"მხოლოდ ვნებასა და "მუცელში პეპლებზე" აწყობილი ურთიერთობა არ ამართლებს" - კვირის პალიტრა

"მხოლოდ ვნებასა და "მუცელში პეპლებზე" აწყობილი ურთიერთობა არ ამართლებს"

ფიტნეს-ინსტრუქტორის - ნინი ონიანის ცხოვრებაში, ზაფხულის დადგომასთან ერთად, წლის ყველაზე ბედნიერი პერიოდი იწყება. ამიტომ ის სიამოვნებით გვესაუბრა საზაფხულო არდადეგების, მოგზაურობის, საკურორტო რომანების შესახებ...

- ჩემთვის ზაფხული ყველაზე საყვარელი დროა, რომელსაც მთელი წელი ველოდები. ზაფხულის ბოლო დღე, 31 აგვისტო ტრაგედიაა - მგონია, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ვემშვიდობები. ცუდი განწყობა მეუფლება. პირველ სექტემბერს მელანქოლიაც შემომეპარება ხოლმე...

- მართალია, ფიტნეს-ინსტრუქტორი ხარ, მაგრამ მაინც გკითხავ: ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, სხეულის ფორმაში ყოფნისთვის განსაკუთრებულ მზადებას ხომ არ იწყებ?

- მთელი წელი ვვარჯიშობ, სხეულის ფორმას ყურადღებას ვაქცევ - ჩემთვის ეს უკვე ცხოვრების წესია, მაგრამ პატარ-პატარა ხრიკები ფიტნეს-ინსტრუქტორებსაც გვაქვს: შეიძლება ზამთარში სხეულის მასა მოვიმატოთ, ზაფხულისთვის კი ვცდილობთ, ჩვენი სხეული უფრო რელიეფური გახდეს, დაგვეტყოს პრესი, მეტი კუნთი...

- ბიჭებსაც ავარჯიშებ?

- კი, მაგრამ მაინც ვცდილობ, უფრო გოგონები ვავარჯიშო. ბიჭებთან მუშაობა შედარებით რთულია: არ მიჯერებენ - ვარჯიშის მერე მიდიან და ხინკალს ჭამენ, ლუდს სვამენ (იცინის). გოგონებთან მუშაობა მიადვილდება: უფრო დამყოლები, მონდომებულები არიან.

- ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ვარჯიშის მსურველთა რიცხვი იზრდება, არა?

- გაზაფხულის მეორე ნახევრიდან ვარჯიშის მსურველთა ინტენსიური ნაკადი მოდის, რომელსაც უნდა, ზაფხულისთვის კარგ ფორმაში ჩადგეს, თუმცა ყველას ვეუბნები, - ეს 2-3 თვეში არ ხდება. შრომატევადი, გრძელვადიანი მიზანია-მეთქი. რატომღაც, საქართველოში ეს სტერეოტიპია: გაზაფხულზე ვარჯიშს რომ დავიწყებ, აგვისტოში, როცა ზღვაზე წავალ, ზუსტად ისეთი ვიქნები, როგორიც მინდა ვიყოო. სამწუხაროდ, ჩვენი სხეული ასე მოწყობილი არ არის. ამას სჭირდება სისტემატური მუშაობა, რეჟიმი, კვება... რა თქმა უნდა, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს, თუ "წამომყვება" და დამიჯერებს, უკეთეს ფორმაში ჩადგება, მაგრამ ზოგს იმედგაცრუება აქვს - 3 თვე ვივარჯიშე და რატომ არ მაქვს ისეთი ტანი, როგორიც მინდოდა მქონოდაო? 3 თვეში ასეთი რაღაც არ ხდება (იცინის), თუმცა უკეთესობა ყოველთვის შეიმჩნევა. ვარჯიშისას ფიზიკურ და მენტალურ ძალას გრძნობ ადამიანი, მერე მოტივაციაც მეტი გაქვს და შრომასთან ერთად, სასურველ ფორმაშიც დგები...

