"უკრაინელი მზვერავი კრემლს აღიზიანებს: კირილო ბუდანოვზე ნადირობენ, მაგრამ ის დამალვას არ ცდილობს" - კვირის პალიტრა

"უკრაინელი მზვერავი კრემლს აღიზიანებს: კირილო ბუდანოვზე ნადირობენ, მაგრამ ის დამალვას არ ცდილობს"

"უკრაინის სამხედრო დაზვერვის გამოცდილი ოფიცრების პარალიზებისათვის, ალბათ, შიშის დიდი დოზაა საჭირო. ისინი იხსენებენ იმ დროს, როცა რუსეთმა კიევში, მდ. დნეპრზე არსებულ "რიბალკის კუნძულზე" მდებარე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველო რაკეტებით პირველად დაბომბა, ფანჯრები მთლიანად ჩაიმსხვრა, თავის ჩარჩოებიანად, დაზიანდა შენობის კედლები. ვინც კი მისაღებში უფროსს ელოდებოდა, ყველა იატაკზე დაემხო. ამ დროს გაიღო კაბინეტის კარი და გამოვიდა გენერალ-მაიორი კირილო ბუდანოვი. "ყველაფერი წესრიგშია", - განაცხადა მან. ტანსაცმლიდან მტვერი დაიბერტყა, ქუდი დაიხურა და ქუჩაში გავიდა, შენობის შესამოწმებლად", - ნათქვამია ბრიტანულ ჟურნალ "ეკონომისტში" (The Economist) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით - "უკრაინელი მზვერავი კრემლს აღიზიანებს: კირილო ბუდანოვზე ნადირობენ, მაგრამ ის დამალვას არ ცდილობს".

გთავაზობთ პუბლიკაციას:

37 წლის გენერალი კირილო ბუდანოვი, "კომანდოსის" (სპეცდანიშნულების ქვედანაყოფი) ყოფილი წევრი, უკრაინის სადაზვერვო სტრუქტურების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელია. მისი აქტიური მონაწილეობით რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ისეთი გაბედული ოპერაციები განხორციელდა, რომ ის კრემლისათვის აუტანელ გამღიზიანებლად იქცა. თანაშემწეების თქმით, მასზე თითქმის ათამდე თავდასხმა განხორციელდა: ბოლო დროს ეს მოხდა მიმდინარე წლის 29 მაისს, როცა სადაზვერვო სამმართველოს შენობის გასანადგურებლად გაშვებული ბალისტიკური რაკეტა მიზანს ასცდა და სხვა ობიექტს მოხვდა. მეორე დღეს ვლადიმერ პუტინმა წაიტრაბახა - "მაღალი სიზუსტის მქონე რაკეტით შენობა გავანადგურეთო". რუსული მასმედია აჭრელებული იყო ცნობებით, რომ კირილო ბუდანოვი მძიმედაა დაჭრილი და სამკურნალოდ გერმანიაში წაიყვანეს. "ეკონომისტს" შეუძლია დაადასტუროს, რომ არც პირველი და არც მეორე ცნობა სინამდვილეს არ შეესაბამება.

უკრაინის სადაზვერვო სამსახურის უფროსის კაბინეტი ომის დაწყებიდან უკვე 16 თვეა, საომარი ენერგიის ერთგვარ წყაროს წარმოადგენს. ირგვლივ ყველაფერი ომის ყაიდაზეა მოწყობილი: ფანჯრები ქვიშიანი ტომრებითაა ამოვსებული, იატაკზე ტყვიამფრქვევები და სხვადასხვა სამხედრო ამუნიციაა დაწყობილი. კედლებზე ჰკიდია რუსეთის ბრიანსკის ოლქში "რუსი პარტიზანების" მიერ განხორციელებული იმ სპეცოპერაციის ამსახველი ფოტოსურათები, რომელიც, სავარაუდოდ, თვითონ მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ მოაწყო. კაბინეტშია ბუდანოვის პირადი ნივთებიც. მონიტორის ფართო ეკრანზე მოჩანს მოსკოვის დიდი რუკა, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინული დრონების შეტევის სამიზნე იყო მაისში.

უკრაინა არ აცხადებს, რომ ის რომელიმე ოპერაციის განხორციელების ინიციატორი და ორგანიზატორია [თუმცა იგულისხმება]. მაგრამ გენერალი კირილო ბუდანოვი ორაზროვან გამონათქვამებს "პატივს არ სცემს". "ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ. კრემლზე დრონების შეტევებმა მსოფლიოს აჩვენა, რომ რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა მხოლოდ "პოტიომკინის სოფლებს" წარმოადგენს", - ამბობს გენერალი.

