საიდანაც ჩვენ გვბომბავდნენ, იქიდან ახლა უკრაინას დაბომბავენ...
აგვისტოს ომიდან 15 წელი სრულდება, მაგრამ ბევრს შეიძლება კიდევ ახსოვს, განსაკუთრებით მათ, ვინც იმ დროს ბავშვები იყვნენ, თუ როგორ იმალებოდნენ ცაში თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე...
მაშინ ის კოშმარული პერიოდი 5 დღეს თუ გაგრძელდა საქართველოს მოსახლეობისთვის (თუმცა მძიმე შედეგი კი დღემდე მოგვყვება), უკრაინის მაცხოვრებლები თითქმის 500 დღე-ღამეა უფრო ხშირი და დაუნდობელი რუსული საჰაერო თავდასხმების ქვეშ იმყოფებიან, რომელთა ინტენსივობის გასაზრდელად კრემლმა კიდევ ერთი სამხედრო აეროდრომი მოამზადა, იქიდან აფრენილი ბომბდამშენების მიერ უკრაინის ქალაქებისკენ სარაკეტო დარტყმების განსახორციელებლად...
მოზდოკის სამხედრო აეროდრომი ჩრდილოეთ ოსეთში - ალანიაში მდებარეობს და იქიდან პირდაპირი ხაზით ცხინვალამდე მხოლოდ 180 კმ-ია, თბილისამდე კი - 220 კმ და აგვისტოს ომის დროს სწორედ ეს აეროდრომი გამოიყენებოდა აქტიურად, რუსეთის ავიაციის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსაჭრელად და ქართული სოფლებისა და ქალაქების დასაბომბად.
15 წლის შემდეგ, კრემლი ანალოგიურის გამეორებას უკვე უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ იწყებს, რისთვისაც შორი მოქმედების რაკეტმზიდი-ბომბდამშენების ესკადრილია განათავსა მოზდოკის აეროდრომზე.
მოზდოკის აეროდრომი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დიდ როლს თამაშობდა საბჭოთა სტრატეგიული ბირთვული ტრიადის სიძლიერეში, რადგან აქ დისლოცირებული 182-ე მძიმე ბომბდამშენების საავიაციო პოლკის Ту-95МС ტიპის სტრატეგიულ ბომბდამშენებს ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტების გაშვება აშშ-ის ძირითადი მეგაპოლისების მიმართულებით ევალებოდათ - მოზდოკიდან აფრენისა და ჰაერში რამდენჯერმე საწვავით გაწყობის შემდეგ აზორის კუნძულების ან სულაც გრენლანდიის რაიონიდან...

მაგრამ 1992 წლის დასაწყისში, როდესაც ოსებისა და ინგუშების დაპირისპირება სერიოზულ შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა, კრემლში შეეშინდათ, რომ კონფლიქტის ზონასთან სიახლოვეს მდებარე მოზდოკის აეროდრომზე მდგომ სტრატეგიულ ბომბდამშენებსა და მათ ბირთვულქობინიან ფრთოსან რაკეტებს შეიძლებოდა, რამე საფრთხე დამუქრებოდათ და ამიტომაც უზარმაზარი Ту-95МС-ები სასწრაფოდ სარატოვთან, ენგელსი-2-ის აეროდრომზე გადააფრინეს.
1993 წლის მარტში ეს სტრატეგიული ბომბდამშენები კი დააბრუნეს მოზდოკში, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ისევ ენგელსში გაგზავნეს, რადგან ამჯერად ჩეჩნეთის პირველი ომი იწყებოდა და მოზდოკის აეროდრომი კრემლს იმ საფრონტო ბომბდამშენების, მოიერიშეებისა და დამრტყმელი შვეულმფრენების პოლკებისთვის დასჭირდა, რომლებმაც მოზდოკიდან ჩეჩნური აულების დაბომბვა დაიწყეს...
