ჩონგარის ხიდსაც დაარტყეს - რუს ოკუპანტებს დიდ "ქვაბში" მოქცევის საშიშროება შეიძლება დაემუქროთ... - კვირის პალიტრა

ჩონგარის ხიდსაც დაარტყეს - რუს ოკუპანტებს დიდ "ქვაბში" მოქცევის საშიშროება შეიძლება დაემუქროთ...

22 ივნისს, გამთენიისას, ჩონგარის სამანქანო ხიდს დიდი სიზუსტით მოხვდა რაკეტა და ხიდის სავალ ნაწილში სამი მეტრის სიგრძის "ღრმული" გააჩინა...

ჩონგარის ხიდი სწორედ ის სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანსპორტო კომუნიკაციაა, რომლის აფეთქება უკრაინელებმა ვერ შეძლეს 2022 წლის 24 თებერვლის დილას, რის გამოც მანამდე ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან რუსეთის საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფები დიდი სისწრაფით შეიჭრნენ უკრაინის მატერიკულ ნაწილში - ზაპოროჟიეს ოლქში და თითქმის უბრძოლველად დაიპყრეს მელიტოპოლი და ბერდიანსკი და ზურგიდან მიადგნენ მარიუპოლს - ანუ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას აზოვის ზღვაზე გასასვლელი გადაუკეტეს, სამაგიეროდ, თავისთვის გახსნეს სახმელეთო დერეფანი როსტოვის ოლქიდან ანექსირებულ ყირიმამდე...

2-chongari-1687418108.png
ჩონგარის ახალი და ძველი ხიდები - უკრაინელების უზუსტესი სარაკეტო დარტყმა ახალი ხიდის ცენტრში განხორციელდა...

პუტინის ჩაფლავებულ ბლიცკრიგის ოპერაციაში, რომელიც კიევის სამ დღეში დაპყრობას ითვალისწინებდა, ეს ერთადერთი წარმატება გახლდათ, რის მძიმე შედეგებს უკრაინა ახლა იმკის, რადგან ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში რუსმა ოკუპანტებმა ძლიერი, ეშელონირებული თავდაცვითი ზღუდეები ააგეს, რომელთა გადალახვა ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული.

ამიტომაც ჩონგარის ხიდების მწყობრიდან გამოყვანას რუსი ოკუპანტების თავდაცვითი ზღუდეების ღრმა ზურგში, როგორც წმინდა სამხედრო, ისე - პოლიტიკური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც მიენიჭება, დაახლოებით ისეთივე, რაც მდინარე დნეპრზე, ხერსონთან, ანტონოვის სამანქანო ხიდის "ჰაიმარსებით" ზუსტად "დახვრეტისას" ხდებოდა.

მაშინ, გასული წლის შემოდგომაზე, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე და მათ შორის - თავად ქალაქ ხერსონში განთავსებული 30 ათასიანი რუსული საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობა სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აღმოჩნდა, რადგან ფართო დინების დნეპრის ამ მონაკვეთზე მხოლოდ სამი ხიდი გადადიოდა - ანტონოვის სამანქანო, სარკინიგზო და კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე გამავალი გზა.

უკრაინელებმა ბოლოს და ბოლოს მოახერხეს სარკინიგზო და სამანქანო ხიდების მწყობრიდან გამოყვანა "ჰაიმარსების" მართვადი რაკეტებისა და "ექსკალიბურის", ასევე მართვადი საარტილერიო ჭურვების მუდმივი ზუსტი დარტყმებით.

დნეპრის მარჯვენა სანაპიროსთან მიმწყვდეული რუსული საარმიო დაჯგუფება "ქვაბში მოხარშვის" დიდი საშიშროების წინაშე აღმოჩნდა და მაშინ პუტინმა მიიღო მისთვის ურთულესი გადაწყვეტილება და ეს დაჯგუფება დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადმოაყვანინა, რამაც მაშინ რუსეთის არმია დიდ კატასტროფას გადაარჩინა.

დღეს შეიძლება ანალოგიური სიტუაცია შეიქმნას, ოღონდ ბევრად უფრო დიდი მასშტაბებით - ანექსირებულ ყირიმს მატერიკულ უკრაინასთან მხოლოდ ჩონგარის ხიდები აკავშირებს აღმოსავლეთ მიმართულებაზე და - არმიანსკის გზა დასავლეთით.

3-chongari-1687418142.jpg
კიდევ ორი-სამი ასეთივე წერტილოვანი სარაკეტო დარტყმა და ჩონგარის ხიდები აღარ იარსებებენ...