როცა გენერალი ლაპარაკობს, თანაშემწეები ყურადღებით უსმენენ. კირილო ბუდანოვის ხელმძღვანელობით დაზვერვის მთავარი სამმართველო მტკიცე და გაბედულ ავტონომიურ ორგანოდ გადაიქცა, რომელიც ყველაფერს აკეთებს თავისი ძალების მაქსიმალური დაძაბვით. "ადრე ჩვენ ხელმძღვანელებად მენეჯერები გვყავდა, ახლა გვყავს ლიდერი", - ამბობს ერთ-ერთი ვეტერანი ოფიცერი, სახელად ოლეგი. "კირილო სხვებს ენთუზიაზმს და ენერგიას გადასცემს. იგი თითქოს გველივით ჰიპნოტიზიორია: ყველაფერს აკეთებ, რასაც ის გთხოვს".

რასაკვირველია, გენერალს მტრები ქვეყნის შიგნითაც ჰყავს და ქვეყნის გარეთაც. უკრაინის უსაფრთხოების სხვა სამსახურები კირილო ბუდანოვის ერთგვარ კონკურენტებს წარმოადგენენ და ეჭვის თვალით უყურებენ მის ძალაუფლებასა და რესურსებს. "ლოგიკურია, როცა სამხედრო დაზვერვა ომის დროს უძლიერეს სტრუქტურად არის გადაქცეული", - ამბობს ერთ-ერთი ოფიცერი კონკურენტი უწყებიდან, - "მაგრამ ფაქტია, რომ მისი თანხმობის გარეშე ვერაფერს გააკეთებ". მეგობრები კირილო ბუდანოვს "რთულ" პიროვნებად თვლიან: "ზოგიერთებისათვის ძნელია მასთან ურთიერთობა", - ამბობს ბრიგადის გენერალი დიმიტრი ტიმკოვი, - "იგი ძნელად ეგუება საწინააღმდეგო მოსაზრებას". ასაკით უმცროსი სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი უფროსების წინაშე უკან არ იხევს, თუ მათ აზრებს არასწორად მიიჩნევს.

2020 წელს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება ნაკლებად ცნობილი სამხედრო პირის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბევრი პოლიტიკოსისათვის და საზოგადოებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მაგრამ სპეცსამსახურის შიგნით კირილო ბუდანოვის სახელი უკვე ლეგენდარული იყო. "რა თქმა უნდა, მის შესახებ კრემლმაც იცოდა რაღაც-რაღაცები. ამიტომ კირილო ბუდანოვის დანიშვნა სადაზვერვო უწყების უფროსად მოსკოვისათვის წითელი ნაჭრის აფრიალებას ნიშნავდა", - ამბობს ანდრეი იუსოვი, ოფიცერი. მისი აზრით, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებამ ყველა დაარწმუნა, რომ პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების სფეროში კომპეტენტურ ნაბიჯებს დგამს.

კირილო ბუდანოვს, როგორც დამწყებ პროფესიონალ მზვერავს - მიაწერენ ერთ-ერთ ოპერაციას, რომელიც უკრაინამ 2016 წელს კრემლის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის აეროდრომზე განახორციელა, რუსული ვერტმფრენების განადგურების მიზნით. ყირიმიდან უკან დაბრუნებისას ბუდანოვი თავისი სპეცრაზმით რუსი "კოლეგების" ქვედანაყოფს შეებრძოლა, რომლის შედეგად მაღალჩინოსანი იქნა მოკლული.

დიმიტრი ტიმკოვი იმ ოპერაციის დროს კირილო ბუდანოვს თან ახლდა. იგი იხსენებს კიდევ ერთ რეიდს, რომელიც 2015 წელს დონბასში განხორციელდა: "კირილო ბუდანოვი მძიმედ დაიჭრა და მან გვთხოვა, რომ დაგვეტოვებინა. მაგრამ ჩვენ მეთაური რამდენიმე კილომეტრზე, ბოლომდე ვატარეთ. ისეთი ჭრილობები ჰქონდა, რომ ტკივილები აუტანელი იქნებოდა, თუმცა მას ერთიც არ დაუკვნესია".

