უკრაინელი ექს-მინისტრი და რუსი ბიზნესმენი ერთად ჰიპერბგერით იარაღს ქმნიან? - რას წერს BBC
"ბი-ბი-სის" რუსული გამოცემის ცნობით, ჰიპერბგერითი იარაღი დღეს ძალიან პოპულარულია და დიდი ქვეყნები მის შექმნას ცდილობენ.
ყველასათვის მოულოდნელად, უკრაინის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ალექსანდრე დანილიუკი და რუსი ბიზნესმენი მიხაილ კოკორიჩი სწორედ ამ იარაღის საერთო ძალებით შექმნით დაინტერესდნენ.
ალბათ, დაგაინტერესებთ, როგორ ჩამოყალიბდა ეს დუეტი რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში და რაზე მუშაობენ დანილიუკი და კოკორიჩი მათ შვეიცარულ კოსმოსურ კომპანია Destinus-ში - ლაპარაკია სუპერბგერით უპილოტო საფრენ აპარატსა და ჰიპერბგეტით თვითმფრინავზე.
ვინ არის ალექსანდრე დანილიუკი?

ალექსანდრე დანილიუკი საკმაოდ გამოცდილი ფინანსისტი და პოლიტიკოსია. 48 წლის დანილიუკი უკრაინაში სხვადასხვა პრეზიდენტის ხელისუფლებაში ყოფნისას მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებდა: ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დანილიუკი ხელისუფლების მეთაურის მრჩევლად მუშაობდა; პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დროს ის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა და ეკონომიკის სფეროში საკოორდინაციო ცენტრს ხელმძღვანელობდა;
პეტრო პოროშენკოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იგი მინისტრთა კაბინეტში პრეზიდენტის წარმომადგენელი და შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე იყო;

2016-18 წლებში ის უკრაინის ფინანსთა მინისტრი გახლდათ. დანილიუკმა თანამდებობის დატოვებისას იმდროინდელი ქვეყნის პრემიერი ვოლოდიმირ გროისმანი კორუფციაში დაადანაშაულა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დანილიუკი ისევ ბრუნდებოდა პოლიტიკაში, ამჟამად კი - ვოლოდიმერ ზელენსკის გუნდთან ერთად. თავდაპირველად ის საარჩევნო კამპანიის პერიოდში ზელენსკის ერთ-ერთი მრჩეველი იყო, შემდეგ კი უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი გახდა. ეს პოზიცია მას სულ რამდენიმე თვით ეკავა, რადგან 2019 წლის სექტემბერში ყოფილი თანამებრძოლი პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაათავისუფლა. როგორც მაშინ ზელენსკიმ განაცხადა, დანილიუკს ჰქონდა ამბიცია, გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი, კამათობდა გუნდში პარტნიორებთან და, საბოლოოდ, თავადვე დაწერა განცხადება, რათა თანამდებობა დაეტოვებინა.
აღსანიშნავია, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ ის პუბლიკის წინაშე აღარ ჩნდებოდა. ბოლო გახმაურებული ამბავი, რაც მედიაში გავრცელდა, ყოფილი ჩინოვნიკისა და დიზაინერ ლილია ლიტკოვსკაიას ქორწილია, რომელიც 2022 წელს შედგა. ქორწილში დანილიუკი ეტლით მივიდა, როგორც ცნობილია, ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე, მოტოციკლით ავარიაში მოხვდა და ფეხი მოიტეხა.
ახლა კი პარიზში, ლე-ბურჟეს ავიასალონში, ყოფილმა ჩინოვნიკმა BBC-ის განუცხადა, რომ ცდილობს, დაეხმაროს უკრაინას და სურს, გააძლიეროს ქვეყნის თავდაცვა.
„რამდენიმე ვარიანტი მქონდა. მნიშვნელოვანი იყო მეპოვნა ისეთი პარტნიორი, რომელიც დამეხმარებოდა, უკრაინისთვის მიგვეწოდებინა ის, რაც ასე ძალიან სჭირდება“, - აღნიშნა უკრაინელმა ექს-მინისტრმა.
დანილიუკის პარტნიორი რუსი ბიზნესმენი მიხეილ კოკორიჩი აღმოჩნდა.
ვინ არის მიხეილ კოკორიჩი?
