"სალომე ზურაბიშვილმა რუბიკონი გადალახა" - რა გამოხმაურება მოჰყვა პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას? - კვირის პალიტრა

"სალომე ზურაბიშვილმა რუბიკონი გადალახა" - რა გამოხმაურება მოჰყვა პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას?

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამია შეიწყალა.

პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.

"დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამარტლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს.

მინდა მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში ვთქვი, ბრიუსელში, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას, თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ ამას თუ არ იზამთ ის მოხდება და იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, 19 ივნისს, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, ასევე, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად მიიჩნია. შესაბამისად, ნიკა გვარამიასთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით მისჯილი თავისუფლების აღკვეთა ძალაშია.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით მიუსაჯა, რაც სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის შეფარდებული 5 0000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა, თუმცა საბოლოოდ, მას საპატიმროში ყოფნა აქამდე განსაზღვრული 3 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა.

რაც შეეხება კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მათ მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც, კახაბერ დამენიას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. აღნიშნული პირების მიმართ გამოყენებული გადაწყვეტილებაც ძალაში რჩება.

უზენაესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით ნიკა გვარამიას საქმეზე ქვეყნის ყველა ინსტანციაში ბრძოლა დასრულდა.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოყენებას, დაცვის მხარე კი, მათ გამართლებას ითხოვდა. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია და კახაბერ დამენია დამნაშავედ იქნა ცნობილი, ზურაბ იაშვილი კი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა შეზღუდული. კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედებოდა, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. მას ასევე, აკრძალული ჰქონდა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედებოდა კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში მალევე მოჰყვა გამოხმაურება:

ექსპერტი გია ხუხაშვილი:

"სალომე ზურაბიშვილმა რუბიკონი გადალახა, რაც უდავოდ მისასალმებელია"

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი:

"მადლობა პრეზიდენტო"

პოლიტიკოსი იაგო ხვიჩია:

"ვუ­ლო­ცავ ნიკა გვა­რა­მი­ას "სვა­ბო­დას". მგო­ნია, რომ სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი, თუ ნიკა გვა­რა­მია რა­ღაც თვალ­საზ­რი­სით ცი­ხე­ში მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში გა­მო­ი­ყე­ნებს და არ გა­აგ­რძე­ლებს პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის ბლო­კი­რე­ბას სკა­უ­თარ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. მე ზო­გა­დად ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს გვა­რა­მი­ას­თან დის­კუ­სია. მად­ლო­ბას ვუხ­დით პრე­ზი­დენტს" - აღ­ნიშ­ნა ხვი­ჩი­ამ "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში.