სამი ტრაგედია, რომელმაც შეცვალა საქართველოს უახლესი ისტორია - კვირის პალიტრა

სამი ტრაგედია, რომელმაც შეცვალა საქართველოს უახლესი ისტორია

საქართველოში უკანასკნელი ოცდაათი წლის მანძილზე მომხდარ მრავალ “უბედური შემთხვევის”, მკვლელობის თუ “თვითმკვლელობის” ტრაგიკული ფაქტებიდან სამს განსაკუთრებული, შეიძლება ითქვას გადამწყვეტი, მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს უახლესი ისტორიისთვის. ეს ტრაგედიები, „რატომღაც“ ზუსტად იმ დროს ხდებოდა, როდესაც ჩვენი ქვეყანა მომავლის გზაჯვარედინზე იმყოფებოდა და სტრატეგიული არჩევანი უნდა გაკეთებინა.

ეს ტრაგიკული შემთხვევებია:

1. საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ფაქტობრივად გამოუძიებელი და ძალზე საეჭვო სიკვდილი 1989 წლის 13 ოქტომბერს;

2. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ნუგზარ საჯაიას ყველასთვის დაუჯერებელი თვითმკვლელობა 2002 წლის 25 თებერვალს;

3. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცული გარდაცვალება 2005 წლის 3 თებერვალს.

სამივე მათგანს პირადად ვიცნობდი. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში კი რამდენიმე წელი მომიწია მუშაობა.

შეიძლება ეს შედარება თავიდან ცოტა არაკორექტულად მოგეჩვენოთ, რადგანაც საუბარია სამ, ძალზე განსხვავებული ცხოვრებისეული გზისა და ფსიქოტიპის პიროვნებაზე, მაგრამ თუ კარგად ჩაუკვირდებით, ბევრ საერთოს აღმოაჩენთ. უპირველესად კი ამ ტრაგიკული შემთხვევების შემდეგ საქართველოს თავზე დამტყდარი პრობლემების მსგავსებას. პირველ შემთხვევაში: შიდა დაპირისპირება, სახელმწიფო გადატრიალება და სამოქალაქო ომი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიების დროებითი დაკარგვა (ეს გასული საუკუნის 90 იანი წლების დასაწყისია). მეორე შემთხვევაში: კვლავ შიდა დაპირისპირება და კვლავ სახელმწიფო გადატრიალება, რაც ე.წ. “ვარდების რევოლუციის” სახელით იყო “შეფუთული” (ეს უკვე გასული საუკუნის 2000 იანი წლების დასაწყისია) და ბოლოს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ: შიდა დაპირისპირება, სააკაშვილის ერთპიროვნული და ავტორიტარული მმართველობის დამკვიდრება, “აგვისტოს ომი” და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიების ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია. ერთი სცენარი სახეზეა!

სამივე ტრაგიკული ფაქტის შემდეგ მთავარი კითხვა: „მერაბ კოსტავას, ნუგზარ საჯაიას და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება შემთხვევითობა იყო, თუ სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული პოლიტიკური მკვლელობა?“ – კვლავ პასუხგაუცემელია. ესეც აერთიანებს ამ სამ ტრაგედიას.

უნდა ითქვას, რომ ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე საქართველოს მოსახლეობის ცნობიერებაში ღრმად გაიდგა ფესვები “აგენტომანიამ” და “შეთქმულების თეორიამ”. ხშირად კა-გე-ბეს კვალს იქ ვეძებდით (და ვეძებთ), სადაც არ იყო. მერაბ კოსტავას, ნუგზარ საჯაიას და ზურაბ ჟვანიას ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტები კი სწორედ იმ კატეგორიას განეკუთვნება, როცა “შემთხვევითობა” გამორიცხულია და ჩვენმა მტერმა კარგად იცის სახელმწიფოს კონსტრუქციის rრომელი ბურჯი და საყრდენი უნდა წააქციოს, რათა ქვეყანამ საგარეო–პოლიტიკური კურსი შეცვალოს, არასტაბილურობამ წაგვლეკოს, შიდა დაპირისპირება გაღვივდეს და “მართვადი ქაოსის” რეჟიმში მათთვის სასურველ შედეგს მიაღწიოს. რომელი ქვეყნის ინტერესებში იყო და არის საქართველოში არასტაბილურობა – რა თქმა უნდა რუსეთის!

სამივე შემთხვევაში დაირღვა ბალანსი და ტანდემი: „საჯარო პოლიტიკოსი“ და „არაფორმალური (რეალური) ლიდერი“. კოსტავას არ დასცალდა, ჟვანია და საჯაია კი რეალური სახელისუფლებო ძალის მქონე პიროვნებები იყვნენ, რომლებიც პრაგმატული პოლიტიკის გატარების მომხრეებად უნდა მივიჩნიოთ. პირველი დიდი ტრაგედია 1989 წლის 13 ოქტომბერს მოხდა.

kost-1687502821.jpg

მანამდე კი გავიხსენოთ, რომ საბჭოთა კა-გე-ბე ძალზე მიზანმიმართულად მუშაობდა ქართული ეროვნულ მოძრაობის გასახლეჩად. 1970-იანი წლების შუა პერიოდიდან მოსკოვი წარმატებით ნერგავდა თავის აგენტურას საქართველოში მოქმედ არალეგალურ პოლიტიკურ პარტიებსა და ახალგაზრდულ პატრიოტულ ჯგუფებში.

