"თქვენთან ძალიან მეგობრული კანონებია" - იაპონელი "ტიკტოკერის" ცხოვრების სტილი საქართველოში - კვირის პალიტრა

"თქვენთან ძალიან მეგობრული კანონებია" - იაპონელი "ტიკტოკერის" ცხოვრების სტილი საქართველოში

სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის მომო ნიუანო საკმაოდ პოპულარულია. 25 წლის იაპონელი "ტიკტოკერი" ქართულ, იუმორისტულ კონტენტს ქმნის. დავინტერესდით, როგორ მოხვდა მომო საქართველოში და რა მიზნები და გეგმები აქვს...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"წარმოშობით იაპონიიდან ვარ, თუმცა გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდი ამერიკაში, ჩინეთში... ვსწავლობდი გერმანიის უნივერსიტეტში. ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი გერმანიაში მივიღე... უნივერსიტეტში რამდენიმე ქართველი სტუდენტიც სწავლობდა. ისინი პირველი ქართველები იყვნენ, ვინც გავიცანი. მათ შორის ერთ ქართველ გოგონას განსაკუთრებულად დავუახლოვდი, დავმეგობრდით. მან მიამბო საქართველოს ისტორიის, კულტურს, სამზარეულოს შესახებ... გადავწყვიტე საქართველოს მონახულება, 2018 წელს ჩამოვედი და აქ 2 კვირა გავატარე... ქუთაისის აეროპორტიდან თბილისისკენ ავტობუსით გამოვემგზავრე. საქართველოში ჩემი პირველი სტუმრობა ახალი წლის დღესასწაულებს დაემთხვა. თბილისში ჩამოსულს მთელი ქალაქი განათებული დამხვდა. ჩემი პირველი შთაბეჭდილება ასეთი იყო: ეს რა ზღაპრულ ქალაქში მოვხვდი-მეთქი?! ყველაფერი აციმციმებული, გალამაზებული გახლდათ..."

"ჩემი ფავორიტი კერძია ხაშლამა, ასევე - ოსტრი, ოჯახური, ხარჩო, ქართულად მომზადებული ბადრიჯანი ნიგვზით და ბროწეულით. ბადრიჯნის სალათის ჭამა თითქმის ყოველდღე შემიძლია, ძალიან მიყვარს!.. რა თქმა უნდა, ხინკალი და ხაჭაპური მომწონს, განსაკუთრებით - მეგრული ხაჭაპური, ზემოდან ბევრი ყველით..."

"ვიდრე გერმანიაში სწავლას დავასრულებდი, მანამდე საქართველოში დაბრუნების იდეა გონებაში მიტრიალებდა. ისე შემიყვარდა აქაურობა, რომ გადავწყვიტე, გერმანიიდან საქართველოში ჩამოვსულიყავი. პროგრამისტი ვარ. ამერიკასა და იაპონიაში სხვადასხვა კლიენტისთვის ვმუშაობ ("ფრილანსერად")..."

"საქართველოში ძალიან მეგობრული კანონებია. გამარტივებული სავიზო პირობები უცხოელებისთვის ხელშემწყობი ფაქტორია. რა თქმა უნდა, გარკვეული შეზღუდვები არის, მაგრამ შეგვიძლია, აქ დარჩენა, მუშაობა, საბანკო ანგარიშების გახსნაც... ამ მხრივ, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, კომფორტული გარემოა... მერე და მერე, ქართველებს რომ დავუახლოვდი, შევამჩნიე, სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, აქ "დრო ნელა გადის" და ბევრ რამეს ასწრებ..."

"ერთხელ ვიდეო გადავიღე, რომელშიც ჩანს, ხინკალს როგორ ვჭამ - ჭამისას წვენი მთლიანად მეღვრება, მერე კი ხინკლის შიგთავსიც - ხორციც მივარდება... ხინკლის ჭამის მთავარი აზრი ხომ ისაა, რომ წვენი უნდა დალიო, არა (იცინის)? მოკლედ, ეს ვიდეო ვირუსული გახდა. ერთ-ერთმა "ინფლუენსერმა" - ზვიად ალიევმაც გააზიარა... საბოლოო ჯამში, ვიდეოს "ნახვის" რაოდენობა 3 მილიონამდე გაიზარდა და ამან მოტივაცია მომცა, გადაღება გამეგრძელებინა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 22 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი