უკრაინაზე რუსული რაკეტებით თავდასხმების შემყურე ევროპა სასწრაფოდ "ცის ფარის" შექმნას იწყებს, მაგრამ... - კვირის პალიტრა

უკრაინაზე რუსული რაკეტებით თავდასხმების შემყურე ევროპა სასწრაფოდ "ცის ფარის" შექმნას იწყებს, მაგრამ...

იტალიელი გენერლის - ჯულიო დუეს სახელი დღეს შეიძლება ბევრს არაფერს გვეუბნებოდეს, მაგრამ სწორედ მან შეიმუშავა პირველი მსოფლიო ომის დროს მოწინააღმდეგის ქალაქების მასობრივი საჰაერო დარტყმების დოქტრინა, მოსახლეობაზე მორალური ზემოქმედებისა და კაპიტულაციისკენ იძულებისთვის...

მართალია, ამ იტალიელი გენერლის გეგმა - 500 ბომბდამშენით შეეტია ავსტრიის ქალაქებისთვის, თავად იტალიის არმიის გენშტაბშივე უარყვეს, მაგრამ, სამაგიეროდ, მეორე მსოფლიო ომის დროს "დუეს დოქტრინას" აქტიურად იყენებდა ფაშისტური გერმანია ლონდონისა და საბჭოთა ლენინგრადის დასაბომბად, ისევე, როგორც მოკავშირეები - გერმანული დასახლებული პუნქტების მიწასთან გასასწორებლად...

პუტინი, რომელიც ისტორიაში უკვე შევიდა, როგორც "21-ე საუკუნის ჰიტლერი", აგრძელებს "დუეს დოქტრინის" ხორცის შესხმას და უკრაინის ქალაქებს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, ასევე - კამიკაძე-დრონებით, დაუნდობლად აბომბინებს...

უკრაინული ქალაქების, მათ შორის - დედაქალაქის რუსული რაკეტების გამუდმებული საჰაერო თავდასხმების შემყურე, ევროპამაც გამოიღვიძა და სწრაფი ტემპებით დაიწყო ზრუნვა ევროპული ქალაქების უსაფრთხოების გაზრდაზე, შესაძლო სარაკეტო თავდასხმებისგან დასაცავად.

ევროპელი ლიდერების შეშფოთება კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ნატოს წევრი პოლონეთის ტერიტორიის შუაგულში ბირთვული ქობინის გადატანის შესაძლებლობის მქონე საბჭოთა/რუსული ფრთოსანი რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს - უკრაინის ქალაქზე დამიზნებულმა და მიზანს აცილებულმა ამ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცეში არანაკლებ 400 კმ-ი ისე იფრინა, რომ ის ვერც აღმოაჩინეს და ვერც ჩამოაგდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ასე ნაქებმა საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა...

გასული წლის შემოდგომაზე, რუსეთ-უკრაინის ომიდან ნახევარი წლის გასვლის შემდეგ, გერმანიის ხელისუფლება გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას European Sky Shield - "ევროპული საჰაერო ფარი", რომელშიც თავად გერმანიის გარდა გაერთიანებული იქნება ევროპის კიდევ 14 ქვეყანა (უმეტესობა ნატოს წევრი), რომლებიც ერთობლივი ძალებით შეიძენენ ძალზე ძვირად ღირებულ თანამედროვე საზენიტო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს, ევროპული ქალაქების სავარაუდო საჰაერო თავდასხმებისგან დასაცავად...

უმოწყალოდ დაბომბილ უკრაინულ ქალაქებში შენობების ჩონჩხების ფოტოვიდეოკადრების შემყურე ევროპელების შიშის მიზეზი ადვილად მისახვედრია, თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაციის ანკლავიდან - კალინინგრადის ოლქიდან გაშვებული "ისკანდერისა" თუ "კინჟალის" აერობალისტიკური რაკეტები "ფარავენ" ნატოს წევრი პოლონეთის მთელ ტერიტორიას და "გადასწვდებიან" გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილსაც, ხოლო ფრთოსან რაკეტებს კი საფრანგეთამდე "ჩაღწევაც" კი შეეძლებათ...

ნატოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა სწორ ანალიზს აკეთებს რუსეთ-უკრაინის ომის შემყურე და სურს, რომ "ევროპული საჰაერო ფარი" აუცილებლად ეშელონირებული უნდა იყოს, რომელსაც შეეძლება ოპერატიულად აღმოაჩინოს და დააზიანოს/ჩამოაგდოს, როგორც ძალიან დაბალ სიმაღლეზე რელიეფის მიყოლებით მფრენი ფრთოსანი რაკეტები და კამიკაძე-დრონები, ისე - სტრატოსფეროდან ჰიპერბგერითი სიჩქარით შეტევაზე გადასული "კინჟალის" აერობალისტიკური რაკეტებიც.

