ლაგოდეხში კრახუნა ალუჩის ბაღები იმატებს - კვირის პალიტრა

ლაგოდეხში კრახუნა ალუჩის ბაღები იმატებს

ალუჩის ბაღის შესახებ ჩვენში იშვიათად გვსმენია. მიზეზი, ალბათ, ისიც არის, რომ ალუჩა, ეს გემრიელი და სასარგებლო კულტურა, მთელ საქართველოში ხარობს. მის ზრდას ხელს არ უშლის არც ნესტი და არც ცხელი ჰავა. ამიტომ სეზონზე მომჟავო და გემრიელი ალუჩა ხელმისაწვდომია, თუმცა არა საყოველთაოდ - ქალაქის მოსახლეობისთვის, რომელიც სეზონზე ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარ ალუჩას აქტიურად მოიხმარს, მათ შორის ალუჩის საწებელსაც. მოთხოვნის შესაბამისად, ბოლო წლებში აღმოსავლეთ საქართველოში გაჩნდა ალუჩის ბაღებიც, განსაკუთრებით ლაგოდეხში, რომლის ზომიერი კლიმატი თუ ნიადაგი ხარისხიანი ალუჩის მოწევას უწყობს ხელს.

ამჟამად ლაგოდეხის ზოგიერთ ბაღში მოწეული, კარგად მოვლილი ალუჩის ფასი, არც მეტი, არც ნაკლები, 4,5 ლარია. ეს მაშინ, როცა სხვა შემთხვევაში ალუჩა საბითუმოდ 1,5 ლარი ღირს. ლაგოდეხის სოფელ ლელიანში ალუჩის ბაღი აქვს გელა თედეევსაც. ფერმერი მაისის დასაწყისში შემოსული ალუჩის კრეფას უკვე ამთავრებს.

- კახეთში ალუჩის ბაღების გაშენება გახშირდა. რა თქმა უნდა, ეს ბაზარზეა დამოკიდებული, თუმცა ვერ წამოვიდგენდი, რომ 1 კილოგრამი ალუჩის ფასი, თანაც საბითუმო, 4,5 ლარი იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, თბილისის ბაზარზე ასეთი მაღალი ღირებულების ალუჩა არ მინახავს.

- ვერ ნახავდით. საქმე ის არის, რომ მაღალი ღირებულების ალუჩა მაღალი ხარისხისაა, ამიტომ, ცხადია, მასზე რესტორნებსა და მსხვილ ქსელებსაც აქვთ მოთხოვნა. ალუჩის ეს კატეგორია პირველ რიგში აქ ნაწილდება. რა თქმა უნდა, ბაზარზეც შედის, მაგრამ სწრაფად იყიდება. მიუხედავად იმისა, ხალხს დიდი შემოსავალი არა აქვს, მაინც ცდილობ, ოჯახისთვის, ბავშვებისთვის გემრიელი ხილი იყიდოს. მოგეხსენებათ, ალუჩის სეზონი გრძელი არ არის, როდესაც მწიფდება, ალუჩას უკვე სხვა გემო აქვს. ვისაც ახალშემოსული კრახუნა ალუჩის გემო მოსწონს, მწიფე ალუჩა მისთვის უკვე მიმზიდველი აღარ არის, თუმცა კლიენტი მასაც ჰყავს.

- თუ ნაყოფში ასეთი სხვაობაა, გამოდის, ალუჩის ჯიშებიც განსხვავდება ერთმანეთისგან.

- ჯიშები კი გვაქვს, წარმოიდგინეთ, ველური კავკასიური ალუჩაც არსებობს. არის საადრეო და საგვიანო ჯიშებიც, მაგრამ რომელთაც ბაღებისთვის ვარჩევთ, იმ ჯიშის ალუჩა ისეა გავრცელებული, რომ სხვა არჩევანს აღარც განვიხილავთ. ეს ჯიში დაახლოებით 50 წლის წინ არის გამოყვანილი, ხარისხიანია და სეზონიც აწყობს მებაღეს - უფრო ადრე შემოდის, ვიდრე ბალი და სხვა ხილი. ჩვენი ქართული ალუჩა ყველა მონაცემებით გვაკმაყოფილებს. რა თქმა უნდა, გამოცდილ მენერგეებსაც ეს ჯიში გამოჰყავთ. არა მგონია, ახლა ვინმეს ეშლებოდეს, რომ ბაღისთვის წვრილკურკა ალუჩა გასცეს. ეს სახუმარო თემა არ არის, მით უფრო ლაგოდეხში, სადაც სანერგეების ტრადიციაა. ტრადიცია კი იმან განავითარა, რომ აქ მდიდარი ნიადაგი და კარგი კლიმატი გვაქვს. რაც უნდა დარგო, თუ მოუვლი, საუკეთესო მოსავალს აიღებ. წარმოიდგინეთ, თხილიც კი ჩვენთან უკეთესი მოდის, ვიდრე დასავლეთ საქართველოში. ასე რომ, ხარისხიანი ალუჩის მიღება ყველას შეუძლია, მაგრამ მთავარი ბაღის მოვლაა. რაშიც ზოგიერთი ცოტა მოიკოჭლებს და ბაღს სათანადოდ ვერ უვლის. ალუჩის დაკნინებასაც ეს იწვევს. არადა, სწორედ მაღალხარისხოვან ალუჩაზე გაცილებით მეტი მოთხოვნაა, ვიდრე დაბალხარისხოვანზე. ტენდენცია ასეთია: სავსეა ბაზრის დახლები დაბალი ღირებულების ალუჩით, რადგან ხარისხიან ალუჩასთან შედარებით ნელა საღდება, გაყიდვა უჭირს.