- საზაფხულო გარდერობის განახლებაზე ზრუნავ?

- რა თქმა უნდა, რადგან ეს პერიოდი ისე მიყვარს, რომ მუცელში პეპლებს ვგრძნობ (იცინის). პირველი ივნისის დადგომისთანავე მგონია, რომ უნდა გავიქცე და ახალ-ახალი, ფერად-ფერადი ტანსაცმელი ვიყიდო - ზაფხულს თავი მოვაწონო (იცინის). ზაფხულზე მართლა შეყვარებული ვარ. სულ მინდა, გავეპრანჭო და ასეც ვიქცევი. შეიძლება ყოველთვის იმის საშუალება არაა, რომ ყველაფერი ძველი გადავყარო და გარდერობი ხელახლა შევავსო, მაგრამ ვცდილობ, ზაფხულს გამოპრანჭული შევხვდე, მოვეწონო და თავადაც მასიამოვნოს, რადგან ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დროა.

- საცურაო კოსტიუმებთან დაკავშირებულ მოდის ტენდენციებს თვალყურს ადევნებ?

- საცურაო კოსტიუმები ჩემი სუსტი წერტილია. მზე, ნამზეური ძალიან მიყვარს. შემიძლია დილის 8 საათიდან მზის ჩასვლამდე წყლის ნაპირას ვიჯდე - არ ვწუხდები. მანამდე სოლარიუში ვირუჯები ხოლმე... ნაირ-ნაირი საცურაო კოსტიუმი მაქვს და ყოველ წელს ვამატებ. მთავარია მომეწონოს, მოვირგო, ჩემად მივიღო... ტანსაცმელთან დაკავშირებითაც იმავენაირად ვიქცევი.

- გაქვს საცურაო კოსტიუმი, რომელიც შენს გარდერობში წლებია არის და დღემდე იყენებ?

- არ ვიცი... დავინტერესდი, უნდა გადმოვალაგო (იცინის)... მაქვს მთლიანი საცურაო კოსტიუმები, რომლებიც 3-4 წლის წინ ვიყიდე. ძირითადად, ასეთ საცურაო კოსტიუმებს გადაღებებისთვის ვყიდულობ, როცა მჭირდება. ტანზე მორგებული ძალიან მომწონს, მაგრამ გარუჯვისას ასეთის ჩაცმას ვერიდები - ვერ ვირუჯები.

- სანაპიროზე გასული ხალხის ყურადღებით ხომ არ წუხდები, დასვენებას ახერხებ?

- საქართველოში ზღვის სანაპიროებზე ნაკლებად ვისვენებ, რადგან ჩემთვის დასვენება იმ გარემოსგან შორს ყოფნასთან ასოცირდება, როგორშიც მთელ წელს ვატარებ. საქართველოში ზღვის სანაპიროზე იგივე სიტუაცია გხვდება, როგორიც თბილისში; ვინც თბილისში მხვდება, ზღვაზე წასულიც იმ ადამიანებს ვხედავ (იცინის). ასე ვერ ვისვენებ. ამიტომ, თუ მაგალითად, ბავშვი არ წავიყვანე, ვცდილობ, საქართველოში ზღვაზე არ დავისვენო, უფრო აუზებზე დავდივარ. შავი ზღვა არც მიყვარს... ყურადღებას რაც შეეხება, ეს რომ არ მიყვარდეს, ასეთ პროფესიას ხომ არ ავირჩევდი, არა? ყურადღების ცენტრში ყოფნა მსიამოვნებს. საკუთარი თავიც იმაზე მეტად შევიყვარე, ვიდრე მანამდე მიყვარდა და ისეთი მივიღე, როგორიც ვარ.

- რაკი ზაფხულს მთელი წელი ელოდები, ალბათ დაგეგმილიც გაქვს, როგორ უნდა გაატარო, არა?

