როგორ მოვუაროთ პოპულარულ ოთახის მცენარეებს - კვირის პალიტრა

როგორ მოვუაროთ პოპულარულ ოთახის მცენარეებს

ოთახის მცენარეები შინ საოცარ ემოციურ გარემოს ქმნიან, ამასთანავე, ოთახში ჰაერის გაწმენდის უნარიც აქვთ. ჟანგბადით გაჯერებულ და სუფთა ჰაერში ყოფნა, ძილი და გაღვიძება ბევრად სასიამოვნოა. მცენარეების უმეტესობა ჟანგბადს დღის განმავლობაში გამოყოფს და ღამით ჩაისუნთქავს. არსებობენ მცენარეები, რომლებიც პირიქით, ღამით გამოყოფენ ჟანგბადს, რაც ძილს სასიამოვნოს ხდის... მცენარემ კარგად რომ იხაროს, ამისთვის მისი მოვლის წესების ცოდნაა საჭირო. რა უნდა ვიცოდეთ, რომ ამა თუ იმ ყვავილმა შინ თავი კარგად იგრძნოს, ამას ოთხი პოპულარული მცენარის მაგალითზე სპეციალისტთან, მებაღე მაია ბიძინაშვილთან ერთად განვიხილავთ.

- მოდი, პირველად ფიკუსი განვიხილოთ, რა მცენარეა, სადაური წარმომავლობის? უყვარს თუ არა, მაგალითად, წყალი და რა დოზით, როგორ მრავლდება, სჭირდება თუ არა სასუქის მიწოდება და სხვა?

მაია ბიძინაშვილი:

- ფიკუსის სამშობლო ინდოეთია. ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქოთნის მცენარეა, თითქმის ვერ ნახავთ მცენარეების მოყვარულს ფიკუსის გარეშე. არსებობს მრავალი სახეობის ფიკუსი, მწვანე თუ ლამაზად მოხატული ჭრელი სახეობები. ის ჰაერის კარგი გამწმენდია. ამიტომ ხშირად საძინებლებშიც აცხოვრებენ. ძალიან უყვარს სინათლე, თუმცა კარგად იტანს ნახევრად ჩრდილსაც. ჭრელ სახეობებს უფრო მკვეთრი განათება სჭირდებათ და ზამთარში, როცა დღე მოკლეა, საჭიროა ხელოვნური განათების დამატება. პერიოდულად ესაჭიროება გასხვლა-ფორმირებაც, განსაკუთრებით `ბენჟამენის" ჯიშის ფიკუსებს. მათთვის სასურველია 25-30C ტემპერატურა, ზამთარში კი +15C.

ფიკუსი წყლის მოყვარული მცენარეა. მიწა მორწყვიდან მორწყვამდე არ უნდა გამოვუშროთ. მშრალ სეზონზე ტენიანობის შესანარჩუნებლად უნდა დავნამოთ ოთახის ტემპერატურის ნადგამი წყლით. ფოთლები შეგვიძლია სველი ჩვრით გავუწმინდოთ. ოთახის პირობებში ფიკუსი არასოდეს ყვავილობს. გაზაფხულიდან შემოდგომამდე მას აზოტის შემცველი სასუქით თვეში ორჯერ ვკვებავთ. სწრაფად მზარდი მცენარეა და ქოთანიც შესაბამისად უნდა გამოვუცვალოთ.

yvavili2-1687259455.jpg

- როგორ ამრავლებენ?

- ფიკუსი კალმით მრავლდება. ტოტს მოვჭრით და მის ნაჭრილობევს კარგად გავრეცხავთ გამდინარე წყალში. შეგვიძლია დავაფესვიანოთ წყალშიც და ფხვიერ ნიადაგშიც. მშრალ ჰაერზე ფიკუსი აბლაბუდა ტკიპით ავადდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი ხშირი დატენიანება. თუ მავნებელი შევნიშნეთ, ინსექტიციდებით უნდა ვუმკურნალოთ. წამლობას სრულ გამოჯანმრთელებამდე ვიმეორებთ.