გენერალი კირილო ბუდანოვი ისეთ ადამიანებს მიეკუთვნება, რომლებიც თვლიან, რომ "ყველაფერი შეიძლება, რაც შესაძლებელია". მან წარმატებით უხელმძღვანელა სამაშველო ოპერაციას ავღანეთში, 2021 წელს, როცა არეულობით მოცული ქაბულიდან უკრაინელები და სხვა ქვეყნების მოქალაქეები გამოიყვანა და ქება ღირსეულად დაიმსახურა. იგი ავტომატით ხელში იცავდა ოფისს დივერსანტებისგან, ომის პირველ დღეებში, ხელმძღვანელობდა გოსტომელის ავიაბაზაზე რუსული დესანტის განადგურების ოპერაციას, ასევე, თავი გამოიჩინა ირპენისა და მოშუნის ბრძოლებში. იგი გზავნიდა ვერტმფრენებს ალყაშემორტყმულ მარიუპოლში მყოფი მებრძოლების მოსამარაგებლად.

დასავლელი პარტნიორები უკრაინელ მთავარ მზვერავს პირდაპირ და მოუსყიდავ მოთამაშედ თვლიან. ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ექს-პოლკოვნიკ ფილიპ ინგრემის თქმით, ამჟამად კირილ ბუდანოვი უფრო მეტად [ენდობა] და სარგებლობს ამერიკული და ბრიტანული სადაზვერვო მონაცემებით, ვიდრე - ფრანგულით ან გერმანულით. თუმცა მისი ზედმეტი თავდაჯერებულება და ყოყოჩობა ამერიკელებს მაინცდამაინც არ მოსწონთ. გაჟონილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ზოგჯერ ჩარევა უწევს, რომ გენერლის ბრძანებების შესრულება შეაჩეროს. რასაკვირველია, მტრის წინააღმდეგ საბოტაჟი და რეიდები დასაშვებია, მაგრამ არავინ არ უნდა დაივიწყოს, რომ მტერი ბირთვულ სახელმწიფოს წარმოადგენს. შესაბამისად, დასავლელ მოკავშირეებს არ სურთ ბირთვული ქვეყნის პროვოცირება გენერალ ბუდანოვის მიერ.

"მე, როგორც დაზვერვის ხელმძღვანელი, პირდაპირ ვამბობ, რომ არავითარი ბირთვული ესკალაცია არ მოხდება. რუსეთის აგრესიულობას ცხრა წელია, ვაკვირდები. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიმართ მტრული განწყობა მაქვს, მაინც ვიტყვი, რომ ქვეყანას მხოლოდ იდიოტები არ მართავენ", - ამბობს გენერალი. მისი მტკიცებით, რუსეთის სტრატეგიული დამარცხებისა და ხელისუფლების შეცვლის გარეშე მშვიდობა არ დამყარდება. "ან ყველა ერთდროულად დავასრულებთ ამ ომს, ან ერთ-ერთი გაიმარჯვებს, მეორე კი დამარცხდება. სხვა ვარიანტი არ არსებობს".

გენერალი კირილო ბუდანოვი, როგორც პრეზიდენტის სანდო პირი, სულ უფრო მნისვნელოვან როლს ასრულებს კულისებს მიღმა მიმდინარე სამშვიდობო შეხვედრებში. სხვადასხვა წყაროებით ირკვევა, რომ იგი მონაწილეობს ჩინეთთან ფარულ მოლაპარაკებებში, აქვს კონტაქტები რუსული "ვაგნერ-ჯგუფის" ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინთან.

როგორც ამბობენ, გენერალი ბუდანოვი ბევრს ფიქრობს უკრაინის ომისშემდგომ პერსპექტივაზე. გასულ ზამთარს კიევში ხმები დადიოდა, რომ იგი თავდაცვის მინისტრი გახდებოდა. გენერალი ამბობს, რომ მის ერთადერთ პოლიტიკურ მიზანს რუსეთზე გამარჯვება წარმოადგენს... და მაინც, გაჟონილი ინფორმაციები მოწმობენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისი ფიქრობს, უკრაინის მთავარი გმირი-მზვერავის სახით და მისი კულტით მეორე სავარაუდო კულტი დააბალანსოს ანუ ის საფრთხე, რომელიც ვალერი ზალუჟნიდან - უკრაინის არმიის სიმპათიური და დამოუკიდებელი სარდლიდან მომდინარეობს. გენერალ კირილო ბუდანოვის კოლეგების თქმით, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მას ბედმა დიდი პოლიტიკური როლის შესრულება არგუნა, უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგ... თუ, რა თქმა უნდა, მანამდე იცოცხლებს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