დადასტურებული ფაქტია, რომ ზ. გამსახურდიას “დამუშავებას” და 1978 წელს ცნობილი “მონანიების პროცესისათვის” მომზადებას პირადად გენერალ-პოლკოვნიკი (შემდეგ კი არმიის გენერალი) ფილიპ ბობკოვი, საკავშირო კა-გე-ბეს მე-5 მთავარი სამმართველოს (“იდეოლოგიური”) შეფი ხელმძღვანელობდა. 1978 წლის სასამართლო პროცესების შემდეგ საქართველოში დისიდენტური მოძრაობა იმდენად გაიხლიჩა, ლიდერები იმდენად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ ორგანიზებული დისიდენტური მოძრაობა მაშინ ფაქტობრივად დასრულდა. გაიხლიჩა მთლიანად ქართული საზოგადოებაც. კა-გე-ბეს მიზანიც ეს იყო. (ამის ამსახველი მასალა შეგიძლიათ იხილოთ 2023 წლის იანვარ–თებერვლის ბლოგში).

კა-გე-ბეს შეფებს – ანდროპოვს, ჩებრიკოვსა და შემდეგ კრიუჩკოვს, დაწვრილებითი ინფორმაცია ჰქონდათ საქართველოს დისიდენტურ და ეროვნულ მოძრაობაში გაერთიანებული პარტიების, მათი ცალკეული წევრებისა და ლიდერების შესახებ. ქართველი დისიდენტების წინააღმდეგ დაგეგმილი და განხორციელებული "ოპერატიული კომბინაციების" მიზანი იყო ჩამოეგდოთ განხეთქილება და შუღლი ქართველ დისიდენტებს შორის.

ჩვენმა მტერმა კარგად იცოდა, რომ ჯერ დისიდენტური, შემდეგ კი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას ჩამოცილებით საქართველოს ერთიანობის დანგრევა გაუადვილდებოდა. მართლაც რა შედეგები მივიღეთ საქართველოს ეროვნული მოძრაობის შემაკავშირებელი ხიდის და ყველაზე კონსტრუქციული ლიდერის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების შემდეგ? მაშინ საქართველოში შიდა პოლიტიკური მდგომარეობა არნახულად აირია, ურთიერთდაპირისპირებას შემდეგ სამოქალაქო ომი მოჰყვა, ამას კი - აფხაზი და ოსი სეპარატისტების გაძლიერება.

მერაბ კოსტავას, როგორც ეროვნული მოძრაობის ყველაზე ზომიერი და გონიერი ლიდერის მოცილება სპონტანურად არ დაგეგმილა. ის 1970-იანი წლებიდან კა-გე-ბეს მუდმივი ფარული მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ხოლო ათი წლის მანძილზე (1977–1987 წლები) მერაბ კოსტავა სამშობლოდან იყო მოცილებული და უმძიმეს პირობებში იხდიდა საპატიმრო სასჯელს. გათავისუფლებულ და სამშობლოში დაბრუნებულ მ. კოსტავას აქ დახვდა რამდენიმე დაპირისპირებულ ჯგუფ–პარტიად გახლეჩილი ეროვნული მოძრაობა. ქარიზმული და ემოციური ზვიად გამსახურდიასა და გიორგი ჭანტურიას ხშირად გაუწონასწორებელ გამონათქვამებსა და მოქმედებებს მერაბ კოსტავა აბალანსებდა. ქართულ საზოგადოებაში ის წესიერებისა და პატიოსნების სიმბოლოდ იქცა.

gam5-1687502820.jpg

ზ.გამსახურდია და მ. კოსტავა

დღევანდელი გადასახედიდან კარგად ჩანს, რომ XX საუკუნეში საქართველოსთვის გამორჩეულად საბედისწერო 1907 და 1921 წლებს, 1989 წელიც უნდა მივათვალოთ. ამ წელს მომხდარმა მოვლენებმა ქვეყნის ისტორიული განვითარების სტრატეგიული მიმართულებებიდან ყველაზე რადიკალურ და უკომპრომისო გზას მისცა დასაბამი.

პარალელურად საბჭოთა კავშირის (შემდგომ რუსეთის) სპეცსამსახურებმა შეძლეს ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შორის დაპირისპირების შეტანა და ქვეყნისთვის დამღუპველი სამოქალაქო ომის ინსპირირება. ჩემი აზრით სწორედ მაშინ, 1989 წლის 13 ოქტომბერს, დაიწყეს საბჭოთა სპეცსამსახურებმა “მართვადი ქაოსის” სპეცოპერაციის ყველაზე დაუნდობელი პოლიტიკური მკვლელობების განხორციელება საქართველოში. დროც გამიზნულად იყო შერჩეული.

გავიხსენოთ, რომ 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ საქართველოში “ერი და ბერი” არნახულმა ერთიანობამ მოიცვა. მთავარი იყო, თუ რა გზას აირჩევდა საზოგადოება (რომელიც ხშირ შემთხვევაში “ბრმად” მიჰყვებოდა ეროვნული მოძრაობის ლიდერებს): ზომიერს, გონივრულს, თუ ყველაზე რადიკალურს. ვითომ შემთხვევითობა იყო, რომ “უხილავმა ძალამ” სწორედ რადიკალური ლოზუნგებისა და მოქმედებების მომხრე პოლიტიკურ ლიდერებს გაუკაფა გზა ხელისუფლების სათავეში მოსასვლელად?

(პირველი ნაწილის დასასრული)