"ახლა გამოვა ალბათ კობახიძე,  დაიპუტავს თმებს და შეუტევს პრეზიდენტს... გვარამიას საქმე იყო აბსურდული და ერთ-ერთი სერიოზული ბარიერი ევრობისკენ მიმავალ გზაზე" - კვირის პალიტრა

"ახლა გამოვა ალბათ კობახიძე,  დაიპუტავს თმებს და შეუტევს პრეზიდენტს... გვარამიას საქმე იყო აბსურდული და ერთ-ერთი სერიოზული ბარიერი ევრობისკენ მიმავალ გზაზე"

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოულოდნელად ტელეკომპანია `მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა. ეს განცხადება პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე გააკეთა. ამბობს, რომ არ აპირებს, გადაწყვეტილებაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. `დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახლა უკვე რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ნიკა გვარამიას მეგობრები, ოჯახის წევრები, ადვოკატები, ჟურნალისტები და თანამშრომლები არიან შეკრებილები და ნიკა გვარამიას გამოსვლას სიხარულით და ოვაციებით ელოდებიან. ნიკა დღეს დაწესებულებას გარკვეული იურიდიული პროცედურების გავლის შემდეგ დატოვებს. პროცედურა ასეთია: პრეზიდენტის ხელმოწერილი დოკუმენტი ჯერ სასჯელაღსრულების დაწესებულებას გადაეგზავნება, უწყება თავის დოკუმენტაციას მოამზადებს, შეატყობინებენ პატიმარს და ამის შემდეგ ის ციხეს დატოვებს.ბევრი ადამიანი მიესალმება პრეზიდენტის ამ ნაბიჯს და თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- ნიკა გავარამიას საქმე იყო აბსურდული და ერთ-ერთი სერიოზული ბარიერი ევრობისკენ მიმავალ გზაზე და დღეს სალომე ზურაბიშვილმა მიიღო სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, სწორი გადაწყვეტილება. თავი რომ დავანებოთ ჰუმანიტარულ ასპექტს, თავისთავად საქმე აბსურდული იყო, ამიტომ ვფიქრობ, ეს სწორი ნაბიჯია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პერეზიდენტმა გადადგა კონკრეტიული ნაბიჯი, გამოვიდა რიტორიკული კრიტიკის ფარგლებიდან და გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება იმისათვის, რომ გაერღვია ეს ნარატივი, რომ ის ინსტიტუციურად არ იყო დამოუკიდებელი და რომ რაღაცნაირად მაინც თითქოს ცდილობდა კონფრონტაციული ნაბიჯი არ გადაედგა. მისასალმებელია, სალომე ზურაბიშვილმა დღეს კონსტიტუციური სტატუსის შესაბამისი ნაბიჯი გადადგა.

- გაჩნდება კითხვა, ეს ხომ არ იქნებოდა შეთანხმებული `ქართულ ოცნებასთან?

- შეთქმულების თეორიაა, რომ შეთანხმებული იყო და აშ. რისი თქმაც უყვართ. ნუ დავაკნინებთ პრეზიდენტის გადადგმულ ნაბიჯს. ჩვენ, ყველამ მას უნდა ვუთხრათ მადლობა არა იმდენად კონკრეტული ადამიანის ბედის გადაწყვეტისთვის, რამდენადაც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პრობლემის მოხსნისთვის. ნიკა გვარამიას განთავისუფლება რა თქმა უნდა მისასალმებელია და მის ოჯახსაც უნდა მივულოცოთ, რომ ის დღეს თავისუფალია.

- ბევრჯერ გაიმართა აქცია და მოუწოდებდნენ მას გაენთავისუფლებინა ნიკა გვარამია, აქამდე რატომ აყოვნებდა ამ ნაბიჯს?

- მაშინ ვამბობდი, ვფიქრობდი რომ ის ელოდებოდა და ამაზე მან განმარტებაც გააკეთა, რომ სამართლებრივად მთელი გზა ყოფილიყო გავლილი. ვნახეთ ორი დღის წინ უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო ნიკა გვარამიას სარჩელი და საქმე წარმოებაშიც კი არ მიიღო. რითაც ფაქტობრივად მისთვის საქართველოში სამართლებრივად ბრძოლის გზა ჩაიკეტა, სწორედ ამის შემდეგ მიიღო სალომე ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება. ამ დეტალშიც შეიძლება პრეზიდენტს დაეთანხმო, ანუ ის მაინც ელოდებოდა სამართლებრივ გზას, ელოდებოდა მაინც სისტემას ბოლომდე. პატივი სცა ამ ინსტიტუციას და ელოდებოდა იქნებ ჭკუაზე მოსულიყვნენ და მიეღოთ სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება, რადგან სასამართლომ ვერ იყოჩაღა, რაც მოსალოდნელი იყო კიდეც, მან აიღო თავის თავზე ეს პასუხიმგებლობა.

- როგორ შეხვდება ამ ნაბიჯს ხელისუფლება?

- ახლა გამოვა ალბათ კობახიძე, დაიპუტავს თმებს და შეუტევს პრეზიდენტს, რაც აქამდე გვინახავს, ისევ ის განმეორდება `ქართული ოცნების" მიერ ახალი ეტაპი დაიწყო ისევ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის.

- ხომ არ გაქვთ იმის მოლოდინიც, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილიც შეიწყალოს?

- არა, ამის მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს.

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი გამოეხმაურა ნიკა გვარამიას შეწყალებას. ის მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას.

"მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან“, - წერს იოსელიანი "ფეისბუქის" გვერდზე.

ცნობისათვის, "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამიას დაკავება სასამართლო დარბაზში მოხდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.

(სპეციალურად საიტისთვის)