"შემათრია აბანოში, მამაჩემი ძირს დააგდო, მოგკლავო ...თავში და სახეზე გამეტებით მირტყამდა ყველაფერს. ბოლოს სახლს წაუკიდა ცეცხლი" - რას ჰყვება უმძიმესი დანაშაულის მსხვერპლი გოგო?
ვარკეთილში, მამა-შვილ მიქელაძეებზე მომხდარი შემზარავი თავდასხმის კადრები მთელმა საზოგადოებამ ნახა. შოკისმომგვრელია ქრისტი მიქელაძის მონათხრობი. მან სოციალურ ქსელში უმძიმესი ფოტო და ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც ჩანს დასისხლიანებული ახალგაზრდა გოგო და მისი მამა, რომლებიც მართლა სასწაულად გადაურჩნენ სიკვდილს. კადრები იმდენად მძიმეა, რომ ამ კადრების ხილვით აღშფოთებული საზოგადოება დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
მართლა უმძიმესი წასაკითხია სიკვდილს გადარჩენილი ქრისტი მიქელაძის მიერ `ფეისბუქის გვერდზე დაწერილი სტატუსი:
"მინდა ყველა იცნობდეთ ამ მკვლელს. 18 ივნისს შუაღამისას, როდესაც ვბანაობდი და მამა იყო მაღაზიაში გასული, სახლში შემოვიდა მეზობელი, 25 წლის რომან გიკაშვილი. მალევე გავიგე მამას შემოსვლაც. ადამიანი, რომლის სახელიც ახლა გავიგე და მხოლოდ ვესალმებოდი, მან სცადა ჩემი და მამას მოკვლა. მამას 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს თავზე. მე რადგან ბევრჯერ მოვიშორე დანა, მაქვს მხოლოდ 4 ჭრილობა და ვარ სასტიკად ნაცემი. ყველანაირად სცადა ჩემი მოკვლა. აბანოში მგუდავდა. 3-ჯერ გავაგდებინე დანა, ყელი რომ უნდა გამოეჭრა. დანა რომ გავაგდებინე, თავში და სახეზე გამეტებით მირტყამდა ყველაფერს. ბოლოს სახლს წაუკიდა ცეცხლი, მოუშვა გაზი და გაიქცა. რა თქმა უნდა დაიჭირეს. ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით, მადლობა უფალს და მადლობა მეზობლებს ვინც გადაგვარჩინა. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ეს დღეები გვერდით დამიდგა. ვინც დიდი ხანია მიცნობს იცის, 17 წლის ვიყავი დედას კიბოს დიაგნოზი რომ დაუსვეს. მაშინ ჩემი ცხოვრება გვერდზე გადავდე და ჩემი თავი დედას მივუძღვენი. თითქმის 2 წელი ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო .ბოლო ნახევარი წელი ძალიან მძიმედ მყოფ დედას ვუვლიდი. ყოველ დღე ვხვდებოდი, რომ ხელიდან მეცლებოდა და ვერაფერს ვშველოდი. დედას გარდაცვალებიდან 8 წელზე მეტი გავიდა და დღემდე ის ტრავმა არ გამნელებია. ეს წლებია მხოლოდ ჩემი ოჯახისთვის ვცოცხლობ და ვცხოვრობ. ვარ ჩემთვის წყნარად და ცუდად არავის არასდროს შევხებივარ. ამ 8 წლის შემდეგ კი ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრავმა, როცა მამა მკვდარი მეგონა და ჩემს თვალწინ მოკლეს. მე ვინც ყველას ყოველთვის ყველაფერს ვპატიობდი და არასდროს არავინ შემძულებია. ამის გამკეთებელს არასდროს ვაპატიებ, მინდა ციხიდან ცოცხალი ვერასდროს გამოვიდეს ის. ეს არის ჩემი ცხოვრების პირველი ადამიანი, ვინც მძულს. ვინც ერთადერთ მამას მიკლავდა. გისურვებ მთელი გულით, რომ რაც ჩვენ მოგვაყენე, იმაზე მეტად წამებით მოკვდე ძალიან მალე. შენნაირები არ უნდა არსებობდნენ. შეგნებულად არ ვდებ მამას ფოტოს, რადგან ის ჩემზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია. საბედნიეროდ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მიზეზი უცნობია რის გამო კლავდა მამას და მე როგორც მოწმეს",- წერს ქრისტი მიქელაძე.