- ბოლო დროს ბევრს სურს შინ ოთახის მანდარინი ჰქონდეს... რა შეგვიძლია ვურჩიოთ მათ?

- ბოლო დროს ძალიან მოდური გახდა სახლში ციტრუსების მოშენება. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას მანდარინი იმსახურებს. მისი ნაზი, სურნელოვანი ყვავილები და კაშკაშა ნარინჯისფერი ნაყოფი ყველას მოსწონს. ეს მცენარე წარმოშობით ვიეტნამიდანაა. მისთვის უმჯობესია შევიძინოთ სპეციალურად შეზავებული, ციტრუსებისთვის განკუთვნილი ნიადაგი, ქოთანს კი ძირში აუცილებლად დრენაჟი ჩავუყაროთ. როდესაც ქოთანს სრულიად აითვისებს, მოზრდილ ქოთანში გადაგვაქვს. მსხმოიარე ძირებს კი ქოთანს 2-3 წელიწადში ერთხელ ვუცვლით. მანდარინი შუადღის მზეს უნდა მოვარიდოთ, რადგან შეიძლება ფოთლების დამწვრობა მიიღოს. მას კარგად განათებული ადგილი სჭირდება. თუ სინათლე არ ჰყოფნის, სპეციალური დიოდური განათება უნდა მივახმაროთ. მისთვის სასურველია 20-25C სითბო, ზამთარში კი, რადგან დასვენების სეზონი აქვს, შეგვიძლია გაუთბობელ, ნათელ ოთახში გამოვაზამთროთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მანდარინი სუბტროპიკული მცენარეა და მაღალი ტენიანობა სჭირდება. ზაფხულის ცხელ დღეებსა და ზამთარში ცენტრალური გათბობის გამო ჰაერი რეგულარულად უნდა დავუტენიანოთ. თუ სპეციალური დამატენიანებელი მოწყობილობა არ გვაქვს, დღეში 2-3-ჯერ შეგვიძლია წყალი ხელით შევასხუროთ. მანდარინი მშრალ ჰაერზე ადვილად ავადდება ტკიპებითა და ფარიანებით.

yvavili4-1687259455.jpg

- კვება რა პერიოდში სჭირდება?

- ადრე გაზაფხულიდან შემოდგომამდე. უმჯობესია მინერალური და ორგანული სასუქების მონაცვლეობით მიცემა. მიუხედავად იმისა, რომ ტენის მოყვარულია, მისთვის ძალიან სველი ნიადაგი დაუშვებელია, რადგან შეიძლება ფესვები დაულპეს. მანდარინი მრავლდება­ მყნობით,­ კალმითა და თესლით. თესლისგან მიღებული ძირები დაახლოებით 8-10 წლის შემდეგ იყვავილებს.

- ოთახის მცენარედ ჯუჯა ბროწეულსაც ხშირად ირჩევენ. შარშან ჩემმა ოთახის ბროწეულმა, რომელიც ეზოში დამრჩა, ცივ ზამთარს ვერ გაუძლო...

- ჯუჯა ბროწეული ევროპაში, სავარაუდოდ, კართაგენიდან შევიდა. ადვილად ეგუება ოთახის პირობებს, იზრდება მაქსიმუმ 1 მეტრამდე ხემცენარე. ის ბაღის ბროწეულის მსგავსად ყვავილობს და ნაყოფსაც იძლევა, თუმცა ნაყოფი ვარგისი არ არის. ჯუჯა ბროწეულს მზიანი ადგილი სჭირდება. თბილი სეზონი შეგვიძლია აივანზე ან ეზოში გავატარებინოთ, მაგრამ ზამთარში აუცილებლად შინ უნდა გვქონდეს. მისთვის ზამთარში საკმარისია +8-12ოჩ სითბო. მცენარეს ამ დროს ფოთლების უმეტესობა სცვივა, მაგრამ ეს ბუნებრივია. თუ მისი ხედ ფორმირება გვსურს, ყოველ წელს სწორად უნდა გავსხლათ - გამოვაჭრათ ზედმეტი წვრილი ტოტები და 2-3 ლიდერი ტოტი დავტოვოთ, სანამ სასურველ შედეგს არ მივიღებთ.

