ბრძოლის ველზე უკვე კამიკაძე-ტანკებიც გამოჩნდნენ... - კვირის პალიტრა

ბრძოლის ველზე უკვე კამიკაძე-ტანკებიც გამოჩნდნენ...

რუსეთ-უკრაინის თითქმის წელიწადნახევრიან ომში კამიკაძე ანუ "თვითმკვლელი" საფრენი აპარატები, როგორც თვითმფრინავების, ისე - კვადროკოპტერების სახით (მათ შორის - ძალზე ეფექტიანი FPV-დრონები) სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული მხარეების მიერ ძალზე ინტენსიურად გამოიყენება. ამან 21-ე საუკუნის ეს, ყველაზე ფართომასშტაბიანი დაპირისპირება ევროპაში ერთგვარ "დრონების ომადაც" კი გადააქცია...

გარდა უპილოტო საფრენი აპრატებისა, შავ ზღვაში შედარებით ნაკლები ინტენსივობით, ასევე, გამოიყენება კამიკაძე-კატარღებიც, რომლებზეც განთავსებულია ძლიერი ასაფეთქებელი მოწყობილობა და დისტანციურად მართვად რეჟიმში ხდება მათი მიმართვა მოწინააღმდეგის ხომალდების კორპუსებისკენ...

მაგრამ გარდა ჰაერისა და ზღვისა, ძირითადი საბრძოლო მოქმედებები მაინც ხმელეთზე მიმდინარეობს, სადაც, ასევე, საჭირო გახდა კამიკაძე მანქანების გამოყენება, რომლებსაც მტრის სანგრებამდე დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების მიტანა და იქ დეტონაცია უნდა შეძლებოდათ.

"ჯიჰად-პიკაპების" გამოყენება ახლო აღმოსავლეთში საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაციამ - "ისლამურმა სახელმწიფომ" ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო, როდესაც "პიკაპს" ან სხვა ტიპის ჩვეულებრივ მანქანას, შეძლებისდაგვარად, რაც შეიძლება მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობით - საარტილერიო ჭურვებით, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით ან, სულაც, აუფეთქებელი საავიაციო ბომბებით "დახუნძლავდნენ", მცირედ შეჯავშნიდნენ ხელში მოხვედრილი ფოლადის ფურცლებით და წინ უშვებდნენ - სამხედრო ტექნიკისა თუ სამხედრო ბაზების სიახლოვეს ასაფეთქებლად.

მაგრამ "ჯიჰად-კამიკაძეებს" მართვა სჭირდებოდათ, რის ფუნქციასაც თვითმკვლელი ტერორისტები ასრულებდნენ, რადგან დისტანციური მართვის ძვირად ღირებული მოწყობილობები "ისლამურ სახელმწიფოს" არ გააჩნდა.

რუსეთ-უკრაინის ომში რუსი ოკუპანტები ცოტა სხვა გზით წავიდნენ და მათ კამიკაძეებად არა სპონტანურად შეჯავშნული "პიკაპების", არამედ - საშტატო ჯავშანტექნიკის, მათ შორის - ძირითადი საბრძოლო ტანკების გამოყენებაც კი დაიწყეს...

2-tanki-1687348053.png
რუსი ოკუპანტები შვიდი ათეული წლის ასაკის მქონე T-54-ების კამიკაძე-ტანკებად გამოყენებას იწყებენ...

ჯავშნით კარგად დაცულ კამიკაძეებზე იმიტომაც შეჩერდა არჩევანი, რომ ნელა "მბობღავი" ტანკის აფეთქება და, შესაბამისად, შეჩერება მოწინააღმდეგეს თვით ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გამოყენებითაც კი გაუჭირდეს.

რაც შეეხება კამიკაძე-ტანკის მართვას, აქ ორი ხერხი შეიძლება იყოს გამოყენებული:

პირველი - დაქოქილმუხლუხებიანი ჯავშანტექნიკის (ტანკს, ქვეითთა საბრძოლო მანქანასა თუ ჯავშანგამწევს) სიჩქარეთა კოლოფს წინ სვლაზე გადართავენ, გაზის სატერფულს სიმძიმეს დაადებენ, ხოლო მექანიკოსი-მძღოლი ლუკიდან დატოვებს საბრძოლო მასალით გადატენილ და მოწინააღმდეგის პოზიციისკენ მიმართულ ტანკს.

მეორე მეთოდი ბევრად უფრო რთული, მაგრამ, ამასთანავე, სანდოა და დიდი სიზუსტით გამოირჩევა, რადგან ტანკის მექანიკოსი-მძღოლის სამუშაო ადგილზე დისტანციური მართვის მოწყობილობები მონტაჟდება და ოპერატორს რადიოსიგნალების საშუალებით არანაკლებ ორი კმ-ის სიშორიდან შეუძლია კამიკაძე-ტანკის მართვა.

რუსმა ოკუპანტებმა ბოლო სამი დღის განმავლობაში არანაკლებ ორი ასეთი სახმელეთო კამიკაძე გამოიყენეს.

თავიდან მათ თითქმის ექვსი ტონა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული და კამიკაძედ გადაკეთებული ძველი T-54 მიმართეს ტყის საცავი ზოლისკენ, სადაც უკრაინელების სანგრები ეგულებოდათ, მაგრამ კამიკაძე-ტანკი ჯერ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა და სვლა დაკარგა, თუმცა მას შემდეგ, რაც უკრაინელმა ყუმბარმტყორცნელმა ზუსტი გასროლით კუმულაციურქობინიანი რაკეტა მოარტყა მას, კამიკაძე-ტანკი საოცარი ძალით აფეთქდა და საშინელებას დაატრიალებდა, უკრაინელების პოზიციასთან უფრო ახლოს რომ ყოფილიყო.

პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა ფრონტის თითქმის იმავე მონაკვეთზე ეხლა უკვე კამიკაძედ გადაკეთებული მსუბუქი, შეჯავშნული მუხლუხებიანი გამწევი გამოიყენეს, რომელმაც შეძლო უკრაინელების სანგრამდე მიღწევა და იქ აფეთქება.

ასეთივე შემთხვევები ადრეც რამდენჯერმე დაფიქსირდა, თუმცა დიდი ალბათობით, ეს ადგილზე მოფიქრებულ ინიციატივას უფრო წააგავს, ვიდრე რუსეთის რომელიმე სატანკო ქარხანაში სპეციალურად მასობრივად მოძველებული ტანკების კამიკაძეებად გადაქცევის პროცესს.

თუმცა, მეორე მხრივ, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ატარებდნენ ექსპერიმენტებს T-72 ტიპის ტანკის დისტანციურად სამართავად და არ არის გამორიცხული, მაშინდელი ნამუშევრები რუსმა კონსტრუქტორებმა დამტვერილი თაროებიდან ჩამოიღეს...

ასეა თუ ისე, დიდძალი საბრძოლო მასალით "გაძეძგილი" მოძველებული ჯავშანტექნიკის დისტანციურად მართვის პრინციპით გამოყენებისას, შესაძლებელი ხდება მოწინააღმდეგის კარგად დაცული თავდაცვის ზღუდისთვის ან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტისთვის სერიოზული დაზიანებების მიყენება და, წესით, ამ მეთოდს კონტრშეტევაზე გადასული უკრაინის არმია უფრო უნდა იყენებდეს, ვიდრე - პირიქით...