როგორც ჩანს, მეზობლებმა იმოქმედეს ოპერატიულად და დამნაშავე სამართალდამცავებმა დააკავეს. მეზობლების გადაღებულია ის შემზარავი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს და უმოწყალოდ სცემს აივანზე გასულ გოგოს, რომელიც შველას ითხოვდა 25 წლის რომან გიკაშვილი. კადრებში მეზობლების ყვირილიც ისმის, უყვირიან მოძალადეს, რომ გოგოს თავი დაანებოს. ალბათ პოლიციაშიც დარეკეს და დამნაშავე იქვე დააკავეს. სასამართლომ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენ გიკაშვილს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით, საიდანაც ირკვევა, რომ დანაშაული ვარკეთილში მოხდა. გიკაშვილს ორი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ივნისს, თბილისში, ბრალდებულმა ორი მეზობლის მკვლელობა სცადა, რა დროსაც დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მათ. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მამა-შვილი, აბესალომ და ქრისტი მიქელაძეები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულები არიან. ისინი წლებია თბილისში ცხოვრობენ. ბატონ აბესალომს საზოგადოება იცნობს, ის ადრე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩეველი გახლდათ.
"მე გადავრჩი!!! მაგრამ შენ ვერ გადარჩები!!!დარჩენილი ცხოვრება იმ ჯოჯოხეთში იცხოვრებ, იმის გამო, რაც მე გამიკეთე !! მე თავიდან დავიბადე და შენ მკვდარი ხარ!", -წერს ქრისტი სოციალურ ქსელში და ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს როგორ ესხმის მოძალადე თავს უდანაშაულო გოგოს და როგორ სცემს უმოწყალოდ.
რატომ დაესხა ოჯახს თავს დამნაშავე, რატომ კლავდა მამა-შვილს, ამაზე ჯერ პასუხი არ არის. სასტიკად ნაცემი და დაჭრილი ქრისტი მიქელაძე ვერ ამბობს, რა გახდა მეზობლისგან მისი ოჯახის მიმართ სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი, რატომ კლავდა სასტიკი მოძალადე მათ.
ქრისტი მიქელაძე `პირველებთან" დეტალურად იხსენებს მომხდარს: "გავიგე კარების ხმა და მეგონა მამაჩემი. მაგრამ მამა რომ შემოდის, ყოველთვის მეუბნება მოვედიო, ხმა არ ამოუღია, კი გამკრა გულში...ერთი ორი წუთის შემდეგ ალბათ, ისევ კარების ხმა გავიგე და უკვე მამაჩემის ხმა, რომ „რა გინდა, გიჟი ხომ არ ხარ. თავი დამანებე, გადი აქედან, ჩემს სახლში რას აკეთებ“. ჩოჩქოლის ხმა გავიგე და შიშველი აბანოდან გამოვვარდი. იქით იდგა ის ბიჭი და აქეთ მამაჩემი,. უკვე დანა ეჭირა ხელში და უკვე ურტყამდა. მივვარდი ამ ბიჭთან, რომ მოკლედ, მამაჩემს თავი დაანებე-მეთქი. იატაკის ჯოხი გამოვიტანე, რომ ჩავარტყამ-მეთქი და ეგეც წამართვა, ამის მერე შემათრია აბანოში, მამაჩემი ძირს დააგდო, მეც დამაგდო და წამოვდექი. ამ მომენტში მე მუშტი ჩამარტყა თუ წიხლი.... აბანოში შემათრია მერე თმებით. ხმას თან საერთოდ არ იღებდა, „მოგკლავო“, ეს მითხრა მარტო. თავს მარტყმევინებდა, ყელში მიჭერდა და შხაპი მომიშვირა სახეზე რომ გავგუდულიყავი. მიზეზი არ ვიცი, ხმას არ იღებდა. ჩავარტყი წიხლი და დანა დამარტყა დაბლა, სასქესო ორგანოზე. მე რომ დამაგდებდა, მამაჩემთან გარბოდა და თავში დანას ურტყამდა. ყელზე მომადო დანა, ყელის გამოჭრა უნდოდა და სამჯერვე გავაგდებინე. ბოლოს დაუვარდა ეს დანა და ლოგინის ქვეშ შევაგდე. დავინახე ჩემს ზეწარს ცეცხლი მოუკიდა, გაზის კანფორებიც ღია იყო, ცეცხლი რომ გააჩინა და გაზი გაუშვა გაიქცა და დაბლა დაიჭირეს", - ამბობს „პირველებთან“ ქრისტი მიქელაძე.
