"რატომ იქნება უკრაინის არმიის კონტრშეტევა, სავარაუდოდ, ნელი და გამომფიტველი?" - WSJ
ამერიკული გაზეთი "უოლ სთრით ჯორნელი" (The Wall Street Journal) ბეჭდავს სტატიას სათაურით - "რატომ იქნება უკრაინის არმიის კონტრშეტევა, სავარაუდოდ, ნელი და გამომფიტველი?" (ავტორები - დენიელ მაიკლსი და იზაბელ კოულსი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
სამხედრო მეცნიერების ერთ-ერთი მთავარი პოსტულატის თანახმად, არმიამ, რომელიც შეტევისა და მოწინააღმდეგის პოზიციების გასარღვევად ემზადება, მოქმედება სწრაფი და ძლიერი საჰაერო იერიშებითა და დარტყმებით უნდა დაიწყოს, რომელსაც სახმელეთო შტურმი მოჰყვება, საბრძოლო ვერტმფრენების მხარდაჭერით, რომლებიც ტანკებს და ქვეითებს გზას გაუწმენდს.
მაგრამ, სამწუხაროდ, უკრაინას ასეთი შესაძლებლობები არ აქვს. იმ სიტუაციაში, როცა უკრაინის არმიას სამხედრო-საჰაერო ძალები არ ჰყავს, კიევის ჯარები ცდილობენ იმის გაკეთებას, რასაც თანამედროვე არმიები ვერ გაბედავდნენ: მათთვის ახლა აუცილებელია რუსეთის არმიის გაძევება იმ გამაგრებული პოზიციებიდან, რომლებსაც კრემლი მრავალი თვის განმავლობაში აშენებდა და ემზადებოდა უკრაინელთა დასახვედრად.
უკრაინის არმიის კონტრშეტევის მოლოდინი ფართოდ რეკლამირებული იყო და ამ ფონზე მით უფრო საწყენია მათი ბრძოლების, ასე ვთქვათ, "მოკრძალებული შედეგები". პირველი დღეები იმის მაჩვენებელია, რომ თუ ასე გაგრძელდება, კონტრშეტევა ხანგრძლივ და სასიკვდილო "ხორცსაკეპად" გადაიქცევა და არ იქნება იმ წარმატების გამეორება, რაც უკრაინის არმიამ გასული ზაფხულის ბოლოს ხარკოვის ოლქში შეძლო.
"რასაკვირველია, თავიდანვე ცნობილი იყო, რომ კიევს მძიმე ბრძოლები მოუწევდა", - ამბობს რობ ლი, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი, - "რუსეთის არმიას საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა მოსამზადებლად" (...).
ბრძოლა, რომელიც ამჟამად მიდინარეობს და ნამდვილ სასაკლაოს წარმოადგენს, მოწინააღმდეგეთა ბრძოლისუნარიანობის შემოწმებად ითვლება. გასული წლის შემოდგომიდან ორივე მხარე აგროვებდა იარაღს, ტექნიკას, სხვადასხვა ამუნიციას, აშენებდა ფორტიფიკაციებს, გამაგრებულ ზღუდეებს და ემზადებოდა იმ ყველაფრისათვის, რაც კი შეიძლებოდა გარდამტეხი მომენტისთვის გამოყენებულიყო.
უკრაინამ თავისი დასავლელი მოკავშირეებისაგან მილიარდობით დოლარის თანამედროვე იარაღი და მძიმე ჯავშანტექნიკა მიიღო. თავის მხრივ, მოსკოვმა საბრძოლველად გაიწვია 200 ათასამდე ჯარისკაცი, გათხარა სანგრები და ტრანშეები, მოამზადა საცეცხლე წერტილები და, რაც მნიშვნელოვანია, ათასობით კვადრატული კილომეტრის მქონე მინდორ-ველი დანაღმა და ამ მიზნით მილიონობით ნაღმი გამოიყენა.
ამას წინათ უკრაინის არმიის ერთ-ერთი მოტორიზებული ქვედანაყოფი, რომელიც შეიარაღებული იყო თანამედროვე ამერიკული და გერმანული ჯავშანტექნიკით, დანაღმულ ველზე მოხვდა და სამხედრო ტექნიკა დაკარგა. კიდევ ერთი პოლკი რუსების საჰაერო შეტევის ქვეშ მოჰყვა: ვერტმფრენებმა რაკეტები გაუშვეს მათ წინააღმდეგ, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.
უკრაინელმა მეთაურებმა, რომლებიც ე.წ. საბრძოლო დაზვერვის დროს რუსების მძაფრ წინააღმდეგობას წააწყდნენ, შეტევა ფრონტის ხაზის ბევრ უბანზე შეაჩერეს, რათა შეტევის ტაქტიკა შეცვალონ და დაზიანებული ტექნიკა გაარემონტონ.
უკრაინის არმია, რომელსაც ჰაერში უპირატესობა არ აქვს, ცდილობს, მოწინააღმდეგეს ზიანი შორსმსროლელი ქვემეხების დაბომბვით მიაყენოს. ამისათვის კიევი წარმატებით სარგებლობს ბრიტანული ფრთოსანი რაკეტებით - Storm Shadow-ებით და ამერიკული რეაქტიური დანადგარებით - HIMARS-ებით.
