ლალის მოქსოვილი სამყარო - კვირის პალიტრა

ლალის მოქსოვილი სამყარო

,,რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? იმიტომ რომ მას არ ჰქონდა სათამაშო!" - ეს ცნობილი ფრაზა გამახსენდა, როცა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში ლალი კევლიშვილის შექმნილი სათამაშოები ვნახე. ლალის მოქსოვილი ყურცქვიტები, ფისუნიები, ჟირაფი ,,ჟოზე", კვერცხისგულისფერი პაწაწინა წიწილები ბავშვებისთვის უსაფრთხო და საინტერესოა. როგორც გვითხრა, შვილები ურჩევენ, როდის რა უნდა მოქსოვოს და ისიც მათ სურვილებს დაუყოვნებლივ ასრულებს.

- დედამ ხელსაქმე ბავშვობიდან შემაყვარა - ვკერავდი, ვქსოვდი, ვქარგავდი და ხატვაც მიყვარდა. დედა კარგად ქსოვდა. თავდაპირველად მეზობლის ორი თვის ბავშვისთვის მომაქსოვინა ფაჩუჩები. ამ პატარას ჩემი ფაჩუჩებით რომ დავინახავდი, უზომოდ მიხაროდა და სტიმული მიჩნდებოდა, კიდევ მომექსოვა. სკოლის ასაკში ვქსოვდი ჯემპრებს, ჟაკეტებს, ქუდებს, წინდებს და ყვავილებით, ალუბლებით ვაფორმებდი. სხვათა შორის, ახლაც მსგავსი სამოსია მოდური. ხშირად მეცვა ჩემი ნახელავი. ვისაც მოსწონდა, მერე მათთვისაც ვქსოვდი და ვჩუქნიდი.

ოჯახი რომ შევქმენი, კარგა ხანს ვერ მოვიცალე ხელსაქმისთვის, 7 წლის წინ კი ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ჩემი შვილები წნორის #1 საბავშვო ბაღში დამყავდა. მასწავლებელმა მშობლებს გვთხოვა, გამოფენა-გაყიდვისთვის ჩვენი ხელით შექმნილი სუვენირები მიგვეტანა. მაშინ გავიხსენე ქსოვა და გადავწყვიტე, სათამაშოები მომექსოვა. საცდელად ლეკვის ქსოვა დავიწყე და გამომივიდა. ჩემს პირველ სათამაშოს ახლაც სათუთად ვინახავ. გამოფენა-გაყიდვისთვის მოვქსოვე კრუხი წიწილებით და ჩიტები. კრუხი კალათაში ჩავსვი და წიწილებიც ჩავუსხი. ჩიტებიც ბუდეში ისხდნენ. გამოფენაზე ბევრი სტუმარი მოვიდა, ყველაზე სწრაფად ჩემი ნამუშევრები გაიყიდა.

lali2-1687261493.jpg

ქსოვის დროს სპეციალური სქემებით არასდროს ვსარგებლობ, ამაში ხატვის ნიჭი მეხმარება. ბავშვობაში თუ რომელიმე ნახატი მომეწონებოდა, ვიმახსოვრებდი და შინ მოსული უშეცდომოდ ვხატავდი. სათამაშოებსაც ასე ვქსოვ - საკმარისია რამე დავინახო, ვხვდები, როგორ უნდა გამოვიყვანო ხელი, ფეხი, კისერი და ა.შ. გამოფენის შემდეგ მეგობრები, ახლობლები მთხოვდნენ, მათი შვილებისთვის რაიმე მომექსოვა და უარს არავის ვეუბნებოდი. ჩემი გოგონები კი მირჩევდნენ, რომელი მულტფილმის გმირი მომექსოვა გოგონებისთვის და რომელი ბიჭებისთვის. ზოგი სათამაშო ბაღში მიჰქონდათ და მეგობრებს ჩუქნიდნენ. როცა ბავშვები მსტუმრობენ, ჩემი სათამაშოებით ვასაჩუქრებ.

- სათამაშოების ქსოვის ზოგიერთი ხერხი იქნებ მკითხველსაც გაუმხილოთ...

- თავდაპირველად სათამაშოებს ფორმის მისაცემად მატყლით ვავსებდი. მატყლზე ზოგიერთ პატარას ალერგია ემართება, ამიტომ შიგთავსად ამჟამად ანტიალერგიულ სილიკონს ვიყენებ, რომელიც ირეცხება და უსაფრთხოა. ხარისხიან საქსოვ ძაფს მაღაზიაში ვყიდულობ. ისეთი მჭიდრო ნაქსოვი გამომყავს, სათამაშო რამდენჯერაც უნდა გარეცხო, არ დაიშლება და არ აიბურძგლება. სათამაშოს ყველა ნაწილს ცალ-ცალკე ვქსოვ და მერე ერთმანეთს ვაკერებ. სანამ ბოლო გვირისტს გავატარებ, სილიკონით ვბერავ. თმას, კაბას, ულვაშსა და მსგავს დეტალებს შეკერვის შემდეგ ზედ ვაქსოვ. ჩემს მაზლისშვილს ბავშვობაში ქერა და კულულებიანი თმა ჰქონდა. პირველი თოჯინა მას მოვუქსოვე და ქერა, დაკულულებული თმა გავუკეთე. თოჯინა ისე დავამსგავსე ბავშვს, ყველა გაოცდა.

