წილი უჩვენოდ ყარეს... მერამდენედ?! - კვირის პალიტრა

წილი უჩვენოდ ყარეს... მერამდენედ?!

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის 16 მონაწილე უეფამ ჯგუფებად დაანაწილა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ A ჯგუფში მოხვდნენ: პოლონეთი, საბერძნეთი, რუსეთი, ჩეხეთი; B ჯგუფში: ჰოლანდია, დანია, გერმანია, პორტუგალია; C ჯგუფში: ესპანეთი, იტალია, ირლანდია, ხორვატია; D ჯგუფში: უკრაინა, შვედეთი, საფრანგეთი, ინგლისი.

როგორც ხედავთ, ინგლისიც ადგილზეა, იტალიაც და ესპანეთიც. მომავალ ზაფხულს ევრობატალიებში ევროპის უკლებლივ ყველა წამყვანი საფეხბურთო ქვეყანა ჩაერთვება და ვიხილავთ სტივენ ჯერერდსაც, კრიშტიანო რონალდოსაც, დევიდ ვილიასაც... მოკლედ, ყველას, ვინც ევროპელი "მაღალი საზოგადოების" წევრია. ამ მხრივ ევრო-2012 წინამორბედთაგან გამორჩეული იქნება, რადგან ევროფორუმებს ხან ინგლისი აკლდა (2008 წელს), ხან იტალია და ესპანეთი. პირენელთა და აპენინელთა გარეშე ჩაიარა 1992 წლის ევროპის პირველობამ, რომელზეც დანიამ გაისროლა, - ჩემპიონი გახდა.

პოლონეთსა და უკრაინაში გასამართ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე ვერმოხვედრის ყველაზე დიდი საშიშროება ემუქრებოდა კრიშტიანო რონალდოს პორტუგალიას, რომელმაც შესარჩევ ეტაპზე H ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და გადათამაშებაში მოუწია მონაწილეობამ. პირველი მატჩი ბოსნიაში გაიმართა, ფრედ 0:0 დასრულდა და პორტუგალიელებს საშინაო შეხვედრა რჩებოდათ ზედიზედ მეხუთე ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. მათ ლისაბონში დაამტკიცეს, რომ ევრო-2012-ზე თამაშს ბოსნიელებზე მეტად იმსახურებდნენ - 6:2.

ჩემპიონატს მიღმა ისეთი გუნდები და ისეთი ფეხბურთელები დარჩნენ, კაცს გული ნამდვილად არ დასწყდება (გარდა ერთისა, რომელზეც ქვემოთ მოგახსენებთ): თურქეთი, ავსტრია, ბელგია, სლოვაკეთი, სერბეთი, რუმინეთი, შოტლანდია, ნორვეგია, შვეიცარია, ბულგარეთი... ბულგარელები სტოიჩკოვი-ბალაკოვი-ლეჩკოვის ბრწყინვალე თაობის შემდეგ ისეთ კრიზისში არიან, წლეულს შესარჩევ ტურნირზე G ჯგუფში ერთი მოგებით ბოლო ადგილზე აღმოჩნდნენ.

***

ალბათ, მიხვდით, ვინ არის ის ერთი გუნდი, რომლის ევრო-2012-ზე ვერმოხვედრამ გული დაგვწყვიტა, - საქართველოს ეროვნული ნაკრები. საფეხბურთო ევროპამ არა, ქართველებმა კი ბევრი დავკარგეთ, კიდევ ერთი ჩემპიონატი რომ ჩაივლის უჩვენოდ. რა დავკარგეთ? სიამაყე და სიხარული - გავიხსენოთ ამა წლის სექტემბერში რა სიამაყით შევცქეროდით ტელეეკრანებს, როცა რაგბის მსოფლიო თასსა და საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი ჟღერდა.

გაგახსენებთ იმასაც, რომ საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტზე საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე მას შემდეგ მოხვდა, რაც შეჯიბრების მონაწილეთა რაოდენობა 16-დან 24-მდე გაფართოვდა.