გასული წლის ბოლოს უკრაინამ ქვეყნის სამხრეთში მდებარე მსხვილი ქალაქი ხერსონი დაიბრუნა, რომელიც რუსებისათვის ძალიან მოუხერხებელ ადგილზე მდებარეობს. ამიტომ ისინი ვერ ახერხებდნენ ხერსონში დისლოცირებული სამხედრო ქვედანაყოფების იარაღით მომარაგებას. და მაინც, ასეთ სიტუაციაშიც კი უკრაინის არმიას რამდენიმე თვის ალყა დასჭირდა ხერსონის გასათავისუფლებლად. ახლა ის ადგილები, რომლის დაკავება-გათავისუფლება უკრანის არმიას სურს, ხერსონს არ ჰგავს და ისეთივე მოწყვლადი არ არის. რუსები თავიანთ ქვედანაყოფებს ყველაფრით ამარაგებენ, ამიტომ უკრაინის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება უფრო გართულებულია - შეტევის მიზნების რეალიზებისათვის მძიმე ბრძოლები გახდება საჭირო.
"უკრაინის არმიამ წარმატებას შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწიოს, თუ ჯერ მოახერხებს და მოწინააღმდეგის ძალებს გამოფიტავს", - თვლის ფილიპ ო’ბრაიენი, შოტლანდიის სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის პროფესორი, - "იმდენად, რამდენაც კიევი ჰაერში გაბატონებული არ არის, უკრაინის არმია წინ გზას ვერ გაიწმენდს და თავის სატანკო კოლონებს ვერ დაიცავს. ეს მათთვის ბრძოლის ძალიან მძიმე ეტაპი იქნება".
წარმატების შანსების გაზრდის მიზნით, უკრაინა ცდილობს, ფრონტის მთელ ხაზზე და რუსეთის სიღრმეში მოსკოვს დარტყმები მიაყენოს. უკრაინელები რუსების სუსტ ადგილებს ეძებენ. ისეთი ოპერაციებიც კი, რომლებიც საბოლოო ჯამში წარუმატებლად მთავრდება, მაინც მეტ-ნაკლებად სასარგებლოა - ხდება თავდამცავი მხარის ძალების გადაადგილება, მანევრები, რაც შემტევ მხარეს ახალი დაგეგმვის შესაძლებლობას აძლევს. (...)
დასავლელი ექსპერტების აზრით, უკრაინას, მართალია, უპირატესობა აქვს, ადამიანური ფაქტორების თვალსაზრისით (ჯარის მორალური სულისკვეთება და მოტივაცია მაღალია), მაგრამ რადგანაც რუსების თავდაცვითი ზღუდეების გარღვევა დიდ ძალებს მოითხოვს, რადგანაც ჰაერში რუსული ავიაცია ბატონობს და რადგანაც რუსებმა თითქმის მთელი ტერიტორია დანაღმეს, უკრაინელები მძიმე სიტუაციაში ჩავარდნენ. რუსული ნაღმები იმიტომაა საშიში, რომ მათი აღმოჩენა ძნელია და ძალიან ძლიერი აფეთქებით გამოირჩევიან.
"უკრაინას სჭირდება სადაზვერვო მონაცემები, რომლებშიც დანაღმული მინდვრები იქნება ნაჩვენები", - ამბობს ნატოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, - "დანაღმვა იოლია, განაღმვა კი - ბევრად ძნელი".
საბოლოო ჯამში, უკრაინის არმიის წინაშე მდგარ ბრძოლებში წარმატების მიღწევა განისაზღვრება იმით, თუ რომელი მხარე უფრო კარგად არის მომზადებული. მარკ კანსიანი, ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი, ამჟამინდელ სიტუაციას მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარ კურსკის ბრძოლას ადარებს. 1943 წლის ზაფხულში, როგორც შემტევმა ვერმახტმა, ასევე - თავდამცავმა წითელმა არმიამ იცოდნენ, დაახლოებით, სად შეეჯახებოდნენ ერთმანეთს და ბრძოლებისათვის ორივე კარგად მოემზადა. როცა გერმანელებმა შეტევა დაიწყეს, ფაშისტური სარდლობა მიხვდა, რომ დააგვიანა - ვერმახტი ოპერაციის დაწყებას აჭიანურებდა, რაც წითელმა არმიამ სათავისოდ გამოიყენა: სწრაფი ტემპით გაამაგრა პოზიციები და ძალების კონცენტრაცია მოახდინა. შესაბამისად, მოსკოვმა კურსკის ბრძოლა მოიგო, რაც ისტორიაში უდიდეს სატანკო ბრძოლად არის ცნობილი.
"კურსკის მსგავსად, კიევიც და მოსკოვიც ბოლო თვეებში თავიანთ პოზიციებს ამაგრებდნენ. ახლა ჩვენ ვნახავთ, თუ რომელი უფრო კარგადაა მომზადებული და საჭიროების შემთხვევაში, რომელი მხარე შეძლებს უფრო სწრაფ მოქმედებას", - ამბობს მარკ კანსიანი, რომელიც იქვე შენიშნავს: "უპირატესობა, როგორც ჩანს, უკრაინის მხარეს არ არის. არ მინდა, რომ [რუსების მხრიდან] კურსკის მაგალითი განმეორდეს".
მოამზადა სიმონ კილაძემ