ვინ არის მწვრთნელი, ვინც "ქართული კატენაჩო“ დადგა? - რა უთხრა გამარჯვების შემდეგ შეგირდებს რამაზ სვანაძემ: "ეს მხოლოდ დასაწყისია, არავის მივცემთ უფლებას, რომ ამ მატჩში "ჩარჩეს"
21 ივნისს გახსნა 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, რომლის მასპინძელიც, რუმინეთთან ერთად საქართველოც არის. ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები სწორედ მასპინძლისთვის მინიჭებული პრივილეგიის წყალობით მოხვდა ჩემპიონატზე და როგორც პირველივე თამაშში გამოჩნდა, ქართველი ფეხბურთელები სწორედ რომ დამსახურებულად ასპარეზობენ ევროპაში რანგით მეორე სანაკრებო ტურნირზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ასეთი რანგის ტურნირს პირველად მასპინძლობს, მატჩები კი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს კი, "ბათუმი არენა" უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ურთულეს A ჯგუფში ასპარეზობს, მასთან ერთად არიან: ბელგია, ნიდერლანდები და პორტუგალია. სწორედ პორტუგალიის უძლიერეს ნაკრებს დაუპირისპირდა საქართველო და ანგარიშით 2:0 სძლია. ამ წარმატების საფუძველი კი გახდა ქართველების თანმიმდევრული და მწყობრი თამაში დაცვაში.
"ქართული კატენაჩო“ - საფეხბურთო კომენტატორებმა უკვე ასე მონათლეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელის რამაზ სვანაძის არჩეული სათამაშო ტაქტიკა.
მატჩის შემდეგ გავრცელდა ვიდეო გასახდელიდან, რომელშიც მწვრთნელი შეგირდებს ესაუბრება:
"ძალიან დიდ გუნდს მოვუგეთ, და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ როცა ერთად ვართ, როცა ასეთი ერთიანობა და ასეთი სიყვარული გვაქვს, ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია. მაგრამ ეს დასაწყისია, ჩვენი აწეული თამასა კიდევ უფრო მაღლა ავწიეთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტს ელოდება მაყურებელი, დარწმუნებული ვარ, შემდეგ თამაშზე სულ გაივსება სტადიონი. დღეს ვზეიმობთ, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. ეს მხოლოდ საწყისია, მხოლოდ 3 ქულაა... თუ მაღლა, მაღლა არ იყურები, ქვევით დარჩები, ეს ასეა, ბიჭებო. ჯიგრები ხართ, ვზეიმობთ, მაგრამ ბელგიაზე ვფიქრობთ ხვალიდან“.
ვინ არის რამაზ სვანაძე?
რამაზ სვანაძე 1981 წლის 2 მარტს საფეხბურთო ტრადიციებით ცნობილ ოჯახში დაიბადა. მამამისი, მამუკა სვანაძე ქუთაისის "ტორპედოს“ ფეხბურთლი იყო. ბიძა - ზაურ სვანაძე კი თბილისის "დინამოში“ თამაშობდა. ის იყო იმ ოქროს გუნდის წევრი, რომელმაც 1981 წლის 13 მაისს თასების მფობელთა თასი მოიგო. თავის დროზე, ურიგო ფეხბურთელი არც თვითონ გახლდათ, უკვე რამდენიმე წელიწადია წვრთნის ასაკობრივ გუნდებს. (გააგრძელეთ კითხვა)