ამ ორივე მიმართულებით საგზაო კომუნიკაციების მწყობრიდან გამოყვანა მათი სისტემატური ზუსტი დაბომბვებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებს დიდ პრობლემებს შეუქმნის ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს სამხრეთ ნაწილებში მოწყობილ თავდაცვით ზღუდეებზე და შეწყვეტს როსტოვის ოლქიდან ანექსირებულ ყირიმამდე მოქმედი სახმელეთო დერეფნის ფუნქციონირებას. ამას დაემატება ფსიქოლოგიური წნეხიც, რასაც ხერსონში, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მიმწყვდეული რუსი ოკუპანტები განიცდიდნენ გასული წლის შემოდგომაზე.

შესაბამისად, თუკი ხერსონის "ქვაბს" რუსი ოკუპანტები მხოლოდ იმიტომ გადაურჩნენ, რომ კრემლმა დიდი ყოყმანის შემდეგ მაინც მიიღო სწორი გადაწყვეტილება უკანდასახევად და მდინარის მარცხენა სანაპიროზე გადმობაზირებისთვის, დღეს ჩონგარისა და არმიანსკის გასასვლელების გადაკეტვის შემთხვევაში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს სამხრეთ ნაწილებში გამაგრებულ რუსეთის საოკუპაციო ძალებს ერთადერთ გამოსავლად ისევ ორგანიზებული უკანდახევა დარჩებათ, უკრაინის არმიის გენერალურ კონტრიერიშზე გადასვლის ფონზე - გაიქცნენ აღმოსავლეთით, ჯერ მარიუპოლისკენ, შემდეგ კი მშობლიური როსტოვისკენ...

P.S. ჩემი ბლოგის ძველი პუბლიკაციების გადახედვისას, 2022 წლის 15 ნოემბრის სტატიაში "შეტევების იმიტაცია სხვადასხვა მხრიდან - საიდან დაარტყამენ რუს ოკუპანტებს სინამდვილეში?"- ეს ფრაგმენტი აღმოვაჩინე:

"...უკრაინის არმიის შესაძლო ფართომასშტაბიანი შეტევა ზაპოროჟიედან, მდინარე დნეპრის გადალახვითა და აზოვის ზღვამდე გასვლით, ძალზე მიმზიდველად გამოიყურება და მან შეიძლება გადაწყვიტოს ომის შემდგომი ბედიც, მაგრამ უკრაინის გენშტაბის ოპერატიული სამმართველო, სავარაუდოდ, კიდევ ერთი მიმართულებით გეგმავს მოულოდნელი იერიშების განხორციელებას, კერძოდ კი - კალანჩაკის ნახევაკუნძულზე, რომელიც ხერსონის ოლქის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში იმყოფება და ხმალივითაა შეჭრილი შავ ზღვაში.

აქ უკრაინული საზღვაო დესანტის წარმატებული გადასხმის შემთხვევაში, სკადოვსკის მიმართულებით შეტევისას, შეეძლებათ გაიჭრან არმიანსკისკენ და გადაკეტონ ანექსირებული ყირიმიდან ოკუპირებულ ხერსონის ოლქში რუსი სამხედროების მომარაგების ორიდან ერთი გზა.

მეორე გზის, ჩონგარზე გადასავლელის ბლოკირება შესაძლებელი გახდება, თუკი არმიანსკში უკრაინელები ფეხს მოიკიდებენ და "ჰაიმარსებს" დაიხმარენ. ამ მომენტისთვის 84 კმ-ზე მსროლელი "ჰაიმარსი" დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან კი სწვდება არმიანსკის გასასვლელს, მაგრამ 130 კმ-ზე დაშორებულ ჩონგარის ხიდებამდე ვეღარ უწევს...

მოკლედ, ანექსირებული ყირიმიდან მატერიკულ უკრაინაში ორივე გადასავლელის ბლოკირება და, ამავდროულად, ზაპოროჟიედან სამხრეთით, მელიტოპოლისა და ბერდიანსკისკენ, აზოვის ზღვის სანაპიროზე გასასვლელად მიმართული ფართომასშტაბიანი და კოორდინირებული შეტევების ტაქტიკა ძალიან მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს უკრაინის მხარისთვის, რომ "ტომარაში" მოაქციონ უკრაინაში შეჭრილი რუსი ოკუპანტების მნიშვნელოვანი რიცხოვნობის სამხედრო დაჯგუფება..."

შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ჩემი რვა თვის წინანდელი პროგნოზი მგონი მართლდება...