ჩემი გოგონები სულ პატარები იყვნენ, გვერდით რომ მომისხდებოდნენ და სათამაშოში ჩასადებ სილიკონს აფუმფულებდნენ. ერთხელ მთხოვეს, ჰელოუინის კატა მოქსოვეო, და მართლაც საინტერესო ნამუშევარი გამომივიდა. ჟირაფი ჟოზეც მათი თხოვნით მოვქსოვე. ჩემს გატაცებას ისეთი დაინტერესება მოჰყვა, გადავწყვიტე, საქმედ მექცია. ახლა თითქმის ყოველდღე ვქსოვ. ერთის მოქსოვას 3-4 საათი ვუნდები. ყველაზე დიდი სათამაშო, რომელიც მომიქსოვია, კურდღელი იყო. ერთმა ქალმა შემიკვეთა თავისი გოგონასთვის. კურდღელს ვარდისფერი კაბა ჩავაცვი და ფუმფულა კუდი გავუკეთე. სააღდგომოდ ისეთი პატარა წიწილები მოვქსოვე, ქსოვის დროს თითებს ძლივს ვამოძრავებდი. სპეციალური კალათებიც მოვქსოვე და შიგ ჩავსვი. ისეთი დაინტერესება მოჰყვა ამ სათამაშოს, შეკვეთას შეკვეთაზე მაძლევდნენ.

lali3-1687261493.jpg

9 მაისს შვილები სიღნაღის ბულვარში გამართულ ღონისძიებაზე წავიყვანე. ერთ ქალს იქ ხელნაკეთი სუვენირები ჰქონდა გამოტანილი. ის შემპირდა, რომ დამეხმარებოდა და ჩემს ნამუშევრებს გამოფენდა. ასე ნახულობენ ჩემს მოქსოვილ თოჯინებს უცხოელები და ყიდულობენ. გასულ წელს ამერიკელი წყვილი იყო ჩამოსული. ჩემი მოქსოვილი წყვილი კურდღელი იყიდეს და წყვილი თოჯინების - გოგოსა და ბიჭის შეკვეთა მომცეს. სამ დღეში ისეთი ლამაზი თოჯინები ჩავაბარე, გადაირივნენ.

მოგვიანებით იმ ცხოველების ქსოვა დავიწყე, რისი წელიწადიც მოდიოდა. ვეფხვის წელში იმდენი ვეფხვი მოვქსოვე, სათვალავი ამერია. მაიმუნის წელში მაიმუნის მოქსოვა მოვინდომე. თავიდან მეგონა, არ გამომივიდოდა, მაგრამ უშეცდომოდ, ძალიან სწრაფად მოვქსოვე. ერთხანს ვინი პუჰის წითელმაისურიან ყვითელ დათვებს, გოჭებს, თაგვებსა და წითელქუდებს ვქსოვდი. ახლა მიკი მაუსის მოქსოვა მინდა. არც ერთი ჩემი სათამაშო ერთმანეთს არ ჰგავს, რაღაც განმასხვავებელი ყველას აქვს.

- სხვა ნივთების მოქსოვის სურვილი არ გაგჩენიათ?

- წინათ ქალის თხელი წინდებით ვარდებს ვაკეთებდი. მავთულისგან ვქმნიდი კონსტრუქციას, ვაძლევდი ყვავილის ფორმას და ზედ სხვადასხვა ფერის წინდებს ვაკრავდი. შემდეგ ქალის ჩანთების ქსოვამ გამიტაცა, მაგრამ ბავშვები ძალიან მიყვარს და მათ გასახარებლად შრომა ვარჩიე.

ჩემს გოგონებსაც ვასწავლი ქსოვას, კერვას, კერძების თეფშზე გაფორმებას... ახლახან უფროსმა ქალიშვილმა მძივებით საქართველოს დროშა მოქსოვა. ისე მოეწონათ მის მეგობრებს, კიდევ 5 ცალის მოქსოვა მოუხდა, ყველა მათგანისთვის რომ ეჩუქებინა. მეც მიყვარს ნამუშევრების გაჩუქება. ზოგჯერ სახლში ერთი მოქსოვილი თოჯინაც კი აღარ მაქვს.

ნელი ვარდიაშვილი