ამ ამოცანის შესრულება ევროპას, ძირითადად, ორი გზით შეუძლია - ან განავითაროს ევროპული ქვეყნების სამხედრო მრეწველობის მიერ საჰაერო თავდაცვის სისტემების შექმნა-წარმოების პროცესი (რაც დროში აუცილებლად გაიჭიმება), ან ევროპის ფარგლებს გარეთაც მოიძიოს თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემები, მათ სასწრაფოდ შესასყიდად და "ევროპული საჰაერო ფარის" დროულად შესაქმნელად...

აი, სწორედ აქ დაუპირისპირდა ნატოს ორი ევროპელი წევრის - გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციები. თუკი გერმანიის კანცლერი შოლცი მომხრეა ამერიკული ან ისრაელის წარმოების ანტისარაკეტო სისტემების სასწრაფოდ შეძენის, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, პირიქით, ევროპული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენას მოითხოვს...

შეიძლება გასაგები იყოს საფრანგეთის პოზიცია, რომელსაც სურს, რაც შეიძლება მეტი SAMP/T ტიპის ფრანგულ-იტალიური საჰაერო თავდაცვის სისტემა დამზადდეს და გაიყიდოს, რაც ევროპის პოლიტიკაზე დიდი გავლენის მქონე ცნობილი საიარაღო კონცერნების სტრატეგიულ ინტერესებში შედის, რომელთა განწყობა დიდ როლს თამაშობს იმავე საფრანგეთისა და იტალიის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში.

პრეზიდენტი მაკრონი თავისი პოზიციის გასამაგრებლად იშველიებს იმ ფაქტსაც, რომ SAMP/T ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა უკვე ჩატანილია უკრაინაში და ის ეფექტიანად იცავს რუსული რაკეტების თავდასხმებიდან უკრაინულ ქალაქებს.

1-ant-1687255201.png
ისრაელის წარმოების Arrow 3-ს ევროპის ცის დაცვა 100 კმ-ის სიმაღლეზეც კი შეეძლება ბალისტიკური რაკეტების თავდასხმებისგან...

სამაგიეროდ, გერმანიის ხელისუფლების სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად იქნეს შეძენილი ამერიკული "პეტრიოტის" მესამე მოდიფიკაცია, გამოხატული ანტისარაკეტო შესაძლებლობებით და ისრაელის წარმოების შორი მოქმედების Arrow 3, ისევე, როგორც თავად გერმანული, საშუალო მანძილზე მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები Iris-T-ები, რომლებიც ასევე, უკვე იცავენ უკრაინის ცას რუსული რაკეტებისგან.

რამდენიმე დღის წინ გერმანულმა ბუნდესტაგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ "ევროპული საჰაერო ფარის" დროულად შესაქმნელად 900 მლნ ევროდ შესყიდული იქნას Iris-T-ების ექვსი კომპლექტი და გამოიყოს პირველი ტრანში 4,3 მლრდ დოლარად ღირებული ისრაელის წარმოების Arrow 3-ების თანდათანობით საყიდლად.

2-ant-1687255236.png
საშუალო მანძილზე მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები Iris-T -ები გერმანიამ უკრაინას ჯერ კიდევ ზამთარში გადასცა...

მოკლედ, სანამ მაკრონი ფრანგულ საზენიტო საშუალებებს უკეთებს რეკლამას, შოლცი უკვე ყიდულობს, თუმცა წაგებაში არც საფრანგეთი დარჩება, რადგან ევროპის ცის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის მეტ-ნაკლებად მაღალ დონეზე უზრუნველყოფისთვის ისეთი რაოდენობის სისტემაა საჭირო, რომ სამუშაო ყველას ეყოფა.

და მიუხედავად ევროპის "გამოღვიძებისა", დიდი საფრთხე "პუტინის აგრესიული რუსეთის" სახით არსად გამქრალა. უბრალოდ, დღეს უკრაინა თავის თავზე იღებს კრემლის ძირითად დარტყმებს - გასული წლის თებერვალშივე კიევი მოსკოვს რომ დანებებოდა, დღეს შეიარაღებული დაპირისპირების ხაზი შეიძლება ნატოს წევრ პოლონეთზე გასულიყო...