პრიგოჟინის "ვაგნერმა" როსტოვი დაიპყრო, ჯერი ვორონეჟზეა... - კვირის პალიტრა

პრიგოჟინის "ვაგნერმა" როსტოვი დაიპყრო, ჯერი ვორონეჟზეა...

მოქმედებები ელვის სისწრაფით ვითარდება, რუსეთის სამხრეთ ნაწილის არაოფიციალური დედაქალაქის, დონის როსტოვის ცენტრში პრიგოჟინის "ვაგნერის" ტანკები და მებრძოლები პოზიციებს იკავებენ, ალყაშემორტყმული აქვთ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბი, ასევე შსს-სა და "ეფ-ეს-ბეს" შენობები...

პრიგოჟინის "ვაგნერმა" როსტოვისკენ გალაშქრება გასულ ღამეს, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მას "ვაგნერის" ზურგის ბაზა დაუბომბეს...

...დაუბომბეს არა უკრაინელებმა, არამედ რუსეთის თავდაცვის მინისტრის შოიგუს ბრძანებით თავად რუსეთის არმიის დანაყოფებმა - ყოველ შემთხვევაში ასეთი სენსაცაური განცხადება გააკეთა თავად პრიგოჟინმა 23 ივნისის საღამოს და შოიგუს "მოსაძებნად" თავისი მებრძოლები როსტოვისკენ დაძრა...

როსტოვის ცენტრში კი ნამდვილად სურეალისტური სურათი იქმნება - "ვაგნერის" მებრძოლები როსტოვის ქუჩებში ქვაფენილებზე იკავებენ საცეცხლე პოზიციებს, ხოლო როსტოველები მათ თავზე ადგანან და მობილური ტელეფონებით წარმოუდგენელ ფოტოვიდეოკადრებს უღებენ, ხოლო იქვე ათიოდე მეტრში ბორდიურზე მშვიდად სხედან რუსეთის არმიის რეგულარული დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც კარგად ეტყობათ, რომ არავითარი სურვილი არ გააჩნიათ შეებრძოლონ "ვაგნერელებს"...

სავარაუდოდ, პრიგოჟინს სწორედ ეს გათვლა აქვს, რომ რუსეთის არმია მის მხარეზე გადავა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ 25 ათასი კაცით, რაც დღეს მის განკარგულებაშია, ის, რა თქმა უნდა, ვერ "დაუკაკუნებს" მოსკოვში რუსეთის თავდაცვის მინისტრის კაბინეტის კარებს.

24062023-0858-1687583094.39_REC.png
„ვაგნერელების“ ეს ტანკი ცოტა ხნის წინ უკრაინის ბახმუტს უტევდა, ახლა კი რუსეთის როსტოვს იპყრობს...

თუმცა, ოკუპირებული დონეცკის ოლქიდან აღმოსავლეთით, როსტოვისკენ 60 კმ-იან მარშ-გადასროლისას "ვაგნერის" ჯავშანკოლონა რუსეთის ავიაციამ დაბომბა, პრიგოჟინმა კი თავი ორი რუსული შვეულმფრენის ჩამოგდებით მოიწონა...

ე.ი. სისხლი უკვე დაიღვარა იმ რუს მებრძოლებს შორის, რომლებიც ორიოდე დღის წინ ჯერ კიდევ ერთად უტევდნენ უკრაინელებს და ნიშნავს ეს თუ არა, რომ რუსეთში სამოქალაქო ომი იწყება?

ყველაფერს უახლოესი საათები დაგვანახვებს, როგორ წარიმართება მოვლენები - თუკი რუსეთის არმიამ დიდი წინააღმდეგობა არ გაუწია პრიგოჟინის "ვაგნერელებს", მისცა მათ რუსეთის ქალაქებში სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების საშუალება და უფრო მეტიც, დაიწყო "ვაგნერელების" მხარეზე გადასვლა, მაშინ რუსეთი განწირული იქნება სერიოზული შეიარაღებული დაპირისპირებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით და ძირითადი ქუჩის ბრძოლები მოსკოვის ცენტრალურ ქუჩებშიც კი შეიძლება გაიმართოს...

მეორე მხრივ, თუკი პუტინ-შოიგუმ მოახერხეს მათი რეჟიმის ერთგული საბრძოლო შენაერთების მობილიზება, თუნდაც მხოლოდ მოსკოვის მისადგომების დასაცავად, მაშინ პრიგოჟინის "ვაგნერი" მოსკოვში ვერ შეიჭრება, თუმცა რუსეთის სამხრეთი ნაწილის რიგ ქალაქებში თავის "ხელისუფლებას" დაამყარებს, რაც ასევე სამოქალაქო ომის ტოლფასია.

მანამდე კი "ვაგნერის" ჯავშანკოლონა ვორონეჟისკენაც მიიწევს, საიდანაც მოსკოვამდე კიდევ ხუთ ასეულ კილომეტრამდე იქნება გასავლელი...

პ.ს. დიდი ალბათობით, პუტინ-შოიგუს დუეტი მესამე თანამოაზრედ კადიროვს დაიმატებს და მის "ახმატს" დაავალებს პრიგოჟინის "ვაგნერის" ბრძოლით შეჩერებას მოსკოვისკენ სვლაში, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას რუსეთში, განსაკუთრებით კი ჩეჩნეთში, რადგან ასეთ შეტაკებებში ჩეჩნების მსხვერპლი მნიშვნელოვანი იქნება...

პ.ს.ს. უკრაინის არმიამ უნდა იხელთოს დრო და სანამ რუსი ოკუპანტები ერთმანეთს დაერივნენ, წარმატებით განავითაროს კონტრშეტევები უკრაინის ტერიტორიის შემდგომი დეოკუპაციისთვის, ხოლო საქართველოში ბოლოს და ბოლოს გამოვფხიზლდეთ და რეალურად შევხედოთ თუ საითკენ მიდის საქმე, რადგან რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყება ჩვენზეც იქონიებს გავლენას და იქნებ ამჯერად მაინც შევხვდეთ წინასწარ მეტ-ნაკლებად მომზადებულნი შესაძლო რადიკალურ ცვლილებებს...