2000-იან წლებში მიხეილ კოკორიჩი საზოგადოებამ გაიცნო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და წარმატებული ბიზნესმენი. ის ფლობდა ელექტრონიკის მაღაზიათა ქსელსაც, თუმცა 2017 წელს ცნობილი გახდა, რომ კოკორიჩი გაკოტრდა, მან დატოვა რუსეთის ფედერაცია.
როგორც თავად აღნიშნავს, მაშინ მიიღო სამშობლოს დატოვების გადაწყვეტილება, როცა მოსკოვში რუსული ოპოზიციის მიტინგები დაარბიეს.
კოკორიჩი ახლაც გამოხატავს ვლადიმერ პუტინისადმი უარყოფით დამოკიდებულებას და ღიად აფიქსირებს აზრს უკრაინაში მიმდინარე ომის წინააღმდეგ.
„ახალი წლისთვის ერთი სურვილი მაქვს, დასრულდეს ის სიგიჟე, რაც რუსეთმა წამოიწყო. დაე, უკრაინამ გაიმარჯვოს. სამწუხაროდ, არ მჯერა, რომ პუტინი გასამართლდება, თუმცა დანარჩენები გასამართლდებიან. ჩემს უკრაინელ მეგობრებს - გამბედაობა“, - დაწერა სოციალურ ქსელში რუსმა ბიზნესმენმა. პოსტი მან საკუთარ "ფეისბუქ"-გვერდზე გამოაქვეყნა.
რუსეთის დატოვების შემდეგ ბიზნესმენი აშშ-ში 10 წელიწადს ცხოვრობდა. ის საკმაოდ ადრე დაინტერესდა კოსმოსით და 2011 წელს რუსეთში პირველი კერძო კოსმოსური კომპანია Dauria Aerospace-ს შექმნა.
ამერიკაში წასვლის შემდეგ ბიზნესმენმა კოსმოსური კომპანია Momentus Space დააარსა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში მისი პარტნიორი „სბერბანკ რუსეთის“ უფროსის პირველი მოადგილე ლევ ხასისი გახლდათ.
ბევრი მცდელობის მიუხედავად, აშშ-ის ხელისუფლებამ 2021 წელს რუსი ბიზნესმენის კომპანიას საქმიანობის უფლება არ მისცა, გარდა ამისა, ინვესტორთა გაურკვეველ სიტუაციაში ჩაგდების გამო, კოკორიჩი 7 მლდ დოლარით დააჯარიმა. ამ წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსმა ბიზნესმენმა არ თქვა უარი საქმიანობაზე, დატოვა აშშ და შვეიცარიაში გადავიდა, სადაც ისევ შექმნა კოსმოსური კომპანია Destinus, რომელიც ჰიპერბგერითი იარაღის, უპილოტო საფრენი აპარატებისა და თვითმფრინავების შემქმნელი სტარტაპია.
საფრანგეთში დანილიუკისა და კოკორიჩის კომპანიამ საზოგადოებას ჰიპერბგერითი უპილოტოების პროტოტიპები წარუდგინა.
ამ აპარატების უპარატესობა სხვა უამრავ თვისებასთან ერთად ისაა, რომ მას, რაკეტის მსგავსად, წყალბადის ძრავი ექნება და ჰიპერბგერითი სისწრაფით ატმოსფეროს ზედა ფენებში იფრენს.
როგორც მიხაილ კოკორიჩმა BBC-სთან განაცხადა, პირველი პროტოტიპის გამოცდა მომავალ წელს იგეგმება, მას ტურბორეაქტიული ძრავი ექნება. ამ მოდელს საბრძოლო დანიშნულება ექნება, თუმცა ბიზნესმენის უმთავრესი სურვილია, შექმნას ისეთი ჰიპერბგერითი თითმფრირნავი, რომლითაც ადამიანები იმგზავრებენ. მაგალითისთვის, მსგავსი თვითმფრინავით პარიზიდან ნიუ-იორკში ადამიანი 1,5 საათში ჩაფრინდება.
როგორც ალექსანდრ დანილიუკმა გამოცემასთან აღნიშნა, უახლესი ჰიპერბგერითი დრონები უკვე ეხმარება უკრაინას.
„ჩვენი არმიისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროდუქტს ვქმნით. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აქ არ აქვს მნიშვნელობა პასპორტს“, - აღნიშნა დანილიუკმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ რუს ბიზნესმენთან ერთად უკრაინისთვის სასარგებლო საქმეს გააკეთებს. (წყარო)