რას ამბობს თავად ბრალდებული, რა ჩვენება მისცა მან გამოძიებას ჯერჯერობით უცნობია. ბრალდებულ რომან გიკაშვილის ადვოკატი "პირველებთან" სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ გიკაშვილს მომხდარი კარგად არ ახსოვს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საქმეში მეოთხე პირიც, რეალური დამნაშავე ფიგურირებდეს.
"მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს. დაზიანებები აქვს ძალიან ამ ორ ადამიანს, ამ დროს თავდამსხმელს თითქმის არ აქვს საერთოდ დაზიანება. შეიძლება ასეთ ორომტრიალში, სამი ადამიანი როდესაც ერთმანეთს ებრძვის, ის ქალბატონი და მისი მამა წინააღმდეგობას უწევს და ამ დროს, ბრალდებულს საერთოდ დაზიანება არ აქვს? ეჭვი გვაქვს, რომ იყო იქ მეოთხე ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი ჩაიდინა იმიტომ, რომ მხოლოდ სისხლით იყო მოსვრილი ბრალდებული, სხვა რაიმე დაზიანება, ნაკაწრი აქვს ორი და ორი დალურჯება, დანარჩენი არაფერი აქვს. დანით არ ყოფილა შემოსული, დანა ფიგურირებს თვითონ იმ ოჯახის დანა. ამბობს, რომ მამაკაცთან მოუვიდა კონფლიქტი, სცემდნენ ერთმანეთს და მერე უკვე აღარაფერი ახსოვს. ფიზიკური დაზიანებები მიაყენა მამაკაცს, ქალი საერთოდ არ ახსოვს. საქმეში სხვა მტკიცებულებაც არის, რომელიც ადასტურებს, რომ ვიღაც სისხლიანი გამოვიდა იმ სახლიდან. დევს მეზობლის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ ვიღაცამ დამიკაკუნა კარზე, სისხლიანი იყო ჩემი კარი, ეს იმ დროს იყო, როცა პოლიცია მოვიდა, - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი`პირველებთან. ამ პატარა კომენტარიდან ჩანს, რომ ადვოკატი ცდილობს დაკავებულის დაცვას, თუმცა პროკურატურამ მას ოფიციალურად ბრალი უკვე წარუდგინა და სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდანაც ჩანს, როგორ ძალადობს ის მსხვერპლზე. საქმეზე გამოძიება გრძელდება, ალბათ მალე გაირკვევა რა გახდა ამ ოჯახზე ასეთი თავდასხმის მიზეზი და რატომ კლავდა ბრალდებული მამა- შვილს. დაზარალებული გოგონას თქმით, მოძალადემ მას შემდეგ, რაც მსხვერპლებს დანით ჭრილობები მიაყენა, ბინაში ცეცხლი გააჩინა და გაზი გაუშვა. სასწაულად გადაურჩა სიკვდილს მამა- შვილი, გამოძიება გრძელდება და იმედია, დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება. მთელი საზოგადოება ცალსახად ითხოვს ასეთი მოძალადე დამნაშავის ციხეში სამუდამოდ გამოკეტვას.
(სპეციალურად საიტისთვის)