"როცა მშობელი იგებს, რომ მისი შვილი აუტისტია, რამდენიმე ეტაპს გადის. ესენია..." - რა სირთულეებს აწყდებიან ყველდღიურად აუტისტი ბავშვების მშობლები
"შვილებმა გამაძლიერეს, ისინი არაჩვეულებრივები არიან"
"...როცა მშობელი იგებს, რომ მისი შვილი აუტისტია, რამდენიმე ეტაპს გადის. ესენია: დიაგნოზის უარყოფა, უსამართლობის განცდის ფონზე სამყაროს/განგების/ადამიანების მიმართ ბრაზი. ბრძოლის სურვილი და საბოლოოდ დიაგნოზის მიღება, გზების ძიება, რომ საკუთარ შვილს ისეთი გარემო შეუქმნას, სადაც თავის უნარებს მაქსიმალურად გამოავლენს და ბედნიერი იქნება. ეს გზა რთულია, რადგან არ ვჯდებით საზოგადოების ჩარჩოებში, რომელსაც განსხვავებული ადამიანი ისედაც არ უყვარს და აშინებს. მეორე უკიდურესობაა, როცა ადამიანები გაგრძნობინებენ, რომ ეცოდებით და ჰგონიათ, მათი მხრიდან ქველმოქმედებაა, თუ ბაღში, სკოლაში ან ზოგადად, საზოგადოებაში მიგვიღეს. რეალურად კი ნებისმიერი შშმ (არა მარტო აუტისტი) ბავშვი საზოგადოების განვითარების დონის გამომამჟღავნებელი ინდიკატორია, რადგან მათდამი დამოკიდებულება ნათლად აჩვენებს, რა ემოციური ინტელექტის პატრონია ესა თუ ის ადამიანი", _ ამბობს ნინო ჭინჭარაული, მწერალი, მხატვარი და 2 შვილის დედა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, საჯარო ადგილებში ნინოს მიერ შესრულებული მიურალები გამოჩნდა, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მიმღებლობის თემას ეხმიანება.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
"ორი შვილი მყავს: 12 წლის ლუკა და 8 წლის ალექსანდრე, იგივე ლექსო. ლუკას აქვს აუტისტური სპექტრი, ხოლო ალექსანდრეს ბავშვთა აუტიზმი. ლექსო არავერბალია, ანუ არ მეტყველებს და შესაბამისად, აქტიურ თერაპიებს გადის. ლუკას ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკში შევატყვეთ, რომ მზერითი კონტაქტი არ ჰქონდა. ხელში რომ ავიყვანდი და ვეთამაშებოდი, გვერდებზე იყურებოდა. 2010 წელს საერთოდ არ ვიცოდი აუტიზმი რა იყო, ფილმი "წვიმის კაცი" მქონდა ნანახი და ჩემი ინფორმაცია აუტიზმის შესახებ ამით ამოიწურებოდა..."
"თვითგანვითარების არაჩვეულებრივი უნარი აქვს. ინგლისური ინტერნეტით ისწავლა და ახლა ესპანურს სწავლობს. ძალიან კომუნიკაბელური ბავშვია, სკოლაში სპეცმასწავლებელიც არ დასჭირვებია. ყველა საგნით ერთნაირად არ ინტერესდება, სპეციფიკური ინტერესები აქვს. გამორჩეულად უყვარს მათემატიკა და ფიზიკა, ქართული _ არა, რადგან წერა არ უყვარს და აგრამატიზმები აქვს, ანუ წინადადებებს ბოლომდე გრამატიკული სიზუსტით ვერ გამოთქვამს..."
"8 წლის ალექსანდრეს დღემდე სიტყვა არ უთქვამს გააზრებულად. მთავარი პრობლემა არის ქცევა, რომელიც ბავშვს მოწესრიგებული არ აქვს. ვერ გვაგებინებს, რა უნდა. როცა რამე აწუხებს, ყვირის, ნივთებს ისვრის და ასე ცდილობს ყურადღება მიიქციოს, მაგრამ ძალიან რთულია გაგება, ამ დროს რა საჭიროება აქვს. ფიზიკურად ჰიპერაქტიურია, ეზოში გასეირნების დროს ფეხზე ყოველთვის ბოტასს ვიცვამ და მაქსიმალურად მობილიზებული ვარ, რადგან საკმარისია ხელი გავუშვა, უკანმოუხედავად გარბის და ამ დროს შეუძლია ტრასაზე გადაირბინოს, ძაღლებსა და მანქანებს გაეკიდოს..."
"ალექსანდრეს კიდურების გარკვეულ ნაწილებში შეგრძნებები დაქვეითებული აქვს. მაგალითად, შეიძლება ხელი დაიწვას ან გაიჭრას და ამაზე ხმა არ ამოიღოს. ერთხელ ფეხის თითი იღრძო და არც კი უტირია. ეს ყველაფერი ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს. დიაგნოზში კი გვიწერია "ბავშვთა აუტიზმი", მაგრამ არის დეტალები, რომლის გამოც მეც და მისი თერაპევტებიც ვეჭვობთ, ეს ზუსტად ასეა თუ არა. რამდენიმე დღეში თურქეთში, ერთ-ერთ ცნობილ ექიმთან დიაგნოსტიკაზე მიმყავს. ბევრი მშობელი ემადლიერება მას და ვნახოთ, რა პასუხით დავბრუნდებით..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 22 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.
ანა კალანდაძე