- ეჰ, ნეტავ უეფამაც გაზარდოს ევროპის ჩემპიონატის გუნდების რაოდენობა, იქნებ მაშინ მაინც მოვხვდეთ კონტინენტის მთავარ საფეხბურთო ფორუმზე, - ამის გაფიქრება საჭირო აღარ არის, რადგან უეფამ 2008 წელს გადაწყვიტა, რომ 2016 წლის ევროპის პირველობაზე არა 16, არამედ 24 გუნდი ითამაშებს. შესარჩევი ეტაპი ჩვეულებრივად ჩატარდება: 52 ნაკრები 9 ჯგუფში განაწილდება. პირველ და მეორე ადგილებზე გასულები ავტომატურად მიიღებენ ევრო-2016-ის საგზურს, დანარჩენი ხუთი ლიცენზიისთვის მესამეადგილოსნები იბრძოლებენ. შესარჩევმოვლილებს კი მასპინძელი საფრანგეთი დაემატებათ და მივიღებთ 24-ს.

მაშ, გაგვეხსნა ხელ-ფეხი? სხვათა შორის, არც აქამდე შევუბოჭივართ ვინმეს და მესამე ადგილზე გასვლა არ აუკრძალავს, მაგრამ ერთადერთხელ, 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მოვახერხეთ მესამე პოზიციის დაკავება. მას მერე აუტსაიდერებში ვართ. მთავარია, 2014-15 წლებისთვის ნაკრები გვყავდეს შეკრული, თორემ გუნდების რაოდენობის 32-მდე გაზრდაც ვერ გვიშველის. ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდი ხომ ლატვიას, ისრაელსა და კიდევ სხვა საშუალო და უფრო დაბალი დონის ნაკრებებს უნდა სჯობდეს, ჩერნოგორიაზე, სერბეთსა და ბოსნიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

***

თუ ჩვენმა ნაკრებმა თამაში არ გააუმჯობესა, 2032 წლის ევროპის ჩემპიონატამდე მოუწევს მოცდა, ისიც თუ მონაწილეთა რაოდენობა 32-მდე გაიზრდება... შესაძლოა, დღეს პირველობის 32 გუნდამდე გაფართოება სასაცილოდ ჩანდეს, მაგრამ თუ შეჯიბრების ისტორიას გადავხედავთ, ალოგიკურს ვერაფერს აღმოვაჩენთ: ყოველი ოთხი-ხუთი ევროპირველობის შემდეგ მონაწილეთა რაოდენობა პროპორციულად მატულობს. მაგალითად, პირველი ჩემპიონატიდან (რომელსაც ერთა თასი ერქვა და 1960 წელს გაიმართა) მეხუთის (1976) ჩათვლით ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ოთხი გუნდი მონაწილეობდა - ჩემპიონი ნახევარფინალებისა და ფინალების შემდეგ ვლინდებოდა.

1980 წელს ევროპის ჩემპიონატი იტალიაში გაიმართა და გუნდების რაოდენობა გაორმაგდა(8). შეიქმნა ორი ჯგუფი, რომელთა პირველადგილოსნებმა ფინალი ითამაშეს. მომდევნო ოთხ ჩემპიონატზე (1992-ის ჩათვლით) ნაკრებები ასევე ორ ჯგუფად იყოფოდნენ, ოღონდ 1980 წლისგან განსხვავებით ჯგუფური ეტაპის შემდეგ ჯერ ნახევარფინალებს თამაშობდნენ, მერე - ფინალს.

სოციალისტური ქვეყნების დანაწევრების შემდეგ ევროპაში სახელმწიფოთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და უეფას გადაწყვეტილებით ევრო-1996-სთვის გუნდების რაოდენობა გაორმაგდა. შესაბამისად, მას მერე 16 გუნდი ოთხ ჯგუფად იყოფა, იმართება მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი. ასეთი სისტემით ჩატარდება ევრო-2012-იც.

ევრო-2016-ზე 24 ნაკრები ითამაშებს და სისტემაც შეიცვლება - ოთხის ნაცვლად ექვსი ჯგუფი შედგება, ფლეი-ოფი კი მერვედფინალიდან დაიწყება. ზუსტად ისეთი სისტემა იქნება, როგორიც 1986, 90 და 94 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე.

***

ასე და ამგვარად, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ვუქომაგებდეთ, ევრო-2012-ზე ესპანეთს, იტალიას, ინგლისს, გერმანიასა და სხვა კლასიკოსებს მივადევნოთ თვალი. ვნახოთ, დიდი ფეხბურთი, რომელიც პოლონეთისა და უკრაინის სტადიონებზე 8 ივნისს დაიწყება.

ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)