- ალუჩას, ალბათ, ბევრი მოვლა სჭირდება.

- ასე არ არის, ალუჩა ყინვას უფრო უძლებს, ვიდრე სხვა ხილი, თანაც ბევრად ადვილი მოსავლელია, ვიდრე, მაგალითად, ატამი ან ვაშლი, რომელსაც რვა შეწამვლა მაინც სჭირდება წელიწადში, რათა მავნებლებმა ან კლიმატმა არ გაანადგუროს. ალუჩას მხოლოდ ორჯერ სჭირდება მავნებლების საწინააღმდეგოდ შეწამვლა. რა თქმა უნდა, საჭიროა სასუქიც. მე საუკეთესო სასუქად ნაკელს მივიჩნევ. ერთადერთი, რაც ალუჩას აქტიურად სჭირდება, გასხვლაა. ალუჩა ტყემლის საძირეზე ემყნობა, ტყემალი კი, როგორც ვიცით, სიმაღლეშიც მიიწევს და ტოტების გახშირებაც სჩვევია. ამიტომ ალუჩა ყოველ წელიწადს უნდა გავსხლათ. ამონაყარი ნერგს პირველივე წლიდანვე უჩნდება. ალუჩის ზემო ტოტების დამოკლება ნიშნავს, რომ გვერდითი ტოტები უფრო განვითარდება და ბაღი საკრეფადაც მოსახერხებელი იქნება და შესაწამლადაც. - რადგან ხარისხიანი ალუჩა ძვირი ღირს და ადვილადაც საღდება, ალბათ, ბაღის გაშენების მსურველიც ბევრი გყავთ.

- ისევ ისინი, ვინც კარგი ალუჩა მოიყვანა, სწრაფად გაყიდა და მოგებაც მიიღო - აი, ასეთი ხალხი აშენებს ალუჩის ბაღებს. ამ ბოლო დროსაც გაშენდა ჩვენში რამდენიმე ბაღი. ახალგაშენებულ ბაღში კრეფა გაშენებიდან მე-3-4 წელიწადს იწყება. თუმცა სრულად მსხმოიარე ბაღი მე-7-8 წელს ხდება და ძირიდან დაახლოებით 50-100 კგ ნაყოფი ჩამოდის. ეს, რა თქმა უნდა, მოვლაზეც არის დამოკიდებული.

- კომერციული ბაღის გაშენება და მოვლა ტექნიკის გარეშე არ გამოდის. თქვენ თუ იყენებთ ტექნიკას?

- ძირითადად, შეწამვლისას. ალუჩას ბუგრი მტრობს და თუ მის საწინააღმდეგოდ არ დაამუშავე, ნაყოფს არ მოგცემს. ამ მხრივ გასაჭირი მართლა გვაქვს. საქმე ის არის, რომ ამ ოპერაციისთვის საჭირო ტექნიკა ძვირია, 7-8 ათას დოლარამდე. რა თქმა უნდა, ამას ფერმერების უმეტესობა თავისი ხარჯით ვერ იყიდის. ამიტომაც ველოდებით პროგრამებს, რომელთაც სახელმწიფო დააფინანსებს. თუმცა, სამწუხაროდ, ფერმერებისთვის ეს პროგრამები იგვიანებს.

ტექნიკა სოფლის მეურნეობაში მძიმე პრობლემაა. ვისაც ხელი მიუწვდება, თურქეთიდან ჩამოაქვს, მაგრამ ამას, ცხადია, ყველა ვერ შევძლებთ. აუცილებელია საქართველოშიც იყოს ისეთი მაღაზია, სადაც ბაღების მოვლისთვის აუცილებელი ტექნიკა გაიყიდება. მგონი, დღეს ხეხილის ბაღები მუშაობენ ყველაზე ეფექტურად სოფლის მეურნეობაში და ცუდია, რომ სწორედ მათ არა აქვთ ტექნიკის ადგილზე შეძენის შესაძლებლობა.

- გეთანხმებით, მებაღეები ამას ნამდვილად იმსახურებთ, მით უფრო, საქართველოდან სოფლის მეურნეობის საექსპორტო პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ხეხილის ბაღებიდან გადის.

- კი, ასეა. არა ვართ ხეხილის გასაღებით უკმაყოფილო. ალუჩისთვისაც კლიენტი ადგილზე მოდის და პროდუქცია მომენტალურად მიაქვს. ეს სისტემა კარგად არის აწყობილი. გამიხარდება, თუ ამ საკითხზე ჩვენი ხალხი დაფიქრდება. შეიძლება მეტი შრომა სჭირდება, ვიდრე საზღვარგარეთ, მაგრამ შრომით საქართველოშიც შეიძლება ცხოვრება.

ეთერ ერაძე