- ძალიან ცდები (იცინის). საერთოდ, დღევანდელი დღით ცხოვრება მიყვარს. ზოგს დაგეგმვა სჩვევია, თუ სად ხედავს საკუთარ თავს მაგალითად, 5 წლის მერე. 5 წლის მერე კი არა, ხვალ ვიქნები თუ არა, კაცმა არ იცის. ცხოვრების მიმართ ასეთი დამოკიდებულება მაქვს...

- ძირითადად, ზაფხულობით სად მიემგზავრები ხოლმე?

- ერთი პერიოდი ეგვიპტეში დავდიოდი, იქაურობა ძალიან მიყვარს. წითელი ზღვა დასასვენებლად ერთ-ერთ ლამაზ და კარგ ადგილად მიმაჩნია. შავ ზღვაში ვერც ჩავდივარ - არ მსიამოვნებს... საბერძნეთში ნამყოფი არ ვარ და იქ წასვლა მსურს...

- უფროსების გარეშე, პირველად სად დაისვენე, გახსოვს?

- ქობულეთში. 16 წლის ვიყავი. ოჯახის წევრები თან არ მახლდნენ. მეგობრის დედა და ბევრი ბავშვი ვიყავით. მე ჩემს 3 დაქალთან ერთად ვცხოვრობდი. მახსოვს, დაუვიწყარი თავგადასავლი იყო! მაშინ 16 წლის მოზარდებს ზღვაზე დასასვენებლად მარტო არ უშვებდნენ. დედა მაშინაც ისე მენდობოდა, რომ გამიშვა. ძალიან კარგი იყო. მაშინდელი ფოტოები რომ შემხვდება ხოლმე, ცრემლები მადგება - ბავშვობა რა კარგი იყო (იცინის)...

- ისეთს რას აკეთებდით, რისი გაკეთების უფლებასაც მშობლები არ მოგცემდნენ?

- მალულად სიგარეტს ვეწეოდით, 2 ჭიქა არაყს ვსვამდით და "გათხლეშილი" მთვრალები ვიყავით. მაშინ ეს დიდი დანაშაული გვეგონა. სხვას განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდით, გიჟებივით ვცეკვავდით ხოლმე...

- უცხოეთში პირველად როდის გაემგზავრე დამოუკიდებლად?

- 18 წლის ვიყავი, როცა სტამბოლში, მარკეტინგის ტრენინგზე დასასწრებად გავემგზავრე. თავდაპირველად შიშის გრძნობა დამეუფლა, რადგან ასეთ დამოუკიდებლობას მიჩვეული არ ვიყავი, მაგრამ თავისუფლება შევიგრძენი, რაც ძალიან კარგი იყო! უბედნიერესი ვიყავი!.. იქ დაახლოებით 10 დღე გავატარე. სტამბოლიც დავათვალიერე, ტრენინგიც გავიარე და სერტიფიკატიც ავიღე...

- კიდევ რომელ ქვეყნებში ხარ ნამყოფი?

- ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში...

- როგორ ატარებ დროს უცხო ქვეყანაში, შენს ყურადღებას რა იქცევს?

- მოწოდებით მოგზაური ვარ. ვხუმრობ - მაგელანი ვარ-მეთქი... ჩემთვის საინტერესო ყველა ადგილის ფეხით შემოვლა მიყვარს. მაგალითად, თითქმის მთელი ბერლინი ფეხით მაქვს შემოვლილი. მუზეუმები, ტაძრები მიყვარს. რომში მყოფმა როგორ შეიძლება, იქაურობა ფეხით არ შემოიარო და დაათვალიერო? მთელი ქალაქი მუზეუმია!.. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყნის სამზარეულოს ვეცნობი. ვცდილობ, კონკრეტულ ქალაქსა თუ ქვეყანაში მაქსიმალურად ბევრი რამ ვნახო, ბევრი ინფორმაცია მივიღე...

