეექმნას. ეკოლოგები შიშობენ, რომ მომხდარი კატასტროფის შედეგად, როცა შავ ზღვაში ერთბაშად მდინარის, მტკნარი წყლის ასეთი დიდი ნაკადი ჩაიღვრება, ზღვის ეკოსისტემას რეალური საფრთხე დაემუქრება. შესაძლოა, განადგურდეს მარილიანი წყლის თევზების, თუ წყალმცენარეების არაერთი სახეობა.
მათივე თქმით, შავი ზღვა თავის აკვატორიაში გაზავებული იქნება მტკნარი წყლით რამდენიმე ათეულ კილომეტრზე, რაც გამოიწვევს მისი ბინადრების ძალიან დიდი რაოდენობით დაღუპვას ათეულობით კილომეტრის დაშორებითაც იმ ადგილიდან, სადაც დნეპრი ეშვება შავ ზღვაში.
ოკეანოლოგი, ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ნაპირდაცვის პრობლემების შემსწავლელი მეცნიერი ნოდარ წივწივაძე ambebi.ge-სთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ შავ ზღვაში მოხვდება დიდი ოდენობით ტოქსიკური ნივთიერებები, საწვავი, ზეთები და ცხოველთა ლეშის ბაქტერიები, რაც შავი ზღვის სანაპირო ზოლს მნიშვნელოვნად დააბინძურებს, გამოიწვევს ინფექციების გავრცელებას, მათ შორის საქართველოშიც.
"ჩვენი სპეციალისტები მონიტორინგს აწარმოებენ და ჯერჯერობით რთული სათქმელია, რა სიტუაცია შეიქნება. დაბინძურება რომ წამოვა საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ და ჩვენს მხარეს გამოივლის, ეს ფაქტია. რა დონის იქნება დაბინძურება, ჯერჯერობით ვერავინ ვერავითარ პროგნოზს ვერ გააკეთებს. ამის შედეგად, შესაძლოა, ინფექციებიც გავრცელდეს. ჩვენები აწარმოებენ პერმანენტულ მონიტორინგს დამაბინძურებლებზე - ბაქტერიოლოგიური იქნება, მექანიკური, რადიაქტიული თუ სხვა. ასე რომ, ვფიქრობ, ამ პრობლემას გაუმკლავდებიან და არ იქნება საშიშროება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი ჰიდროდინამიკური სიტუაცია იქნება - იქნება ღელვა, გაძლიერდება თუ არა ჩვენკენ მომავალი ნაკადები, კაციშვილი ჯერჯერობით ვერაფერს იტყვის, მაგრამ შესაძლოა ივლისის შუა რიცხვებისთვის რაღაც ნიშნები მივიღოთ და მაშინ შეიძლება აიკრძალოს კიდეც ზღვაში ჩასვლა.
ზღვას თვითგაწმენდის უნარი გააჩნია გაცილებით სწრაფად, ვიდრე ეს ხმელეთზე ხდება, მით უმეტეს, როდესაც ჰიდროდინამიკური სიტუაცია გართულებულია, ანუ ტალღური მოძრაობაა და ტალღური ზემოქმედებით ხდება წყლის განზავება. იმასაც გააჩნია, რა რაოდენობის ცხოველი თუ ფრინველია დაღუპული, რა კონცენტრაცია იქნება თავში (კატასტროფის ადგილას) და როგორ გავრცელდება ეს საათის ისრის საწინააღმდეგოდ. ამ ეტაპზე შეუძლებელია დასკვნების გაკეთება. გააგრძელე კითხვა