ჯუჯა ბროწეულს სჭირდება ფართო ქოთანი და ნეშომპალიანი, ქვიშანარევი ნიადაგი, რათა ფესვებში წყლის ჩადგომა თავიდან ავიცილოთ. ხშირი მორწყვა არ სჭირდება. უმჯობესია ახალგაზრდა ძირი ყოველ წელს გადავრგოთ, მომდევნო წლებში კი უფრო იშვიათად. ბროწეული კალმითა და თესლით მრავლდება. კალმებს ვრგავთ ქვიშნარ ნიადაგში, ქოთანს კი ვდგამთ ჩრდილში და პერიოდულად ვრწყავთ. თესლი წინასწარ უნდა დავალბოთ, დავთესოთ და ნათელი, თბილი ადგილი მივუჩინოთ... ზედმეტი მორწყვითG ბროწეული შეიძლება ბუგრითა და ფრთათეთრათი დაგვიავადდეს. თუ ფოთლებზე ზეთოვან ლაქებსა და პატარა თეთრ პეპლებს შენიშნავთ, უნდა შეწამლოთ მცენარეც და მიწის ზედაპირიც. წამლობა 7-10 დღეში უნდა გავიმეოროთ.

yvavili3-1687259455.jpg

- ბეგონიას როგორი კლიმატი უყვარს, მზის მოყვარულია თუ ჩრდილის?

- ბეგონიას სამშობლო ინდოეთია. თავდაპირველად გავრცელდა ევროპაში, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში. ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოთახის მცენარეა. ასევე არსებობს ლამაზად მოყვავილე ღია გრუნტის ბეგონიები. ბეგონიების მთავარი ღირსება მათი ლამაზი მოხატულობის, ფორმისა და შეფერილობის ფოთლებია. ფოთლის ფერის სიმკვეთრისთვის კარგი განათება სჭირდებათ, ოღონდ პირდაპირი მზის სხივები ფოთლებს უწვავს.

- წყალი თუ უყვარს?

- ბეგონია წყლის მოყვარული მცენარეა. თუ მიწა გამოუშრა, ფოთლები ტურგორს (უჯრედების გარსის ზედაპირული წნევა) დაკარგავს და მცენარე დაღონდება. მას ნოყიერი, კარგად დრენირებული ნიადაგი და საშუალო ზომის ქოთანი სჭირდება. უმჯობესია, ყოველ წელს გადავრგოთ, ოღონდ ფრთხილად, რადგან ტოტები და ფესვები მყიფე აქვს. გადარგვისას შეგვიძლია გავამრავლოთ ძირის დაყოფით, აგრეთვე მრავლდება კალმითა და ფოთლით.

- სითბოს მოყვარულიც არის?

- ბეგონია სითბოს მოყვარული მცენარეა და ღია აივანზე ვერ გამოვაზამთრებთ. მისთვის ზამთარში აუცილებელია +15C ტემპერატურა. მორწყვას ზამთარში ვამცირებთ. მისი კვება აუცილებელია გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე დეკორატიული მცენარეებისთვის განკუთვნილი სპეციალური სასუქით. ვკვებავთ ორ კვირაში ერთხელ. მიუხედავად ტენისმოყვარულობისა, გადამეტებულმა მორწყვამ შეიძლება მცენარე დაგვიავადოს სოკოვანი დაავადებებით. თუ შევამჩნიეთ მცენარის ლპობა და თეთრი ნაფიფქი, უნდა შევამციროთ მორწყვა, გავასუფთაოთ დაზიანებული ტოტებისგან და ჩავუტაროთ ფუნგიციდებით მკურნალობა. მავნებლების გაჩენის შემთხვევაში წამლობას ვატარებთ ინსექტიციდების ჯგუფის პრეპარატებით.