- შვილთან ერთად დასვენებას ახერხებ?

- ჩემი შვილი ძალიან მაგარი ტიპია (იცინის). პრობლემური ბავშვი არ არის - გამგები, გონიერი და დამჯერია. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. რამეს რომ ეტყვი, ჩიჩინი აღარ სჭირდება - "ჩემიანია", რა, თუმცა ფეხით სიარული არ უყვარს. ეს ცოტათი დისკომფორტს მიქმნის, მაგრამ ერთად მაინც კარგად ვისვენებთ.

- ზაფხულზე შეყვარებულ გოგოს საკურორტო რომანი თუ გქონია?

- რა თქმა უნდა, მაგრამ დიდი ხანია ეს არ მომხდარა, რადგან რაც ასაკი მომემატა და გონში ჩავვარდი, თითქოს გული ამიცრუვდა (იცინის). როცა დასასვენებლად მივდივარ, უკვე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, დავისვენო. დამღლელი პროფესია მაქვს. არდადეგების გატარებისას მხოლოდ დასვენებაზე კონცენტრირებული ვარ - სხვა არავინ და არაფერი მინდა, თუმცა თუკი ისე მოხდება, რომ იმ პერიოდში მარტო ვიქნები და იმ კურორტზე, სადაც ვისვენებ, სასურველი ადამიანი გამოჩნდება, რატომაც არა?! საკურორტო რომანი კარგი რამეა. როგორც წესი, ასეთი რაღაცები ადამიანებს არ გვავიწყდება.

- რომელიმე თქვენგანს რომანის გაგრძელების მცდელობა გქონიათ?

- კი, მაგრამ ძირითადად, ასეთი რაღაცები უცხოეთში ხდება. იქიდან დაბრუნებულს დისტანციური ურთიერთობა გაქვს და რომანიც ნელდება, მაგრამ არიან ადამიანები, ვისთანაც დავმეგობრდი. სტუმრადაც დამპატიჟეს, მათთან ოჯახშიც მივსულვარ... დღემდე ვმეგობრობთ, მაგრამ ეს ყველასთან არ გამოდის...

- საკურორტო რომანი საქართველოში არ გქონია?

- მგონი, არა. თბილისში ბევრს ვიცნობ, კურორტზეც იგივე ადამიანები არიან. რომანი ვისთან უნდა გავაბა? დედაქალაქიდან თუ წავიყვანე ვინმე, რაღა საკურორტო რომანი გამოვა?!.

- ამჟამად, გულის სწორი გყავს?

- არა. ვერ გეტყვი, არავინ მომწონს-მეთქი, მაგრამ შეყვარებული ნამდვილად არ ვარ. საერთოდ, სიყვარულზე წარმოდგენა შემეცვალა. მიმაჩნია, რომ ადამიანი ზუსტად ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის. თუკი თუნდაც, მის ლექსიკონში სიტყვების გამოსწორებას ცდილობ, ეს უკვე რაღაც სხვაა - ადამიანის ისეთად დანახვას ცდილობ, როგორიც თავად გინდა. ილუზიებს ვიქმნით, მერე კი გული გვტკივა. ბოლო რამდენიმე წელია, ვამბობ, - ჩემი საყვარელი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, ჩემი ახლო მეგობარი უნდა იყოს-მეთქი. ვნება ძალიან კარგია - ამის გარეშე მოსაწყენია, მაგრამ დროთა განმავლობაში ნელდება და ადამიანებს არაფერი რჩებათ. მერე "მოდის" იმედგაცრუება, აგრესია... ამიტომ სანამ "საყვარელ ადამიანს" დავარქმევთ, ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის და მასთან ვიმეგობროთ. მხოლოდ ვნებასა და "მუცელში პეპლებზე" აწყობილი ურთიერთობა არ ამართლებს...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"