მას შემდეგ მოზდოკის აეროდრომი მუდმივად გამოიყენებოდა კრემლის ერთგვარ „საჰაერო ხელკეტად“, ჯერ - ჩეჩნების, შემდეგ კი - ქართველების წინააღმდეგ ომებში - აგვისტოს ომის დროს სწორედ მოზდოკიდან აფრენილ Су-25 მოიერიშეებსა და Су-24М საფრონტო ბომბდამშენებს, ისევე, როგორც შორი მოქმედების Ту-22М3 რაკეტმზიდ-ბომბდამშენებს, არა ერთი ბომბი ჩამოუგდიათ და რაკეტა გამოუშვიათ ქართული დასახლებული პუნქტების მიმართულებით...
მოსალოდნელი გახლდათ, რომ კრემლი უკრაინაზე თავდასხმის პირველსავე დღიდანვე გამოიყენებდა მოზდოკის აეროდრომს ამ ომში (მოზდოკიდან კიევამდე პირდაპირი ხაზით 1 290 კმ-ია), მაგრამ თვეების განმავლობაში მხოლოდ სარატოვის ოლქის ენგელსიდან (იქიდან კიევამდე 1 100 კმ-ია) აფრენილი Ту-95МС-ები Х-555 და Х-101 ტიპის საჰაერო ბაზირების ფრთოსან რაკეტებს უშვებდნენ უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით, სანამ უკრაინელებმა, არანაკლებ ორჯერ, გადაკეთებული რეაქტიული კამიკაძე-დრონებით არ შეუტიეს რუსულ სტრატეგიულ ბომბდამშენებს ენგელსის აეროდრომზე...

მოზდოკის აეროდრომი კი აქამდე იმიტომ არ ფიგურირებდა ამ ომის საინფორმაციო ბიულეტენებში, რომ იქ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის კაპიტალური რემონტი მიმდინარეობდა და ვერ მოასწრეს მისი დამთავრება უკრაინაზე თავდასხმის წინ.
სარატოვის ოლქის ენგელსის, ასევე, რიაზანის ოლქის დიაგელოვოს სამხედრო აეროდრომებზე (რომლებზეც ის შორი მოქმედებისა და სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდ-ბომბდამშენები ბაზირებდნენ, რომლებიც უკრაინაზე საჰაერო თავდასხმებს ახორციელებენ) უკრაინული რეაქტიული კამიკაძე-დრონების საპასუხო შურისმაძიებელი დარტყმების შემდეგ, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სასწრაფოდ დაიწყო ამ ძვირად ღირებული და მცირე რაოდენობის ბომბდამშენების გადანაწილება სხვადასხვა აეროდრომზე, რათა ისინი ჯგუფურად არ გამხდარიყვნენ უკრაინული შურისძიების ადვილი სამიზნეები.
ამ ბომბდამშენების ნაწილი კი ახალგარემონტებულ მოზდოკის აეროდრომზე გადაისროლეს, რაზეც მეტყველებს Planet Lab-ის მიერ გადაღებული თანამგზავრული ფოტოები, რომლებზეც კარგად ჩანს მოზდოკის აეროდრომზე გამოჩენილი Ту-22М3 ტიპის შორი მოქმედების შვიდი რაკეტმზიდ-ბომბდამშენი...
Ту-22М3-ებს რუსი ოკუპანტები, ძირითადად, Х-22 ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების გასაშვებად იყენებენ.
გამომდინარე იქიდან, რომ მოძველებული Х-22 ტიპის ფრთოსანი რაკეტა, ძირითადად, განკუთვნილი იყო ამერიკული საავიამზიდო ჯგუფებზე ბირთვული ქობინით თავდასხმაზე, ის გამოირჩევა მიზანში მოხვედრის დაბალი სიზუსტით, რაც დიდ ტრაგედიად გადაიქცა უკრაინის ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რადგან რუსების მიერ გაშვებული დაბალი სიზუსტის Х-22-ები, წინასწარ მონიშნული სამხედრო დანიშნულების ობიექტების ნაცვლად, ქალაქის მაღალსართულიან კორპუსებს ხვდებიან...
P.S. ისეთი პირი უჩანს, ვერც მოზდოკის სამხედრო აეროდრომი გადაურჩება უკრაინელების სამართლიან შურისძიებას და იქიდანაც აიჭრება ცაში კვამლის შავი სვეტები...